თითქმის დარწმუნებული ვარ, ეს სულისშემძვრელი და სისხლისგამყინავი შეძახილი ერთხელ მაინც მოგისმენიათ, ერთხელ მაინც უკითხავთ თქვენთვის და თუ აცდით, მოსალოცად გქონიათ საქმე – გადასარევ წრეში ტრიალებთ.
“აუ, ეს წაკითხული როგორ არ გაქვს?!”
რაღაცნაირი კითხვაა. განცვიფრებით, შეფარული ბრალდებით, შეცოდებით სავსე, ეს როგორ მოგივიდაო. ჯერ ხომ სირცხვილით უნდა დაიწვა, მიწა გაგისკდეს და შიგ ჩაგიტანოს, მერე ბოდიში მოიხადო, უახლოეს წიგნის მაღაზიაში ან ბიბლიოთეკაში გავარდე, სასწრაფოდ მოიძიო ის წაუკითხავი საოცრება, გადააბულბულო, ვალმოხდილი დაბრუნდე, გამოვასწორე, უფროსოო, უპატაკო და მადლობაც გადაუხადო, მაღალ ლიტერატურას რომ გაზიარეს და მომავალში თავისმოჭრა, იმიჯის შელახვა და უწიგნურის სტატუსი აგაცილეს თავიდან.
Must Read წიგნებზე მოგახსენებთ, წაუკითხაობა ლამის გაუნათლებლობად რომ ითვლება. სახელდახელო სიის ჩამოწერაც შემიძლია, რომ რამე. ხანგრძლივი დაკვირვების შედეგია. მე დავიწყებ, თქვენ გააგრძელეთ.
“ულისე” (ჩემპიონია, პირველობას არავის უთმობს), “ოსტატი და მარგარიტა”, ბრედბერი (აქ ნაწარმოებს, როგორც წესი, არ აკონკრეტებენ. თუ მაინცდამაინც – “ფარენჰეიტი”, “მარსის ქრონიკები” ეკითხოს ვინმეს, არ მახსოვს), “მარტოობის ასი წელიწადი”, “დანაშაული და სასჯელი”, “სამი მეგობარი”, “Animal Farm” (ინგლისურად უფრო ეფექტურად ჟღერს), “სამოსელი პირველი”, “ჯინსების თაობა”, ირაკლი ჩარკვიანის “მშვიდი ცურვა”…
ან რომელიმე ზერაფინირებული ტექსტი, გამომცემლის, ავტორის და ავტორის ოჯახის წევრების გარდა არავის რომ არ გაუგია. 3,14-ით რომ იწყება და “ინტელექტუალურით” მთავრდება, ისეთი ლიტერატურა. აი, რომ წაიკითხავ და ეგრევე უგზოუკვლოდ გასხივოსნდები ცოდნის მადლით, რა. პირდაპირ ჩაეწერები წიგნიერთა საპატიო კოჰორტაში.
“ვაიმე, არ არსებობს, ეს როგორ არ გაქვს წაკითხული?!”
როგორ და მარტივად.
არ მეცალა, სხვა რაღაცებს უფრო ვეტანები, ხელში არ ჩამვარდნია (ღმერთმანი, კარგია, ყველაფერი თაროზე გედოს, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის, გვაპატიეთ), ჩემი ჟანრი არ არის, მწერალი არ მომწონს. Any problem?
მიუხედავად იმისა, რომ “ოსტატი და მარგარიტა” აბსოლუტური ღირებულების, ყოვლისმომცველი წიგნი მგონია და “მარსის ქრონიკებს”, ჩემი მოკრძალებული აზრით, სკოლაში უნდა ასწავლიდნენ ნაწილ-ნაწილ, ეპიზოდებად, Must Read სია, დიდაქტიკურ-სავალდებულო მნიშვნელობით, მაინც ნონსენსია. წაიკითხე? გადასარევი. ისევ შენ ისიამოვნებ. არა და არც ამით იქცევა ქვეყანა. ყოველი შემთხვევისათვის, გასაკვირი, შესაცოდებელი და დამამცირებელი არაფერია.
არც იმაშია რამე განსაკუთრებული, სათაურს რომ ახსენებენ და არაფერი გსმენია. ფეისბუქზე რამდენიმე ჯგუფი მეგულება, ჩემთვის უცნობ ავტორებზე ყვებიან. კვირის ბოლოს ვათვალიერებ, ვინიშნავ, ნეტში ვეძებ, რაღაცებს ვიწერ, რაღაცებს არა. ჩვეულებრივი ამბავია. მადლობა ღმერთს, ის დრო აღარაა, წიგნები სანთლით საძებარი რომ იყო და ყველა ოჯახს ერთი და იგივე, მამასისხლად ნაშოვნი ტალონებით გამოტანილი ან საწყობში სამმაგ ფასად ნაყიდი, ლიტერატურა ეწყო თაროებზე. ბევრად მეტი მწერალია ხელმისაწვდომი და ყველას იცნობდე და კითხულობდე, წარმოუდგენელია. არც არის საჭირო.
კოლექტიური გემოვნება არ არსებობს. გემოვნება ყოველთვის ინდივიდუალურია. კოლექტიური გემოვნება უგემოვნობის მეორე, შელამაზებული სახელია. ის, რაც ჩემთვისაა ფასეული, სხვას, შესაძლოა, ოდნავადაც არ აღელვებდეს. “ჯინსების თაობა” ძალიან არ მომწონს და “პატრიარქის შემოდგომა” მარკესის ყველა რომანს და მოთხრობას მირჩევნია, მაგრამ ამით არც ტურიკას აკლდება რამე, არც მარკესს, არც იმათ დამფასებლებს და არც მე.
ჩემს მშობლებს, წლობით ნაგროვებ პირად ბიბლიოთეკაში, სხვა რაღაცებთან ერთად, “მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის” ძველი სერიებიც უწყვიათ. ქართულად და რუსულად. მონუმენტური ტომები. ბუმბერაზი ავტორები. მხატვრული სიტყვის ჭეშმარიტად ოქროს ფონდი. უწიგნური არ უნდა მერქვას, მაგრამ მიდგომა და მიყოლებით წაკითხვა აზრადაც არ მომსვლია. სიმართლე გითხრათ, მეეჭვება, ვინმეს ასე გაეწირა თავი და თუ მაინც აღმოჩნდა კამიკაძე და თავდადებული, ყველა თანაბრად მოწონებოდა. ის, რომ რაღაც წაკითხული არ გაქვს, თავისთავად არაფერს ნიშნავს. სხვას რომ აყვედრი წაუკითხაობას – სიმპტომატურია და მეტყველი.
კლიშე ტიპოგრაფიაშია კარგი, ლიტერატურისა რა მოგახსენოთ.
აბა რა, მე აგერ მხედვარით ვტკბები და ვიღაცას უმანკოების მუზეუმი ანიჭებს სიამოვნებას, არადა ძლივს გავედი ბოლოში… ჰოდა ყველამ ის ვიკითხოთ რაც გვესიამოვნება, მთავარია ვიკითხოთ და სხვას თუ შეგვიძლია ვურჩიოთ :) მასტ რიდ ლიტერატურა სკოლაშიც რომ არ იყოს კარგი იქნებოდა, არათუ მერე :)
LikeLike
მრავალფეროვნებაზე ბუნებრივი, საინტერესო, სასიამოვნო და სასარგებლო არაფერია ამქვეყნად, ძალიან მარტივი ამბავია და როგორ არ ესმით, ვერ ვხვდები.
LikeLike
საბედნიეროდ, სკოლის მერე აღარ მსმენია ეს წინადადება ამ გაგებით. ისიც მეყოფა, რომ must-read-ობის გამო ვასიკო კეჟერაძეც მძულდა და ზოგადად ქართული ლიტერატურაც :))
LikeLike
დაძალებული ხაჭაპურიც არ ვარგაო, შუმერ ბლოგერებს უთქვამთ )
LikeLiked by 1 person
შენი ნიკით ამას ვერ იტყვი, ნათია :)
ვასიკო კეჟერაძისთვის ამ კუთხით არ შემიხედავს…
LikeLike
სკოლის პროგრამის კატეგორიიდან რომ გამოვიდა, მერე დავაფასე ვასიკოც და ბევრი სხვაც :))
LikeLiked by 1 person
რავქნა ეს must read წიგნების უმრავლესობა ,,ჩემი სტილი ” არ არის. იმდენი კარგი გულის ჩასაკოკლოზინებელი წიგნია რომ იმ ,,2173 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ კულს ვეღარ შეიკავებ ” წიგნებზე გული აღარ მიმდის.
რავქნა ,,ულისე ” ვერ წავიკითხე.. აი დარდი. სამაგიეროდ ,,მარსელს”, ,მხედვარს ” და ,,ყინულისა და ცეცხლის სიმღერის ” სერიას ისე ფეთიანად ვკითხულობ პულსი არ მესინჯება ხოლმე . )))))
LikeLiked by 1 person
ბებერ ოღრაშ მარტინს რა ვუთხარი, რით ვერ დაადგა საშველი გაგრძელებას, მოვკვდი ლოდინით (
LikeLike
აღარ თქვა. ღმერთმა არ ქნას დასრულებამდე რამე მოუვიდეს. მაგრამ იმდენი ვლოცულობთ მასზე მემგონი გავა ბოლოში
LikeLike
დოსტოევსკი გამოგრჩა, აი იმენნა დოსტოევსკი და არა რომელიმე კონკრეტული, თუნდაც მოთხრობა.
არადა ყოველთვის გამოვრიცხავ წასაკითხ სიებში დოსტოს. საშინელი ბავშვობის მოგონებები მაქვს, როცა მოთხრობები წავიკითხე, იმდენად ბნელი ტიპები იყვნენ ყველგან, დღემდე მახსოვს და აღარ მინდა მივუბრუნდე.
ჩემთვის რატომღაც ყოველთვის ასოცირდება განადგურებულ რუსულ ტიპაჟებთან და ნაღდად არ მინდა იმათი ცხოვრების დეტალები ჩემამდე მოვუშვა.
ამიტო, როცა ვხედავ რომელიმე თინეიჯერს ან თინეიჯერკას, რომელიც დოსტოევსკის რომელიმე ნაწარმოებს მოათრევს, მინდა ხოლმე დავუძახო – შვილო, შეეშვი რაა, წადი დარელი წაიკითხე, ლარსონი, როულინგი, ეგზიუპერი ან ვაფშეტა ლინდგრენი რა..
LikeLiked by 2 people
ვფიქრობდი დოსტოევსკიზე (დასტაევსკიზე, უფრო სწორად), მაგრამ მაინც “დანაშაული და სასჯელი” ვარჩიე, უფრო ხშირად ახსენებენ.
დარელი ვის ახსოვს ((
LikeLiked by 1 person
სამწუხაროდ ძალიან ბევრჯერ მომისმენია, თანაც ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც ახლა იწყებენ კითხვას და ყველაფერს ხარბად ეტანებიან, სინამდვილეში კი არც ერთ წაკითხულ წიგნზე არ გააჩნიათ საკუთარი აზრი. ფილმებზეც ხდება იგივე. ცუდია, ძალიან ცუდი -_-
LikeLike
მოსალოცად მქონია საქმე ^_^
LikeLike
შენ ვინ გაგიბედავს )
LikeLike
ზუსტად ვიცი “Must read ” წიგნეები არ არსებობს. მომინდება წავიკითხავ არ მომინდება გადავდებ. ისე არც “ოსტატი და მარგარიტა ” , ” მარსის ქრონიკები ” არ წამიკითხავს :))) მწინდა გემოვნების ამბავია აქ.
LikeLike
გემოვნების ამბავია კი. და მკითხველის გადასაწყვეტი, რას წაიკითხავს და რას არა. წიგნი იწერება მკითხველისთვის და არა პირიქით.
LikeLiked by 1 person
პატარა რომ ვიყავი, საშინლად მოქმედებდა ეგ ფრაზა. მაგრამ მეამბოხე ხასიათის გამო, რაზეც მეტყოდნენ, აუცილებლად უნდა წაიკითხოო, გავჯიუტდებოდი და ხელს აღარ ვახლებდი. ასე გავემიჯნე თავის დროზე ტომ სოიერს, კარლონს, ბიძია თომას ქოხს… 20-დან 25 წლამდე პერიოდში წავიკითხე სადღაც, როცა უკვე ყველა შემეშვა :)
კომენტარებში სკოლის სავალდებულო წიგნებზე საუბარს მოვკარი თვალი. ჩემი პირადი მოსაზრებით, სასკოლო მასტ რიდი უფსკრულს აჩენს მოზარდსა და ლიტერატურას შორის.
ასაკობრივად არაა დალაგებული, სხვას რომ თავი გავანებოთ ყველაფერს. ვეფხისტყაოსანს, გურამიშვილს და ჰაგიოგრაფიას რომ გაზეპირებებენ, აზრი რომ არც შენ გესმის და ვერც მასწავლებელი გიხსნის რამეს, თან ეს არქაული ენა მაშინ, როცა თანამედროვე და შენთვის გასაგები ენით ნაწერი ვერ გისწავლია ჯერ…
როგორც ყოველთვის, საინტერესო თემა წამოჭერი, მოლი ^_^
ხოდა, იმის დამატება მინდოდა, მათ გარდა, ვინც გურული ქალივით შეიცხადებს ხოლმე, ესა თუ ის წიგნი წაკითხული როგორ არ გაქვსო, მათი ან საკუთარი ოღონდიმიჯიშემრჩესღმერთო დამოკიდებულების მსხვერპლებიც ვახსენოთ, სათაური რომ არ გაუგიათ და თვალებმოჭუტული ამბობენ, კი, კი, როგორ არ წამიკითხავს, ეგ ის არაა… და ა.შ.
LikeLiked by 2 people
აი, ვიხსენებ რაც ძალი და ღონე მაქვს და ვერ გავიხსენე, რომელიმე წიგნი დაეძალებინოთ ჩემებს, აუცილებელად წაიკითხეო. უფრო პირიქით იყო. რაღაცებზე მეუბნებოდნენ, არ ვარგაო და რაღაცებზე – ჯერ ადრეაო. ესეც იშვიათად. როგორ მოახერხეს, არ ვიცი. მართლა ძნელია, შვილს კარლსონი არ გადმოუღო თაროდან, ნახე, რა მაგრობააო. და ძნელია რჩევასა და დაძალებას შორის ზღვარს არ გადახვიდე.
იმიჯზე გეთანხმები. სულ მგონია, რომ ამ მასთრიდების ჩამომწერებს მხოლოდ სათაურები აქვთ გაზეპირებული.
LikeLike
მშობლები არც მე მაძალებდნენ :) მასწავლებლები უფრო, სკოლის პერიოდში. და გარშემომყოფები.
ტომ სოიერზე ინგლისურის გაკვეთილზე გავჭედე. ხომ ყველას გაქვთო წაკითხულიო, ვინც არ იცით, წაიკითხეთო და ბავშვებიც აყაყანდნენ, ზოგმა თქვა, კიო, ვიციო, ზოგიც ალბათ ტყუილად იძახდა.
სახლში წიგნი რომ ვნახე, ტომი იყო ჯერ და მერე ჰეკის თავგადასავალი მოყვებოდა. გადავშალე ჰეკლბერი და დასაწყისშივე რომ იქაც ის დამხვდა, ტომის თავგადასავალი ხომ წაგიკითხავთო, ნიშნისმოგებით ჩავილაპარაკე, არაფერიც არ წამიკითხავს და მაინც აქედან დავიწყებ-მეთქი :)
მაგაში მართალი ხარ, რჩევასა და დარიგებას შორის ზღვარი ძნელი შესანარჩუნებელია მრჩეველ-დამძალებლისგან და ბავშვისთვისაც ძნელია, მიხვდეს, ზოგჯერ, როდის ურჩევენ და როდის აძალებენ :)
ქუჩაში კითხვაზეც რომ ამბობენ ხოლმე, პოზააო და ა.შ. რეალურად ეგ მგონია მე საუკეთესო რჩევა. ქცევით და არა სიტყვით. პატარობიდან რომ წიგნების კითხვის სურვილი მქონდა, იმის ბრალიცაა, რომ მშობლებს წიგნებით ვხედავდი. მახსოვს, დედაჩემი პატარა ძმას რომ აძინებდა ხოლმე, მეორე ხელში წიგნი ეჭირა და თან კითხულობდა. მამას წიგნების თაროსთან ისე ხშირად ვხედავდი, ხან რას გადმოიღებდა, ხან – რას და გადაშლიდა და ისე გაიტაცებდა ხოლმე კითხვა, იდგა იქვე და კითხულობდა, დაჯდომა და სადმე მოკალათებაც ავიწყდებოდა.
LikeLike
ვეთანხმები ოჩოპინტრეს ^_^ მართალია, არსებობს სკოლის პროგრამა, რომელიც ყველასთვის გასაგები და საინტერესო არაა, მაგრამ ამ დროს ყველაფერი მასწავლებელზეა დამოკიდებული, ჩემი აზრით ;) ზოგადად, ვფიქრობ, must-read სია არ უნდა არსებობდეს, რადგან, მართლაც, რამდენი ადამიანიცაა, იმდენია გემოვნებაც. წიგნს უნდა კითხულობდე იმიტომ, რომ გაინტერესებს და არა მოდის ან სხვა რამის გამო. საკუთარი “მე” მუდმივად უნდა გქონდეს ადამიანს ^_^
LikeLike
მე შენ გეთანხმები ) სკოლის პროგრამას რაც შეეხება, გინდა არ გინდა მასთ რიდ გამოდის (სკოლის პროგრამის არსიდან გამომდინარე :) ) ყველა მოსწავლეს ექსკლუზიურ სახელმძღვანელოს ვერ შეუდგენ. უბრალოდ, ტექსტების შერჩევისას მთაწმინდის ან დიდუბის პანთეონის გზამკვლევზე უფრო მყარი, თანამედროვე, გასაგები და ადექვატური კრიტერიუმებით უნდა ისარგებლო.
LikeLike
ამას გარდა, ნაწარმოებების თანდართული ახსნები ადამიანური და გასაგები ენით უნდა იყოს დაწერილი, რათა ბავშვმა გააანალიზოს და არა ისე, რომ მასწავლებელსაც უჭირს ზოგჯერ აზრის გამოტანა
LikeLike
თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომა მაგ მხრივ ცოტა შეცვლილია. აი ჩემ დროს, მე რომ სკოლაში ვსწავლობდი, ნებისმიერ შეკითხვაზე წინასწარ არსებობდა ერთი სწორი პასუხი. ახლა მასწავლებლებს ასწავლიან, რომ ნებისმიერი აზრი მისაღებია. რომ ბავშვს უფლება აქვს, თავისებურად გაიგოს და გააანალიზოს ტექსტი.
კარგი პედაგოგი ისაა, რომელიც გეხმარება, უფრო მეტად გამოკივლიო, დაფიქრდე, შენივე დასკვნის საწინააღმდეგო დასკვნაზეც დაფიქრდე და ყოველ მხრივ შეხედო.
მოლი, მანდ ვარ მეც :) სასკოლო ტექსტების შერჩევაა დასახვეწი.
LikeLike
სამწუხაროდ, ის, რომ ბავშვის აზრი მისაღებია, ძალიან ცოტა მასწავლებელს აქვს გათვიცნობიერებული. მაინც შეცდომად გითვლიან, თუ შენი აზრი დააფიქსირე; სასკოლო ტექსტები მართლაც დიდი სიფრთხილით უნდა შეირჩეს. თუნდაც, ჩემს მაგალითს ვიტყვი: ცოტა ხნის წინ გადავიკითხე მე-8 კლასში ნასწავლი მოთხრობა და მხოლოდ ახლა ჩავწვდი სრულფასოვნად. ;)
LikeLike
მეც ძალიან ვწუხდები და ნერვები მეშლება ხოლმე ეგეთ კითხვას რომ მისვამენ და რატომღაც ჰგონიათ, რომ რადგან ულისე არ მაქ წაკითხული ან ოსტატი და მარგარიტა, ესეიგი გაუნათლებელი და უვიცი ვარ. ნეტა ნახევამა ვინც ეგ წიგნები must read წიგნები წაიკითხა თუ მოემატა თავში ტვინი? თუ უბრალოდ იციან რომ კარგია და უხარიათ რომ აკმაყოფილებენ “განათლებულობის სტანდარტებს”. წიგნები ისეთი თემაა ვისაც რა მოსწონს იმას კითხულობს, ჩემთვის წიგნი არის გასართობი და რაღაც მხრივ აზროვნებასაც ავითარებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ვინც არ კითხულობს იმას, რაც “უნდა იკითხოს”, ნაკლებად აზროვნებს. მე მაგალითად ფილმები უფრო მიზიდავს და მაფიქრებს და ასე შემდეგ.
LikeLike
“მარსის ქრონიკები” თუ გაქვს წაკითხული (და გაგებული), სხვას არ დასცინებ, ეს როგორ არ წაიკითხე, შე უწიგნუროო. თითქმის ყველა ნოველა ასეთ შაბლონზე, შტამპზე და ყალბ მორალზეა და იმიტომ.
LikeLike
რა სისულელეა ადამიანს კითხო წიგნზე რატომ არ წაგიკითხავსო. იმდენი არ მაქვს წაკითხული და კიდევ იმდენს ვერ ან არ წავიკითხავ შენი მოწონებული. მაგრამ არ მგონია რომ უწიგნური ვარ და ვინც ულისეს მხოლოდ იმიტომ კითხულობს რომ წაკითხული ჰქონდეს და შინაარსი ვერ გამოაქვს ეგეთ კატეგორიას ვერ ვიტან.
LikeLike
შინაარსი რომ გამოჰქონდეს, სხვას არ დასცინებდა, თამი.
LikeLike
Reblogged this on M y o s o t i s and commented:
ჯიგარსოოონ
LikeLike
როგორი პონტია, იცი… აი მეც ხომ არ მიყვარს ეგ მასთ რიდ სიები და რამდენჯერ დავწერე კიდეც…. მარა რაღაც მასთრიდი სია მეც მაქვს თავში :)) გულზე ხელი რომ დავიდო.
ნუ მანდ სამი მეგობარი ძველი თაობიდანაა ალბათ. ახალგაზრდებიდან არ მგონია მაგას ვინმე ითხოვდეს. ეგ კიარა შუა ასაკის ხალხიც იშვიათად. მე, მაგალითად :)
ულისეც ძაან ინტელექტუალებისგან თუა… აბა რენდომ ადამიანმა ულისე როგორ უნდა მოთხოვო ადამიანს წაკითხული თუ გაქვსო :))
ეგ ადამ სმითივითაა ეკონომისტებისთვის – ყველამ იცის, მაგრამ თავიდან ბოლომდე არვის წაუკითხავს. :) არც მე.
მარკესი ძაან მოდაში რომ შემოვიდა ეგ მე მახსოვს. აქ ბევრს არც ემახსოვრება. მაშინ მართლა საყოველთაო მარკესომანია იყო. :) ასეთი გატაცება ყოფილიყო მარტო ზიუსკინდი მახსოვს და მურაკამი. და უფრო ადრე ჰემინგუეი. მაგრამ ჰემინგუეი მარკესამდე იყო და მეც არ მახსოვს :)
LikeLike
მილორდ, ჩემთვის მასთრიდიც მაქვს და მასთრიდზე უარესიც. ჩემთვის. საკუთარი თავისთვის. სხვისთვის არა.
სხვას ვერ ჩამოვუწერ, ესა და ეს აუცილებლად უნდა წაიკითხო, თორემ… (ნუ, აქ ყველაზე ლაითი ეპითეტი დროს ჩამორჩენაა. მეორე უგემოვნობა მოდის, მერე უწიგნურობა და ასე).
მოკლედ რომ მოვჭრა, ჩვენთვის რაღაც წიგნების წაკითხვა/არწაკითხვა ლამის სოციალური სტატუსის განმსაზღვრელია. უტრირება თუა, მინიმალური.
და ერთიც. მასთ რიდი სხვაა და რჩევა სხვა. რჩევის მიღებაზე მეტად არაფერი მიყვარს. რჩევებზე ვნადირობ. ქინდლიანი თუ შემხვდა ვინმე, აუცილებლად ჩავხედავ, რეები გაქვს-მეთქი და რაღაცებს ჩემთვის მოვინიშნავ. რჩევა გადასარევი რამეა.
LikeLike
[…] გემოვნებაზე ხელაღებით ქირქილი, “აუ, ეს წაკითხული როგორ არ გაქვს?!” შეცხადება და იმის თვლა, […]
LikeLike
[…] თაობა, სხვა ადამიანია, ბოლოსდაბოლოს. სავალდებულო საკითხავი რომ არ არსებობ…, ესეც […]
LikeLike
[…] საკითხავს არ ვგულისხმობ. სავალდებულო საკითხავზე ბევრი გვილაპარაკია და, როგორც ვატყობ, […]
LikeLike