არ იქნა და აღარ მოიცვალა ფეხი ზამთარმა. დადის, დაძრწის ქუჩებში, გამოიყოლებს ქარს, ჩამოივლიან ძველი მეგობრებივით მხარდამხარ, ფანჯარაზე მოგიკაკუნებენ და პაწაწინა ღრიჭო თუ ნახეს სადმე, სახლშიც უცერემონიოდ შემოგეჭრებიან. არადა, ამ დროს საგულდაგულოდ დაგმანულ, ჩამთბარ ოთახში რომ ზიხარ, არსად მიგეჩქარება, წუთის წინ ჩამოფქვილ და ახლად მოდუღებულ ყავას აგემოვნებ და ერთ-ერთი ყველაზე ნათელი, გაზაფხულის ფერებით გაჯერებული ფერწერული შედევრით ტკბები, გრძნობ, რა ცოტა ჰყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის თუ არა, სულიერი ჰარმონიისთვის მაინც.
ჩვენს მასპინძელს რაღაც სანტიმენტები მოსძალებია, ნეტავ, სიბერე ხომ არ შემოეპარაო, იფიქრებს ზოგი მკითხველი. აბა, ხმამაღლა ხომ არ მეტყვიან – თავაზიანი და კარგად აღზრდილი ხალხი სტუმრობს მოლის ბლოგს. ჰოდა, როცა რომელიმე დიდ მხატვარზე მიდგება საქმე, თქვენზე უკეთესს ვის უნდა ვუამბო.
თურმე, არც ისე დიდი ხნის წინათ, სულ რაღაც ხუთასიოდე წლის წინ გენუის სენ-ტორპეტეს ტაძარში ორი ცხვირმოუხოცავი ღლაპი იწერდა ჯვარს – მარკო ვესპუჩი და სიმონეტა კამანეო. იდგნენ ხელჩაკიდებულები საკურთხეველთან და თექვსმეტიოდე წლის უწვერულ სიძეს, ალბათ, ქვეყანა თავისი ეგონა, რა იცოდა, სახელგანთქმული ჯულიანო მედიჩი მალე ქვეყანას კი არა, საკუთარ ცოლსაც რომ არ დაანებებდა.
ახალგამომცხვარი სინიორა ვესპუჩი, როგორც ამბობენ, ფრიად კდემამოსილი და მორცხვი ქალბატონი გახლდათ, მაგრამ ფლორენციის დოჟის ყოვლისშემძლე ძმის ყურადღება მაინც მიიპყრო და მალე დაახვია თავბრუ სასიყვარულო თავგადასავლებით სახელგანთქმულ ჯულიანო მედიჩის, რომელიც ერთ-ერთ რაინდულ ტურნირზე ახალი შტანდარტით გამოცხადდა, ათენა პალადას გამოსახულებით, რომელშიც ყველამ იოლად იცნო მშვენიერი სიმონეტა.
დიდ დროს არ გაუვლია და ხმა დაირხა – სახელგანთქმული სანდრო ბოტიჩელი მედიჩების სახლის დაკვეთით მარკო ვესპუჩის ახალგაზრდა ცოლს ხატავსო. სულ მალე დიდი ფერმწერის ფუნჯიდან უმშვენიერესი ვენერა დაიბადა და ქალაქი ჭორების ტალღამ წალეკა, ყველას ჯულიანოსა და მისი ახალი სატრფოს სახელი ეკერა პირზე. ყველა თანაუგრძნობდა მოტყუებულ ქმარს, მაგრამ რატომღაც არავის შეუმჩნევია და არც არავინ დაუეჭვებია იმ საოცარ ვნებას, ბოტიჩელის მორიგი შედევრიდან რომ იღვრებოდა. არავის უფიქრია, რომ ქალის სხეულის ასე გამოსახვა მხოლოდ მისდამი ვნებით გამსჭვალულ კაცს შეეძლო. ან ვინ წარმოიდგენდა, რომ მხატვარი, თუნდაც სასახლის კარზე მიღებული და დაფასებული, მედიჩების ყოვლისშემძლე საგვარეულოს მეტოქეობას გაუბედავდა? არადა, საკმარისი იყო, შეგეხედათ ვენერას სილუეტისთვის, სურვილსა და ნდომას რომ ასხივებს, ყურადღება მიგექციათ, როგორ იბრუნებს პირს ნიმფა ორასგან, რომელიც მისი სიშიშვლის დაფარვას წითელი მანტიით ცდილობს, როგორი სიამოვნებით მიუპყრია სახე ზეფირის ქარისთვის და როგორი მზადყოფნა იგრძნობა მის ვითომცდა მორცხვ პოზაში – წამიც და ნიჟარაზე მდგარი ვენერა მკერდზე აფარებულ ხელსაც დაუშვებს, გადმოშლილ წითურ თმას უკან გადაიყრის და ზღვის ტალღებიდან პირდაპირ სატრფოს მკლავებში გადაეშვება.
არა, ამ ყველაფრის გადმოცემა მხოლოდ მხატვარს არ შეეძლო – ეს გამიჯნურებული კაცის შემოქმედება იყო, მაგრამ მაშინ ამაზე არავის უფიქრია. მხოლოდ მოგვიანებით, როდესაც სიმონეტა ბოტიჩელის მუზად იქცა და მხატვარმა მისი ნატიფი, უცოდველი სახის ნაკვთები არაერთ ტილოზე გაიმეორა, ბოროტი ენები აჩურჩულდნენ – სინიორა ვესპუჩიმ რქებით მარტო ქმარი კი არა, ჯულიანო მედიჩიც დაასაჩუქრაო.
კაცმა არ იცის, რა იყო ამ ამბავში მართალი და რა – ტყუილი. ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ სიმონეტა მალე ჭლექით გარდაიცვალა, მისი დიდგვაროვანი მიჯნური კი ზუსტად ორი წლის შემდეგ შეთქმულების მსხვერპლი გახდა, შეთქმულებისა, სადაც, როგორც ამბობენ, შეურაცხყოფილი ქმრის – მარკო ვესპუჩის ხელიც ერია.
ბოტიჩელი, ანდერძის თანახმად, სამიოდე ათწლეულის შემდეგ სიმონეტას გვერდით დაკრძალეს, ვინ იცის, იქნებ ისინი არც არასოდეს ყოფილან ასე ახლოს, როგორც ონისანტის ტაძარში. ვინ იცის, ის ვნება, რომლითაც დიდი ფერმწერი თავის მუზას ხატავდა, უპასუხო და უიმედოც იყო. სიმართლე საუკუნეებს მიღმა დარჩა, მაგრამ დროს გაუძლო “ვენერას დაბადებამ“ – გაზაფხულის, სიცოცხლის, სიყვარულის ტრიუმფმა და მარადისობაზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.
კომენტარის დატოვება