უნამუსოდ ხანგრძლივი ბლოგერული შვებულების მერე ბლოგიც გავხსენი, წიგნის დღეებსაც დავესწარი, კლიმტის შედევრზეც გიამბეთ და ორიოდე წიგნზეც, მაგრამ გულს მაინც რაღაც აკლდა, რაღაც არ მასვენებდა და როგორც იქნა, მივხვდი – სტუმრების აურზაური მომნატრებია, ბუხართან. ჰოდა, წვეულების მოწყობას რაღა უნდოდა – ერთი შეძახილი და… უკვე მესმის ვერანდაზე ფეხების ბაკუნი. მობრძანდით, გეთაყვა, ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში, შეგიძლიათ, ისიც დაივიწყოთ, რომ სტუმრად ხართ და შეშის შემოზიდვაში მომეხმაროთ – დღეს განსაკუთრებით აგვიცივდა. თუმცა, როდის იყო, მოლის სტუმრებს ქარი და ყინვა აშინებდათ – სამზარეულოში ჩაიდანი უკვე თუხთუხებს, ბარში კი გაცილებით მაგარი სასმელებიც მომეძებნება.
იმაზე ლაპარაკს აღარ მოვყვები, როგორ მიხარია თქვენი ნახვა – თავს არ შეგაწყენთ, თანაც, როგორც კი დაინახავთ, რა რთულად მოსამზადებელ კერძს შევეჭიდე თქვენი ხათრით, ამას ისედაც მიხვდებით. აი, უკვე გამოვიღე კიდეც ღუმლიდან, ახლა კოხტად დავჭრი, თეფშებზე ჩამოვარიგებ და შეგვიძლია, სუფრასაც მივუსხდეთ.
ოჰო, ისეთი აღტაცებული შეძახილები გამოიწვია ჩემმა კულინარიულმა შედევრმა, რომ აშკარაა, ეს კერძი მარტო მე და კატა გარფილდს არ გვყვარებია – თქვენც ლაზანიის თაყვანისმცემელთა რიგებში ბრძანებულხართ.
კეთილი და პატიოსანი, მაგრამ სანაძლეოს ჩამოვალ, დღევანდლამდე არც თქვენ გეცოდინებოდათ, რომ ამ გემრიელობას იტალიის გარდა, ინგლისი და სკანდინავიაც იჩემებდნენ. თურმე ნუ იტყვით და ვიკინგები ისე არ გაემგზავრებოდნენ სათარეშოდ, თუ ყველითა და ხორცით შეზავებულ “langkake”-ს არ დააგემოვნებდნენ, ხოლო ბრიტანელები ჯერ კიდევ XIV საუკუნეში, რიჩარდ II-ის კარზე მიირთმევდნენ კერძს, რომელსაც “loseins”-ს ეძახდნენ და ფრიად წააგავდა ჩვენს საყვარელ ლაზანიას.
ეს რომ იტალიელებმა გაიგეს, ქოში უკუღმა ჰყარეს და ლონდონში ელჩების პირით შეუთვალეს – ჩვენაო, წარმოდგენა არ გვაქვს, რითი იკვებებოდა ეგ თქვენი ტახტიდან ჩამოგდებული მონარქი და რა რეცეპტებს ინახავთ ბრიტანეთის მუზეუმში, მაგრამ იმაში ეჭვი არ გვეპარება, რომ არაფერი საერთო ჩვენს ეროვნულ სიამაყესთან მაგას არ ექნებაო და თვალებზე ნეაპოლის ახლოს აღმოჩენილი კულინარიული წიგნი ააფარეს, სადაც დაწვრილებით იყო მოთხრობილი წყალში მოხარშული ცომის ფენების, საკმაზად გამოყენებული სანელებლების, ყველისა და სპეციალური უსახელური ტაფის შესახებ, რომელზეც ეს თითებჩასაკვნეტი კერძი მზადდებოდა. ისიც დაამატეს, რომ პირველი ლაზანია ქალაქ ემილია-რომანაში გამოაცხვეს და აქედან გავრცელდა ჯერ მთელ იტალიაში, მერე კი – მსოფლიოშიცო. აბა, ბეშამელის სოუსისა და პარმეზანის ყველის გარეშე ლაზანია რისი ლაზანია იქნება, თუ ახლა ესენიც თქვენიაო – დაამატეს ნიშნისმოგებით.
ჰოდა, სანამ ყურებჩამოყრილი ინგლისელები საკადრისი პასუხის ძებნაში იყვნენ, ხორციანი ფარშით, სოკოთი, ბოსტნეულით, ყველითა და კარაქით შეზავებულმა გემრიელობამ პლანეტის ყველა კუთხეში იტალიური ნაციონალური კერძის სახელით შეაღწია და მოლის სტუმართმოყვარე ბლოგზეც სწორედ ამ სტატუსით მოხვდა.
მიირთვით, მეგობრებო, ღმერთმა შეგარგოთ. მე კი ჩემი კულინარიული ოსტატობის შეფასებას და თქვენს გასტრონომიულ პრიორიტეტებს კომენატარებში დაველოდები.
მოლის ვერანდაზე მირთმეული კერძი ყველა კერძზე უფრო ხელშესახები რამაა <3
ტუჩები ჩავიკვნიტე და თითებიც ზედ მივაყოლე :)
LikeLike
დიდი დიდი მადლობა შენ ))
LikeLiked by 1 person
საოცრებაა <3
LikeLike
დიახაც )
LikeLike
რა გემრიელიაა ☺ ❤
LikeLike
დზალიან ))
LikeLike
როცა სუფრაზე ასეთი კერძი დევს, სიცივე რა მოსატანია :)) მარტივია და საკუთარ სამზარეულოშიც მოვამზადებთ, თუ რა… :)))
LikeLike