ათიოდე დღის წინ, მეგობარმა ძალიან საინტერესო ბმული მაჩვენა.
“სასკოლო ასაკში აუცილებლად წასაკითხი წიგნები – რჩევები არდადეგებისათვის”.
ერთ-ერთ ქართულ საგანმანათლებლო ვებგვერდზეა განთავსებული და, მცირე ანოტაციის მიხედვით, სკოლა “ჰამილტონის” დირექტორის, გია მურღულიას შედგენილია.
ბმული გადასარევად მუშაობს, მაგრამ არც თუ მოკლე სიას აქაც დავდებ, ისე, თვალსაჩინოებისათვის.
1. ეკლესიასტეს წიგნი
2. იობის წიგნი
3. ჰომეროსი – „ოდისეა“
4. პლუტარქე – „პარალელური ბიოგრაფიები“
5. ათას ერთი ღამე
6. შექსპირი – „რომეო და ჯულიეტა“
7. ბალზაკი – „შაგრენის ტყავი“
8. სტენდალი – „წითელი და შავი“
9. გუსტავ ფლობერი – „ქალბატონი ბოვარი“
10. უმბერტო ეკო – ვარდის სახელი
11. სენტ-ეგზიუპერი – პატარა უფლისწული
12. ილფი და პეტროვი – თორმეტი სკამი
13. მიგელ დე უნამუნო – აბელ სანჩესი
14. იასუნარი კავაბატა – „ათასფრთიანი წერო“
15. კობო აბე – „ქალი ქვიშაში“
16. ჰარუკი მურაკამი – „1Q84“
17. ორხან ფამუკი – „მე წითელი მქვია“
18. სალმან რუშდი – „ფლორენციელი ჯადოქარი“
19. ვლადიმირ ნაბოკოვი – „ლოლიტა“
20. ბორის პასტერნაკი – „ექიმი ჟივაგო“
21. ფრანც კაფკა – „პროცესი“
22. ერნესტ ჰემინგუეი – „მოხუცი და ზღვა“
23. ენტონი ბერჯესი – „მექანიკური ფორთოხალი“
24. სემიუელ ბეკეტი – „გოდოს მოლოდინში“
25. ჯეკ კერუაკი – „გზაზე“
26. ფრედერიკ ბეგბედერი – „99 ფრანკი“
27. მიხეილ ბულგაკოვი – „ოსტატი და მარგარიტა“
28. თომას მანი – „ბუდენბროკები“.
ოცდარვა წიგნი. ეკლესიასტედან “ბუდენბროკებამდე”.
ბატონი გია ფილოლოგიის დოქტორი და განათლების საკითხების სპეციალისტია, ოცდაორი წლის წინ, აბიტურიენტი რომ ვიყავი, ქართულ ლიტერატურას მისი წიგნებითაც ვსწავლობდი. ცხადია, გაჯიბრება არ გამომივა. ღმერთი, ხატი, რჯული, არც ვაპირებ. ოღონდ ერთიცაა, წიგნი ზუსტადაც რომ ჩემნაირი რიგითი მკითხველებისთვის იწერება და ექსპერტების და მეცნიერ-მუშაკების გარდა, მსგავს თემებზე აზრი და შეხედულება უბრალო მოკვდავებსაც მოგვეპოვება.
“სასკოლო ასაკი”, მოგეხსენებათ, სხვადასხვა არსებობს. სიაც რამდენჯერმე გადავიკითხე და ავტორის კომენტარიც, მაგრამ რომელი კლასის მოსწავლეებისთვის შეადგინეს, მაინც ვერ გავიგე. პირველ, მეორე, ან თუნდაც მეხუთე და მეშვიდეკლასელებს ასე, ალბათ, არ გაიმეტებდნენ. სავარაუდოდ, მაღალი კლასებისთვისაა, იმ ასაკისთვის, როცა წიგნის გვერდზე გადადების და უფრო მარტივად გართობის ცდუნება განსაკუთრებით დიდია.
სიმართლე გითხრათ, იობი, ეკლესიასტე, რამდენიმე ავტორი და სათაური რომ არა, ჩემი ბავშვობისდროინდელი საშინაო დავალება მეგონებოდა. საზაფხულოდ, აქაოდა, სამ თვეს ისვენებთ და ხელიდან არ წახვიდეთო, რჩეული კლასიკით გაძეძგილ “საკითხავ გეგმას” გვატანდნენ შინ. ვინ რას კითხულობდა და ის ჩემი ცოდვით სავსე სია სად დაფრიალებდა, სხვა ამბავია. მე პირადად კონან დოილი, ჟიულ ვერნი, დიუმა, ლიბერა კარლიე, ერნსტ სეტონ-თომპსონი, ლადო მრელაშვილი, ლევან გოთუა, რაფაელ საბატინი, ალექსანდრე ლორია მერჩივნა და არდადეგებიც ერთიორად მიგემრიელდებოდა. სხვათა შორის, არ მახსოვს, მასწავლებლებს არჩევანი დაეწუნებინოთ. “საზაფხულო დავალებას” დავალება კი ერქვა ომახიანად, მაგრამ, სინამდვილეში, სრული ფორმალობა იყო, წესისთვის შედგენილი.
წარმოიდგინეთ, ცამეტი-თოთხმეტი წლის ხართ, სოფელში ისვენებთ, ბებიასთან, ეზოს ბავშვები გეძახიან, ტყეში წავიდეთ, სოკოზეო და ასარჩევად გაქვთ, იმათ გაჰყვეთ თუ შინ დარჩეთ და “ბუდენბროკები” იკითხოთ. გადასარევი არჩევანია, ღმერთმანი. ძალიან რთული. პრაქტიკულად, გადაუწყვეტელი.
სამაგიეროდ, უბერებელი კლასიკაა, რკინის რეპუტაციით. ყველაზე კირკიტა მშობელიც კი ვერ უპოვის წუნს, ჩემს ბავშვს რაებს აკითხებთო.
მოსწავლეებს თუ ვურჩევთ საკითხავს, ეს წიგნები სელინჯერის, დიბისი პიერის, ჰარპერ ლის, ტოლკინის, ბრედბერის, შეკლის, სტრუგაცკების, ო’ჰენრის, ჯინ ვებსტერის, დათო ტურაშვილის, ნატო დავითაშვილის, ნილ გეიმანის, დენიელ კიზის რომანებით და მოთხრობებით, ფანტასტიკით და ფენტეზით, სათავგადასავლო ბიბლიოთეკით და დეტექტივებით, უცხოენოვანი და გადმოქართულებული გრაფიკული პროზით ჩავანაცვლოთ და ისეთი თითებჩასაკვნეტი ჩამონათვალი გამოგვივა, მოზარდი კი არა, უფროსი ვერ გაძღება კითხვითო, მეტყვით ახლა.
არა. არ გამოგვივა. შექსპირის და ბალზაკის მტერი კი არ ვარ, must read სიების აზრს და დანიშნულებას ვერ ვხვდები. ახალბედა მკითხველს, თუ მაინცდამაინც აუცილებელი გახდა, სავალდებულო (თუნდაც ყოვლად გადასარევი) საკითხავის ჩამოწიკწიკება კი არა, რჩევა სჭირდება. რჩევას ასე, ბითუმად, კატალოგს ჩამოყოლით არ იძლევიან. ესეც არ იყოს, რჩევას კონკრეტულ ადამიანს აძლევენ, ასაკის, გემოვნების, ინტერესების, მიდრეკილების და ტემპერამენტის გათვალისწინებით. მთელი თაობისთვის, მთელი სკოლისთვის (ან, თუნდაც მთელი კლასისთვის) უნივერსალური, თან აუცილებელი, საკითხავის ჩამოწერამ, საეჭვოა, ხეირი მოიტანოს.
ჯეონეტში ამგვარი დიდაქტიკურ-საგანმანათლებლო ათეულების, ოცეულების და ორმოცდაათეულების შედგენა, რატომღაც, კარგ ტონად ითვლება და ხშირი ამბავია. ეს კონკრეტული must read-ი არც პირველია და, ცხადია, არც უკანასკნელი. თუ ვინმეს რამეში გამოადგება, ღმერთმა შეარგოს და ხელი მოუმართოს. უბრალოდ, მეგობარმა თუ შემოგჩივლათ, ჩემი ბავშვი არაფერს არ კითხულობსო, ეს ჩამონათვალიც აჩვენეთ.
ეკლესიასტეს მადლი შეეწიოს და იობის გამძლეობა მისცეს, ვინც ნანატრ არდადეგებზე გართობასაც განზე გადადებს, გაცილებით სახალისო და საინტერესო საკითხავსაც და ამ სიას შეეჭიდება.
Karlsson på taket • გოდორა კარლსონი
გეთანხმები, ვიზიარებ, მომწონს.
ერთადერთი შენიშვნა მაქვს პოსტში გაჟღერებულ ფრაზასთან: “მოლი-რიგითი მკითხველი” შეუფერებელი სიტყვათაშეთანხმებაა :)
LikeLike
მთავარია, მთავარს ეთანხმები ) და ისე, არც ფილოლოგი ვარ, არც ლიტერატურათმცოდნე, არც კრიტიკოსი (მწერლობაზე არაფერს ვამბობ), არც გამომცემლობაში ვმუშაობ, პროფესიაც ღრმად განსხვავებული მაქვს, რიგითი მკითხველი გამოვდივარ, აბა, რა ) მე თუ მკითხავ, ყველაზე საპატიო, საამაყო და მნიშვნელოვანი სტატუსია )
LikeLiked by 1 person
ცოტა ხნის წინ განვიხილავდით მსგავს სიას, რომელიც მე-9 კლასელებს სემესტრის დასაწყისში მისცა მასწავლებელმა (ძალიან წიგნიერი ქალი რომ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი) და სემესტრის ბოლომდე დაემშვიდობა… თავისთავად წიგნებს არაფერი დაეწუნება (სულ ისეთი წიგნებია, დღემდე რომ მიყვარს), მაგრამ მათი მიწოდების მეთოდი უკვე მაფიქრებინებს, რომ წიგნებს თაროებიდან არავინ გადმოიღებს.
LikeLiked by 1 person
კიდევ ბევრი აკლია პირველ სიას – მაგალითად, “ულისე”, “ტრამალის მგელი”, “სირცხვილი” ან “ხმაური და მძვინვარება”, რა ვიცი :)))
LikeLiked by 1 person
მარტოობის ასი წელიწადი, დანაშაული და სასჯელი, ამაოების ბაზარი და ასე შემდეგ )) აი-მე-რეები-ვიცი სიაა )
LikeLiked by 2 people
აი-მე-რეები-ვიცი სია <3
LikeLike
ზუსტად ასეთი სიაა, კი )
LikeLiked by 1 person
ზოგადად, ძალიან მიყვარს ლიტერატურული სიები. თუმცა, ვთვლი რომ ყველამ თავისთვის უნდა განსაზღვროს მისთვის მნიშვნელოვანი ნაწარმოებები.
ამ სიას ეტყობა, რომ ინდივიდუალური გემოვნებით და მოსაზრებებით არის შედგენილი.
LikeLike
ინდივიდუალურია და მოსწავლეებისთვის დაწერეს. ასაკის და კლასის მითითების გარეშე. ანუ, ყველასთვის. თან აუცილებლად წასაკითხიო.
LikeLike