ბოლო, უსინდისოდ ხანგრძლივი ბლოგერული შვებულების დროს, სანამ თქვენი მასპინძელი ნეტარი უსაქმურობით ტკბებოდა, გამომცემლობებმა იმდენი ახალი წიგნის გამოცემა მოახერხეს, ერთ თავმოყვარე ბიბლიოთეკას აიწონის.
კატალოგებს ვერ ჩამოვყვები, ვერც მოვასწრებ და არც არის საჭირო, მაგრამ რამდენიმე სიახლეზე რომ არ გიამბოთ, ბლოგერის სინდისი არ მომასვენებს.
“ქართული ენა ზარმაცებისათვის” გემახსოვრებათ, ორიოდე წლის წინ დააანონსა “სიესტამ“. ფრიად სიმპათიურ ყდას მოკლე ანოტაციაც ახლდა და პრევიუ სულ ხელების ფშვნეტით დავწერე – ასეთი საჭირო წიგნი, საუკუნეა, არ გამოუციათ-მეთქი.
“ზარმაცების გრამატიკა”, წესით, მალევე უნდა დაბეჭდილიყო, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გამომცემლებს, ავტორებს და მკითხველებს გვინდა. გეგმები შეიცვალა, რაღაცები გადაიდო, “სიესტამ” სხვა წიგნებს მიხედა, მერე შვებულებაშიც გავედი. წიგნის მაღაზიებში წანწალი, ცხადია, არ შემიწყვეტია. არც “ზარმაცების გრამატიკა” გამომრჩენია, ციმციმ წამოვაცუნცულე შინ და ყველაზე ხელმოსახელთებელ ადგილას მიდევს.
სულ მჭირდება და იმიტომ.
ავტორი, ზინა გაბიჩვაძე, ბლოგერი, ფილოლოგი და თბილისის ყველაზე მაგარი სკოლის პედაგოგია. “ნიუტონში” შაბლონური, მოსაწყენი და უინტერესო არც არაფერი ყოფილა და რაღა ეს წიგნი იქნებოდა გამონაკლისი… თუ არ გჯერათ, სურათს შეხედეთ. სათაურიც კი რაღაცას გასწავლის. სულ რომ არ გადაშალო და ყდას არ გაცდე, რამდენიმე აქტუალური წესი უკვე იცი.
ხუმრობა იქით იყოს და მართლა უცნაური წიგნია. ჩახედავ სარჩევს და ბავშვობიდან (მტკივნეულად) ნაცნობი თემებითაა გაძეძგილი. ფონეტიკა, მორფოლოგია, ზმნა, სინტაქსი, პუნქტუაცია, კუმშვა, კვეცა, პირის ნიშნები, სერიები და მწკრივები, თემისნიშნიანი ზმნების მართლწერის საკითხები… ერთი სიტყვით, ყველაფერია, რაც გრამატიკის თავმოყვარე სახელმძღვანელოში უნდა იყოს.
მეორე მხრივ, ეს სერიოზული საგანი ისე ლაღად და მსუბუქადაა გადმოცემული, გულზე მოგეფონება – თამაშ-თამაშით, იუმორით, მოსაწყენი სქემების, ტაბულების და წესების, საზეპიროების და საზუთხავის გარეშე. კითხულობ, ერთობი და ამ გართობა-გართობით სწავლობ.
ქალბატონ ზინას ბლოგიც ასეთი ჰქონდა, ძველ ბლოგერებს ემახსოვრებათ, მენაკის ბლოგი. შინაურული, უშუალო, “იუმორით გრამატიკაზე”, არც მკითხველი აკლდა და არც დამფასებელი, თუმცა გრამატიკის ხლართებში გარკვევა წიგნით ერთი-ორად მოსახერხებელია.
ეს სოლიდური სახელმძღვანელო გია ლაფაურის მხიარული ნახატებით რომ არის გაფორმებული, ცალკე ამბავია. გია ლაფაური ჩემი (და არა მხოლოდ ჩემი) თაობისათვის, უპირველესად, “ყვანჩალა და ბოლოკას” და “ბოცო და გვანცას” მხატვარია. ესეც ღრმად სასიამოვნო ბონუსი.
რაც მთავარია, მარტივად, გასაგები ენით, საქმის ცოდნით დაწერილი ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელო ორი წლის წინათაც აქტუალური იყო, დღესაც აქტუალურია და ხვალაც საჭირო იქნება. მშობლიურ ენას ისევ შესაშური გულგრილობით ვეპყრობით, “კარგით”, “ვსვავ”, “ვიჯექით”, “ბოდიში გადავიხადე” და “მადლობა მოვიხადე” დღესაც ლამის ნორმადაა ქცეული. ენას ამით არაფერი აკლდება, ენას უარესისთვისაც გაუძლია. გამართული ქართულით მეტყველება ისევ ჩვენთვისაა სასიამოვნოც და სასარგებლოც. ღმერთი, რჯული, ოდნავადაც არ ვაჭარბებ.
“სიესტა” კია დასამუნათებელი – ამდენ ხანს ალოდინო მკითხველი, ცოტა არასერიოზული დამოკიდებულებაა.
წიგნი კი მეც ძალიან გამიხარდა – შენი წინა პოსტიდან მოყოლებული ველი, მოლი. დეკემბრის ფესტივალიდან წამოვღებ
LikeLike
ძალიან გვალოდინეს, ფაქტია. ორი წელი მართლა ნამეტანია.
LikeLiked by 1 person
როგორც კი გამოვიდა, მაშინვე შევიძინე და ახლაც აქტიურად ვიყენებ :) თან მე, როგორც ნიუტონელს, ორმაგად მიხარია ამ წიგნის წარმატება ^_^ <3
LikeLiked by 1 person
გადასარევი ^^ ნიუტონელები სხვანაირად მიყვარს ^^
LikeLiked by 1 person
ვაჰ , უნდა ვიყიდო <3
LikeLike
[…] « ზარმაცების გრამატიკა […]
LikeLike