წლევანდელი თბილისის წიგნის დღეები, როგორც აქამდეც ხდებოდა ხოლმე, ოთხ დღეზე გადანაწილდა – ხუთშაბათს დაიწყო, კვირას დასრულდა. ხუთშაბათს და პარასკევს სამსახურიდან ცხვირი არ გამომიყვია, არც კი იოცნებოო და რას გავბედავდი, კვირას შინ კოტრიალის ნეტარებას ვერ შეველიე, წიგნობაზე შაბათს გახლდით.
შემოდგომის მთავარი ბიბლიოივენთი, ტრადიციისამებრ, “ექსპოს” მეთერთმეტე პავილიონში ჩატარდა. ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზების და “თბილისი მოლის” კაფეების მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, “ექსპო” ოპტიმალური ლოკაცია მგონია. ჩემთვის, ცოტა არ იყოს, ძნელი მისადგომია და გაუსაძლისად ცხელა ხოლმე (წელს არ ცხელოდა, საოცრებას მოვესწარი, ღმერთმანი), მაგრამ, დემოკრატიის არ იყოს, უკეთესს ჯერ ვერ მივაგენით.
შესვლა წელსაც ფასიანი იყო. ათასჯერ ვთქვი და ერთხელაც გავიმეორებ – დიდი იმედი მაქვს, ოდესმე ისეთი წიგნის ფესტივალიც მეღირსება, ორლარიანი ბილეთების ნაცვლად ოთხდღიანი აბონემენტები რომ გაიყიდება – საფესტივალო სივრცემდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის უფლებით, უფასო ყავით და სენდვიჩებით, ექსკლუზიური დისქაუნთით, დახურულ პრეზენტაციებზე წვდომით, სხვა წვრილ-წვრილი და სასიამოვნო ბონუსებით. ჯერჯერობით, მსგავსი არაფერია (არც უახლოეს მომავალს უჩანს საიმედო პირი). “ექსპოს” ადმინისტრაცია, უბრალოდ, ბილეთებს ყიდის. რა გაეწყობა. თუ წიგნის დღეები ჩემი ორი ლარის გარეშე ვერ ტარდება, ღმერთმა შეარგოთ და სიკეთეში მოახმაროთ.
ყველა მსხვილმა გამომცემლობამ კატალოგი იმთავითვე გამოაქვეყნა და პავილიონში დიდხანს ბოდიალი არ დამჭირვებია. ვიცოდი, სად რა დამხვდებოდა. ის კი არა, სტენდების განლაგების დეტალური რუკაც მქონდა გადმოწერილი. სხვა დღეებზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ შაბათს, ნაშუადღევს (ალბათ სამოასთან სარაგბო ჯახის გამო) ჩვეული ხალხმრავლობა არც შემიმჩნევია და საინტერესო სტელაჟებიც ისე მოვიარე, ფერდში ერთი მუჯლუგუნიც კი არ მომხვედრია.
წიგნის დღეები, გეცოდინებათ, მაისის წიგნის ფესტივალისგან განსხვავებით, მაინცდამაინც სიახლეებზე არ არის ორიენტირებული. უფრო ფასდაკლების მასშტაბური ივენთია და ფასებს ჯერ კიდევ კატალოგებში გადავხედე. უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ. ძალიან სოლიდური, მსუყე დისქაუნთი ჰქონდა დელფინიან წიგნებს, სარფიანად იყიდებოდა “პალიტრას” “ტოპ-თრილერის” ტომები, “სულაკაურის” ფერადობები, “ოჩობუქსის” თან სატარებელი წიგნები… ოჩოს სულ სადღესასწაულო ფასები აქვს ^_^
ისე არ გაიგოთ, ახალი წიგნი წამლად არ იძებნებოდაო. რას ამბობთ. ხელცარიელი ნამდვილად არ წამოვსულვარ. ძველი სერიებიც შევავსე. მოკლედ, არც გულს დამკლებია რამე და არც – ზურგჩანთას.
რაც მთავარია, გადასარევი საჩუქრებიც მივიღე. “ზოლიანი კატის” “მაკნატუნა”, (აის “მაკნატუნა”, ყველა რომ აალაპარაკა), სულ ცინცხალი, 2016 წელს გამოცემული რუსული კარლსონი და პატარა პრინცის ულამაზესი და უსაყვარლესი პინი.
“დაკარგულ ლეგენდებს” პარასკევს “ამირანის” გრაფიკული ვერსიის ახალი გამოცემის წარდგენა ჰქონდათ დაანონსებული. პარასკევს რას მოვიცლიდი და მივადექი შაბათს, ღრმად მოტივირებული და საფულემომარჯვებული. დამხვდა ცარიელი სტენდი უზარმაზარი შუბით და იმ შუბით მივხვდი, რომ სტენდი ნამდვილად არ მეშლებოდა. ვერც ვერავის ვკითხე, აქ რომ შუბია, პატრონი სადაა და გუშინ კომიქსის წარდგენა რომ იყო, ის კომიქსი დღეს სად იყიდება-მეთქი. გამოვბრუნდი ყურებჩამოყრილი. მერე მეგობარი შემეხმიანა, ხვალაა წარდგენა და იმ კომიქსს მე წამოგიღებო. მოკლედ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
მეტი რა გითხრათ. არ დავღლილვარ, არ დავსიცხულვარ (რაც საოცარია), ახალი გეიმანი და “ყბები” თაროზე მიდევს, შენაძენს ბლოგერის თვალით ვზომავ, პოსტი რომელზე დავწერო-მეთქი და წიგნის საახალწლო ფესტივალს ველოდები.
P. S. ფეისბუქზე ბლოგის გვერდზე გადმოვბარგდი, დიდი ხნით და საფუძვლიანად. 2011 წლიდან არსებობს, ლამის ყველაზე ძველი და დამსახურებული სივრცეა, სადაც კი ვყოფილვარ და მეგობრებისთვის რამე გამიზიარებია. ჩემი ბრალია, სულ უყურადღებოდ რომ მრჩებოდა. დღეიდან ყველაფერი აქ დაიდება, პოსტებიც, ბლოგის ბმულებიც, სურათებიც, ბათუმური კოფეც და თბილისური კივის ტორტიც. ჰოდა, მთელი გულით და სულით გეპატიჟებთ. ველქამ :)
Welcome back, Moliko!
LikeLike
მადლობა, ქალბატონო მარინა )
LikeLike
Welcome Back! :)
“ექსპო” ჩემთვის იდეალური ლოკაციაა. მართალია ზამთარ-ზაფხულ მცხელა, მაგრამ მე ყველგან ასე ვარ და ორგანიზატორებს ვერ დავაბრალებ :)) არც სიახლეების ნაკლებობა განმიცდია. პირიქით, ისეთ რაღაცებს მივაქციე ყურადღება, რაც მაღაზიებში და ფესტივალებზე არასდროს მახსენდებოდა. წელიწადში ერთხელ უნდა იყოს ასეთი დღეები. სიახლეები კიდევ იქნება :))
LikeLike
მადლობა :) ჩემი მეგობარი მაიკო მეუბნებოდა გუშინ ზუსტად, ასეთი ფესტივალები წელიწადში ერთხელ უნდა იყოსო )))
LikeLike
გამიხარდა შენი პოსტის კვლავ წაკითხვა მოლი, საინტერესო და მრავალფეროვან სეზონს გისურვებ! <3
LikeLike
მეც გამიხარდა შენი გამოჩენა, სანდრო :) მადლობა :)
LikeLike
სიმბოლურ-თემატური დაბრუნებაა ნამდვილად ^_^
მოლის საფესტივალო პოსტები წიგნების დღეების, ფესტივალებისა და გამოფენების ისეთივე განუყრელი ნაწილია, როგორც ფოტოები – მოგზაურობისთვის.
იმ სიტყვებისთვის განსაკუთრებული მადლობა
LikeLike
სულ პირიქით ) მადლობა შენ, ოჩო )
LikeLike
პირველი შემთხვევა იყო, რომ მსგავსი ღონისძიებიდან მხოლოდ სამი წიგნით დავბრუნდი :)
LikeLike
წინა წლებს თუ შევადარებთ, მეც გვარიან მინუსში ვარ, მერი
LikeLike
წიგნების სიმრავლეზე ვერც ახლა დავიწუწუნებ, მაგრამ… მრავალფეროვნებაში გაგვიჭირდა ბოლო დროს, იმჰო. მეტისმეტად დიდი დოზით არის დისტოპია და ფენტეზი. შეიძლება, მეჩვენება, მაგრამ “მეც მინდა, ვიყო სიუზენ კოლინზის” ტიპის თარგმანებმა წაგვლეკა.
LikeLike
ასეა )) სამყაროს გადამრჩენელი 15 წლის ბავშვების სიმრავლეა )) პრინციპში, მოთხოვნა-მიწოდების ამბავია. ითარგმნება ის, რაც იყიდება. ჩვეულებრივი პროცესია.
LikeLike
ჰოდა, ცოტა არ იყოს, ამ პროცესს ვაპროტესტებ :)
LikeLike
აზრი არ აქვს, თორემ მეც გავაპროტესტებდი
LikeLike
ველქამ ბექ, მოლ <3 ეს ფესტივალი შენი პოსტის გარეშე ვერ ჩაივლიდა ნამდვილად :დ
LikeLike
კარგად დაემთხვა, გაბ :) მადლობა :)
LikeLike
დაბრუნებას გილოცავ! <3
LikeLike
მადლობა დიდი )
LikeLike
Yay რა კარგია რომ დაბრუნდი მოლი ^_^
მე ვერ მოვხვდი თბილისის წიგნის დღეებზე, რატომღაც სულ რაღაც მიშლის ხოლმე ხელს, მაგრამ ძალიან არ ვიწყვეტ გულს, შაბათს “წიგნები ბათუმში” შევისეირნე და 3 წიგნით გამოვედი :)
LikeLiked by 1 person
მშვიდობაში და მადლობა, ფინიკი :)
LikeLike
აბონემენტის იდეა განსაკუთრებით მომწონს <3 წარმატებები მოლი <3 <3
LikeLike
აბონემენტის იდეა გადასარევია ) თან უფასო ყავა და სენდვიჩები, თან ამ აბონემენტებს შევაგროვებ არტეფაქტებად ))
მადლობა )
LikeLiked by 1 person
როგორ მიყვარს შენი ამბების კითხვა ❤❤
LikeLike
გამახარე, მარგარიტა )
LikeLike
[…] შვებულების მერე ბლოგიც გავხსენი, წიგნის დღეებსაც დავესწარი, კლიმტის შედევრზეც […]
LikeLike