შეიძლება, გახსოვთ კიდეც, ადრე ერთ ყდაშემოცრეცილ წიგნზე გიყვებოდით, ხელმისაწვდომ ადგილას რომ მიდევს თაროზე და დროდადრო, ყოველდღიური რუტინით გადაღლილს და ათასგვარი საფიქრალით დახუნძლულს შორეულ, უდარდელ ბავშვობაში მაბრუნებს ხოლმე.
ეს წიგნი ერთმა ძალიან ხალისიანმა ქალმა დაწერა, თვალის კუთხეებში დაქსელილი ღიმილი სულ ბღუჯა-ბღუჯა მოაფრქვია ფურცლებს და ისე მოიტანა ჩვენამდე, რომ ანე-კატარინე ვესტლის ხსენებაზეც კი სიმშვიდე და სინათლე ჩაგიდგება ადამიანს გულში.
ოღონდ, რა ყოფილა, იცით? მე რომ ოდესღაც ნათესავებთან ნაპოვნი და ლამის ძალით ნაჩუქარი „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“ ციმციმ გამოვარბენინე შინისკენ, ლამის ზეპირად ვისწავლე და მეგონა, მარენზე, მარტინზე, მარტაზე, მადსზე, მონაზე, მილიზე, მინასა და წრიპა მორტენზე ყველაფერი ვიცოდი, სულაკაურის გამომცემლობამ ამ მხიარული ოჯახის ამბების სრული ვერსია გამოსცა რამდენიმე წიგნად. შეიძლება, ბევრი არა, მაგრამ რაღაც სიახლეები ნამდვილად აღმოვაჩინე და დავრჩი გაოგნებული.
არა, განა ჩემი ძველი, ადაპტირებული ვერსია ახლა ნაკლებად მიყვარს, მაგრამ ორიოდე დღის წინ “ბიბლუსში“ „დიდედას სახელობის გზა“ რომ ვიყიდე, იმავე საღამოს ისე გემრიელად მივაყოლე ყავას, დედას ნახელავი შოკოლადიანი ჩიზქეიქი არც კი გამხსენებია. კაცმა რომ თქვას, თითქმის ყველაფერი ნაცნობი იყო, თუმცა აქა-იქ ახალ ეპიზოდებსაც წავაწყდი და ძალიანაც გამიხარდა.
ჯერ იყო, წრიპა მორტენისა და კომუნის შეხვედრაზე ვიხითხითე კარგად, მერე მოსიარულე ნაძვის ხეებზე. ტირილტოპენის მუსიკალურმა ანსაბლმა ცოტა შემაწუხა – მეტისმეტად ხმამაღლა უკრავდნენ, ბამბის მთელი მარაგი კი ვარდოს ყურებში დააბინავა დედამ. სამწყემსურშიც კარგად გავერთე რვავე ბავშვთან ერთად. გზის მშენებლობაზე, მათგან განსხვავებით, ნამდვილად არ მიმუშავია – ერთი უიქენდისთვის მეტისმეტად ბევრი გარჯა მომიწევდა. თუმცა, ბულდოზერის მძღოლს წრიპა მორტენთან ერთად ვეწინააღმდეგებოდი – აბა, სანამ ჰანსი და დიდედა მოვიდოდნენ, მარტო ხომ არ დავტოვებდი – ბავშვი თავის ნაძვის ხეს იცავდა. აი, ლარსმა რომ აჩუქა. ჰოდა, დაბადების დღეზეც დამპატიჟეს. მართალია, მამას კედელზე გამოკრული ცხრილისთვის არ შეუხედავს და კინაღამ შერცხვა ამხელა კაცი, მაგრამ რას იზამ – რვა შვილი რომ გყავს, ყველა თარიღს რა დაგამახსოვრებინებს. კიდევ კარგი, საღამომდე გაახსენდა, წრიპა მორტენი იუბილარი რომ იყო, თორემ არც უამრავ ქვიშას მოიტანდა შინ, არც ათასგვარი ფორმის ხის ნაჭრებს და ქალაქიც ხომ აღარ გაშენდებოდა, არა?! და აღარც დიდედას სახელობის გზა გაიხსნებოდა. არადა, ნაძვების გზას ეს სახელი გაცილებით სჯობდა.
არ მეთანხმებით?
საოცარი ქალია ანე-კატერინე <3 ყოველ წაკითხვაზე ზუსტად ისეთივე სიხარულის მომტანი, როგორც პირველად ^_^
LikeLiked by 1 person
ანე-კატარინე, ტუვე და ასტრიდი )
LikeLike
ეს ის წიგნია, რომელიც არც ერთხელ ჩამვარდნია ხელში რაღაც სასწაულით.
სრულ სერიას ვყიდულობ. მეც წავიკითხავ და შვილი რომ წამომეზრდება, ვაჩუქებ :)
LikeLiked by 1 person
დიდი სიამოვნება გელის წინ ))
LikeLike
ნამდვილად დიდი და სასიამოვნო საჩუქარია ამ წიგნის სრული სერია ქართველი მკითხველებისათვის. წერილიც ლამაზად და თბილადაა დაწერილი. მაგრამ მთარგმნელიც რომ გვეხსენებინა, უკეთესი იქნებაოდა. ვფიქრობ, აუცილებელიც კია….
დიდი მადლობა მანანა მათიაშვილა ამ შესანიშნავი თარგმანისათვის.
LikeLike
გვანცა, პოსტის ბოლოს ე.წ. თეგებს თუ გადახედავთ თუნდაც ცალი თვალით, აუცილებლად შეამჩნევთ, რომ მთარგმნელიცაა ნახსენები, რედაქტორიც, ყდის დიზაინის ავტორიც და ილუსტრატორიც.
LikeLike
ეგ არ შემიმნევია… ყველას შრომა დასაფასებელია, ნამდვილად. მაგრამ როცა საქმე მხატვრულ ლიტერატურას ეხება, მთარგმნელის როლს ვერავინ შეედრება. ( ავტორის შემდეგ). წიგნი შეიძლება წაიკითხო კარგი დიზაინის გარეშე, მაგრამ კარგი დიზაინის წიგნს ვერ წაიკითხავ, თუ მთარგმნელი არ თარგმნის კარგად…
ზოგადად, კარგი იქნება, თუ ახალო წიგნის წარდგინებისას მის მთარგმნელზეც გავამახვილებთ ყურადღებას, შემდეგ დიზაინერზეც, ილუსტრატორზეც…..
LikeLike
სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი, ვის მიმართავთ, კარგი იქნებაო. თუ ამ ბლოგს გულისხმობთ, მეშვიდე წელია, ამ პრინციპით ვმუშაობ და არც მთარგმნელი გამომრჩენია, არც რედაქტორი, არც ილუსტრატორი და არც კორექტორი. თუ სხვას გულისხმობთ, ალბათ, უმჯობესი იქნება, ისე და იქ დაწეროთ, იმ სხვამ რომ წაიკითხოს. არა?
LikeLike