მგონი, არასოდეს მითქვამს, როგორ მიხარია ახალ წიგნებში ნაცნობ პერსონაჟებთან შეხვედრა. ამიტომაც არის, რომ ყოველგვარი დილოგიების, ტრილოგიების, ტეტრალოგიებისა და, საერთოდ, საგების დიდი მოყვარული ვარ. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ როგორც კი გავიგე, ჯოჯო მოიესს ლუისა კლარკზე ახალი ამბავი დაუწერიაო, მაშინვე ტორენტი გადავჩხრიკე და ხელად მივაგენი. თვალის დახამხამებაში გადმოვაბრძანე ჩემს თეთრფურცელაში და აგერ, ამ შაბათ-კვირას მეყო კიდევაც.
სიმართლე გითხრათ, პირველი წიგნის კითხვისას ჩემი ემოციები რომ მახსოვდა, თადარიგი დავიჭირე და დიდი უჯრულა ცხვირსახოცით ხელში გადავფურცლე ჯოჯო მოიესის „მე, შენ შემდეგ“, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც არ დამჭირვებია. არა, ბევრჯერ შემეკუმშა გული, სუნთქვაც არაერთხელ შემეკრა, მაგრამ დასაწყისიდან გამოყოლილი ზაფრა მაინც სხვა იყო. აქ უკვე სხვა ლუისა შემრჩა ხელში, ისეთი არა, როგორსაც ველოდი და ჯერ თითქოს იმედი გამიცრუვდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ სწორედ ასე უნდა ყოფილიყო – განა შეიძლებოდა, უილ ტრეინორის წასვლის მერე ლუს ცხოვრება თვალსა და ხელს შუა დღესასწაულს დამსგავსებოდა? აბა, რანაირად იქნებოდა, უდარდელად ეფარფატა შავ-ყვითელზოლიანი კოლგოტკებით და თავისი ყველაზე მტკივნეული დანაკარგი მხოლოდ პარიზის კაფეებსა და რესტორნებში გაეხსენებინა მისი საყვარელი სასუსნავების დაგემოვნებისას?
ამაზე რომ დავფიქრდი, მაშინვე მივხვდი, რომ ჯოჯო მოიესმა სწორედ ის ლუისა დაგვახვედრა ახალ წიგნში, ვინც უნდა დაგვხვედროდა. გულგატეხილი, საკუთარ თავზე გამწყრალი, საკუთარ ძალებში დაეჭვებული გოგო, რომელმაც ვერა და ვერ იპოვა ცხოვრების გზა, ვერ შეუსრულა უილს უკანასკნელი თხოვნა – იყავი თამამი, შეუპოვარი, დაუდგრომელი. სიამაყით ატარე შენი ზოლიანი კოლგოტკები და უბრალოდ კარგად იცხოვრეო, რომ ეუბნებოდა. არ გამოსდიოდა ეს კარგად ცხოვრება, ეგ კი არა, ჩვეულებრივად ცხოვრებაც არ გამოსდიოდა თითქმის ორი წლის მანძილზე, უბრალოდ, არსებობდა და დინებას მიჰყვებოდა. ეგ იყო და ეგ.
მეც ისე ჩამითრია ამ დინებამ, ცხვირსახოცი განზე გადავდე და ბოლომდე ჩავყევი ლუს. მინდოდა, მენახა, თუ დაიბრუნებდა ჩვეულ შეუპოვრობასა და სითამამეს, ისევ თუ ჩაიცვამდა საყვარელ კოლგოტკებს, კიდევ თუ შეძლებდა ვინმეს შეყვარებას – ერთი სიტყვით, იცხოვრებდა თუ არა ისე, როგორც უილ ტრეინორი სთხოვდა და როგორც მისნაირ, სიცოცხლით სავსე გოგოებს უნდა ეცხოვრათ. ფურცელ-ფურცელ მივყვებოდი და ველოდი, როდის ამოყვინთავდა ლუისა კლარკი მორევიდან. იმაში, რომ ამოყვინთავდა, რატომღაც ეჭვი არ მეპარებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ შეეძლო, უილისთვის რაღაც კარგი გაეკეთებინა.
არ შევმცდარვარ.
და არც უილ ტრეინორი შემცდარა, როცა ეუბნებოდა:
„შენში დიდი შიმშილი იმალება, კლარკ, შეუპოვრობა, უშიშრობა, რომელიც სულის სიღრმეში გქონდა ჩამარხული“.
გაიღვიძე, ლუისა.
დროა.
ძალიან მაინტერესებს ეს ნაწილი..იმედი მაქვს ქართული თარგმანიც გვექნება :)
LikeLike
დაგვაიმედეს, აუცილებლად გამოვაო )
LikeLike
მიხარიაა :)
LikeLike
ორიგინალლი შემიძლია სადმე შევიძინო?
LikeLike
წიგნის მაღაზიაში, თუ ჩამოიტანს ვინმე. ან “ამაზონზე”.
LikeLike
სიმონ (?) მენაბდის ტეტრალოგია :)
მოკლედ იმდენი უცნობი ავტორია ამქვეყნად თურმე.
ადრე ნაცნობებსაც ვერ თარგმნიდნენ ახლა გამოსწორებულა საქმე
LikeLike
სიმონისაა, კი )))))
LikeLike
Eleqtronuli versia arsad devs
LikeLike