დეკემბრის ფესტივალზე შეძენილ წიგნზე მინდა, მოგიყვეთ ამ მარტივით კვირადღეს – ხან მზე რომ გამოანათებს და ხან ისე მიიმალება ღრუბლებში, იფიქრებ, ეგ არის და სამუდამოდ გაგვებუტაო. რაც უნდა, ის უქნია, ხვეწნას არ ვაპირებ – მშვენივრად ვარ მოკალათებული, პლედში გახვეული, არგენტინიდან გამოგზავნილ ყავას გეახლებით, გუშინ მორთმეულ კაპუჩინოს ტორტს ვაყოლებ და რუსუდან რუხაძის წიგნს ვკითხულობ – “ერთი თქვენგანი გამცემს“.
ათი მოთხრობაა სულ. ათი. მეტი არა. და ათივე ისე გაგივლის გულში, ფიზიკურად იგრძნობ ტკივილს. აი, სამსჭვალივითო, ხომ გაგიგონიათ. ხალხის მითქმამოთქმას გამორიდებული ცისია და გუჯა, რომელსაც ყელზე შებმული თოკი ბოლოს ისევ იქ რომ დააბრუნებს, სადაც ყველაზე ბედნიერიც იყო და უბედურიც, მართა, რომელმაც ქმრის ყველზე დიდი საიდუმლო მხოლოდ მისი სიკვდილის მერე შეიტყო, სალომე, რომელმაც მეხსიერებადაკარგული მამა რამდენიმე წუთით მაინც ამოგზაურა წარსულში, სოფო – გოგონა ჭრიჭინის ტატუთი, მარა პატარა და მოკლეგზებიანი ქალაქიდან, ოქროს სარაია ჯადოსნური დღეებით, ტიარა – თეთრნიშნიანი შავი მეტისი აწურული წარბებით, ქვის კაცებთან შეჭიდებული თომა და ნური, გამქრალი გოგოები, რომლებიც ოქროს საათის ნაცვლად მუშამბის სამაჯურს ატარებენ, ქმრის ღალატის მერე საკუთარ სხეულზე გადამტერებული ლენა…
ისინი, ყველანი უკლებლივ, შემოდიან მკითხველის სულსა და გონებაში, ფეხს ირთხამენ, სიგარეტს ეწევიან, თმაზე ვარდის წყალსა და დაფნის ნაყენს ივლებენ, პანაშვიდზე მოსულ ახლობლებს ითვლიან, ზღვაზე ნიჟარებს აგროვებენ, ღალატობენ, პირობას არღვევენ, ერთგულ ძაღლებს აძინებენ, მოძულებულ სხეულს სხვადასხვა ოპერაციით ისახიჩრებენ… მოკლედ, ისე გრძნობენ თავს, როგორც საკუთარ სახლში.
მკითხველა რაღა ქნას ამ დროს? მე შენ გეტყვი და არ შემოუშვებს – ან ვინ ეკითხება? ისე შემოდიან, ისე იტოტებიან და აღწევენ ყველა უჯრედში, რომ ხვდები – არცერთი ფეხის მომცვლელი აღარაა შენგან და სხვა რა დაგრჩენია – მათთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლო, უნდა შეეგუო, მიიღო და შეიძლება, თანდათანობით ტკივილმაც გაიაროს, იმ ტკივილმა, ამ დაუპატიჟებელმა სტუმრებმა რომ მოიტანეს. სხვა რომ არაფერი, სითბო და სინათლეც მოიყოლეს თან და ეგ მაინც ხომ დაგეხმარება?
დაგეხმარება, აბა, რას იზამს.
ყველაზე ბოლოს კვდება იმედი.
რუსუდან რუხაძის მოთხრობებში კი ჯერ ცოცხალია.
მოლი, შენ რომ ვერ მომანდომებ წაკითხვას, ეგეთი წიგნი არ იწერება.
LikeLiked by 1 person
ცუდ და უინტერესო წიგნებზე წერას ვერიდები და იმიტომ )
LikeLiked by 1 person
წავედი ბიბლუსში უნდა ვიყიდო და წავიკითხო😃😃❤
LikeLike
შთაბეჭდილებების გაზიარებაც არ დაგეზაროს, პლზ პლზ )
LikeLike