ყველაფრის მოდა გამიგია და ლიტერატურული ჟანრისა – არა. მოდაა, აბა, სხვა რა უნდა დავარქვა ნაწვიმარზე სოკოებივით მომრავლებულ ანტიუტოპიებს, სადაც თავზე ხელაღებული, შეუპოვარი თინეიჯერები პოსტაპოკალიპტურ სამყაროს უპირისპირდებიან და, რა თქმა უნდა, იმარჯვებენ, დროდადრო ყოველგვარი ლოგიკისა და დამაჯერებელი სცენარის გარეშეც. ჟანრის პოპულარობამ იმდენ გრაფომანს ააღებინა ხელში კალამი, ხანდახან აღარც მგონია, რომ მოძალებულ მაკულატურაში რაიმე ღირებულს წავაწყდები და როცა ვგრძნობ, რომ შევცდი, ფრიად კმაყოფილი გახლავართ ხოლმე.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, სულ ახლახანს ჩემმა საყვარელმა “ლიბერთინსმა“ ახალი გამოცემა დააანონსა – მერი ლუს „გამარჯვებული“. სახელი და გვარი არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ სინდისის ქენჯნას დიდად არ შევუწუხებივარ, ისე დავრაზმე მამა აქციაზე წასასვლელად. აბა, რა მექნა – მძიმე სამუშაო დღის მერე მეგობართან მივიჩქაროდი ყავის დასალევად.
ჰოდა, რძიან ამერიკანოს ნება-ნება რომ ვწრუპავდი, სწორედ მაშინ დამირეკა მამამ, აქციაზე მოზღვავებული მოზარდების მოწინავე რიგებიდან – ტრილოგიის მესამე წიგნი ყოფილა და დანარჩენი ორიც ხომ არ გამოგიყოლოო.
იპოლიტე ხვიჩიასავით შემოვირტყი შუბლში ხელი – რას ჰქვია, მესამე იყო და გამომრჩა-მეთქი. მოკლედ, შინ დაბრუნებულს სამივე წიგნი ჩემს ოთახში დამხვდა, მაგიდაზე კოხტად აკოკოლავებული.
პირველი ტომი ორ დღეში ავიღე შტურმით. მაინცდამაინც დიდი დრო არც დანარჩენებისთვის დამჭირვებია. რომ გითხრათ, რაიმე პრინციპული სიახლე აღმოვაჩინე-მეთქი, არ ვიქნები მთლად გულწრფელი, მაგრამ ტრილოგია მომეწონა.
მომეწონა ბარიკადების სხვადასხვა მხარეს მდგომი ჯუნი და დეი. ალბათ, იმიტომ, რომ არცერთი მათგანი ყალბი არ ყოფილა. ნამდვილები ჩანდნენ, ბუნებრივები. უბრალოდ, ასაკთან შედარებით უფრო ძლიერები – სხვა გზა არ ჰქონდათ. ვინ იცის, ჩვენ როგორები ვიქნებოდით მათ ადგილზე, მარტოდ დარჩენილებს გადარჩენისთვის ბრძოლა რომ დაგვჭირვებოდა… ჰოდა, ამერიკის რესპუბლიკის ლეგენდასა და გენიოსსაც არ ჰქონიათ დიდი არჩევანი – ბედის ბორბალი ისე მზაკვრულად დატრიალდა, ვეღარც ჯუნ აიპერისი გააგრძელებდა ჩვეულ, უდარდელ ცხოვრებას და ვეღარც დენიელ უინგი დარჩებოდა მარადიულ დევნილად.
არც სიყვარულის ისტორია მომეჩვენა ბანალური და ზედმეტად დაშაქრული – ჯურღმულების მკვიდრი ბიჭისა და მაღალი საზოგადოებიდან გამოსული გოგოს ამბავი ცოტათი კი წააგავდა კონკიას ზღაპარს, მაგრამ იმდენი ხიფათი და წინააღმდეგობა გაიარეს ერთმანეთისკენ მიმავალ გზაზე, ენა არ მიბრუნდება, ზღაპარს შევადარო. ჰო, ახალგაზრდა ელექტორის მურმანის ეკალივით გამოჩენამაც თავისი პიკანტურობა შემატა ამბავს. სიმართლე გითხრათ. ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, ჯუნი ვის აირჩევდა.
სამივე წიგნში ყველაფერი იყო, რასაც ჟანრის დაუწერელი კანონები მოითხოვდა – ბღუჯა-ბღუჯა ინტრიგა, საიდუმლო, ომი, საფრთხე, მეგობრობა, ცრემლი, ტკივილი, სიყვარული, ღალატი, მწიკვი იუმორი და მოულოდნელი ფინალიც. აი, ფინალი მართლა მომეწონა – ყველაზე კარგად მანდ აარიდა თავი კლიშეებს ავტორმა და მაფიქრებინა – მერი ლუს სხვა წიგნსაც თუ გადავაწყდი სადმე, აუცილებლად წავიკითხავ-მეთქი.
როგორ მომნატრებია ამ ავატარით დალაიქება :)
LikeLiked by 1 person
ველქამ ბექ )
შენი პიემი მუშაობს? )
LikeLike
როგორც აღმოჩნდა, ცუდად მუშაობს.
LikeLike
ოჰ ეს ტექნიკური პრობლემები ))
LikeLike