ჩემი მეგობრის ამბით დავიწყებ. ისე მოგიყვებით, როგორც მიამბო.
“შევედი წიგნის მაღაზიაში, მშვენიერ ხასიათზე ვარ, თაროები ჩამოვიარე და “13 მიზეზს” და “მე, შენამდეს” დავავლე ხელი. იქვე კონსულტანტი დგას, ხომ ვერაფრით დაგეხმარებითო. ვაჩვენე ეს წიგნები, თქვენ თუ წაიკითხეთ და თუ მოგეწონათ-მეთქი. შემომხედა მერაშუაშივარ მზერით – იცით, მე მარტო გოეთეს ვკითხულობო.”
აი, ასე. მოკლედ და გასაგებად. მარტო გოეთესო.
ყოველი შემთხვევისათვის, თავიდანვე ვიტყვი: გოეთე ძალიან მომწონს. “ფაუსტიც”, “დასავლურ-აღმოსავლური დივანიც”. თქვენ წარმოიდგინეთ, “ახალგაზრდა ვერთერის ვნებანიც” არ მეჩვენება ურიგო და, საერთოდ, კლასიკას არაფერს ვერჩი.
ისიც ცხადზე ცხადია, რომ ყველას აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, იკითხოს ის და მხოლოდ ის, რაც გაუხარდება. მართალია, ვერაფრით მოვიფიქრე, როგორ უნდა იკითხო მარტო გოეთე (ან მარტო სერვანტესი, ან მარტო ლინდგრენი, ან მარტო ბრედბერი, ან მარტო სტრუგაცკები), მაგრამ რა ჩემი საქმეა. იმ გოგომ ხომ იცის. უნდა და კითხულობს. ჰოდა, ღმერთმა შეარგოს.
მაღაზიაში, ცხადია, მხოლოდ გოეთე არ იყიდება. სტელაჟებზე სხვა წიგნებიც უწყვიათ. კონსულტანტიც იმის კონსულტანტია, შემოსწრებულ მყიდველს რაღაცებზე დაელაპარაკოს, რაღაცები ურჩიოს, სიახლეები დაათვალიერებინოს, ეს გადასარევია, ეს კარგია, ამას მაინცდამაინც არ აქებენო, დააკვალიანოს. “მარტო გოეთეს ვკითხულობ” მთლად იდეალური ტაქტიკა ვერაა, მაგრამ ამაზეც ნუ მოვცდებით, მარკეტინგის სამსახურმა იდარდოს.
ყველაზე საინტერესო სხვა რამეა. გოეთეს (შექსპირს, ჰიუგოს) რატომ ახეთქებენ ჯოკერივით. მარტივია. რაღაცების მტკიცება არ გიწევს. ახსენებ და ყველაფერი გასაგებია.
აბა, შეკლი მომწონსო, რომ თქვა, ან მარტინი, ან აკა მორჩილაძე, ან ეკა ქევანიშვილის ლექსებს ვკითხულობო, ან, ჯვარი გწერია და კომიქსებს ეპარები ჩუმჩუმად და გაგიგეს, ისიც ხომ უნდა მოაყოლო, რატომ მოგწონს და შენს მოწონებებს ან გაიზიარებენ, ან არა.
გოეთე სხვა ამბავია. კლასიკა. გოეთე ვინ არ იცის. გოეთეს თუ ახსენებ, სერიოზული მკითხველი ხარ. სოლიდური. გოეთეა, “ყვანჩალა და ბოლოკა” კი არა. ვინ დაგიწუნებს არჩევანს. ვინ გაბედავს.
ამიტომაც ჰგავდა ქართული ლიტერატურის საბჭოთა სახელმძღვანელოები მთაწმინდის და დიდუბის პანთეონების გზამკვლევს. ამიტომ აძლევენ მერვეკლასელ ბავშვებს საზაფხულო არდადეგებზე წასაკითხად ზოლას, ფლობერს, მოპასანს, თეკერეის, ბალზაკს, სტენდალს და მერე ბრაზობენ, კომპიუტერის გადამკიდე, წიგნი დაავიწყდათო.
არადა, მოზარდ მკითხველს, საზაფხულოდ, ალექსანდრე ლორიას “ეს დაუდეგარი არდადეგებიც” რომ ურჩიოს ვინმემ… სიტყვაზე მენდეთ, ვერ მოწყდება, სანამ ბოლოში არ გავა. არ ეყოფა, ცხადია (პატარაა, შვიდასგვერდიანი აგური არ გეგონოთ) და უახლოეს ბიბლიოთეკაში გავარდება, კიდევ მინდა, რამე შემირჩიეთო.
ოღონდ აღშფოთებული მშობელი რომ მიადგება მასწავლებელს, ამ ჩემს ბავშვს რეებს აკითხებთ, ალექსანდრე ლორია ვინ ოხერია და ბალზაკს რითი სჯობიაო, რა უპასუხოს? გადასარევი პასუხის მოფიქრება შეიძლება, ღმერთმანი, მაგრამ აუტკივარი თავის ატკივება ვის უხარია, ბალზაკზე ხომ არც არავინ ჰკითხავს, ბალზაკია და იმიტომ. აბა. სად გაამხილოს თავმოყვარე მშობელმა, ჩემი შვილი ალექსანდრე ლორიას და პაველ ვეჟინოვს კითხულობსო?!
ლიტერატურის “მაღალ”და “დაბალ” ჟანრებად დაყოფის ადეპტები, არც თუ იშვიათად, კლასიკის საპირწონედ, ფანტასტიკას და ფენტეზის მოიხსენიებენ აუგად, არაფრისმომცემი ზღაპრებიაო.
ფანტასტიკას და ფენტეზის ჩემი დაცვა არაფერში სჭირდება. თავს არ შეგაწყენთ. უბრალოდ, ამ “არაფრისმომცემ ზღაპრებზე” ერთი პატარა მოთხრობა მახსენდება. ჩემი ნება რომ იყოს… ბავშვებს არა, ბავშვებმა ეს ამბები ზუსტადაც რომ გადასარევად იციან. უფროსებს შევკრებდი სადმე, დიდ დარბაზში, ხმამაღლა წავუკითხავდი და ამობეჭდილსაც გავატანდი შინ. “ეშერი II”, გეცოდინებათ, “მარსის ქრონიკის” ნაწილი. არაფრისმომცემ ზღაპრებზე წერია მანდ და იმაზე, რომ ზღაპრებისთვის ცხვირის აბზუება ცუდად მთავრდება. ძალიან ცუდად.
ერთი ამბავი გამახსენდა – ლაშა ბუღაძე წერდა “ტაბულაში” – რომელიღაც თბილისურ ბუქსთორიში აფორიაქებული კაცი შევარდნილა, თაროებს შორის დარბოდა და “წიგნი სად არის, წიგნიო,” გაჰყვიროდა – “ჰარი პოტერს” ეძებდა თურმე :)
LikeLiked by 1 person
თუ წასაკითხად უნდოდა, კიდევ არა უშავს.
LikeLiked by 1 person
რას გაიგებ, იქნებ დასაწვავად უნდოდა :(
LikeLike
სავსებით შესაძლებელია ))
LikeLike
100% :) p.s. მე წაკითხული მაქვს ბავშვობაში ალექსანდრე ლორიას „ეს დაუდეგარი არდადეგები“ და ძალიან მიყვარს ეს ნაწარმოები, თქვენს გასაგონად ვამბობ ამას კლასიკის ადეპტებო! ;)
LikeLiked by 1 person
შვედური ველოსიპედი მინდოდა კარგა ხანს )))
LikeLike
100% :) p.s. მე წაკითხული მაქვს ბავშვობაში ალექსანდრე ლორიას „ეს დაუდეგარი არდადეგები“ და ძალიან მიყვარს ეს ნაწარმოები, თქვენს გასაგონად ვამბობ ამას კლასიკის ადეპტებო! ;)
LikeLiked by 2 people
ბავშვებს არ აცლიან ბავშვობას; ბევრი უფროსი იმას ვერ ხვდება, რომ ყველა პატარა ვერ გაიაზრებს რომელიმე წიგნს; ეს მომენტი კარგად აქვს აღწერილი გურამ დოჩანაშვილს ნაწარმოებში “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” <3 ყველაფერს თავისი დრო აქვს
LikeLike
და გემოვნებაც სხვადასხვანაირია )
LikeLike
ეგ ავიწყდება მშობლების ძირითად ნაწილს და ბავშვებს აძულებენ კითხვას. არ განიხილავენ იმას, რომ ბავშვმა თვითონაც უნდა გააკეთოს არჩევანი.
LikeLiked by 1 person
მასწავლებლები და მშობლები თუ ნაკლებად ჩაერევიან შვილების “ლიტერატურულ” საქმეში, უფრო კარგ მკითხველს მივიღებთ. როცა ამის დრო დადგება (“დიდებს” რომ უნდათ, იმაზე გაცილებით გვიან), ზოლასაც “გადაეყრება” და მოპასანსაც… სამაგიეროდ, მრავალფეროვნად გაატარებს თავისუფალ დროს და მეასედ არ წაიკითხავს ვერთერის ამბავს (მხოლოდ იმიტომ, რომ “მარტო გოეთეს კითხულობს”).
LikeLiked by 1 person
მიუშვი და ყველაფერს თავისით მიაგნებს – რა მარტივია და როგორ არ ესმით (
LikeLike
სულ ვაპროტესტებდი , “ეს არ წაიკითხო, ის არ წაიკითხოს ” :D
LikeLike
რამდენ მასწავლებელს მოხვდებოდა გულზე ეს პოსტი :)) შარშან ზაფხულში ჩემს მე-7 კლასელ მოსწავლეს დაავალა მასწავლებელმა “კაცი, რომელიც იცინის” და “მეფე ლირის” წაკითხვა :/
LikeLike
დღეს ასე აღარ ხდებაო, ვინმე რომ მეტყვის, ამ კომენტარს წავაკითხებ.
როგორ არ ხდება (( უარესად ხდება.
LikeLiked by 1 person
“მასწავლებელი-ბავშვებო ფაუსტის წაკითხვა დამეზარა და ხო არ იცით რა შინაარსის არის?”
“მოსწავლე-მოკლედ,ერთი კაცია ფაუსტი ქვია და გარიგებას დადებს ეშმაკთან.ის ეშმაკი კიდე მაგარი დამპალი ვინმე აღმოჩნდება და თავის პირობას დაარღვევს.”-დიალოგი ფილმიდან “წადი შენი გოეთე”. :D
შეიძლება ამასთან არაფერ კავშირში არ არის,მაგრამ დღევანდელ განათლებულ ვითომ პროფესორებზე სულ ეს მახსენდება… :D :D :D
LikeLike
დღევანდელ განათლებაზე სერიოზულად საუბარი ჭირს. ასე თუ იხუმრებ (
LikeLike
კი , დღესაც აკითხებენ მასწავლებელი მე–8–9კლასელებს ბალზაკს და სერვანტესს. ჩემს შემთხვევაში არავინ მაძალებდა, ასაკის შეუფერებელი წიგნების წაკითხვას. ერთი –ორჯერ დამიმალეს კიდეც ,რამდენიმე წიგნი და კარგიც ქნეს. მგონია,რომ მშობლები უნდა ეხმარებოდნენ შვილებს ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებაში , ფარულად მაგრამ მაინც.
LikeLike
” მარტო გოეთეს ვკითხულობ.” მკითხველების არ მწამს და” მომკალით.” საშინლად ყალბები არიან.
ერთმა თქვა – 11 წლის,რომ ვიყავი ფაუსტი წავიკითხეო, თან ამაყად.
LikeLike
ძალიან ყალბები არიან, აბა რა. მარტო ერთი მწერალი როგორ უნდა იკითხო.
LikeLiked by 1 person
მე ერთი “წიგნის მაღაზია” ამოვიჩემე უსაყვარლესი კონსულტანტის გამო. ძალიან ყურადღებიანია და მეც ყოველთვის კმაყოფილი ვარ <3
LikeLike
იმის თქმა მინდოდა რომ ძებნა უნდა და მიგნება :D
LikeLike
რას უნდა ძებნა და მიგნება?
LikeLike
კარგ კონსულტანტს
LikeLike
კარგ/ცუდ კონსულტანტზე არ არის ეს ბლოგი. სხვა რაღაცებზეა.
LikeLike
ღმერთო ამ საუკუნეში მხოლოდ გოეთეს რომ კითხულობს ადამიანი რამხელა სასჯელია, არ გეცოდება?
ამას წინ წიგნების მაღაზიაში შევედი,დედაჩემის ხნის,50 ს მიტანებული კონსულტანტი ისეთ დახმარებას უწევდა მყიდველს,ავედევნე რომ ყური დამეგდო მისი თხრობისთვის.
LikeLike
სასჯელია, კი. ოღონდ ის გოგო ამით აშკარად ამაყობდა )
LikeLike