ვის არ გამოგვიცდია შიმშილი – კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი მტერი, გამოგვიცდია და თანაც როგორ – ადრინდელ პოსტში ვწერდი, გაგანია დიეტის დროს როგორ აღმოვაჩინე საკუთარი თავი სამსახურის სასადილოსაკენ ბურატინოსავით გრძელი ნაბიჯებით მიმავალი, კბილებში საფულით. დაუმარცხებელი ვინმეა, რომ ვერ მოერევი, ისეთი, თუმცა ერთ გოგოს ვიცნობ, რომელმაც კუდით ქვა ასროლინა:
„ბოლოს მე მოვკალი შიმშილი,
მაინც წავაცალე ის თავი
– მშიერთა ტირილით გალეშილს.
ნისლ-სარჩულ, მთვარე ღილ-ღამეში
მოვდივარ
შიმშილთან მებრძოლი რაინდი –
ახალი გილგამეში.“
დიანა ანფიმიადი ჰქვია ამ გოგოს. ერთი პატარა წიგნი დაწერა, “წინასწარმეტყველება მურაბით“ დარქვა და პიონერთა სასახლის კიბეებზე ნაჭამი თაფლაკვერით რომ დაიწყო, მოაყოლა და მოაყოლა ერთმანეთს კერძების თავბრუდამხვევ სურნელში გახვეული მოგონებები თუ პატარ-პატარა ამბები.
ჯერ იყო და ხამანწკების სუპი და ყველით ფარშირებული წიწაკა ჩილი შეაზავა დიეგო რივერასა და ფრიდა კალოს ქორწილის ისტორიით, მერე წიგნები გადმოალაგა თაროდან და კარლსონისეული გუფთები დაგვიბრაწა, ამას ვილი ვონკას შოკოლადის სიურპრიზი მოაყოლა, სულ მუჭა-მუჭა აყარა დაჭრილი თხილი, ნუში და ქიშმიში, მერე – ვაშლის პუდინგი დაუმატა დევიდ კოპერფილდისათვის და შიმშილთან ერთად საყვარელი წიგნების გადაკითხვის საღერღელიც ამიშალა.
პატივცემულმა ჯორჯ მარტინმა ხომ აღარა და აღარ გვაღირსა საგის მეექვსე წიგნი, ჰოდა, მაგის ჯიბრზე დიანასთან ერთად ვითამაშე “გემოთა თამაშები“. ხომ არ გგონიათ, პრასის სუპი, ქათამი თაფლში და შებრაწული ვაშლის დესერტი ნაკლებად ჩამითრევდა?
კარგად რომ დავნაყრდით, მერეღა გამოვაღეთ განჯინა და მურაბებს დავერიეთ. იმდენი რაღაც დამხვდა, ყველაფერს რა გასინჯავდა, მაგრამ ერთი მომეწონა განსსაკუთებით – ქიშმიშის მურაბა ნიგვზით. სანამ ქილას ძირი არ გამოვუჩინე, ვერ გამაგდებინეს ხელიდან.
ინგლისელი ბარბარე ჯორჯაძეც ამ წიგნში გავიცანი – იზაბელა ბიტონი. მის ისტორიას ალუბლის დესერტის გემო და სევდის სურნელი ჰქონდა, გერტრუდა სტაინისა და ელის ტოკლასის სიყვარულის ამბავი კი ნაღების სოუსში მოცურავი პილპილის მარცვლების არომატით იყო გაჯერებული. მაია ანჯელოუს კულინარიულ წიგნზეც დიანამ მიამბო და მის ტრაგიკულ ისტორიაზეც, ნეკერჩხლის ნამცხვრის გემო რომ დაჰკრავდა.
დიანას ბებოზეც ვილაპარაკეთ. ლურჯთვალება და სპილენძისფერთმიან ზინაიდა ბებოზე, ღომი რომ უყვარდა დიდი, თავმოდგმული თეფშით. მე ჩემი ბებო გამახსენდა, მურაბასავით ტკბილი და გული ყელში მომებჯინა. დიანამ შემამჩნია და ახალი ისტორია მომაშველა – დედამისისა და აფხაზი გოგონას მეგობრობისა ვთქვით, რეცეპტის გარეშე.
ასე ჩავათავე ეს წიგნი, სადაც, ავტორის თქმისა არ იყოს, მარტო სანელებლები და სუნები კი არ ერევა ერთმანეთს, ადამიანთა ხმები, სიტყვები და განწყობებიც.
ასეთი გემრიელი კარგა ხანია, არაფერი დამიგემოვნებია, პატიოსან სიტყვას გაძლევთ.
კომენტარის დატოვება