თბილისისთვის უჩვეულოდ თოვლიან შაბათ-კვირას შინიდან ცხვირის გაყოფაც კი დამეზარა. პლედის, ცხელი ჩაის, არაჟნიანი ბლითებისა და კარგი წიგნების ამინდი იდგა, ჰოდა, მეც მეტი რა მინდოდა – სულ რამდენიმე დღის წინ პრეზენტაციიდან წამოღებული ახალი რომანი მედო ტუმბოზე, ავტორისეული წარწერით დამშვენებული. გარკვეული მოლოდინიც მქონდა – არჩილ ქიქოძის “სამხრეთულ სპილოს” ისეთი ხალხი აქებდა, ლიტერატურულ გემოვნებას ვერავინ დაუწუნებს.
თავიდანვე ვიტყვი – იმედი იოტისოდენადაც არ გამცრუებია. რამდენი ხოტბაც უნდა შეასხან თანამედროვე ქართულ პროზას, რამდენი საბა და გალაც უნდა ჩამოარიგონ, მაინც ვიტყვი, რომ კარგი ქართული რომანები დღეს თითზეა ჩამოსათვლელი და “სამხრეთული სპილო” სწორედ ერთ-ერთი მათგანია. ყოველ შემთხვევაში, ასეთი გახლავთ ჩემი მოკრძალებული აზრი.
თავიდანვე გითხარით, ამ უიქენდზე სახლიდან ფეხი არ მომიცვლია-მეთქი, მაგრამ ავტორმა თავისი გაიტანა და თბილისში სახეტიალოდ მაინც გამიყოლია. წარმოსახვით, რაღა თქმა უნდა.
მთელი წიგნი მთავარი პერსონაჟის ერთი დღის აღწერაა და მოლი ბლუმი რისი მოლი ბლუმი იქნებოდა, ულისეს ნაკვალევი არ დაენახა. აკი თავად გმირიც ამბობს: დაუვლიდან კაცი ამ ქალაქს დუბლინურად, ბარიდან ბარში, ას-ასი გრამი ვისკის მიცემით, მაგრამ დუბლინისთვის მეტისმეტად ცხელაო. ჰოდა, ვიარე დილიდან საღამომდე ამ კაცის კვალდაკვალ, კაცისა, რომელმაც გადაწყვიტა, ერთი ფილმის რეჟისორად დარჩენილიყო. არადა, თავადაც ვერ მიხვდა, სწორედ ამ დღეს, როცა ბინის გასაღები დიდი ხნის უნახავ სიყრმის მეგობარს დაუტოვა საყვარელ ქალთან მალულად შესახვედრად და თბილისის ქუჩებში სახეტიალოდ გაეშურა, პირველივე ნაბიჯი ახალი ფილმის დასაწყისად ექცა, იმ ფილმისა, მკითხველი თვალმოუშორებლად რომ უყურებს სამიოდე ასეულ გვერდზე.
არა, არაფერი შემშლია – ეს წიგნი ფილმს უფრო ჰგავს, სადაც კინოკადრებით მისდევენ ერთმანეთს მთავარი გმირის მოგონებები, უკანასკნელი წლების მანძილზე განცდილი სიხარული, დარდი, ვნება, იმედგაცრუება, განშორების ტკივილი თუ დაკარგული მეგობრობის სევდა… ჩვენ თვალწინ თბილისი ცოცხლდება, ბევრი ჩვენგანისთვის მტკივნეულად ნაცნობი ბოლო ორი ათწლეული იმ ხალხთან ერთად, რომელთა მსგავს ტიპაჟებს ახლაც ვიცნობთ ან ოდესღაც ვიცნობდით.
დადის ქართველი ლეოპოლდ ბლუმი მშობლიური ქალაქის ქუჩებში, ხან ვერის ბაღში გაჰყავს დრო, ხან მელიქიშვილზე, ჭორიკანა დედების საყვარელ კაფეში, ხან ოკეანის გაღმა წასული ქალიშვილის სურათებს ათვალიერებს სოციალურ ქსელში, ხანაც – საყვარელი ქალისას, ვიღაც ჰოლანდიელ კატების ექიმთან რომ ცხოვრობს ახლა… დადის და ენატრება სამყარო, საიდანაც მისი გაქრობა თითქმის ვერავინ შენიშნა, სამყარო, რომელში დაბრუნება არც უფიქრია და ამ უცნაური, თავისი მოგონებებით გაჟღენთილი კინორომანით უნებურად გამოუვიდა.
დადის, დავყვები ფეხდაფეხ, ვგრძნობ მის განცდებს, ვგრძნობ მის მტკივნეულ შეხვედრას წარსულთან და მესმის, როგორ ეკითხება საკუთარ თავს: “რამდენი ხანი უნდა იცხოვრო ქალაქში, რომ ის შენი გახდეს?” მისი არ იყოს, არც მე მაქვს ამ კითხვაზე პასუხი… თუმცა, ვიტყოდი, რომ ხანდახან ამისთვის მთელი ცხოვრება არ გეყოფა, ზოგჯერ კი ერთი დღეც საკმარისია.
მოვინიშნე და წავიკიხავ ^_^ ,,სპილო ოთახში” რატომღაც ეს მახსენდება.
LikeLiked by 1 person
სათაური პირველად რომ გავიგე, მეც ეს გამახსენდა )
LikeLike
ძალიან მაინტერესებს ) ვინც წაიკითხვა ყველა აქებს. მონიშნული მაქვს , მაგრამ დრო არ მაქვს :დ
LikeLike