Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for თებერვალი, 2017

sandro-botticelli-birth-of-venus

არ იქნა და აღარ მოიცვალა ფეხი ზამთარმა. დადის, დაძრწის ქუჩებში, გამოიყოლებს ქარს, ჩამოივლიან ძველი მეგობრებივით მხარდამხარ, ფანჯარაზე მოგიკაკუნებენ და პაწაწინა ღრიჭო თუ ნახეს სადმე, სახლშიც უცერემონიოდ შემოგეჭრებიან. არადა, ამ დროს საგულდაგულოდ დაგმანულ, ჩამთბარ ოთახში რომ ზიხარ, არსად მიგეჩქარება, წუთის წინ ჩამოფქვილ და ახლად მოდუღებულ ყავას აგემოვნებ და ერთ-ერთი ყველაზე ნათელი, გაზაფხულის ფერებით გაჯერებული ფერწერული შედევრით ტკბები, გრძნობ, რა ცოტა ჰყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის თუ არა, სულიერი ჰარმონიისთვის მაინც.

ჩვენს მასპინძელს რაღაც სანტიმენტები მოსძალებია, ნეტავ, სიბერე ხომ არ შემოეპარაო, იფიქრებს ზოგი მკითხველი. აბა, ხმამაღლა ხომ არ მეტყვიან – თავაზიანი და კარგად აღზრდილი ხალხი სტუმრობს მოლის ბლოგს. ჰოდა, როცა რომელიმე დიდ მხატვარზე მიდგება საქმე, თქვენზე უკეთესს ვის უნდა ვუამბო.

თურმე, არც ისე დიდი ხნის წინათ, სულ რაღაც ხუთასიოდე წლის წინ გენუის სენ-ტორპეტეს ტაძარში ორი ცხვირმოუხოცავი ღლაპი იწერდა ჯვარს – მარკო ვესპუჩი და სიმონეტა კამანეო. იდგნენ ხელჩაკიდებულები საკურთხეველთან და თექვსმეტიოდე წლის უწვერულ სიძეს, ალბათ, ქვეყანა თავისი ეგონა, რა იცოდა, სახელგანთქმული ჯულიანო მედიჩი მალე ქვეყანას კი არა, საკუთარ ცოლსაც რომ არ დაანებებდა.

(more…)

Read Full Post »

20170222_213944

“დეტექტივი, ფანტასტიკა, ეროტიკა და სხვა დაბალი სინჯის პროზა” ხომ გახსოვთ? აი, ის ქოთქოთა ბლოგი, ლიტერატურის დაბალo და მაღალი სინჯის ჟანრებად დაყოფა რომ გავაპროტესტეთ.

თურმე სად ხარ, ჟანრი ვის დაკარგვია, ორდიპლომიანი ხალხი ლიტერატურას ენის მიხედვით ყოფს და ახარისხებს.

“ქართულს არაფერს არ ვკითხულობ”.

“ქართულში”, ცხადია, ილია, ვაჟა, აკაკი, გალაკტიონი, ყაზბეგი, მიხეილ ჯავახიშვილი  არ იგულისხმება. ეჭვი მეპარება, ამათ კითხვაში ღამეს ათენებდნენ, მაგრამ გიჟები ხომ არ არიან, ხმამაღლა უარყონ. კლასიკა ხელშეუხებელია.

არც დოჩანაშვილი, ჭილაძე, ინანიშვილი და რჩეულიშვილი. ესეც კლასიკაა. თან მოდური კლასიკა.

რაღა დარჩა ცხვირასაბზუებელი – თანამედროვე პროზა და პოეზია.

(more…)

Read Full Post »

07a2ff1998d3a127a3cf1249424f15ae

დღეს ჩვენი ახალი თამაშის მესამე ნაწილს გთავაზობთ. პირველიც და მეორეც, თუ ახლახანს შემოგვიერთდით და დაგაინტერესათ, აქვეა.

წესები, გაგიკვირდებათ და ისევ მარტივზე მარტივია: ვკითხულობთ დასაწყისს, ვიცნობთ და გვიხარია :)

ამჯერად შერჩეული შვიდივე წიგნი ჩვენი ბავშვობიდანაა, დარწმუნებული ვარ, შვიდივე ზეპირად გახსოვთ. ჰოდა, მინიშნებები ზედმეტი მგონია, ისედაც გადასარევად გამოიცნობთ.

პასუხები კომენტარებში ჩამოწერეთ. ვინმემ ჩემს პასუხებში არ ჩაიჭყიტოს და არ გადაიწეროსო, ნუ გენაღვლებათ, მოდერაცია ჩართული იქნება.

ეს არის და ეს.

Good luck! (more…)

Read Full Post »

2753366_orig

“ყვავილები ელჯერნონისთვის” განსაკუთრებული წიგნია.

ასეთ ეპითეტებს ვერიდები. ჯერ ერთი, პათეტიკა არ მიყვარს, მეორეც – დიდი საფრთხეა, სადმე გადააჭარბო ან გადაამლაშო კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში ოდნავადაც არ ვაზვიადებ.

ორ წელიწადში მესამე გამოცემას გაუძლო. ბათუმელების გეგმებზე არაფერი ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მეოთხედაც გამოსცემენ. ეს იმ ფონზე, რომ ძალიან ბევრი კარგი წიგნის პირველი ტირაჟიც კი ძნელად იყიდება ხოლმე.

თან გამოცემაცაა და გამოცემაც. ჯერ მარტო სამი გარეკანი ნახეთ. ერთი მეორეზე უკეთესიაო, ამათზეა ნათქვამი.

თინათინ ხომერიკის სადებიუტო თარგმანი ისეთია, ბარე ორი ღვაწლმოსილი მთარგმნელი მოაწერდა ხელს. ახლა, ვიღაცებს ჩარლი გორდონის სულისშემძვრელი მონოლოგი დღემდე კორექტურა და შეცდომებით დაბეჭდილი რატომ ჰგონიათ, მე ვერ გეტყვით, ისევ იმათ ჰკითხეთ.

სამივე გამოცემა მაქვს შინ. სხვათა შორის, სამივე ნაჩუქარია. ჩვიდმეტჯერ რომ გამოსცენ, ჩვიდმეტივეს ვიქონიებ. მეგობრების იმედი მაქვს, ამ გადასარევ ტრადიციას არ დაარღვევენ.

ჩემთვის, როგორც ყველაფერი საუკეთესო, “ელჯერნონიც” ბათუმს უკავშირდება.

(more…)

Read Full Post »

samkhretuli-spilo-geo-cover

თბილისისთვის უჩვეულოდ თოვლიან შაბათ-კვირას შინიდან ცხვირის გაყოფაც კი დამეზარა. პლედის, ცხელი ჩაის, არაჟნიანი ბლითებისა და კარგი წიგნების ამინდი იდგა, ჰოდა, მეც მეტი რა მინდოდა – სულ რამდენიმე დღის წინ პრეზენტაციიდან წამოღებული ახალი რომანი მედო ტუმბოზე, ავტორისეული წარწერით დამშვენებული. გარკვეული მოლოდინიც მქონდა – არჩილ ქიქოძის “სამხრეთულ სპილოს” ისეთი ხალხი აქებდა, ლიტერატურულ გემოვნებას ვერავინ დაუწუნებს.

თავიდანვე ვიტყვი – იმედი იოტისოდენადაც არ გამცრუებია. რამდენი ხოტბაც უნდა შეასხან თანამედროვე ქართულ პროზას, რამდენი საბა და გალაც უნდა ჩამოარიგონ, მაინც ვიტყვი, რომ კარგი ქართული რომანები დღეს თითზეა ჩამოსათვლელი და “სამხრეთული სპილო” სწორედ ერთ-ერთი მათგანია. ყოველ შემთხვევაში, ასეთი გახლავთ ჩემი მოკრძალებული აზრი.

(more…)

Read Full Post »

the-cuckoos-calling-geo-cover

არიან ადამიანები, რომლებსაც თამამად შეუძლიათ, თქვან – რასაც ვაკეთებ, ლაზათიანად ვაკეთებო. ჰოდა, ეს მწერალიც ასეთი გამოდგა – ჯერ იყო და ერთი სათვალიანი, კნაჭა ბიჭი შეგვაყვარა, ლამის ათი წელი გვაფიქრა და გვანერვიულა მის ბედ-იღბალსა და თავგადასავლებზე, ეს დარბაისელი ადამიანები ხან დრაკონით გვაფრინა, ხან სიკვდილის მხვრელებთან გვაომა, ხან განმაიარაღებელი შელოცვით და ჯადოსნური ჯოხების ქნევით გვარბენინა აქეთ-იქით. ახლა კი, არც აცია, არც აცხელა და დეტექტივების წერას მიჰყო ხელი. მიჰყო და გამოუვიდა კიდეც. ფეოლასი არ იყოს, გაუჭირდებოდა!

დიახ, სწორედაც ქალბატონ როულინგზე მოგახსენებთ. აირჩია ფსევდონიმად რობერტ გელბრეითი, როგორც ჭორიკანა ჟურნალისტები ამბობენ, მოკალათდა ედინბურგის რომელიღაც მყუდრო კაფეში და წერას შეუდგა. რამდენი სტრიქონი გადაშალა, რამდენ ფურცელს გადაუძახა სანაგვეში, რამდენი იფიქრა მთავარი გმირის უჩვეულო გვარ-სახელზე, რამდენი ჭიქა ესპრესო და კაპუჩინო შემოესვა – მაგაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ლიტერატურას ახალი პერსონაჟი მოევლინა –  სამხედრო პოლიციის ყოფილი გამომძიებელი – პირქუში, დაუდევრად ჩაცმული, გრიზლივით ზორბა კორმორან სთრაიქი.

(more…)

Read Full Post »

zgaprebi

ბავშვობაში ზღაპრების დიდი მკითხველი და გულშემატკივარი გახლდით. შეიძლება ითქვას, თავგადაკლული.

“ზღაპრის გუდას” ხომ ვუსმენდი ხაზის რადიოში ყოველ საღამოს, ისე რა დამაძინებდა, ნაირ-ნაირი გრამფირფიტები ხომ მეწყო ოთახში დასტად – იმდროინდელი აუდიოწიგნები, ბებიებიც მიკითხავდნენ და მეც ვცდილობდი ნელ-ნელა, დამარცვლით და თითის გაყოლებით, სანამ კითხვას ვიწავლიდი. უამრავი ზღაპარი მქონდა შინ, ქართულადაც და სხვა ენებზეც, თხელი, სქელი, სურათებიანი, ასეთი, ისეთი…  მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების ტომეულები არ მქონია.

წიგნები, კაცმა რომ  თქვას, არ მაკლდა. ჩემები, რასაც ბათუმში ვერ მოიხელთებდნენ, თბილისში ეძებდნენ, ან უფრო შორიდან ჩამოჰქონდათ. აი, იმ ფერად-ფერად, უცნაურად მოხატულ ტომებს, რატომღაც, ავცდი.

ერთადერთი, აფრიკული ზღაპრები მაჩუქეს დაბადების დღეზე. რატომ ასჯერ არ გადავიკითხე. ლამის ზეპირად ვიცოდი.  უცხო იყო და უცნაური, ეგზოტიკური და ძალიან საინტერესო. იქამდე არც პერსონაჟები შემხვედროდა მსგავსი, არც სიუჟეტი… მოკლედ, ხელიდან ვერ მაგდებინებდნენ.

შარშან ზაფხულს, ბლოგერული შვებულების დროს, გადავწყვიტე, მოდი, იმ ძველ, სრულ სერიას შევაგროვებ-მეთქი.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: