შუმერ ბლოგერებს უთქვამთ, ზაფხულში, შვებულებისა და ნეტარი უსაქმურობის ჟამს, ხალისიანი და ჟრიამულიანი წიგნები უნდა იკითხოს კაცმაო. ჰამაკში წამოწოლილმა ჭრელი პლედი გადაიფაროს, მზე მწვანე ფოთლებით მოიჩრდილოს და რამე ისეთი, მხიარული განწყობის შესაქმნელი მოიმარჯვოსო. მე კი არც ვაციე, არც ვაცხელე და ჯოჯო მოიესის “მე შენამდე“ მოვაქციე სიის სათავეში.
გამოგიტყდებით, რომ თავიდან სულ ღიმილ-ღიმილით ვკითხულობდი. იმ საშინელი სიტყვის – კვადრიპლეგიისა და მის მიღმა დამალული კიდევ უფრო საშინელი შინაარსის მიუხედავად. ძალიან კი შემეცოდა უილ ტრეინორი, აბა, როგორია, როცა მთელი სამყარო შენს ხელთაა, ამ დროს კი გაუნძრევლად ჯდომა გიწევს სავარძელში და ძველ ცხოვრებაზე, წყალქვეშა სამყაროზე, დათოვლილ მთებსა თუ პარაშუტით ხტომაზე უკვე ოცნებაც აღარ შეგიძლია. დიდი უსამართლობა მგონია, ასეთი რამეები რომ ხდება ქვეყნად, მაგრამ ლუისა ისეთი სასაცილო იყო თავისი კიკინებით, ბაბუას ძველი ფარდებისგან შეკერილი ქვედაბოლოთი და შავ-ყვითელზოლიანი კოლგოტკების ნოსტალგიით, მაინც მეღიმებოდა. მეღიმებოდა მის თავგანწირულ მცდელობაზე – როგორმე სიცოცხლისკენ შემოებრუნებინა გაუსაძლისი ტკივილებით გატანჯული ახალგაზრდა კაცი, რომელიც იობის მოთმინებით ელოდა დათქმულ დროს, რათა ჩანაფიქრი აესრულებინა და იმქვეყნად საკუთარი ნებით წასულიყო, უძლური სხეულის ტყვეობისგან სამუდამოდ გათავისუფლებული.
ღიმილი დიდხანს არ გამყოლია – ნელ-ნელა გულის მტკივნეულმა შეკუმშვამ ჩაანაცვლა და წიგნის კარგა მოზრდილი ნაწილი, მგონი, სულაც სუნთქვაგაჩერებულმა წავიკითხე. უნდა ვაღიარო, რომ სადღაც, გულის სიღრმეში სასწაულის იმედი მაინც მქონდა, თუმცა იმასაც ვხვდებოდი, რომ ბედნიერი დასასრული დიდი იმედაგაცრუება იქნებოდა და უკვალოდ წაშლიდა იმ ემოციებს, რასაც კითხვისას განვიცდიდი. ეს ვიცოდი და მაინც მინდოდა, უილი ფეხზე წამომდგარიყო და ლუისა მენდელსონის მარშის თანხლებით მიეყვანა საკურთხეველთან. ბოლობოლო, იმაზეც თანახმა ვიყავი, ეტლს მიჯაჭვულ ტრეინორს უარი ეთქვა ევთანაზიაზე, ლუისას სიყვარულისთვის ხელი არ ეკრა და მის თავგანწირვას ეგოისტურად დათანხმებოდა, დამტკბარიყო იმ სამყაროთი, რომელსაც ეს პატარა, შეუპოვარი გოგო მის ირგვლივ ქმნიდა, მაგრამ არა…
ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც, ალბათ, უნდა დასრულებულიყო – უილი შვეიცარიაში გაემგზავრა, იმედგადაწურული ადამიანების უკანასკნელ სამყოფელში და ლუისამ მიიღო მისი არჩევანი. მიიღო მძიმედ, მტკივნეულად, სასოწარკვეთილების, მრისხანებისა და ბობოქარი პროტესტის შემდეგ, მაგრამ ის ბოლომდე საყვარელი ადამიანის გვერდით დარჩა და როცა ყველაფერი დასრულდა, უილისგან უკანასკნელი საჩუქარი ერგო – ახალი ცხოვრების შანსი, იმ ცხოვრებისა, რომლის ერთად გავლა მათ არ ეწერათ. სამაგიეროდ, იმ მოკლე დროში, რაც ერთად გაატარეს, ორივე სხვა ადამიანად იქცა.
„შენ სამუდამო ანაბეჭდი დატოვე ჩემს გულში, კლარკ. პირველივე დღიდან, როცა ჩემთან მოხვედი, შენი სასაცილო ტანსაცმლით, უადგილო ხუმრობებითა და გულწრფელობით… იყავი თამამი, შეუპოვარი, დაუდგრომელი. სიამაყით ატარე შენი ზოლიანი კოლგოტკები და უბრალოდ კარგად იცხოვრე.
უბრალოდ იცხოვრე.
სიყვარულით,
უილი“.
P.S. ჯოჯო მოიეს, შენ მოახერხე და უკვე მეორედ ამატირე.
სიყვარულით,
მოლი
დელფინიან წიგნებში ერთ-ერთი საუკეთესოა :)
LikeLike
ერთ-ერთი კი )
LikeLike
მე ეხლა ვკითხულო და შემდგომ ვაპირებ ფილმია ყურებას. საინტერესოა რა ემოცოას აღძრავს ჩემში ბოლოს :)
LikeLike
ფილმს დიდად არ ემადლიერებიან, სხვათა შორის. წიგნს რომ წაიკითხავ, თუ არ დაიზარებ და შენს აზრს ორი წინადადებით მაინც მოგვიყვები აქ, ძალიან საინტერესო იქნება :)
LikeLike
აუცილებლად მოლი <3
LikeLiked by 1 person
ფილმი უკვე ნანახი მქონდა, როცა წიგნი წავიკითხე. ორივემ ამატირა. მართლაც, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი წიგნია <3
პ.ს. კარგი ეკრანიზაციაა, მოლი. გირჩევ, უყურო.
LikeLike
ფილმი ძალიან არაქეს. პრინციპში, დიდი სინემანიაკი არც ვარ და ჩემთვის პრიორიტეტული მაინც წიგნია.
LikeLike
მე კი მომეწონა, მოლი. შეიძლება, სინემანიაკებმა დაიწუნეს – უბრალო მოკვდავებისთვის არაა ცუდი ეკრანიზაცია :)
LikeLike
მეც უბრალო მოკვდავებს ვუსმენ, სინემანიაკების და აღიარებული მეტრების მრავალასიანი ვოლებისგან თავი, თითი და მაუსი ძალიან შორს მიჭირავს.
LikeLike
ბედნიერი დასასრულის მოლოდინი მაინც ვერ “მოვიშალე” :)) არადა კარგი წიგნების 99% ცუდად მთავრდება…
LikeLiked by 1 person
ზუსტადაც ) კარგი წიგნები, როგორც წესი, ცუდად მთავრდება.
LikeLike
ფილმი არც მე მომწონა, მაგრამ ბევრს არც არაფერს ველოდი – ისედაც ვფიქრობდი, რომ იმ ემოციების ეკრანზე გადატანა, რაც წიგნს მოაქვს, შეუძლებელი იქნებოდა.
LikeLike
წიგნი უკეთესია – თითქმის უნივერსალური პრინციპია. უიშვიათესი გამონაკლისია, ფილმი ჯობდეს.
LikeLike
მეც ძალიან მატკინა და დამადარდიანია, დავწერე კიდეც მოკლედ… მაგრამ სხვანაირ ფინალს არც ველოდებოდი… ცხოვრება ისედაც რთულია მაგრამ უილისნაირებისათვის ზედმეტადაც კი :( ფილმი არ მომეწონა, მეტიც ბოლომდე არ მიყურებია :( მოლი შენი ჩვეული თბილი, გულწრფელი და ნამდვილი შთაბეჭდილებებით დაბრუნდი და მიხარია…
LikeLike
დიდი მადლობა კუში )
LikeLike
ოოო, საოცარი პოსტია, სულ თავიდან განციცადე წიგნის ემოციები <3 დიდი მადლობა მოლის ^^
LikeLike
[…] გითხრათ, პირველი წიგნის კითხვისას ჩემი ემოციები რომ მახსოვდა, თადარიგი […]
LikeLike