მარლონ ჯეიმსი გაგონილი გექნებათ. იამაიკელი მწერალია, “შვიდი მკვლელობის მოკლე ისტორიის” ავტორი, “ბუკერის” შარშანწინდელი ლაურეატი. ეს “შვიდი მკვლელობის მოკლე ისტორია”, გულახდილად რომ ვთქვა, ბლოგს ნამდვილად იმსახურებს – უდავოდ საინტერესო წიგნია, ნეტშიც მოიპოვება, ერთხელაც მოვიცლი და აუცილებლად დავწერ, ოღონდ დღეს სხვა ამბის მოსაყოლად ვარ დარაზმული.
ღრმად პატივცემული მარლონი ახალ წიგნს წერს. არც მეტი, არც ნაკლები, აფრიკული ფენტეზი აქვს ჩაფიქრებული. თავად ამბობს, აფრიკული Game of Thrones გამოვაო.
ახლა, საქმე ისე არ არის, ფენტეზი გვიკვირდეს. სულ პირიქით. პოპულარული ჟანრია. მოდურიც – დღეს მაინც, ვისაც არ ეზარება, ყველა ფენტეზის უტრიალებს, მაგრამ აქ, როგორც ჩანს, ავტორის წარმატებულმა სტარტმაც იმოქმედა და შავი კონტინენტის ეშხმაც, კრიტიკოსებმა და ლიტერატურულმა ბლოგერებმა საინტერესო საკითხავი იყნოსეს და ჯერარდაწერილ Dark Star trilogy-ის საგულდაგულოდ არჩევენ.
პროექტი ტრილოგიადაა ჩაფიქრებული. სათაურებიც ცნობილია. პირველს “შავი ლეოპარდი, წითელი მგელი” ერქმევა, მეორეს – “მთვარის ჯადოქარი, ღამის ეშმაკი”, მესამეს – “ბიჭი და ბნელი ვარსკვლავი”. ჯერჯერობით, ასეა და თუ რამე შეიცვალა, გაგვაგებინებენ. მოგვისიგნალებენ, როგორც ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელი იტყოდა.
მთავარი სიუჟეტური ხაზი ასეთია: მონებით მოვაჭრე გატაცებული ბავშვის მოსაძებნად ამ საქმეში გაწაფულ რვა ადამიანს ქირაობს. ბავშვი, წესით, ორ თვეში უნდა იპოვონ, მაგრამ ძებნა ცხრა წელი გრძელდება. პირველი წიგნიც ამ ცხრა წლის თავზე იწყება: ბავშვი მკვდარია, მკვდარია რვა მაძებარიდან ხუთი, სამი კი მომაკვდავი მეფის სასახლის მიწისქვეშა დილეგშია გამომწყვდეული ბავშვის მკვლელობის ბრალდებით და სამივეს წამება და სასამართლო ელის. პირველი წიგნი იმას გვიყვება, ეს როგორ მოხდა. მეორე, თავად ავტორის თქმით, იმას, რაც აქამდე წაიკითხეთ, ტყუილია, ყველაფერი სხვანაირად იყოო.
ფენტეზი დეტექტივის ელემენტებით თავისთავად საინტერესო ამბავია, მაგრამ აქ მთავარი აფრიკული კოლორიტი მგონია. სამეფო კარის ინტრიგები, შეშლილი მეფეები და მზაკვარი დედოფლები, მეკობრეები, მაქციები, მონსტრები და ჯადოქრები, აფრიკული მითოლოგია და აფრიკული მაგია. წესით, სულ თითებჩასაკვნეტი ლიტერატურული სასუსნავი უნდა გველოდეს.
რა გითხრათ, აბა. პროგნოზების გამოცხობა ღრმად უმადური საქმეა, კაცმა არ იცის, საბოლოო ჯამში რა გამოვა, მაგრამ ცხვირი მიგრძნობს, მორიგი მსოფლიო ბესტსელერი (ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით) მწიფდება. დაინტერესებული მკითხველი აფრიკული ფენტეზის გარეშე რომ არ დარჩება, ფაქტია. ორიგინალის მოძიებაც შეიძლება და რუსებიც, ალბათ, მალევე თარგმნიან (სხვა ენებზე, სამწუხაროდ, ვერ ვკითხულობ). ოღონდ, გაგიკვირდებათ და გადმოქართულებული მირჩევნია.
ვიცი, ასე მარტივიც არ არის, აიღო და თარგმნო, საავტორო უფლებები, სამიზნე აუდიტორია, კომერციული მიზანშეწონილობა, ათასი ნიუანსია გასათვალისწინებელი. მაგრამ რომელიმე სამამულო გამომცემლობა ღირსეულად გამოცემას თუ ითავებს, გადასარევი იქნება. ღირსეულად, თორემ მიფუჩეჩებული და უიმედოდ გაფუჭებული ბესტსელერების გამოცდილება, სამწუხაროდ, გვაქვს.
იმედი მაქვს, მარლონ ჯეიმსის ტრილოგია მათ რიცხვს არ შეემატება.
საინტერესოა..აფრიკული ფენტეზი როგორი იქნება..რაღაც ახალი უნდა იყოს, ვფიქრობ.
LikeLike
ძალიან საინტერესო მგონია და სულმოუთქმელად ველოდები )
LikeLike