მოლი ბლუმის სტუმართმოყვარეობა, მგონი, უკვე სრულიად ქართულ ბლოგოსფეროს კარგად მოეხსენება – აქ სტუმრისთვის კარი მუდამ ღიაა და მასპინძელიც ყოველთვის შორიახლო ტრიალებს. თუმცა მაინც არის ერთი გამორჩეული დღე, როცა კარზე ყველა დაკაკუნება განსაკუთრებით მახარებს და ეს სამი იანვარია. აი, ახლაც, როგორც კი ვერანდაზე ფეხის ხმა გავიგონე, მაშინვე ჩვეული, სასიამოვნო ფორიაქი ვიგრძენი – არ დაგვიწყებივართ და ამაზე დიდი საჩუქარი ჩემთვის არაფერია.
მობრძანდით, გეთაყვა, მობრძანდით და იმას ნუღარ მათქმევინებთ, რომ თავი ისე უნდა იგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში – ადრეც არაერთხელ მითქვამს. აღარც ზამთრის ბაღის ჩვეულ ატრიბუტზე – აგიზგიზებულ ბუხარზე ვიტყვი რამეს, აღარც ღუნღულა პლედებსა და რბილ ბალიშებზე – უჩემოდაც მიაგნებთ და ისე მოკალათდებით, როგორც თქვენს გულს გაუხარდება. მე კი, სანამ გოჭის დაპიწკინებული ყურების, ნიგვზიანი ფხალეულისა და სულგუნის ხაჭაპურის დასაგემოვნებლად მიგიპატიჟებდეთ, აპერიტივს შემოგთავაზებთ, რა თქმა უნდა, პატარა ისტორიის თანხლებით – ტრადიციების ერთგულება თავისთავადაც ტრადიციაა, ასე არ არის?
მართალია, თქვენი მასპინძელი მადას არ უჩივის, მაგრამ ხომ შეიძლება, ყველა სტუმარი ჩემსავით მსუნაგი არ იყოს? ჰოდა, ეს კოხტა ჭიქები მწვანე სითხით სწორედ იმისთვისაა, რომ სუფრა ხელუხლებელი არ დამრჩეს და გემო ყველა კერძს გაუსინჯოთ. მაპატიონ ფრანგებმა – ერთი ვერსიით, სწორედ მათ გამოიგონეს ეს სასმელი მეზობელი შვეიცარიის მიწაწყალზე, მაგრამ აბსენტის დაჭაშნიკებას მაინც ჩეხური მეთოდით გირჩევდით – ეს უცნაური კოვზები ჭიქებზე სწორედ იმიტომ შემოვასკუპე და სასმელში ამოვლებული შაქრის ნატეხებიც იმისთვის ჩამოვამწკრივე ზედ, რომ ცეცხლი წავუკიდო და გაჩვენოთ, რა ლამაზად პარპალებს ალი სასმისის თავზე და როგორ წვეთავს გამდნარი შაქარი სასმისში.
სანამ ამ პატარა ფეიერვერკით ვტკბებით, დროს ვიხელთებ და ერთ ფრანგ ექიმზე გიამბობთ, პიერ ორდინერზე, რომელმაც 1792 წელს გილიოტინაზე თავის დატოვებას სამშობლოს დატოვება ამჯობინა და შვეიცარიაში მადამ ენრიოს პანსიონს შეაფარა თავი. დიასახლისი ბალახეულის ჩინებული მცოდნე გამოდგა. კაცმა არ იცის, როდის ან რისთვის დააჭაშნიკა პატიოსანმა როიალისტმა ექიმმა მისი დამზადებული აბზინდის ნაყენი, მაგრამ ფაქტია, რომ მალე საკუთარი რეცეპტით აზავებდა და მადლიერი პაციენტების რიცხვიც იზრდებოდა.
ხუთიოდე წლის შემდეგ არცთუ ახალგაზრდა ესკულაპი საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში გარდაიცვალა, მისი ჩანაწერები კი მადამ ენრიოს ქალიშვილებს ერგოთ, რომლებმაც დღიურში ვერაფერი საინტერესო აღმოაჩინეს და მაიორ დიუბიეს ჩალის ფასად მიჰყიდეს. ფრანგი ოფიცრის სიძე კი არც მეტი, არც ნაკლები, ანრი-ლუი პერნო გამოდგა – სწორედ მისი წყალობით გავრცელდა მსოფლიოში „მწვანე ფერია“, რომელმაც ერთნაირად გადარია პაბლო პიკასოც, ოსკარ უაილდიც, ედგარ პოც და ერნესტ ჰემინგუეიც. იმასაც ამბობენ, ვან გოგის ტილოებზე ყვითელი ფერის სიჭარბე აბსენტით გამოწვეული ჰალუცინაციების შედეგიაო. მალე აბსენტის მავნებლობაზე, ადამიანის ორგანიზმზე გამანადგურებელ გავლენასა და მისგან გამოწვეულ სავალალო შედეგებზე ალაპარაკდნენ. ასე იყო თუ ისე, მეოცე საუკუნის დასაწყისში ეს სასმელი ბევრმა ქვეყანამ აკრძალა და ლეგალიზაციას, ისიც ზოგიერთი ინგრედიენტის შეზღუდვით, თითქმის საუკუნე დასჭირდა.
ახლა ის კი არ გეგონოთ, მოლი გაგიჟებულა და ჩვენი მოწამვლა განუზრახავსო – დღევანდელი აბსენტი, მითუმეტეს, ასეთი მცირე დოზით, სარგებლობის მეტს არაფერს მოგიტანთ – აბზინდის სამკურნალო თვისებებზე ჯერ კიდევ რომაელი ფილოსოფოსი ლუკრეციუსი წერდა. ასე რომ, სანამ სამყურას ფოთლებით მოხატულ ტორტზე ექვსი პატარა სანთლის ჩაქრობის დრო დადგება, თამამად მიირთვით ეს ცეცხლოვანი სითხე და დღეგრძელობა მისურვეთ – მეც და ბლოგსაც, ორივენი მადლობელი დაგრჩებით.
ასეთი ჟრიამული არ მოკლებოდეს აქაურობას, ჩემო მეგობრებო!
აბსენტსაც სიამოვნებით გავსინჯავ და ბლოგსაც კიდევ უამრავი დაბადების დღის აღნიშვნას ვუსურვებ :)
LikeLike
მადლობა დიდი :)
LikeLike
გილოცავ, მოლი :) ბევრი დაბადების დღე გვეზეიმოს შენს ზამთრის ბაღში!
LikeLike
შენთან ერთად, გრიფინ )
LikeLike
გილოცავთ, მოლი, შენც, ბლოგსაც და მკითხველებსაც ^_^
სტუმრები და მოსაყოლი ამბები არ მოგკლებოდეს
LikeLike
მადლობა, ოჩო ) თქვენ იყავით კარგად, გამომცემლები და მოსაყოლი ამბები მე არ შემომელევა ))
LikeLike
მადლობა, მოლი ^_^
LikeLike
სულ პირიქით )
LikeLike
გუშინ ბისეტის “დავიწყებულ დაბადების დღეს” ვუკითხავდი 6 წლის შვილს. მთავარი გმირი, იუბილარი სპილო ამბობს, 6 წელი მაინც ყველას ჯობიაო. ჰოდა, ვულოცავ ამ ბლოგს შესანიშნავ იუბილეს! სტუმარუხვობას და საინტერსო თემების სიმრავლეს ვუსურვებ! მოლის კი კიდევ ერთხელ სიამოვნებით გადავუხდი მადლობას ამ ბლოგის შექმნისათვის :)
LikeLike
უღრმესი მადლობა )
LikeLiked by 1 person
გილოცავ მოლი,ძალიან მიყვარხართ ორივე- დიდი გოგოები გაიზარდეთ♥♥♥
LikeLike
მადლობა, თამი ^^ შენი მოლოცვა და გამოჩენა, ხომ იცი, განსაკუთრებით მიხარია )
LikeLiked by 1 person
არ მჯერა, რომ ისევ ამ რიდერში ვარ, ამ დეშბორდზე და ამ ბლოგზე :))
მერამდენედ უნდა აღვადგინო პაროლი, არ ვიცი… ეჰ, ამ არეულ თავს რა ვუთხარი :)
დამისხით ერთი აბსენტი, თუ გაქვთ, შემორჩენილი :D
LikeLike
ვაუ, ვინ მოსულა ))) შენი ავატარი )) იქნებ ბლოგის აღდგენაზეც გეფიქრა )
შენთვის აბსენტიც სულ გვაქვს და სხვა სასმელიც. ოღონდ გამოჩნდი და დანარჩენი ჩვენზე იყოს )
LikeLike
ვფიქრობ, როგორ არ ვფიქრობ :) აი, სულ პირველი ბლოგი რომ ყოფილიყო, იმას ულაპარაკოდ აღვადგენდი, რა უმოწყალოდ მივჭერი და მივკემს-მოვკემსე… ახალგაზრდა თაობას დიდი სიამოვნებით გავუზიარებდი მანკიერ პრაქტიკას თავის არიდების მიზნით. უნდა იდგე ერთ დომეინზე, რამეთუ ჭეშმარიტ ბლოგერს სხვაგვარად არ ძალუძს :)))
აგერ, შემოხვალ და რას ნახავ უკეთესს, მთელი ისტორიაა შექმნილი <3
LikeLike
))) შენ ბევრი რაღაცის გაზიარება შეგიძლია. ბლოგოსფეროს გარიჟრაჟიდან მოდიხარ, გადასარევი პოსტების დადება შეიძლება ბლოგინგის თეორიის ამბავში )
LikeLike
გილოცავ მოლი <3 მწვანე ფერიის სახედ კაილი მინოუგი ისე მაქვს ტვინში ჩაბეჭდილი, აბსენტის ყოველ დაგემოვნებაზე მის მოსვლას ველოდები :)
LikeLike
შენ გეცოდინება აბსენტის გემო^^ მადლობა <3
LikeLike
[…] მიდის, მიფრინავსო. თითქოს გუშინ იყო, ექვსსანთლიანი ტორტით რომ აღვნიშნავდით დაბადების დღეს და […]
LikeLike