“ყვავილები ელჯერნონისთვის” განსაკუთრებული წიგნია.
ასეთ ეპითეტებს ვერიდები. ჯერ ერთი, პათეტიკა არ მიყვარს, მეორეც – დიდი საფრთხეა, სადმე გადააჭარბო ან გადაამლაშო კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში ოდნავადაც არ ვაზვიადებ.
ორ წელიწადში მესამე გამოცემას გაუძლო. ბათუმელების გეგმებზე არაფერი ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მეოთხედაც გამოსცემენ. ეს იმ ფონზე, რომ ძალიან ბევრი კარგი წიგნის პირველი ტირაჟიც კი ძნელად იყიდება ხოლმე.
თან გამოცემაცაა და გამოცემაც. ჯერ მარტო სამი გარეკანი ნახეთ. ერთი მეორეზე უკეთესიაო, ამათზეა ნათქვამი.
თინათინ ხომერიკის სადებიუტო თარგმანი ისეთია, ბარე ორი ღვაწლმოსილი მთარგმნელი მოაწერდა ხელს. ახლა, ვიღაცებს ჩარლი გორდონის სულისშემძვრელი მონოლოგი დღემდე კორექტურა და შეცდომებით დაბეჭდილი რატომ ჰგონიათ, მე ვერ გეტყვით, ისევ იმათ ჰკითხეთ.
სამივე გამოცემა მაქვს შინ. სხვათა შორის, სამივე ნაჩუქარია. ჩვიდმეტჯერ რომ გამოსცენ, ჩვიდმეტივეს ვიქონიებ. მეგობრების იმედი მაქვს, ამ გადასარევ ტრადიციას არ დაარღვევენ.
ჩემთვის, როგორც ყველაფერი საუკეთესო, “ელჯერნონიც” ბათუმს უკავშირდება.
პირველკურსელი გახლდით. ზაფხულში ბათუმში მივდიოდი ერთი თვით. სმარტფონების და რიდერების ეპოქა ჯერ შორს იყო. წიგნები ჩანთით უნდა წამეღო.
არც ნაფერებ-ნალოლიავები ბიბლიოთეკა მქონდა მაშინ. საინტერესო საკითხავის საძებნელად კარდაკარ დავწანწალებდი. ჰოდა, მივადექი მეგობარს. რაღაცები შევარჩიეთ, ივლისის, არდადეგების, ნეტარი უსაქმურობის შესაფერი. მათ შორის, “ამერიკული ფანტასტიკა” – ჩემი მოკრძალებული აზრით, იმ დროისთვის საუკეთესო Sci-Fi რუსულენოვანი კრებული.
კაი მოსული წიგნი კი იყო. მძიმე და სოლიდური. რაც უფრო სქელი, მით უკეთესი-მეთქი, ხელები მოვიფშვნიტე და ჩანთაში ჩავუძახე.
კრებული უძახე, მგზავრობის ღამე კი გამათენებინა.
“მარსის ქრონიკების” პირველწაკითხვის ელდაზე, გაოგნებაზე და ლამის კულტურულ შოკზე მერე მოვყვები (“ქრონიკებიც” იყო იმ კრებულში, შეკლიც, აზიმოვიც, რობერტ სილვერბერგიც, ალფრედ ბესტერის “გაქრობის ფენომენი”, ურსულა ლე გუინის “ცხრა სიცოცხლე”, ჰარისონი, საიმაკი, ვან ვოგტი, ვონეგუტი, ნორბერტ ვინერი… საუკეთესო ტყუილად კი არ მითქვამს).
მოვრჩი “ქრონიკებს”, ჩავათვალიერე სარჩევი და”ელჯერნონს” მივადექი.
პატარა ვიყავი მაშინ, გამოუცდელი. ფანტასტიკა, რაღა დაგიმალოთ, გასართობი, თვალსასეირო, ამოდ საკითხავი მეგონა.
სულ რაღაც ოცდაშვიდი გვერდია, მეთქი, მალე მოვრჩები და დავიძინებ.
პირველივე აბზაცებზე გული როგორ მომეწურა, ახლაც მახსოვს.
ტუჩების კვნეტით და კანკალით რომ ჩავიკითხე ბოლომდე, აღარ ვიტყვი. ან რა თქმა უნდა. წაკითხული ხომ გაქვთ. თქვენც იტირებდით.
ერთხელ მითხრეს, არასოდეს არ ენდო ადამიანს, ვისაც “ელჯერნონზე” არ უტირიაო. არც არსებობს, ალბათ, ასეთი ადამიანი. მე ჯერ არ შემხვედრია.
აი, იმ პირველწაკითხვის მერე ლამის ოც წელზე მეტია გასული. ასაკიც მომემატა, იმედია, ჭკუაც, აღარც ისეთი სანტიმენტალური ვარ, როგორც ადრე, მაგრამ “მე ჩარლი გორდონი მქვია დონერის საცხობში ვმუწაობ”-ის გაგონებაზე ისევ მაჟრიალებს.
გული მეკუმშება, ჩემი ჩარლი გორდონი <3
LikeLiked by 2 people
ოჰ, არ მრცხვენია სენტიმენტების, ამ პოსტზეც ამიცრემლიანდა თვალები. ეს არის გენიალური წიგნი- გადავიკითხავ კიდევ ერთხელ.
LikeLiked by 2 people
გადაიკითხე ) მეც გადავიკითხავ.
LikeLike
ლამის ვიტირე, საოცარი წიგნია, მართლა არც მინდა ბევრი რამეები ვთქვა ამ წიგნზე, თავად ეს წიგნი ამბობს ყველაფერს! ვინათხოვრე და პირველ ქართულ თარგმანში წავიკითხე, ყველა ყდა ლამაზია, მაგრამ ჩემთვის ახლა შევიძინე იასამნისფერი მყარი გარეკანით, თან იმ სერიასაც ვაგროვებ და ისე მიხარია რომ უკვე ჩემიც მაქვს….. როცა მინდა ავიღებ თაროდან, გადავიკითხავ და საკუთარ თავს რაღაცეებს შევახსენებ!
LikeLiked by 1 person
იასამნისფერი, მესამე, ძალიან კარგი გამოცემა.
LikeLike
ჩარლი <3 სენტიმენტალური არ ვარ, მაგრამ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ემოცია მძლევს ხოლმე :)
LikeLike
პატარა ბავშვივით ვტიროდი და თან უსამართლობის, სინდისის, კეთილშობილების ემოციები მერევოდა ერთმანეთში. ჩემმა დამ შემამჩნია სად წავსულიყავი არ ვიცოდი.
LikeLike
ვგიჟდები ამ წიგნზე..ერთ–ერთი ჩემი ფავორიტია..
LikeLike