Feeds:
ჩანაწერები
Comments

Archive for November, 2016

gustav-klimt-portrait-of-adele-bloch-bauer

ეს ამბავი ყოველთვის სევდიან ზღაპარს მაგონებდა. აი, ისეთს, წვიმიან, გაცრეცილ დღეებში რომ უნდა იკითხო, დადარდიანდე,  მერე კი საყვარელ პლედში გახვეულმა და ბუხართან თბილად მოკალათებულმა იფიქრო ცხოვრების ამაობაზე. ჰოდა, ახლა მომინდა, ნოემბრის ამ ბოლო, სუსხიან საღამოს თქვენც გაგიზიაროთ – იქნებ მოგეწონოთ კიდეც.

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი. აქედან შორს, მუსიკის ჰანგებით გაჟღენთილ ვენაში ერთი ბანკირი ცხოვრობდა. ბანკირს მშვენიერი ასული ჰყავდა და ძალიან უყვარდა. ისიც და ბანკში საიმედოდ შენახული ფულიც. ოღონდ, ეტყობა, ეს ფული ეცოტავებოდა, ან ფიქრობდა, რომ ქონება და სიმდიდრე არასოდეს არის საკმარისი. ამიტომაც კაპიტალის გაორმაგების ყველაზე მარტივი და გამოცდილი გზა შეარჩია – თვრამეტი წლის ადელ ბაუერი თითქმის ორჯერ უფროს ფერდინანდ ბლოხს მიათხოვა – კრეზივით მდიდარ მეწარმეს.

საარაკო ქორწილზე ვენის რჩეულმა საზოგადოებამ მოიყარა თავი, მოილხინეს, კბილი ხან სუფრაზე დახვავებულ კერძებს გაჰკრეს, ხან – ნეფე-პატარძალს და დაიშალნენ. ნაზი, პოეზიით აღსავსე ადელისთვის მოსაწყენი გამოდგა ხანში შესული ქმარი, მისი საქმიანი მეგობრები, საუბრები შაქრის მრეწველობასა და ნადირობაზე. რა უნდა ექნა? მე-19 საუკუნის ბოლოს მაღალი საზოგადოების ქალბატონებისთვის საკუთარ სალონზე უკეთესი თავშესაქცევი არ არსებობდა და ფრაუ ბლოხ-ბაუერის სახლში მალე ვენის ბოჰემამ დაიწყო თავმოყრა.

(more…)

Read Full Post »

tsignebi-da-satamashoebi

ჩემი მეგობრის ამბით დავიწყებ. ისე მოგიყვებით, როგორც მიამბო.

“შევედი წიგნის მაღაზიაში, მშვენიერ ხასიათზე ვარ, თაროები ჩამოვიარე და “13 მიზეზს” და “მე, შენამდეს” დავავლე ხელი. იქვე კონსულტანტი დგას, ხომ ვერაფრით დაგეხმარებითო.  ვაჩვენე ეს წიგნები, თქვენ თუ წაიკითხეთ და თუ მოგეწონათ-მეთქი. შემომხედა მერაშუაშივარ მზერით – იცით, მე მარტო გოეთეს ვკითხულობო.”

აი, ასე. მოკლედ და გასაგებად. მარტო გოეთესო.

ყოველი შემთხვევისათვის, თავიდანვე ვიტყვი: გოეთე ძალიან მომწონს. “ფაუსტიც”, “დასავლურ-აღმოსავლური დივანიც”. თქვენ წარმოიდგინეთ, “ახალგაზრდა ვერთერის ვნებანიც” არ მეჩვენება ურიგო და, საერთოდ, კლასიკას არაფერს ვერჩი.

ისიც ცხადზე ცხადია, რომ ყველას აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, იკითხოს ის და მხოლოდ ის, რაც გაუხარდება. მართალია, ვერაფრით მოვიფიქრე, როგორ უნდა იკითხო მარტო გოეთე (ან მარტო სერვანტესი, ან მარტო ლინდგრენი, ან მარტო ბრედბერი, ან მარტო სტრუგაცკები), მაგრამ რა ჩემი საქმეა. იმ გოგომ ხომ იცის. უნდა და კითხულობს. ჰოდა, ღმერთმა შეარგოს.

(more…)

Read Full Post »

me-before-you-cover-geoშუმერ ბლოგერებს უთქვამთ, ზაფხულში, შვებულებისა და ნეტარი უსაქმურობის ჟამს, ხალისიანი და ჟრიამულიანი წიგნები უნდა იკითხოს კაცმაო. ჰამაკში წამოწოლილმა ჭრელი პლედი გადაიფაროს, მზე მწვანე ფოთლებით მოიჩრდილოს და რამე ისეთი, მხიარული განწყობის შესაქმნელი მოიმარჯვოსო. მე კი არც ვაციე, არც ვაცხელე და ჯოჯო მოიესის “მე შენამდე“ მოვაქციე სიის სათავეში.

გამოგიტყდებით, რომ თავიდან სულ ღიმილ-ღიმილით ვკითხულობდი. იმ საშინელი სიტყვის – კვადრიპლეგიისა და მის მიღმა დამალული კიდევ უფრო საშინელი შინაარსის მიუხედავად. ძალიან კი შემეცოდა უილ ტრეინორი, აბა, როგორია, როცა მთელი სამყარო შენს ხელთაა, ამ დროს კი გაუნძრევლად ჯდომა გიწევს სავარძელში და ძველ ცხოვრებაზე, წყალქვეშა სამყაროზე, დათოვლილ მთებსა თუ პარაშუტით ხტომაზე უკვე ოცნებაც აღარ შეგიძლია. დიდი უსამართლობა მგონია, ასეთი რამეები რომ ხდება ქვეყნად, მაგრამ ლუისა ისეთი სასაცილო იყო თავისი კიკინებით, ბაბუას ძველი ფარდებისგან შეკერილი ქვედაბოლოთი და შავ-ყვითელზოლიანი კოლგოტკების ნოსტალგიით, მაინც მეღიმებოდა. მეღიმებოდა მის თავგანწირულ მცდელობაზე – როგორმე სიცოცხლისკენ შემოებრუნებინა გაუსაძლისი ტკივილებით გატანჯული ახალგაზრდა კაცი, რომელიც იობის მოთმინებით ელოდა დათქმულ დროს, რათა ჩანაფიქრი აესრულებინა და იმქვეყნად საკუთარი ნებით წასულიყო, უძლური სხეულის ტყვეობისგან სამუდამოდ გათავისუფლებული.

(more…)

Read Full Post »

20161119_140638

წლევანდელი თბილისის წიგნის დღეები, როგორც აქამდეც ხდებოდა ხოლმე, ოთხ დღეზე გადანაწილდა  – ხუთშაბათს დაიწყო, კვირას დასრულდა. ხუთშაბათს და პარასკევს სამსახურიდან ცხვირი არ გამომიყვია, არც კი იოცნებოო და რას გავბედავდი, კვირას შინ კოტრიალის ნეტარებას ვერ შეველიე, წიგნობაზე შაბათს გახლდით.

შემოდგომის მთავარი ბიბლიოივენთი, ტრადიციისამებრ, “ექსპოს” მეთერთმეტე პავილიონში ჩატარდა. ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზების და  “თბილისი მოლის” კაფეების მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, “ექსპო” ოპტიმალური ლოკაცია მგონია. ჩემთვის, ცოტა არ იყოს, ძნელი მისადგომია და გაუსაძლისად ცხელა ხოლმე (წელს არ ცხელოდა, საოცრებას მოვესწარი, ღმერთმანი), მაგრამ, დემოკრატიის არ იყოს, უკეთესს ჯერ ვერ მივაგენით.

შესვლა წელსაც ფასიანი იყო. ათასჯერ ვთქვი და ერთხელაც გავიმეორებ – დიდი იმედი მაქვს, ოდესმე ისეთი წიგნის ფესტივალიც მეღირსება, ორლარიანი ბილეთების ნაცვლად ოთხდღიანი აბონემენტები რომ გაიყიდება  – საფესტივალო სივრცემდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის უფლებით, უფასო ყავით და სენდვიჩებით, ექსკლუზიური დისქაუნთით, დახურულ პრეზენტაციებზე წვდომით, სხვა წვრილ-წვრილი და სასიამოვნო ბონუსებით.  ჯერჯერობით, მსგავსი არაფერია (არც უახლოეს მომავალს უჩანს საიმედო პირი). “ექსპოს” ადმინისტრაცია, უბრალოდ, ბილეთებს ყიდის. რა გაეწყობა. თუ წიგნის დღეები ჩემი ორი ლარის გარეშე ვერ ტარდება, ღმერთმა შეარგოთ და სიკეთეში მოახმაროთ.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: