არა, რა. რამდენიმეთვიანი ბლოგერული შვებულება ურიგო იდეა კი არ იყო (არანაირი დედლაინები, არანაირი კვირაში ორი ახალი წიგნი, არანაირი რეიტინგზე ნერვიულობა… მხოლოდ და მხოლოდ ნეტარი უსაქმურობა ყოველ საღამოს, ხომ გესმით), მაგრამ დროსა და მოვლენებს გვარიანად ჩამოვრჩი. ამ “Liberteens”-მა ხომ თავი მოიკლა და ერთიმეორეზე უკეთესი წიგნები ტყვიამფრქვევის ჯერივით მიაყარა.
ამ წიგნის პირველ ნაწილზე, იმედია, გეხსომებათ და წელიწადზე მეტი ხნის წინ ვწერდი. ისეთი თბილი და ნათელი განცდა დამიტოვა პოპულარული ბრიტანელი ბლოგერის სადებიუტო რომანმა, გაგრძელებას ვერაფრით გამოვტოვებდი. კი, კი, სწორად მიმიხვდით – ზოი საგის „ონლაინგოგოს“ და მის მეორე ნაწილს – “საგასტროლო ტურნეს“ ვგულისხმობ. ამას წინათ, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში “ბიბლუსის“ ფილიალში შემიცდა ფეხი, ახალდაგემოვნებული პიცითა და სალათით უკმაყოფილოს, ჰოდა, იქ წავაწყდი და უიღბლო გასტრონომიული ექსპერიმენტის საკომპენსაციოდ იმავე საღამოს დავაჭაშნიკე.
მინდა, გითხრათ, ჩემო კარგებო, რომ ეფექტი ტაშირ-პიცისაგან დიამეტრულად საპირისპირო გამოდგა – ნაცნობ პერსონაჟებთან შეხვედრას იმედი იოტისოდენადაც არ გაუცრუებია – პენი პორტერი ისევ ისეთი ჭორფლიანი და შემოდგომისფერთმიანი დამხვდა, როგორიც დავტოვე, არც უფრო მეტად მოქნილი გამხდარა და არც ტრანსპორტის პანიკური შიში განელებია, ერთი ეგაა, ბლოგის კარი საიმედოდ ჩაურაზავს და გამოცდების ციებ-ცხელებით შეპყრობილი წერას მხოლოდ საკუთარი თავისთვის აგრძელებს. ნოი ფლინსაც ისევ განუყრელი გიტარა უჭირავს ხელში და თაყვანისმცემელი გოგოებიც ძველებურად სახეს იხოკავენ მის გამო. საბრალო პენი კი ცდილობს, თავი ყოჩაღად ეჭიროს, მაგრამ სინამდვილეში მოსვენება აქვს დაკარგული. ან რა გასაკვირია – მისი შეყვარებული არა მარტო პაპარაცების, უამრავი ლამაზი, თავდაჯერებული და სექსუალური გოგოს სამიზნეცაა. როგორ გინდა, ამას გაუმკლავდე, როცა მხოლოდ თექვსმეტი წლის ხარ და თითქოს მთელი სამყარო შენი და შენი გულისსწორის წინააღმდეგ ამხედრებულა?!
არადა, ტურნე ევროპის გარშემო ხომ მათი სიყვარულის ზეიმი უნდა იყოს, შემაკავშირებელი და გამამთლიანებელი. ყოველ ქალაქში მაგიურ-მისტერიული დღით უნდა დატკბნენ, ხელჩაკიდებულებმა ისეირნონ საუკეთესო საერთაშორისო ნამცხვრის გასასინჯად და ყველა ის ღირსშესანიშნაობა დაათვალიერონ, რომლებზეც ვიკიპედიად წოდებული უახლოესი მეგობარი – ჭკუისკოლოფი ელიოტი განუწყვეტლივ ეჩიჩინება.
გეგმა ნამდვილად შესანიშნავია, ვერაფერს იტყვი. სინამდვილეში კი… მთელი დრო აგენტებსა და ტოპ-მენეჯერებთან შეხვედრებს მიაქვს, თავისუფალი წუთები ფოტოების გადარჩევასა და გულმხურვალე ფანების წერილებს ეწირება, ევროპის ხედები მხოლოდ ავტობუსის დაბურული ფანჯრების მიღმა მოჩანს. იდუმალი შანტაჟისტის მუქარით სავსე წერილები, ტურნეში ჩართული ლეა ბრაუნი – ნოის ძველი შეყვარებული (მართალია, მხოლოდ სარეკლამო, მაგრამ მაინც) – მოსალოდნელ დღესასწაულს საბედისწერო გამოცდად აქცევს.
არადა, ეს ხომ პირველი სიყვარულია.
ის, რომელსაც ყველაფერი შეუძლია.
აბსოლუტურად ყველაფერი.
რომელიც ისეთი ძლიერია, მთას გადააბრუნებს.
და ისეთი სუსტი, რომ უბრალო სიოც კი ხმელი ფოთოლივით ააფარფატებს.
მოლი ბლუმი, კავშირის დასასრული.
ისეთი სიამოვნებით წავიკითხე ორივე წიგნი, თავი ისევ თინეიჯერი მეგონა :)
LikeLike