ამ ბლოგის დაწერაზე დიდი ხანია ვფიქრობ. რამდენჯერმე დავიწყე და გავეშვი, რომელი სპოკი და მაკარენკო მე ვარ, რჩევები ვარიგო-მეთქი. მიტყეპილი და მიგდებული არამკითხე მოამბის ანდაზაც გამახსენდა და ხელი ჩავიქნიე, მაგრამ ბოლოს მაინც გავრისკე. ოღონდ უმიზეზოდ არა. თვე არ გავა, რომელიმე გულდაწყვეტილმა მეგობარმა არ შემომჩივლოს, ეს ჩემი ბავშვი ვის დაემსგავსა, მე ღამით ვერ მაშორებდნენ საკითხავს, იმას წიგნებისკენ გახედვაც კი არ უნდაო.
ჰოდა, მოდი, ჩემს მოსაზრებებს გაგიზიარებთ. თქვენი აზრიც ძალიან მაინტერესებს.
არც ისეთი უტიფარი ვარ, ყველა კითხვაზე პასუხი მაქვს-მეთქი, თავი გამოვიდო. მითუმეტეს, თემაა ისეთი, მზამზარეული რეცეპტები არც არსებობს. მე დავიწყებ, თქვენ ამყევით. სოფელს თუ ვერ ავაშენებთ, საუბარი მაინც გამოგვივა. ესეც საქმეა.
ჯერ იმას გეტყვით, ამგვარი საყვედურების მოსმენისას თავში პირველი რაც მომდის, მაგრამ თქმით იშვიათად ვამბობ, ემანდ არასწორად არ გამიგონ. თქვენს შვილს კითხვას თამაში თუ ურჩევნია, ანუ სიამოვნების მიღებას დროისა და ენერგიის მინიმალური დანახარჯებით თუ ცდილობს, ყოვლად გადასარევი, რაციონალურად მოაზროვნე, გონიერი ბავშვი გყოლიათ.
კაცმა რომ თქვას, ბლოგის დასრულება აქვე შეიძლებოდა. ბავშვი იმ თქვენს რუდუნებით შეგროვებულ ბიბლიოთეკას და თაროებზე კოხტად ჩაწიკწიკებულ წიგნებს, ერთხელაც იქნება, უთქვენოდაც მიაგნებს. სათაურს მოჰკრავს ყურს და დაინტერესდება, მეგობარი ჰკითხავს, ხომ არ წაგიკითხავსო, სხვის მაგიდაზე შეამჩნევს და ყდა მოეწონება… მაგრამ თუ მაინც თვლით, რომ თქვენი ნაშიერის გულგრილობა წიგნების მიმართ პრობლემაა და გაწუხებთ, ერთადერთი გამოსავალი არსებობს – დაარწმუნოთ, რომ კითხვა სასჯელი, მოსაწყენი მოვალეობა და წვალება კი არა, ბედნიერებაა და უდიდესი სიამოვნების მოტანა შეუძლია.
ჩემთან, შინ, მახსოვს, ყველა კითხულობდა. ბებიები, ჩვენ თუ არ დაგვდევდნენ კუდში, წიგნებს უსხდნენ. დედას სასთუმალთან ყოველთვის ედო საკითხავი. მამას ძნელად მოსახელთებელი გამოცემები მოსკოვიდან და ლენინგრადიდან ჩამოჰქონდა. ერთი სიტყვით, კითხვა ძალიან უყვარდათ, მაგრამ ღმერთი, რჯული, არ მახსენდება, ოდესმე ჩვენთვის დაეძალებინოთ. რატომღაც ჩათვალეს, რომ დაძალებას აზრი არ ჰქონდა. სწორად ჩათვალეს, სხვათა შორის. გიჟების ნებაზე მიშვების მრავალნაცადმა ხალხურმა სტრატეგიამ აქაც გაამართლა.
ერთმა ჩემმა ნაცნობმა თხოვნით, დაყვავებით, შეგონებით და მუქარით ვერაფერი რომ ვერ გააწყო, შვილს ჯენტლმენური შეთანხმება დაუდო: რამდენიც გინდა, იმდენი ითამაშე, ხმას არ ამოვიღებ, ოღონდ თამაშამდე ორი საათი იკითხეო. გამოიცანით, როგორ დააწყობდა ბავშვი პრიორიტეტებს. რა იქნებოდა მისთვის მთავარი მიზანი და რა – მხოლოდ ამ მიზნის მიღწევის საშუალება.
მოკლედ, ზუსტად ვიცით, რა არ უნდა ვქნათ. არავითარი დაძალება, არავითარი შეთანხმებები და ვალდებულებები, ნაკითხობის მნიშვნელობაზე მაღალფარდოვანი ლექციები, დროის მონიშვნა და ფოჩიანი კანფეტები პრიზად. ერთხელაც დავესესხები ქართულ ფოლკლორს – ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო. ჯოჯოხეთსო. ბიბლიოთეკაზე არაფერია ნათქვამი იქ. არა, შეიძლება გავარდეს კიდეც ყარაულის თოფივით, რას გაიგებ, მაგრამ ასეთი გამართლების და ორლარიანების ეშხით შეყვარებული კითხვის არ მჯერა.
საკუთარ შვილს დედამიწის ზურგზე ყველაზე კარგად თქვენ იცნობთ. ჰოდა, დააკვირდით. იქნებ სპორტითაა გატაცებული – თემატური წიგნები ურჩიეთ. ანეკდოტად დადის, ნახევარმა ბრაზილიამ წერა-კითხვა პელეს ავტობიოგრაფიის წასაკითხად ისწავლაო. კინო თუ უყვარს, საყვარელი ფილმების ლიტერატურულ პირველწყაროებზე მოუყევით. ბუნება თუ იზიდავს, ლაშქრობა, ცხოველები, ლეკვზე ან კნუტზე თუ ოცნებობს, სეტონ-თომპსონის, ჯერალდ დარელის, რევაზ ინანიშვილის წიგნები აჩვენეთ. ხელიდან ვერ გამოგლეჯთ, თავს დავდებ.
ოღონდ დაძალება რჩევაში არ აგერიოთ. რჩევა ყველას სჭირდება. რჩევებს მეც დიდი სიხარულით და მადლობებით ვიღებ. პატარა მკითხველმა საიდან უნდა იცოდეს, კონან დოილი თითებჩასაკვნეტ დეტექტივებს რომ წერდა, თაროზე “სამი მუშკეტერის” ცხრანაირი გამოცემა რომ გიდევთ და მუმინების ამბები ჯერ წიგნად რომ დაიწერა და უსაყვარლესი მულტფილმები იმ წიგნების მიხედვით რომ გადაიღეს.
თქვენ რაც მოგწონთ, ცხვირი თუ აუბზუა, დიდად ნუ იდარდებთ. ცოტა ძნელი გადასატანი კია, საყვარელ წიგნს გულგრილად რომ მოგიბრუნებთ, ამას რა წამაკითხებსო, მაგრამ რას იზამთ, სხვა დროა, სხვა თაობა, სხვა ადამიანია, ბოლოსდაბოლოს. სავალდებულო საკითხავი რომ არ არსებობს, ესეც გაითვალისწინეთ.
რაც მთავარია, თქვენი შვილისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ავტორიტეტი თქვენ ხართ. პირადი მაგალითიც ყველაზე უკეთ მუშაობს. თითქმის შეუცდომლად.
რა კარგი ბლოგია, მოლი! ჩემი გამოცდიილებით, ბევრი უნდა უკითხო სანამ თვითონ ისწავლის და რაც შეიძლება ადრე ასწავლო ანბანი.
LikeLiked by 1 person
მე მიკითხავდნენ თავის დროზე ძალიან ბევრს დ დაუზარელად, მაგრამ ყოველთვის არ ეცალა დედ-მამას და ბებიებს და ახლაც მახსოვს, როგორ მეჩქარებოდა კითხვის სწავლა, ჩემით წავიკითხავ. სხვისი ლოდინი არ მომიწევსო.
მადლობა, ქალბატონო მარინა )
LikeLiked by 2 people
საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ პირადი მაგალითი, არავითარი დაძალება და აუცილებლად “ნებაზე მიშვება” საუკეთესო გზაა :) სად იყო პენაკი, ოჯახში მკითხველის უფლებებს რომ ვიცავდით… და დავიცავთ მომავალშიც :)))
LikeLiked by 1 person
მკითხველს უფლება აქვს, რაც უნდა, როცა უნდა, სადაც უნდა და რამდენიც უნდა, იმდენი იკითხოს )) პენაკის იდეებს აქ ვატარებ მე ))
LikeLiked by 1 person
ეს არის ყველაზე რთული და გადაუჭრელი, მოუგვარებელი პრობლემა . დიახ,წაიკითხა ჰარი პოტერი, ეხლა ტომ სოიერს კითხულობს, მაგრამ მოლი მე ვაძალებ, ვაიძულებ. სანამ შემიძლია სულ ყოველდღე დავაძალებ- ბევრი წელი ვითმინე და მივხვდი,ჩემი შვილი საკუთარი ნებასურვილით არასოდეს არაფერს წაიკითხავს
LikeLike
დანი ვიცი მე, ძალიან გონებაგახსნილი ბავშვია, სრულიად ჩამოყალიბებული ხედვებით და იქნებ კომპრომისის და საერთო წერტილების მოძებნა გეცადა, თამი. დაძალებას და იძულებას მხოლოდ მყისიერი ეფექტი აქვს (ნუ, თუ აქვს საერთოდ) და ჩცდ ბაქარის არ იყოს, ლონგრანში არ მგონია, გაამართლოს.
LikeLiked by 1 person
არ არსებობს ეგეთი წერტილი მოლი:(
LikeLike
ვერ ხვდებიან ეს “დიდები” რომ არ უნდა მოგვაჩეჩონ ის, რაც თვითონ უყვარდათ ბავშვობაში ხდ პირადი გამოცდილებით ვამბობ ამას :დ ტომ სოიერი ისე არ მომეწონა, ორი თვე ვწელავდი და ახლაც ვერ ვიტან, მაგრამ ჩემებმა მაინც ხომ მომაჩეჩეს წარმატებით ხდდ ჩემს კლასში ყველა კითხულობს, მაგრამ მშობლებს რომ კითხოთ წიგნი არ აუღიათ ხელში :დდ ესენი თანამედროვეს წიგნად არ თვლიდნენ რა ჩვენი ბრალია ხდდ სანამ მაძალებდნენ არ ვკითხულობდი, ახლა პირიქითაა ხდდ ოდნავ თავისუფლებასაც არ აძლევენ წიგნის არჩევისას ბავშვებს :| და მერე აქეთ წუწუნებენ..
LikeLike
ზუსტად ეგრეა სპორტზეც შეიყვანენ ჩვილებს და საწყალ ბავშვებს აწვალებენ 5 6 წელი, დააცადე რა თავისი ინტერესები გამოიჩინოს. მეორე კურსამდე წიგნების კითხვა ტანჯვად მქონდა გადაქცეული, მერე გამეხსნა და გამეხსნა, სიამოვნებად მექცა. ვერ ვხვდები რა დავკარგე ამით.
LikeLike
ჩემები ჯერ პატარები არიან და მე ვუკითხავ, თუმცა უფროსი უკვე 8 წლის არის და ცოტა ცოტა დაიწყო დამოუკიდებლად კითხვა, უნდა ვაღიარო ყოველ ჯერზე მე ვცდილობ დავაინტერესო.ამას წინათ, ქართულში მეფე ერეკლე ქონდა სასწავლი, მე დამატებით რაღაცები მოვუყევი ერეკლეზე, მათ შორის რუსეთთან შეერთების ამბავი, გაფართოებული თვალებით შემომხედა (იცის რომ მისი მამა-პაპისეული მიწაწყალი რუსეთს აქვს ოკუპირებული) და დაჟინებით მომთხოვა ამეხსნა რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ერეკლემ, ხოდა მეც ამ დროს მოვიშველიე ძალიან კარგი საბავშო გამოცემა ცნობილი ადამიანების შესახებ:) კი შემოეკითხა წყალივით
LikeLike
და ყველაფერს რომ ვკითხულობდი, ეგ იყო კარგი? :)
რამდენჯერ მითქვამს, როგორ არავინ გამომდღლიზა ეგნატე ნინოშვილი ხელიდან-მეთქი :) ნინო ხოფერიას “საოჯახო წიგნი” კამფეტი იყო მაგასთან შედარებით.
გამორიცხულია, ბავშვი წიგნმა არ დააინტერესოს, რა ქნან საწყლებმა, “შაგრენის ტყავს” გულს თუ ვერ უდებენ.
დათო ტურაშვილმა თქვა ერთ ინტერვიუში, როგორ არ კითხულობენ, უბრალოდ, სხვა რაღაცებს კითხულობენო. მართალია, დღეს სათავგადასავლო ლიტერატურა თითქმის პოსტაპოკალიპტურმა ჟანრმა და ფენტეზიმ ჩაანაცვლა, ეს უფრო შეესაბამება აწმყოს მოთხოვნებს ალბათ, ვიდრე მაინ რიდი ან ფენიმორ კუპერი. ეგერ, ჩემი ოჯახის პატარა წევრს სულ იმას საყვედურობენ, არ კითხულობსო და ორ დღეში გადაყლაპა კასანდრა კლერი :)
LikeLiked by 1 person
მე კიდევ ვფიქრობ, უნდა მიუშვა და თავისი საქმე თვითონ იცის :)
რეკომენდაცია უაზროა და დაძალება – გასაგებია, რასაც გამოიწვევს.
და საერთოდ სხვადასხვა ტემპში ცხოვრობენ დღეს თაობები.
ეს მასწავლებლებზეც ასეა – რომელიმე პაკემონები თუ არ აქვს მასწავლებელს ნათამაშები იმან რა უნდა გააგებინოს მოსწავლეს ილია ჭავჭავაძეზე :)
არ ვხუმრობ :)
LikeLike
მეც ამას ვავრცელებ ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდება, მილორდ.
პოკემონების ამბავი ასპროცენტიანია.
LikeLike