წიგნის ფესტივალზე, სულაც შუა კვირა რომ უწევდეს, ვცდილობ, ერთი დღეც არ გამოვტოვო. იმიტომ არა, რამეს ვერ მოვასწრებ-მეთქი. რას ვერ მოვასწრებ. უბრალოდ, ზეიმია და მენანება. ეგეც არ იყოს, მთელი გემო და ეშხი სტელაჟებს შორის აუჩქარებლად ბოდიალშია. არსად რომ გეჩქარება, სიახლეებს დინჯად ათვალიერებ, ხელში შეატრიალ-შემოატრიალებ, გადაფურცლავ, ორიოდე აბზაცს თვალს გადაავლებ და მხოლოდ ამის მერე ჩაუძახებ ჩანთაში.
წლევანდელი საახალწლო ფესტივალის სამივე დღე წინასწარ მქონდა დაგეგმილი. ვინ გაცალა… სამ დღეს ვინ ჩივის, იმას ვფიქრობდი, ვინმე მადლიანი შემეხიდოს და გამეგზავნოს, მთლად უწიგნოდ არ დავრჩე-მეთქი. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში შერბენა მაინც მოვახერხე, რაღაცებიც წამოვიყოლე და შთაბეჭდილებებსაც გაგიზიარებთ.
სტუდენტობა საჯაროს პირველ კორპუსში მაქვს გატარებული, იქაურობა ტკბილად მახსოვს და აუგი როგორ დამცდება, მაგრამ ალალად გეტყვით, საახალწლო აურზაურს და რიარიას მეტი სივრცე, მუსიკა, ნაძვის ხე და მხიარული ფერები მოუხდებოდა.
“ექსპოს” პავილიონების სიცხეზე აწი ხმას როგორ ამოვიღებ. სიცხე კი არა, ბახმარო ყოფილა, საირმე, ბეშუმი და კოჯრის ჰაერი. პირველ სართულზე შეყუჟული გარდერობი რომ არა, საგამოფენო დარბაზის ერთხელ შემოვლაც გამიჭირდებოდა.
საახალწლო ფესტივალს აშკარად დაეტყო “სულაკაურის” არყოფნა. არც “სანტა ესპერანსას” ეცალა, არც “შექსპირს და კომპანიას“. ვერც “პარნასი” შევამჩნიე და რამდენიმე სხვა გამომცემლობაც მოვისაკლისე. დეკემბრის საახალწლო ბაზრობა მაისის წიგნის ფესტივალის მასშტაბებით, ცხადია, არც არავის გაუთვლია, მაგრამ…
სამაგიეროდ, მკითხველი და მყიდველი არ დაკლებია იქაურობას. არც პარასკევს, გაგანია სამუშაო დღეს და უიქენდზე ხომ მოდიოდნენ და მოდიოდნენ. ათჯერ მაინც გაგვაჩერეს ჩანთებმოკიდებულები, ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი სად არისო. ასეთი ხალისით გზამკვლევის როლი არასოდეს მიკისრია, ერთი-ორჯერ ჩემითაც მივაძახე დაბნეულ, თვალებდაცეცებულ გოგო-ბიჭებს, საით უნდა წასულიყვნენ.
ჩვეული ხალხმრავლობა იყო “დიოგენესთან“, მანდ სულ ასეა, ერთდროულად ცხრა საქმის კეთება უწევთ და არც ღიმილი ავიწყდებათ, არც ტკბილი სიტყვა, არც მადლობა და საჩუქრები; “ინტელექტის” და “არტანუჯის” სტენდებთან მიღწევაც ჭირდა, ზოგს ახალი გამოცემები აინტერესებდა, პავიჩი, მარკესი, სტაინბეკი, პრუსტი, ზოგსაც მსუყე დისქაუნთი საფირმო non fiction-ებზე და ნობელიანტების სერიაზე. “ოჩობუქსის” სტუმრებშიც გავერიე და ღმერთმანი, ამ ზღაპრულ გამომცემლობას ისეთი ერთგული მეგობრები ჰყავს, ერთი კუწკუწა, მყუდრო მაღაზია ნამდვილად სჭირდება. ბათუმელების დელფინებიან და მანდარინებიან მაგიდებთან რა ხდებოდა, ჩემზე უკეთ გეცოდინებათ, დიდი თუ პატარა, ნაცნობი თუ უცნობი, ყველა მანდ იყო. ახალი წიგნები თოვლივით დნებოდა და ქვემოდან ეზიდებოდნენ.
დაუგეგმავი ცაიტნოტის მიუხედავად, ხელცარიელი მაინც არ წამოვსულვარ. ქართული პოეზიის ანთოლოგია, სტაინბეკ-კაპას “რუსული დღიური”, ერთ კრებულად აკინძული ერთი შედევრის თარგმანები, გაგა ნახუცრიშვილის “სისულელის ტრაქტატი”, ახალი დელფინიანი წიგნები, “ფოთოლცვენა”, ქართულ-აფხაზური ლექსიკონი… ურიგო ნადავლი არ ეთქმის.
ლიბერსეთი მაინტერესებდა, ასეთ ჯადოსნურ ყუთებს გვერდს გულგრილად ვერ ვუქცევ. წამოვიღე ისიც და შინამდე რა გამაძლებინებდა, კაფეშივე ჩავძვერით მე და ჩემი მეგობარი – პროექტის დიდი გულშემატკივარი. “ლიბერთინსის” აქსესუარები, შოკოლადის ფილა, ფერადი ბარათი და რეინბოუ რაუელის „ელინორი და პარკის“ ცინცხალი ეგზემპლარი გვერგო.
ასე დასრულდა ბიბლიო 2015. მაისამდე, წესით, არაფერს ველოდებით. ეს თბილისში. ჰოდა, ძვირფასო გამომცემლებო, რა მოხდება, ერთი ფესტივალი სხვაგანაც რომ ჩაატაროთ? ბათუმში, მაგალითად. უიქენდს დაამთხვიეთ და ჩამოსასვლელად ზედმეტი მიზეზი მექნება.
მოლი ^_^
LikeLike
ოჩო ^^
LikeLike
კი, კი ბათუმშიც ))
LikeLiked by 1 person
რატომაც არა ) შაბათს ჩამოვალ, კვირას წავალ. გადასარევად მოვასწრებ.
LikeLiked by 1 person
საინტერესოდ მოყოლილი წიგნების ამბები ხო ამბებად, მაგრამ “სიცხე კი არა, ბახმარო ყოფილა, საირმე, ბეშუმი და კოჯრის ჰაერი.” – ეს აბზაციც არ იყო ცუდი. კიარადა, სულ პირიქით ^.^
LikeLiked by 1 person
კარგად კი ვიწუწუნე და.. ))
LikeLike
ვაიმე :( მოგეწერა, შე ქალო :)
LikeLike
ვაპირებდი, იქნებ მეც წამომიღოს რაღაცები-მეთქი :(
LikeLike
კარგს იზამდი, აბა უშენოდ მე სად მახსოვს ეგეთი ამბები :(
LikeLike
მე ხომ ჭურში გადავედი საცხოვრებლად, რამდენი ხანია, შნ მაინც ხომ იცი :)
LikeLike
მერე ვიფიქრე, არ სცალია, თორემ მომწერდა, როგორ დავავიწყდებოდი-მეთქი )
LikeLike
ჰოდა, საქმეც მაგაშია – შენ არა და ფესტივალი კი გამომრჩა :( მოვიდა ახალი წელი, სადაა შეპირებული ფესტივალი-მეთქი, კი ვიფიქრე, მაგრამ რომ არ შემეხმიანე, მშვიდად გავაგრძელე “მალიარობა”:)
LikeLike
მეა კულპა ( რას ვიფიქრებდი ( გამოვასწორებ (
LikeLike
ზამთარში იჭმევა პოლარული იოგურტი? :)
LikeLike
პოლარული იმიტო(აც) ჰქვია, რომ ზამთარშიც იჭმევა )
LikeLike
ჩემი გაყინული კენკრით წამოვალ :)))
LikeLike
წამოდი )
LikeLike
სიცხემ ისე მალე “განმდევნა” დარბაზიდან, რომ ვერც სივიწროვე შევამჩნიე და ვერც “დაპატარავებული” სტენდები :)) სამაგიეროდ მაისამდე მარაგი არ ამომეწურება :))
LikeLike
მარაგი მეც შევავსე, მაგრამ მეტზეც არ ვიტყოდი უარს )
LikeLike
[…] აკლია. ყოველი შემთხვევისათვის, შარშან ნამდვილად აკლდა. მეორე მხრივ, […]
LikeLike