Feeds:
ჩანაწერები
Comments

Archive for December, 2016

bridget-joness-diary-geo-cover

აღარ:

  • დავლევ კვირის განმავლობაში თოთხმეტ ერთეულ ალკოჰოლზე მეტს.
  • მოვწევ.
  • მოვიქცევი ბოზივით სახლში ყოფნისას, ამის გადასაჩვევად წარმოვიდგენ, რომ ვიღაცები მითვალთვალებენ.
  • მივცემ თავს უფლებას, გამიტაცოს ალკოჰოლმა, სამუშაოზე გადამკვდარმა ხალხმა, ვალდებულების შიშით შეპყრობილმა ადამიანებმა, ცოლიანმა ან საყვარლიანმა მამაკაცებმა, ქალთმოძულეებმა, შოვინისტებმა, ტვინის მტყვნელებმა, მუქთამჭამელებმა, გარყვნილებმა.
  • დავუწყებ კუდში დევნას დანიელ კლივერს, რადგან საცოდაობაა ბოსის შეყვარება მის მანიპენივით.
  • დავიბოღმები, რომ არ მყავს მეგობარი მამაკაცი.

(more…)

Read Full Post »

saaxaltslo-festivalis-tsignebi წიგნის საახალწლო ფესტივალი, მოგეხსენებათ, სამ დღეს გრძელდებოდა. პარასკევს და კვირას სხვა საქმეები მქონდა, წიგნებისთვის შაბათს მოვიცალე. ალბათ, გაგიკვირდებათ და ერთი დღეც გადასარევად მეყო. ყველაფერი მოვასწარი.

ეროვნული ბიბლიოთეკის სტუმართმოყვარე დარბაზმა სტენდებიც დაიტია, ნაძვის ხეც, სანტა კლაუსიც, სცენაც და მკითხველ-მყიდველებიც, მაგრამ სივიწროვე მაინც იგრძნობოდა. გარდერობი დახურული დაგვხვდა, ცხელოდა და, ვეებერთელა ფანჯრების მიუხედავად, მზის შუქიც გვეცოტავა. მოკლედ, ერთხელ ჩამოვუარეთ და მეორე წრეზე წასვლის სურვილი არ გაგვჩენია.

წლის ბოლო ბიბლიოივენთში სულ ოცდაოთხი გამომცემლობა და წიგნის გამავრცელებელი მონაწილეობდა (მაისის წიგნის ფესტივალზე, შედარებისთვის, სამოცამდე მონაწილე იყო დარეგისტრირებული). ცხადია, არჩევანიც შედარებით ნაკლები გვქონდა. რა გვინდოდა და სად უნდა მოგვეძებნა, წინასწარ ვიცოდით და დიდხანს ბოდიალი არც დაგვჭირვებია.

(more…)

Read Full Post »

არ მგონია, აქაურობის რომელიმე სტუმარს შეხსენება სჭირდებოდეს, მაგრამ წესი წესია და მეც იმით დავიწყებ, რომ ბიბლიოწელიწადი ამჯერადაც თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალით სრულდება, გუდიაშვილის შვიდში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

წლევანდელი ფესტივალისთვის,  ტრადიციული სამი ლოკაციიდან, ჩემი მოკრძალებული აზრით, ყველაზე ნაკლებ შესაფერია შერჩეული. ეროვნულ ბიბლიოთეკაზე აუგს რა მათქმევინებს, მთელი სტუდენტობა საჯაროში მაქვს გატარებული, აკადემიური დარბაზები ბევრი ბიბლიოივენთისთვის იდეალური იქნებოდა, მაგრამ ხალხმრავალი ფესტივალისთვის – ნაკლებად. სივრცე აკლია. ყოველი შემთხვევისათვის, შარშან ნამდვილად აკლდა. მეორე მხრივ, წლევანდელი პროგრამა შარშანდელზე ბევრად მასშტაბურია. მთავარი სცენის სპეციალური განრიგი, საჯარო ლექციები ვაზისა და ღვინის დარბაზში, საბავშვო კუთხე, შოუ-ვიქტორინა თოვლის ბაბუასა და ფიფქიასთან ერთად, საბალეტო სტუდიის საახალწლო პროგრამა… ორგანიზატორებმა აშკარად ჩვენზე მეტი იციან. ვნახოთ.

ზამთრის ფესტივალი, ტრადიციულად, სამდღიანია. პარასკევს იწყება, კვირას სრულდება. პარასკევს, თან წლის მიწურულს, სამსახურიდან გასხლტომა, სულ მცირე, გაჭირდება. მე კი ვარ შვებულებაში და ვტკბები ნეტარი უსაქმურობით, მაგრამ სხვები მუშაობენ. რა გაეწყობა. წიგნის ფესტივალის დღეები უქმედ ჯერ არ გამოუცხადებიათ. თან, ჩემი გამოცდილებით, ორი დღეც სრულიად საკმარისია. (more…)

Read Full Post »

girl-online-on-tour-geo-cover

არა, რა. რამდენიმეთვიანი ბლოგერული შვებულება ურიგო იდეა კი არ იყო (არანაირი დედლაინები, არანაირი კვირაში ორი ახალი წიგნი, არანაირი რეიტინგზე ნერვიულობა… მხოლოდ და მხოლოდ ნეტარი უსაქმურობა ყოველ საღამოს, ხომ გესმით), მაგრამ დროსა და მოვლენებს გვარიანად ჩამოვრჩი. ამ “Liberteens”-მა ხომ თავი მოიკლა და ერთიმეორეზე უკეთესი წიგნები ტყვიამფრქვევის ჯერივით მიაყარა.

ამ წიგნის პირველ ნაწილზე, იმედია, გეხსომებათ და წელიწადზე მეტი ხნის წინ ვწერდი. ისეთი თბილი და ნათელი განცდა დამიტოვა პოპულარული ბრიტანელი ბლოგერის სადებიუტო რომანმა, გაგრძელებას ვერაფრით გამოვტოვებდი. კი, კი, სწორად მიმიხვდით – ზოი საგის „ონლაინგოგოს“ და მის მეორე ნაწილს – “საგასტროლო ტურნეს“ ვგულისხმობ. ამას წინათ, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში “ბიბლუსის“ ფილიალში შემიცდა ფეხი, ახალდაგემოვნებული პიცითა და სალათით უკმაყოფილოს, ჰოდა, იქ წავაწყდი და უიღბლო გასტრონომიული ექსპერიმენტის საკომპენსაციოდ იმავე საღამოს დავაჭაშნიკე.

(more…)

Read Full Post »

classic-lasagna

უნამუსოდ ხანგრძლივი ბლოგერული შვებულების მერე ბლოგიც გავხსენი, წიგნის დღეებსაც დავესწარი, კლიმტის შედევრზეც გიამბეთ და ორიოდე წიგნზეც, მაგრამ გულს მაინც რაღაც აკლდა, რაღაც არ მასვენებდა და როგორც იქნა, მივხვდი – სტუმრების აურზაური მომნატრებია, ბუხართან. ჰოდა, წვეულების მოწყობას რაღა უნდოდა – ერთი შეძახილი და… უკვე მესმის ვერანდაზე ფეხების ბაკუნი. მობრძანდით, გეთაყვა, ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში, შეგიძლიათ, ისიც დაივიწყოთ, რომ სტუმრად ხართ და შეშის შემოზიდვაში მომეხმაროთ – დღეს განსაკუთრებით აგვიცივდა. თუმცა, როდის იყო, მოლის სტუმრებს ქარი და ყინვა აშინებდათ – სამზარეულოში ჩაიდანი უკვე თუხთუხებს, ბარში კი გაცილებით მაგარი სასმელებიც მომეძებნება.

იმაზე ლაპარაკს აღარ მოვყვები, როგორ მიხარია თქვენი ნახვა – თავს არ შეგაწყენთ, თანაც, როგორც კი დაინახავთ, რა რთულად მოსამზადებელ კერძს შევეჭიდე თქვენი ხათრით, ამას ისედაც მიხვდებით. აი, უკვე გამოვიღე კიდეც ღუმლიდან, ახლა კოხტად დავჭრი, თეფშებზე ჩამოვარიგებ და შეგვიძლია, სუფრასაც მივუსხდეთ.

ოჰო, ისეთი აღტაცებული შეძახილები გამოიწვია ჩემმა კულინარიულმა შედევრმა, რომ აშკარაა, ეს კერძი მარტო მე და კატა გარფილდს არ გვყვარებია – თქვენც ლაზანიის თაყვანისმცემელთა რიგებში ბრძანებულხართ.

(more…)

Read Full Post »

gramatika-zarmacebisatvis-image-geo

ბოლო, უსინდისოდ ხანგრძლივი ბლოგერული შვებულების დროს, სანამ  თქვენი მასპინძელი ნეტარი უსაქმურობით ტკბებოდა, გამომცემლობებმა იმდენი ახალი წიგნის გამოცემა მოახერხეს, ერთ თავმოყვარე ბიბლიოთეკას აიწონის.

კატალოგებს ვერ ჩამოვყვები, ვერც მოვასწრებ და არც არის საჭირო, მაგრამ რამდენიმე სიახლეზე რომ არ გიამბოთ, ბლოგერის სინდისი არ მომასვენებს.

“ქართული ენა ზარმაცებისათვის” გემახსოვრებათ, ორიოდე წლის წინ დააანონსა “სიესტამ“. ფრიად სიმპათიურ ყდას მოკლე ანოტაციაც ახლდა და პრევიუ სულ ხელების ფშვნეტით დავწერე – ასეთი საჭირო წიგნი, საუკუნეა, არ გამოუციათ-მეთქი.

“ზარმაცების გრამატიკა”, წესით, მალევე უნდა დაბეჭდილიყო, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გამომცემლებს, ავტორებს და მკითხველებს გვინდა. გეგმები შეიცვალა, რაღაცები გადაიდო, “სიესტამ” სხვა წიგნებს მიხედა, მერე შვებულებაშიც გავედი. წიგნის მაღაზიებში წანწალი, ცხადია, არ შემიწყვეტია. არც “ზარმაცების გრამატიკა” გამომრჩენია, ციმციმ წამოვაცუნცულე შინ და ყველაზე ხელმოსახელთებელ ადგილას მიდევს.

(more…)

Read Full Post »

avventure-di-tom-sawyer-web

საუკუნეა, Molly Bloom’s Day-ზე არაფერი გვითამაშია. ბლოგი, მართალია, პოსტების წერა-კითხვისთვის არსებობს, მაგრამ დროდადრო თუ გავერთობით, არაფერი დაშავდება. ჰოდა, დღეს ახალ თამაშს გთავაზობთ – წიგნები დასაწყისით უნდა გამოიცნოთ.

ასეთი გასართობი ძალიან უყვარს AdMe-ს, თითქმის ყოველდღე რაღაც ამგვარს მაჩეჩებს ხოლმე და მინდა, გითხრათ, გვარიანი თავშესაქცევია. წესები მარტივზე მარტივია. ვკითხულობთ ნაწყვეტს, გამოვიცნობთ და გვიხარია :) პასუხი იქვე წერია უფერული შრიფტით. თითს ან კურსორს გააყოლებთ და გამოჩნდება. ეს არის და ეს.

თქვენს აზრებს ექსპერიმენტზე – მოგეწონათ, არ მოგეწონათ, როგორ გავაგრძელოთ, რა ჯობია, რა არ ჯობია, კომენტარებში ველოდები.

Good luck!

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: