დენიელ კიზი
ბილი მილიგანის მრავალი გონება
გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”
ბათუმი
2015
მთარგმნელი – თინათინ ხომერიკი
რედაქტორი – თეა ქიტოშვილი
დიზაინი – ნატალია ავალიანი
დამკაბადონებელი – მალხაზ ფაღავა
კორექტორი – მიხეილ ტაბლიაშვილი
ქართული გამოცემა © გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2015 ყველა უფლება დაცულია
დენიელ კიზი
ბილი მილიგანის მრავალი გონება
ეძღვნება ყველას, ვისაც ბავშვობაში ძალადობა განუცდია, განსაკუთრებით მათ, ვინც იმალება.
წინასიტყვაობა
ეს წიგნი დაწვრილებით მოგვითხრობს უილიამ სტენლი მილიგანის შესახებ. ის პირველი ადამიანია აშშ-ში, რომელიც ერთგვარი ფსიქიკური დარღვევის გამო არაერთ მძიმე ბრალდებაში ცნეს უდანაშაულოდ, რადგან ერთსა და იმავე დროს რამდენიმე პიროვნება იყო.
ფსიქიატრიულ და პოპულარულ ლიტერატურაში აღწერილი მრავლობითი პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებისაგან განსხვავებით, რომლებიც გამოგონილ სახელებს ამოფარებულნი ანონიმებად რჩებოდნენ, მილიგანის პიროვნება დაკავებისა და სასამართლოსთვის გადაცემის მომენტიდანვე ათასგვარი მითქმა-მოთქმის საგნად იქცა. მისი პორტრეტი გაზეთების პირველ გვერდებსა და ჟურნალების ყდებზე იბეჭდებოდა. მისი ფსიქიკური შემოწმების შედეგებს საღამოს სატელევიზიო ახალი ამბები და სტატიების სათაურები მთელ მსოფლიოში ავრცელებდნენ. გარდა ამისა, ის პირველი პაციენტია მრავლობითი პიროვნული აშლილობის მქონეთაგან, კლინიკის პირობებში ოცდაოთხი საათის განმავლობაში გულდასმით რომ ამოწმებდნენ და რომლის პიროვნების მრავლობითი ხასიათიც ოთხმა ფსიქიატრმა და ერთმა ფსიქოლოგმა სასამართლოზე ფიცით დაადასტურეს. ოცდასამი წლის კაცს პირველად ათენის ფსიქიატრიული ჯანდაცვის ცენტრში, ოჰაიოს ქალაქ ათენში შევხვდი, სადაც ცოტა ხნის წინ სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოეგზავნათ. როცა თავისი ისტორიის დაწერა მთხოვა, ვკითხე, ჰქონდა თუ არა სათქმელი უფრო მეტი, ვიდრე საინფორმაციო საშუალებები ავრცელებდნენ. დამარწმუნა, რომ მასში მცხოვრები ადამიანების მნიშვნელოვანი საიდუმლოებები არავისთვის გაუმხელია, არც ადვოკატებისა და ფსიქიატრებისთვის. ახლა კი სურდა, მსოფლიოსათვის თავისი ფსიქიკური აშლილობის შესახებ მოეთხრო. დავინტერესდი, თუმცა ეჭვი აღმეძრა. რამდენიმე დღის შემდეგ ცნობისმოყვარეობა „ნიუსვიკის“ სტატიის („ბილის ათი სახე“) უკანასკნელმა აბზაცმა გამიმძაფრა:
„ზოგიერთი კითხვა უპასუხოდ რჩება, მაგალითად, სად ისწავლა მილიგანმა ჰუდინის მსგავსი გაუჩინარების ტრიუკი, რომელიც ტომიმ (ერთ-ერთმა პიროვნებათაგანმა) გვიჩვენა? ან კიდევ: როგორ ავხსნათ მისი საუბრები გაუპატიურების მსხვერპლებთან, როცა თავს „პარტიზანსა“ და „დაქირავებულ მებრძოლს“ უწოდებდა? ექიმების ვარაუდით, მილიგანს შესაძლოა კიდევ რამდენიმე ისეთი პიროვნება გააჩნდეს, რომლებსაც თავი ჯერჯერობით არ გამოუვლენიათ და შესაძლოა, ზოგიერთ მათგანს ჯერ დაუდგენელი დანაშაულიც ჰქონდეს ჩადენილი”.
მიღების საათებით რომ ვისარგებლე და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში რომ გავესაუბრე, აღმოვაჩინე, რომ ბილი, როგორც მას ჩვეულებრივ ეძახდნენ, ძალზე განსხვავდებოდა იმ დინჯი ყმაწვილისაგან, პირველად რომ შევხვდი. ახლა ყოყმანით საუბრობდა, მუხლები ნერვიულად უცახცახებდა. მეხსიერება არ უვარგოდა, ამნეზიის გამო ხანგრძლივი პერიოდები საერთოდ არ ახსოვდა. მხოლოდ ის შეეძლო, წარსულის ბუნდოვანი მონაკვეთები განეზოგადებინა. მტკივნეულ მოგონებებზე საუბრისას ხმა ხშირად უკანკალებდა, თუმცა ბევრი დეტალის აღდგენა არ შეეძლო. ერთხანს, წარსული გამოცდილების მისი მეხსიერებიდან ამოთრევას ვერაფრით რომ ვერ ვახერხებდი, მზად ვიყავი, ხელი ჩამექნია.
მერე, ერთ მშვენიერ დღეს, გამაოგნებელი რამ მოხდა. ბილი მილიგანის ნამსხვრევები პირველად შედუღაბდა ერთ პიროვნებად და ახალი ინდივიდი, მისი ყველა პიროვნების შენადნობი გამოჩნდა. მან მკაფიოდ, თითქმის სრულად იცოდა ყველაფერი თითოეული პიროვნების შესახებ მათი გაჩენის დღიდან. მათი თითოეული აზრი, მოქმედება, ურთიერთობა, ტრაგიკული გამოცდილება და კომიკური თავგადასავალი ახსოვდა. ამას დასაწყისშივე ვახსენებ, რათა მკითხველმა იცოდეს, როგორ შევძელი მილიგანის ცხოვრების წარსული მოვლენების, პირადი განცდებისა და კერძო საუბრების ჩაწერა. მასალა გამთლიანებულმა მილიგანმა, მისმა სხვა პიროვნებებმა და იმ სამოცდაორმა ადამიანმა მომცეს, რომლებიც მილიგანს ცხოვრების ამა თუ იმ საფეხურზე შეხვედრიან. სცენები და დიალოგები მილიგანის მოგონებების მიხედვით აღვადგინე. ცალკეული ინფორმაცია თერაპიის სეანსების ვიდეოჩანაწერებიდან არის აღებული. მე არაფერი გამომიგონია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც ჩანაწერების დასაწყისში წავაწყდით, ქრონოლოგიის აღდგენა იყო, რადგან მილიგანს დრო ადრეული ბავშვობიდანვე ხშირად „ეკარგებოდა“, საათებსა თუ კალენდრებს იშვიათად აქცევდა ყურადღებას და ხშირად რცხვენოდა იმის აღიარებისა, რომ თვე, ან რიცხვი არ ახსოვდა. საბოლოოდ, ასე თუ ისე, შევძელი მოვლენათა თანმიმდევრობის გარკვევა იმ ჩეკების, რეცეპტების, სადაზღვევო ანგარიშების, სასკოლო ჩანაწერების, სამუშაო ადგილას მოპოვებული ჩანაწერებისა და სხვა იმ საბუთების მეშვეობით, რომლებიც ბილის დედამ, დამ, დამსაქმებლებმა, ადვოკატებმა თუ ექიმებმა გადმომცეს. მილიგანი წერილებს თარიღს იშვიათად აწერდა, თუმცა მის ყოფილ მეგობარ გოგოს ციხიდან მის მიერ გამოგზავნილი ასობით წერილი ჰქონდა შენახული და მათი დათარიღება კონვერტზე დაკრული საფოსტო მარკების მიხედვით მოვახერხე.
მუშაობისას მილიგანი და მე ორ ძირითად წესზე შევთანხმდით: პირველი – ყველა ადამიანს, ადგილსა თუ დაწესებულებას ნამდვილი სახელით მოვიხსენიებდით, გარდა ინდივიდთა სამი ჯგუფისა, რომელთა ვინაობაც საიდუმლოდ უნდა შეგვენახა. ესენი იყვნენ: ფსიქიატრიული საავადმყოფოს სხვა პაციენტები; დამნაშავეები, რომლებისთვისაც ბრალი ჯერ არ წაეყენებინათ და რომლებთანაც მილიგანს ყმაწვილობასა და ზრდასრულობაში ჰქონდა საქმე; და გაუპატიურების სამი მსხვერპლი ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომელთაგან ორი ინტერვიუზე დამთანხმდა.
მეორე – თუკი მის პიროვნებათაგან რომელიმე ისეთი დანაშაულს გაამჟღავნებდა, რომლის გამოც ჯერ კიდევ შეეძლოთ მისი პასუხისგებაში მიცემა, მილიგანის საფრთხისაგან დაცვის მიზნით შევთანხმდით, რომ ასეთი სცენების აღწერისას თავს „პოეტური იმპროვიზაციის“ უფლებას მივცემდი. მეორე მხრივ, ის დანაშაულები, რომელთათვისაც მილიგანი უკვე გაასამართლეს, აქამდე გაუხმაურებელ დეტალებშია აღწერილი.
მათი უმეტესობა, ვინც ბილი მილიგანს შეხვედრია, მასთან ერთად უმუშავია ან მისი მსხვერპლი გამხდარა, ეთანხმება დასკვნას, რომ მას მრავლობითი პიროვნული იდენტობა აქვს. ბევრ მათგანს მილიგანის ისეთი სიტყვები, ან ნამოქმედარი ახსოვდა, რის საფუძველზეც საბოლოოდ ასკვნიდნენ, რომ „უბრალოდ შეუძლებელი იყო, მას ეთვალთმაქცა“. ზოგს კი კვლავაც სჯერა, რომ ის ყალთაბანდი, ნიჭიერი აფერისტია, რომელიც ციხეში ჯდომის თავიდან ასარიდებლად თავს იგიჟიანებს და უდანაშაულოდ ასაღებს. ვეცადე, ყველას შევხვედროდი, ვინც საუბარზე დამთანხმდა. რესპონდენტებმა შთაბეჭდილებები და მოსაზრებები გამიზიარეს. სკეპტიკურ დამოკიდებულებას მეც ვინარჩუნებდი. დღე არ გასულა ისე, ხან ერთი, ხან კი – მეორე პოზიციისაკენ რომ არ გადავხრილიყავი. მაგრამ მილიგანთან ერთად ამ წიგნზე მუშაობის ორი წლის მანძილზე მის მიერ მონათხრობის დაუჯერებლობით გამოწვეული ეჭვი ძიების შედეგად მისი სიზუსტის დადგენამ გამიქარწყლა.
ოჰაიოს გაზეთები რომ კვლავაც ორაზროვნებით არის გამსჭვალული, ამას „დეიტონ დეილი ნიუსში“ 1981 წლის 2 იანვარს – უკანასკნელი დანაშაულებებიდან სამი წლისა და ორი თვის შემდეგ გამოქვეყნებული სტატიაც მოწმობს:
თვალთმაქცი თუ მსხვერპლი? მილიგანის საქმის ორი მხარის გაშუქება
ავტორი: ჯო ფენლი
„უილიამ სტენლი მილიგანი მშფოთვარე ადამიანია და ასეთივე ცხოვრებით ცხოვრობს. ის ან ყალთაბანდია, რომელმაც საზოგადოება გაასულელა და მძიმე დანაშაულისთვის პასუხისგებას დაუსხლტა, ან მრავლობითი პიროვნული აშლილობის ჭეშმარიტი მსხვერპლი. სურათი კი ნებისმიერ შემთხვევაში რთულია. მხოლოდ დრო თუ გვიჩვენებს, მილიგანმა მსოფლიო გააცურა, თუ ის ისტორიაში მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მსხვერპლია…“
იქნებ ეს „დრო“ სწორედ ახლა დადგა.
დ.კ.
ათენი, ოჰაიო, 3 იანვარი, 1981
მასში მცხოვრები ადამიანები
ათნი
პიროვნებები, რომელთა არსებობა სასამართლო პროცესების მანძილზე ფსიქიატრების, ადვოკატების, პოლიციისა და მედიისთვის გახდა ცნობილი.
1. უილიამ სტენლი მილიგანი („ბილი“), 26 წლის. მთავარი, თუ ძირითადი პიროვნება, რომელიც შემდგომში „დანაწევრებული ბილის“, ან „დ-ბილის“ სახელით მოიხსენიება. სწავლა მიატოვა. სიმაღლე – 183 სმ. წონა – 86 კგ. ცისფერი თვალები, ყავისფერი თმა.
2. არტური, 22 წლის. ინგლისელი. რაციონალური, უემოციო. ბრიტანული აქცენტით საუბრობს. დამოუკიდებლად შეისწავლა ფიზიკა და ქიმია, ახლა სამედიცინო ლიტერატურას ეცნობა. თავისუფლად კითხულობს და წერს არაბულად. მიუხედავად იმისა, რომ ურყევი კონსერვატორია და თავს კაპიტალისტად მიიჩნევს, ათეისტია. დანარჩენები პირველად მან აღმოაჩინა. უსაფრთხო გარემოში დომინირებს და წყვეტს, „ოჯახის წევრებიდან“ რომელი იჩენს თავს და ჩაიგდებს ხელში ცნობიერებას. სათვალეს ატარებს.
3. რეიგენ ვადასკოვინიჩი, 23 წლის. სიძულვილის მცველი. მისი სახელი მომდინარეობს სიტყვებიდან “რეიჯ“ (ინგლ. „რისხვა“) და „ეგენ“ (ინგლ. „ისევ“). იუგოსლავიელია, ინგლისურად გამოკვეთილი სლავური აქცენტით მეტყველებს; კითხულობს, წერს და საუბრობს სერბულ-ხორვატულად. იარაღისა და აღჭურვილობის საკითხების ექსპერტი და კარატეს სპეციალისტი რეიგენი ადრენალინის მოზღვავების კონტროლის უნარის წყალობით არნახულად ძლიერია. ის კომუნისტია და ათეისტი. მისი ფუნქცია ოჯახისა და ზოგადად, ქალებისა და ბავშვების დაცვაა. სახიფათო ადგილებში ცნობიერების სადავეებს ხელში ის იღებს. დამნაშავეებთან და ნარკომანებთან აქვს საქმე და აღიარებს, რომ დანაშაულს, ზოგჯერ – სისასტიკესაც ჩადის ხოლმე. 95 კილოგრამს იწონის, უშველებელი მკლავები, შავი თმა და გრძელი, ჩამოყრილი ულვაშები აქვს. შავ-თეთრად ხატავს, რადგან დალტონიკია.
4. ალენი, 18 წლის. თაღლითი. მანიპულატორი ალენი უცხოებთან ყველაზე ხშირად აგვარებს საქმეებს. აგნოსტიკოსია და მისი პოზიციაა: „მიიღე ცხოვრებისაგან საუკეთესო“. დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს, ხატავს პორტრეტებს და პიროვნებათაგან ერთადერთია, ვინც სიგარეტს ეწევა. ბილის დედასთან ახლოს არის. უილიამის სიმაღლისაა, თუმცა მასზე ნაკლებს იწონის (75 კგ.). თმა მარჯვნივ აქვს გადაყოფილი და მარჯვენა ხელი მხოლოდ მას აქვს წამყვანი.
5. ტომი, 16 წლის. გაქცევის ოსტატი. ტომი, რომელიც ხშირად ალენში ეშლებათ, აგრესიული და ანტისოციალურია. უკრავს საქსოფონზე, ელექტრონიკის მცოდნე და პეიზაჟების მხატვარია. მუქი ქერა თმა და მუქი თაფლისფერი თვალები აქვს.
6. დენი, 14 წლის. შეშინებული. ეშინია ადამიანების, განსაკუთრებით კი – კაცების. საკუთარი საფლავის გათხრა აიძულეს და შიგ ცოცხლად ჩამარხეს. ამიტომ ამის შემდეგ მხოლოდ ნატურმორტებს ხატავს. მხრებამდე სიგრძის ქერა თმა და ცისფერი თვალები აქვს, დაბალი და გამხდარია.
7. დეივიდი, 8 წლის. ტკივილის მიმღები, ანუ თანამგრძნობი. ყველა დანარჩენი პიროვნების ტკივილსა და ტანჯვას შთანთქავს. უკიდურესად მგრძნობიარეა, თუმცა ყურადღების მოკრების უნარი ძალზე შეზღუდული აქვს. უმეტესწილად დაბნეულია. მუქი მოწითალო-ყავისფერი თმა და ცისფერი თვალები აქვს, ტანად პატარაა.
8. ქრისტინი, 3 წლის. „კუთხის ბავშვი“ დაარქვეს, რადგან სკოლაში კუთხეში იდგა ხოლმე. ჭკვიანი ინგლისელი პატარა გოგოა, კითხვა და ბეჭდვა შეუძლია, მაგრამ დისლექსია აქვს. ყვავილებისა და პეპლების ხატვა და გაფერადება უყვარს. ქერა თმა მხრებამდე სწვდება, ცისფერი თვალები აქვს.
9. ქრისტოფერი, 13 წლის. ქრისტინის ძმა. ბრიტანული აქცენტით ლაპარაკობს. დამჯერი, მაგრამ შფოთიანია. ტუჩის გარმონზე უკრავს. ქრისტინივით მოყავისფრო-ქერა თმა შუბლზე მოკლედ აქვს შეჭრილი.
10. ადალანა, 19 წლის. ლესბოსელი. მორცხვი, მარტოსული და საკუთარ თავში ჩაკეტილია, ლექსებს წერს, დანარჩენებს საჭმელს უმზადებს და სახლს ულაგებს. ადალანას მეჩხერი შავი თმა აქვს და რადგანაც ყავისფერი თვალები დროდადრო უთამაშებს, ამბობენ, „მოცეკვავე თვალები აქვსო“.
არასასურველები
არტურმა ისინი არასასურველი თვისებების გამო განდევნა. თავი პირველად ათენის ფსიქიატრიული ჯანდაცვის ცენტრში, ექიმ დეივის კოლის წინაშე გამოააშკარავეს.
11. ფილიპი, 20 წლის. განგსტერი. ნიუ-იორკელია, მკვეთრი ბრუკლინური აქცენტი აქვს, ვულგარულ გამოთქმებს იყენებს. „ფილის“ ხსენებამ პოლიცია და მედია მიახვედრა, რომ ათი მათთვის ცნობილი პიროვნების გარდა კიდევ სხვებიც არსებობდნენ. უმძიმესი დანაშაულებები აქვს ჩადენილი. ხვეული ყავისფერი თმა, ყავისფერი თვალები და ნისკარტივით ცხვირი აქვს.
12. კევინი, 20 წლის. დამგეგმავი. წვრილმანი ხულიგანი, აფთიაქის ძარცვა დაგეგმა. წერა უყვარს. ქერა თმა და მწვანე თვალები აქვს.
13. უოლტერი, 22 წლის. ავსტრალიელი. თავს მსხვილ ნადირზე მონადირედ მიიჩნევს. აქვს ორიენტირების შესანიშნავი უნარი და ხშირად „მზვერავის“ ფუნქციას ითავსებს. ემოციებს თრგუნავს. ექსცენტრულია. ულვაშს ატარებს.
14. ეიპრილი, 19 წლის. ძუკნა. ბოსტონური აქცენტი აქვს. თავი ბილის მამინაცვალზე ჯოჯოხეთური შურისძიების აზრებითა და გეგმებით აქვს სავსე. დანარჩენები ამბობენ, გიჟიაო. ძაფს ართავს და სახლს ალაგებს ხოლმე. შავი თმა და ყავისფერი თვალები აქვს.
15. სემუელი, 18 წლის. მოხეტიალე ებრაელი. თავისი აღმსარებლობის განუხრელად მიმდევარი სემუელი ერთადერთი მორწმუნეა. მოქანდაკე და ხეზე კვეთის ოსტატია. შავი, ხვეული თმა და წვერი აქვს, ყავისფერი თვალები.
16. მარკი, 16 წლის. მშრომელი. ინიციატივას არ იჩენს. სანამ სხვები არ ეტყვიან, არაფერს აკეთებს. მონოტონურ სამუშაოს ასრულებს. თუ საქმე არაფერია, კედელს არის მიშტერებული. ზოგჯერ „ზომბად“ იწოდება.
17. სტივი, 21 წლის. მარადი თვითმარქვია. ხალხის გამოჯავრება და დაცინვა უყვარს. საკუთარ თავში შეყვარებული სტივი ერთადერთია შინაგან „მე“-თაგან, რომელიც მრავლობითი პიროვნული აშლილობის დიაგნოზს არ აღიარებს. მისი იმიტატორული გამოჯავრებები დანარჩენებს ხშირად პრობლემებს უქმნის.
18. ლი, 20 წლის. კომიკოსი. ხუმარა, ჯამბაზი, ენამახვილი. მისი ენამწარე ხუმრობები სხვებს ხშირად აღიზიანებს, რაც მათ შორის შეხლა-შემოხლას, შედეგად კი – მათ კარცერში გამწესებას იწვევს. არც სიცოცხლე ანაღვლებს და არც საკუთარი ქცევის შედეგები. მუქი ყავისფერი თმა და ყავისფერი თვალები აქვს.
19. ჯეისონი, 13 წლის. წნევის სარქველი. ისტერიული რეაქციებითა და ემოციური აფეთქებებით, რომლებიც ხშირად სასჯელს იწვევს, გარკვეულწილად, ორთქლს უშვებს. თან მიაქვს ცუდი მოგონებები, რათა დანარჩენებმა მათი დავიწყება შეძლონ, რასაც ამნეზია მოსდევს. ყავისფერი თმა და ყავისფერი თვალები აქვს.
20. რობერტი (ბობი), 17 წლის. მეოცნებე. გამუდმებით მოგზაურობასა და თავგადასავლებს წარმოისახავს ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ოცნებობს, სამყარო უკეთესი გახადოს, არც ამბიცია გააჩნია და არც ინტელექტუალური ინტერესები.
21. შონი, 4 წლის. ყრუ. ყურადღების კონცენტრაციის შეზღუდული უნარი აქვს და ხშირად გონებრივად ჩამორჩენილად მიიჩნევენ. თავში ვიბრაცია რომ იგრძნოს, ზუზუნისმაგვარ ხმებს გამოსცემს.
22. მარტინი, 19 წლის. სნობი. ნიუ-იორკელია და ყოყლოჩინა. ამპარტავანია და ცხვირაწეული. ყველაფრის დაუმსახურებლად მიღება უნდა. ქერა თმა და ნაცრისფერი თვალები აქვს.
23. ტიმოთი (ტიმი), 15 წლის. ყვავილების მაღაზიაში მუშაობისას ჰომოსექსუალს გადაეყარა, რომელმაც დააფრთხო. ამის შემდეგ თავის სამყაროში ჩაიკეტა.
მასწავლებელი
მასწავლებელი, 26 წლის. ოცდასამივე ალტერ ეგოს ჯამი. დანარჩენებს ყველაფერი მან ასწავლა. ჭკვიანია, მგრძნობიარე, დახვეწილი იუმორის გრძნობა აქვს. ამბობს, „მილიგანი კი არა, ბალაგანი ვარო“, დანარჩენებს კი მოიხსენიებს, როგორც ,,ჩემი შექმნილი ანდროიდები”. მასწავლებელს თითქმის ყველაფერი ახსოვს და ამ წიგნის დაწერა სწორედ მისმა გამოჩენამ და თანამშრომლობამ გახადა შესაძლებელი.
თავი პირველი
(1)
1977 წლის 22 ოქტომბერს, შაბათს, უნივერსიტეტის დაცვის უფროსმა, ჯონ კლებერგმა ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ტერიტორია პოლიციის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მოაქცია. შეიარაღებული ოფიცრები მანქანებით და ფეხით კამპუსს უვლიდნენ გარს, სახურავებზე კი შეიარაღებული მზვერავები მორიგეობდნენ. ქალები გააფრთხილეს, მარტო სიარულისაგან თავი შეეკავებინათ და თუ მამაკაცებს მანქანაში ჩაუსხდებოდნენ, ფრთხილად ყოფილიყვნენ. რვა დღის განმავლობაში დილის 7-დან 8 საათამდე, კამპუსიდან, პირდაპირ დაცვის პუნქტთან უკვე მეორე ახალგაზრდა ქალი გაიტაცეს. პირველი ოპტომეტრიის ოცდახუთი წლის სტუდენტი იყო, მეორე – ოცდაოთხი წლის მედდა. ორივე მათგანი ქალაქგარეთ წაიყვანეს, გააუპატიურეს, ფულის განაღდება აიძულეს და გაძარცვეს. გაზეთებში პოლიციის მიერ მიწოდებული ფოტორობოტი გამოქვეყნდა, რომელსაც საზოგადოება ასობით სატელეფონო ზარით, სახელებითა და აღწერილობით გამოეხმაურა. ყველა მათგანი უსარგებლო იყო. არც რაიმე საყურადღებო მინიშნება ჩანდა და არც ეჭვმიტანილები. უნივერსიტეტში დაძაბულობა იზრდებოდა. მას შემდეგ, რაც სტუდენტურმა ორგანიზაციებმა და ადგილობრივი მოსახლეობისაგან შემდგარმა ჯგუფებმა ოჰაიოს გაზეთებისა და ტელემაუწყებლობის მიერ ,,კამპუსის მოძალადედ” წოდებული მამაკაცის დაკავება მოითხოვეს, პოლიციის უფროსი კლებერგი კიდევ უფრო ძლიერი წნეხის ქვეშ მოექცა. დამნაშავეზე ნადირობა კლებერგმა ელიოტ ბოქსერბაუმს, საგამოძიებო სამსახურის ახალგაზრდა ხელმძღვანელს მიანდო.
ბოქსერბაუმი, რომელიც თავს ..ლიბერალს” უწოდებდა, პოლიციის საქმიანობაში ჯერ კიდევ 1970 წელს, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას ჩაება, როცა სტუდენტური პროტესტის გამო კამპუსი დროებით დაიხურა.
ამავე წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, იმ პირობით, რომ გრძელ თმას შეიჭრიდა და ულვაშს მოიპარსავდა, სამსახურის დაწყება უნივერსიტეტის პოლიციის განყოფილებაში შესთავაზეს. თმა შეიჭრა, მაგრამ ულვაშთან გამოთხოვებაზე უარი განაცხადა. მაინც აიყვანეს.
ბოქსერბაუმმა და კლებერგმა ფოტორობოტები და ორი მსხვერპლის მიერ მიწოდებული მონაცემები რომ შეამოწმეს, ყველაფერი ერთ თავდამსხმელზე მიუთითებდა – ეს იყო თეთრკანიანი ამერიკელი მამაკაცი, სადღაც 23-27 წლისა. წონა 80-დან 84 კილოგრამამდე, ყავისფერი თუ მოწითურო-ყავისფერი თმით. ორივე შემთხვევაში მამაკაცს ყავისფერი სპორტული მაისური, ჯინსები და თეთრი სპორტული ფეხსაცმელი ეცვა.
პირველ მსხვერპლს, კერი დრაიერს ახსოვდა, რომ მოძალადეს ხელთათმანები ეკეთა და თან პატარა რევოლვერი ჰქონდა. თვალები კი დროდადრო აქეთ-იქით გაურბოდა – ამ სიმპტომში მსხვერპლმა ნისტაგმად წოდებული თვალის დაავადება ამოიცნო. კაცმა მანქანის კარზე ხელბორკილებით შიგნიდან მიაბა და ქალაქგარეთ უკაცრიელ ადგილას წაიყვანა, სადაც გააუპატიურა. გაუპატიურების შემდეგ უთხრა, თუ პოლიციაში მიხვალ, ჩემი თავი არ აუწერო. გაზეთში რამეს თუ წავაწყდი, ვინმეს გამოგიგზავნი და ის გაგისწორდებაო. იმის დასამტკიცებლად, რომ არ ხუმრობდა, მისი მისამართების წიგნაკიდან სახელები და ტელეფონის ნომრები ამოიწერა. დონა უესტმა, ტანდაბალმა, ჩასუქებულმა მომვლელმა თქვა, რომ კაცს, რომელიც თავს დაესხა, ავტომატური პისტოლეტი ჰქონდა. ხელებზე რაღაც ეცხო – ჭუჭყი ან ტალახი კი არა, რაღაც ზეთოვანი. ერთხელ უთხრა, ფილი მქვიაო. ბევრს იგინებოდა. ყავისფრად დაბურული მზის სათვალე ეკეთა და მისი თვალები არ დაუნახავს. ახლობლების კოორდინატები ამოიწერა და გააფრთხილა, რომ თუ დაასმენდა, მას ან მისი ოჯახის წევრს `საძმო მოუვლიდა“. პოლიციის დასკვნით, რომელიღაც ტერორისტული დაჯგუფებისა თუ მაფიის წევრობით ტრაბახობდა. კლებერგსა და ბოქსერბაუმს ორ აღწერილობას შორის მხოლოდ ერთი ნიშანდობლივი განსხვავება აბნევდა. პირველ მამაკაცს აღწერილობის მიხედვით მსხვილი, აკურატულად შეკრეჭილი ულვაში ჰქონდა. მეორეს – სამი დღის გაუპარსავი წვერი, თუმცა უულვაშო იყო. ,,ალბათ პირველ და მეორე შემთხვევებს შორის მოიპარსა,” – იღიმის ბოქსერბაუმი.
ქალაქ კოლამბუსის ცენტრალურ ნაწილში განლაგებულ პოლიციის ცენტრალურ სამმართველოში სექსუალურ დანაშაულებათა განყოფილების თანამშრომელი, ნიკი მილერი მეორე ცვლაში მორიგეობას ოთხშაბათს, 26 ოქტომბერს, დღის სამ საათზე შეუდგა.
ოთხშაბათს, 26 ოქტომბერს მილერი ლას-ვეგასში გატარებული ორკვირიანი შვებულებიდან ახალადდაბრუნებული იყო. გაკაჟებული, დასვენებული იერი ჰქონდა, ყავისფერ თვალებსა და აჭრილ ქერა თმაზე რუჯი ძალიან უხდებოდა. დეტექტივმა გრამლიჩმა, რომელიც პირველ ცვლაში მუშაობდა, უთხრა, რომ უნივერსიტეტის საავადმყოფოდან გაუპატიურების ახალგაზრდა მსხვერპლი მოჰყავდა. რადგან ეს მილერის საქმე იყო, გრამლიჩმა მისთვის ცნობილი რამდენიმე დეტალი გაუზიარა. პოლი ნიუტონი, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 21 წლის სტუდენტი უნივერსიტეტის კამპუსის მახლობლად მდებარე თავისი ბინის მახლობლად, დილის 8 საათისათვის გაიტაცეს. ის-ის იყო, ბოიფრენდის ლურჯი ,,კორვეტი” ადგილზე დააყენა და გადმოვიდა, რომ იძულებით ისევ მანქანაში ჩასვეს, საჭესთან დაჯდომა და ქალაქგარეთ, უკაცრიელ ადგილას წასვლა აიძულეს, სადაც გააუპატიურეს. ამის შემდეგ თავდამსხმელმა ორი ჩეკის გასანაღდებლად თავი უკან, კოლამბუსში წააყვანინა, მერე კი ისევ კამპუსის ტერიტორიაზე. შემდეგ ურჩია, მორიგი ჩეკი გაენაღდებინა, გადასახადების გადახდა შეეწყვიტა და ფული თავისთვის დაეტოვებინა. რადგანაც ნიკი მილერი შვებულებაში იმყოფებოდა, უნივერსიტეტის კამპუსის მოძალადის შესახებ არაფერი წაეკითხა და არც ფოტორობოტი ენახა. დეტალები პირველ ცვლაში მომუშავე დეტექტივებმა გააცნეს. ,,საქმის დეტალები”, – აღნიშნავდა მილერი ანგარიშში, ,,გაუპატიურების და გატაცების იმ ორი შემთხვევის დეტალებს ემთხვევა, რომლებსაც ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიცია იძიებს, რამდენადაც ეს მათ სამუშაო ტერიტორიაზე მოხდა”.
ნიკი მილერი და მისი პარტნიორი, ოფიცერი ეი ჯეი ბესელი მანქანით გაემართნენ უნივერსიტეტის ჰოსპიტალში მყოფ პოლი ნიუტონთან, მუქ წითურთმიან გოგონასთან სასაუბროდ. პოლის თქმით, გამტაცებელმა უთხრა, რომ ჯგუფ ,,The Weathermen”-ის წევრი იყო, გარდა ამისა, საკუთარი ბიზნესი ჰქონდა და ,.მაზერატი” ჰყავდა.
მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში სამედიცინო დახმარება გაუწიეს, პოლი მილერსა და ბესელს იმ ადგილის მოსაძებნად წაჰყვა, სადაც მანქანით წასვლა აიძულეს. მაგრამ უკვე ბნელდებოდა და ადგილის პოვნა გაუჭირდა. დათანხმდა, მეორე დილას კიდევ ეცადა. დანაშაულის ადგილის მაძიებელთა ბრიგადამ მისი მანქანიდან თითის ანაბეჭდები აიღო. აღმოჩენილ იქნა საკმაოდ მკვეთრი სამი ანაბეჭდი.
მილერმა და ბესელმა პოლი ისევ საგამოძიებო ბიუროში წაიყვანეს განყოფილების მხატვართან ერთად ფოტორობოტზე სამუშაოდ. შემდეგ მილერმა პოლის თეთრკანიანი სექსუალური მოძალადე მამაკაცების ფოტოების დათვალიერება სთხოვა. პოლიმ ფოტოებით სავსე სამი ალბომი დაათვალიერა, თითოეული ასჯერ მაინც, თუმცა უშედეგოდ. ღამის 10 საათზე პოლიციაში გატარებული შვიდი საათის შემდეგ დაქანცულმა პოლიმ მუშაობა შეწყვიტა. მეორე დილას დილის ცვლაში მომუშავე დეტექტივთა ბრიგადის წევრებმა პოლი ნიუტონი დელავერის ოლქში წაიყვანეს. დღის შუქზე მან შეძლო მათი იმ ადგილას მიყვანა, სადაც გააუპატიურეს. იქ, თხრილის პირას, ცხრამილიმეტრიანი ტყვიის გილზები ეყარა. როგორც პოლიმ დეტექტივებს უთხრა, აქედან ის კაცი ჩამწკრივებულ ლუდის ბოთლებს ესროდა და წყალში ყრიდა. განყოფილებაში რომ დაბრუნდნენ, ნიკი მილერი ის-ის იყო, სამსახურში მოსულიყო. მან პოლი მიმღების პირდაპირ მდებარე პატარა ოთახში დასვა და ფოტოების მორიგი შეკვრა მიუტანა. მერე პოლი მარტო დატოვა და კარი გაიხურა. ხუთ წუთში საგამოძიებო ბიუროში ელიოტ ბოქსერბაუმი მივიდა მეორე მსხვერპლთან, მედდა დონა უესტთან ერთად. ბოქსერბაუმს უნდოდა, მასაც დაეთვალიერებინა ფოტოალბომები. მან და პოლიციის უფროსმა კლებერგმა გადაწყვიტეს, ოპტომეტრიის სტუდენტი თადარიგში ჰყოლოდათ იმ შემთხვევისათვის, თუკი სასამართლოსათვის არ გამოადგებოდათ და საქმე პიროვნების ამოცნობის გზით იდენტიფიკაციაზე მიდგებოდა. ნიკი მილერმა დონა უესტი არქივის გასწვრივ მდებარე დერეფანში მაგიდასთან დასვა და ფოტოების სამი ალბომი მიუტანა. ,,ღმერთო ჩემო!” – თქვა მან. – ,,ნუთუ ქუჩებში ამდენი სექსუალური მანიაკი დასეირნობს?!” სანამ დონა სახეებს სათითაოდ აკვირდებოდა, ბოქსერბაუმი და მილერი იქვე იცდიდნენ. გაბრაზებული და იმედგაცრუებული დონა სწრაფად ფურცლავდა ალბომს. ნაცნობი სახეც შეხვდა – არა ის კაცი, ვინც გააუპატიურა, არამედ ყოფილი კლასელი – კაცი, რომელსაც ამასწინათ ქუჩაში შეხვდა. ფოტოს უკანა მხარეზე წაიკითხა, რომ კაცი უხამსი ქცევისათვის დაეპატიმრებინათ. ,,ღმერთო, რას აღარ გაიგებ!” – წაიბურტყუნა მან. ნახევარი ალბომი რომ დაათვალიერა, დონა მსხვილბაკენბარდებიანი, მზერაგაყინული სიმპატიური ახალგაზრდა კაცის ფოტოზე შეჩერდა. უცებ ისე წამოხტა, რომ კინაღამ სკამი გადააყირავა. ,,ეს არის! ეს არის! დარწმუნებული ვარ!” მილერმა დონას ფოტოს უკანა მხარეს თავისი სახელი მიაწერინა, შემდეგ საიდენტიფიკაციო ნომერი მოძებნა, ჩანაწერს შეადარა და დაწერა: ,,უილიამ ს. მილიგანი.” ფოტო ძველი იყო. შემდეგ იდენტიფიცირებული ფოტო ალბომის ბოლოსკენ ჩადო, რომელიც პოლი ნიუტონს ჯერ არ ენახა. ის, ბოქსერბაუმი, დეტექტივი, გვარად ბრაში და ოფიცერი ბესელი იმ ოთახისკენ გაემართნენ, სადაც პოლი იჯდა. ნიკი მილერმა იგრძნო, რომ პოლი თითქოს ხვდებოდა მისგან ამ ალბომის რომელიმე ფოტოს არჩევას რომ ელოდნენ. პოლი ბარათებს თითებით სინჯავდა, ფრთხილად ფურცლავდა. შუა ნაწილს რომ გასცდა, მილერი დაიძაბა. თუკი პოლი იმავე ფოტოს ამოარჩევდა, კამპუსის მოძალადე მათ ხელთ იყო. პოლი მილიგანის ფოტოზე შეჩერდა, შემდეგ კი ისიც გადაფურცლა. მილერს დაძაბულობისაგან მხრები და მკლავები დაეჭიმა. შემდეგ პოლიმ უკან გადაფურცლა ფოტოები და მსხვილბაკენბარდებიან ახალგაზრდას ისევ შეხედა. ,,აი, ეს ჰგავს ძალიან, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ”, თქვა მან. ბოქსერბაუმი მილიგანის სახელზე დაპატიმრების ორდერის გამოწერას ყოყმანობდა. მიუხედავად იმისა, რომ დონა უესტმა დამნაშავე ამოიცნო, მას ის ფაქტი აფიქრებდა, რომ ფოტო სამი წლის წინანდელი იყო. სურდა, თითის ანაბეჭდების ტესტისთვის მოეცადა. დეტექტივმა ბრაშმა მილიგანის საიდენტიფიკაციო მონაცემები პირველ სართულზე მდებარე დამნაშავეთა იდენტიფიკაციის ბიუროში ჩაიტანა, რომ მისი თითების ანაბეჭდი პოლის მანქანიდან აღებულისათვის შეედარებინა.
ნიკი მილერს ეს შეფერხება აღიზიანებდა. თვლიდა, რომ კაცს თავიდანვე სწორად ჩაუდგნენ კვალში და მისი დაუყოვნებლივ აყვანა სურდა. მაგრამ რადგან მის მსხვერპლს, პოლი ნიუტონს ამოცნობა არ დაუდასტურებია, სხვა რა გზა ჰქონდა – უნდა მოეცადა. ორ საათში ანგარიში მოვიდა. ,,კორვეტის” მარჯვენა კარის შუშის გარე ნაწილიდან აღებული მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის, მარჯვენა ხელის არათითისა და მარჯვენა მტევნის ანაბეჭდი მილიგანს ეკუთვნოდა. ყველა ანაბეჭდი სავსებით გამოსადეგი იყო. ათიანში მოარტყეს. თავისუფლად შეეძლოთ, სასამართლოსათვის წარედგინათ. ბოქსერბაუმი და კლებერგი ყოყმანობდნენ. სანამ ეჭვმიტანილს აიყვანდნენ, უნდოდათ, ბოლომდე დარწმუნებულები ყოფილიყვნენ და ანაბეჭდების შესაფასებლად ექსპერტის მოწვევა ითხოვეს. რადგან მილიგანის ანაბეჭდები მსხვერპლის მანქანიდან აღებულს დაემთხვა, ნიკი მილერმა გადაწყვიტა, გატაცების, ყაჩაღობისა და გაუპატიურების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღეძრა. დაკავების ორდერს მიიღებდა, მილიგანს განყოფილებაში მიიყვანდა და პოლის მისი უშუალოდ ამოცნობის შესაძლებლობა ექნებოდა. ბოქსერბაუმმა ეს ყველაფერი თავის შეფს, კლებერგს შეატყობინა. რომელმაც დაჟინებით მოსთხოვა, რომ ექსპერტის შეფასებისათვის მოეცადა. ამას ხომ კიდევ სულ რაღაც ორიოდე საათი დასჭირდებოდა. სჯობდა, დარწმუნებულები ყოფილიყვნენ. საღამოს რვა საათი იყო, როცა მოწვეულმა ექსპერტმა დაამოწმა, რომ ანაბეჭდები მილიგანს ეკუთვნოდა. ბოქსერბაუმმა თქვა: ..კარგი, გატაცების მუხლით აღვძრავ საქმეს. ეს ერთადერთი დანაშაულია, რომელიც უშუალოდ კამპუსის ტერიტორიაზე მოხდა და რომლის გამოძიებაც ჩვენს უფლებამოსილებაშია. გაუპატიურება სხვაგან მოხდა”. დამნაშავეთა იდენტიფიკაციის ბიუროდან შემოსული ინფორმაცია ამოიწერა: უილიამ სტენლი მილიგანი, 22 წლისა, ნასამართლევი. ექვსი თვის წინ ვადამდე იქნა გათავისუფლებული ოჰაიოს შტატის ლიბანის გამასწორებელი დაწესებულებიდან. პოლიციისათვის ცნობილი მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი ოჰაიოს შტატი, ლანკასტერი, სპრინგ-სტრიტი, ნომერი 933 იყო. მილერმა სპეცრაზმი გამოიძახა. ოპერაციის დასაგეგმად ყველამ სექსუალური დანაშაულებების წინააღმდეგ მებრძოლი ბრიგადის ოფისში მოიყარა თავი. უნდა დაედგინათ, ბინაში მილიგანთან ერთად რამდენი ადამიანი ცხოვრობდა. გაუპატიურების ორი მსხვერპლის თქმით, ის ამბობდა, ტერორისტი და დაქირავებული მებრძოლი ვარო. პოლის თანდასწრებით იარაღიდან ისროლა კიდეც. როგორც ჩანდა, მილიგანი შეიარაღებული და სახიფათო იყო. სპეცრაზმის ოფიცერმა კრეიგმა პოლის ასეთი ხრიკი შესთავაზა – მილიგანს კარზე პიცის ცარიელი ყუთით მიადგებოდა და ეტყოდა, რომ ვიღაცამ ამ მისამართიდან პიცა შეუკვეთა. კარს რომ გაუღებდნენ, კრეიგი ბინის დათვალიერებას შეეცდებოდა. გეგმა მიიღეს, მაგრამ ბოქსერბაუმს მისამართი აეჭვებდა – რატომ უნდა გაევლო ვიღაცის გასაუპატიურებლად ნასამართლევ ადამიანს 72 კილომეტრი ლანკასტერიდან კოლამბუსამდე ორი კვირის მანძილზე სამჯერ? რაღაც რიგზე ვერ იყო. რადგანაც გასვლას აპირებდნენ, ბოქსერბაუმმა ყურმილი აიღო, საცნობარო ბიუროს ნომერი აკრიფა, იკითხა, უილიამ მილიგანის სახელზე ახალი ჩანაწერი ხომ არ ჰქონდათ და მისამართი უცებ ჩაინიშნა. ,,გადასულა. რეინოლდსბურგი, ოლდ ლივინგსტონ ავენიუ 5673″, – გამოაცხადა ბოქსერბაუმმა. ..მანქანით ათი წუთის სავალზეა, აღმოსავლეთით. ახლა უკვე ყველაფერი გასაგებია”. ყველას ერთბაშად მოეშვა. ცხრა საათზე ბოქსერბაუმი, კლებერგი, მილერი, ბესელი და კოლამბუსის სპეცრაზმის ოთხი ოფიცერი უკაცრიელ გზაზე სამი მანქანით, 32 კმ/სთ სიჩქარით მიდიოდნენ. ისეთი სქელი ბურუსი იყო ჩამოწოლილი, რომ ფარების შუქი ვერ ატანდა. პირველი ადგილზე სპეცრაზმის ბრიგადა მივიდა. თხუთმეტი წუთის გზას ერთ საათს მოუნდნენ. მიხვეულ-მოხვეულ, ახლადდაგებულ ქუჩაზე მდებარე ჩენინგუეის საცხოვრებელ კომპლექსში მისამართის ძებნას კიდევ 15 წუთი დასჭირდა. სანამ დანარჩენების მისვლას ელოდებოდნენ, სპეცრაზმის ოფიცრები მეზობლებს გამოელაპარაკნენ. მილიგანის ბინაში შუქი ენთო. როცა დეტექტივები და უნივერსიტეტის ოფიცრები მივიდნენ, ყველამ თავისი ადგილი დაიკავა. ნიკი მილერი შიდა ეზოს მარჯვენა კუხეში მოეფარა თვალს. ბესელმა შენობას კუთხიდან მოუარა. დანარჩენმა სამმა სპეცრაზმის ოფიცერმა მეორე მხარეს დაიკავა პოზიციები. ბოქსერბაუმი და კლებერგი სირბილით მივიდნენ სახლის უკანა მხარეს და ორმაგ მოძრავ შუშის კარს აქეთ-იქით ამოუდგნენ. კრეიგმა პიცის ცარიელი ყუთი საბარგულიდან ამოიღო და შავი მარკერით დააწერა: ,,მილიგანი, ოლდ ლივინგსტონის 5673″… რევოლვერი რომ დაემალა, პერანგის კალთა ჯინსებიდან ამოიჩაჩა და შიდა ეზოზე გამავალი ოთხი კარიდან ერთ-ერთს აუჩქარებლად მიადგა. ზარი დარეკა. პასუხი არავის გაუცია. ისევ დარეკა და შიგნიდან ხმაური რომ მოესმა, გაბეზრებული პოზა მიიღო – ცალ ხელში პიცის ყუთი ეჭირა, მეორე კი იარაღთან ახლოს, თეძოზე დაიდო. სახლის უკნიდან ბოქსერბაუმმა დიდი ფერადი ტელევიზორის პირდაპირ, ყავისფერ სარწეველაში მჯდარი ახალგაზრდა დაინახა. წინკარის მარცხნივ წითელი სკამი დაინახა. L-ის ფორმის მისაღები/სასადილო. შიგნით მეტი არავინ ჩანდა. ტელევიზორს რომ უყურებდა, ის კაცი წამოდგა და კარის გასაღებად გაემართა. კრეიგმა ზარი ისევ რომ დარეკა, უცებ დაინახა, რომ კარის გვერდით განთავსებული შუშის პანელის მიღმიდან ვიღაც უყურებდა. კარი გაიღო და სიმპათიური ახალგაზრდა კაცი მიაშტერდა.
– პიცა მოგიტანეთ.
– მე პიცა არ შემიკვეთავს.
კრეიგი შეეცადა, მის მხარს მიღმა ბინაში შეეხედა. ფარდები გადაწეული იყო და უკანა, შუშის კარს იქით ბოქსერბაუმს ხედავდა.
– ეს მისამართი მომცეს. უილიამ მილიგანისთვის. თქვენ ხართ?
– არა.
– ვიღაცამ აქედან დარეკა შეკვეთაზე, – თქვა კრეიგმა. – თქვენ ვინ ხართ?
– ეს მეგობრის ბინაა.
– მეგობარი სად არის?
– ახლა აქ არ არის. – დუნე, მერყევი ხმით საუბრობდა.
– კი მაგრამ, სად არის? ამ მისამართიდან ვიღაცამ პიცა შეუკვეთა. ბილ მილიგანი. ეს მისამართი წერია.
– არ ვიცი. მეზობლები იცნობენ. იქნებ იმათ გითხრან. ან იქნებ იმათ შეუკვეთეს.
– მაჩვენებთ?
ახალგაზრდამ თავი დაუქნია, თავისი კარიდან რამდენიმე ნაბიჯში მდებარე კართან მივიდა, დააკაკუნა, რამდენიმე წამით მოიცადა და შემდეგ ისევ დააკაკუნა. პასუხი არავის გაუცია.
კრეიგმა პიცის ყუთი დააგდო, იარაღი ამოიღო და ეჭვმიტანილს კეფაზე მიაბჯინა.
– არ გაინძრე! ვიცი, რომ მილიგანი ხარ! – ხელბორკილებმა გაიჩხრიალა. ახალგაზრდა გაოგნებული იყო.
– ეგ რისთვის? არაფერი დამიშავებია.
კრეიგმა იარაღი ბეჭებს შორის მიადო და მილიგანის გრძელი თმა სადავესავით მოზიდა.
– შიგნით შევიდეთ.
კრეიგმა კაცი ისევ ბინაში რომ შეათრია, შჭAთ-ის ოფიცრები იარაღშემართულები შეიჭრნენ და ეჭვმიტანილს ალყა შემოარტყეს. მათ ბოქსერბაუმი და კლებერგი შემოუერთდნენ. ნიკი მილერს ფოტო ეჭირა და მილიგანის კისერზე უთითებდა, სადაც ხალი ეტყობოდა.
– ხალი აქვს. სახეც იგივეა. ეს არის.
მილიგანი წითელ სკამზე დასვეს და მილერმა შეამჩნია, რომ დაბნეული, ტრანსში მყოფის მსგავსი გამომეტყველებით კაცი თითქოს მის მიღმა იცქირებოდა. სერჟანტი დემპსი დაიხარა და სკამის ქვეშ შეიხედა.
– აი იარაღი, – თქვა მან და ფანქრით გამოაცოცა. – ცხრამილიმეტრიანი მაგნუმია, ,,სმიტ-ვესონი”.
სპეცრაზმის ოფიცერმა ტელევიზორის პირდაპირ მდგარი ყავისფერი სავარძელი გადააბრუნა და მჭიდისა და ტყვიებით სავსე ცელოფნის აღება დააპირა, მაგრამ დემპსიმ შეაჩერა.
– მოიცა, დაკავების ორდერი გვაქვს, ჩხრეკის კი არა.
მილიგანს მიუბრუნდა.
– რას იტყვი რომ გავჩხრიკოთ?
მილიგანი უაზროდ იყურებოდა. კლებერგმა იცოდა, რომ სხვა ოთახებში ხალხის მოსაძებნად ჩხრეკის ორდერი სულაც არ ესაჭიროებიდა, საძინებელში შევიდა და არეულ ლოგინზე დაგდებული ყავისფერი სპორტული ჟაკეტი დაინახა. ოთახი არეულ-დარეული იყო, თეთრეული მთელ იატაკზე იყო მიმოფენილი. კლებერგმა გამოღებულ კედლის კარადაში შეიხედა და თაროზე დონა უესტისა და კერი დრაიერის აკურატულად დაწყობილი საკრედიტო ბარათები დაინახა. ქალებისთვის წართმეული ქაღალდის ნაგლეჯებიც კი იქვე ეწყო. ყავისფრად დაფერილი მზის სათვალე და საფულე კარადაზე იდო. კლებერგი ბოქსერბაუმის ძებნას შეუდგა, უნდოდა ეთქვა, რა იპოვა. ბოლოს მხატვრის სახელოსნოდ გადაკეთებულ სასადილო კუთხეში მიაგნო.
– ამას შეხედეთ, – ბოქსერბაუმმა მაქმანით გაწყობილ ლურჯ მოსასხამში გამოწყობილი დედოფლის თუ მეთვრამეტე საუკუნის არისტოკრატი ქალის პორტრეტზე მიუთითა, პიანინოსთან რომ იჯდა და ხელში ნოტები ეჭირა. . დეტალები არაჩვეულებრივი სიზუსტით იყო გადმოცემული. ნახატს ხელს ,,მილიგანი” აწერდა.
– ვაჰ, რა ლამაზია, – თქვა კლებერგმა. მან კედელთან აყუდებულ დანარჩენ ტილოებს, ფუნჯებს და საღებავის ტუბებს გადახედა. ბოქსერბაუმმა შუბლზე ხელი შემოირტყა.
– დონა უესტი რომ დალაქავებულ ხელს ახსენებდა. აი, რისი ლაქები იყო. იქამდე ალბათ ხატავდა.
ნახატი ნიკი მილერსაც ენახა. ის ეჭვმიტანილს მიუახლოვდა, რომელიც ისევ სკამზე იჯდა.
– თქვენ ხართ მილიგანი, ხომ ასეა?
მან დაბნეულმა ახედა.
– არა, – წაიბურტყუნა მან.
– რა ლამაზი ნახატია. თქვენ დახატეთ?
თავი დაუქნია.
– ჰოდა, ზედ ,,მილიგანი” აწერია, – უთხრა მილერმა ღიმილით. ბოქსერბაუმი მილიგანს მიუახლოვდა.
– ბილ, მე ელიოტ ბოქსერბაუმი ვარ, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიციიდან. არ დამელაპარაკებით?
კაცს პასუხი არ გაუცია. კერი დრაიერის მიერ აღწერილი თვალის სპაზმური სიმპტომები არსად ჩანდა.
– ვინმემ თავისი უფლებები გააცნო?
არავის უპასუხია, ამიტომ ბოქსერბაუმმა უფლებების ამონაწერი ამოიღო და ხმამაღლა წაიკითხა. უნდოდა, დარწმუნებული ყოფილიყო.
– ბილ, კამპუსიდან გოგონების გატაცება გედებათ ბრალად. გინდათ ამაზე საუბარი?
ელდანაცემმა მილიგანმა თავი ასწია.
– რა ხდება? ვინმეს რამე დავუშავე?
– იმათ უთხარით, რომ სხვები გაუსწორდებოდნენ. ვისზე ამბობდით?
– იმედია, არავისთვის არაფერი დამიშავებია.
ოფიცერი საძინებლისკენ რომ გაემართა, მილიგანმა ისევ ახედა.
– იმ ყუთს არ დაეჯახოთ, აფეთქდება.
– ბომბია? – სწრაფად ჰკითხა კლებერგმა.
– იქ არის…
– მაჩვენებთ? – შეეკითხა ბოქსერბაუმი.
მილიგანი ნელა წამოდგა და საძინებლისკენ წავიდა. კართან შეჩერდა და თავი კარადის გვერდზე, იატაკზე მდებარე მუყაოს პატარა ყუთისაკენ გაიქნია. სანამ ბოქსერბაუმი იქაურობას ათვალიერებდა, კლებერგი მილიგანთან დარჩა. დანარჩენი ოფიცრები კარში, მილიგანის ზურგსუკან იყვნენ ჩამწკრივებულები. ბოქსერბაუმმა ყუთის გვერდით ჩაიმუხლა. ღია სახურავს მიღმა მავთულები და რაღაც საათის მსგავსი მექანიზმი ჩანდა. პოლიციელმა უკან დაიხია და სერჟანტ დემპსის მიმართა: – სახანძრო განყოფილების გამნაღმველთა ბრიგადას დაურეკეთ. კლებერგი და მე სადგურზე ვბრუნდებით. მილიგანს თან წავიყვანთ.
კლებერგი უნივერსიტეტის პოლიციის მანქანის საჭეს მიუჯდა. სპეცრაზმის ბრიგადის წევრი, როკველი მის გვერდით დაჯდა. ბოქსერბაუმი უკან ჩაჯდა მილიგანთან ერთად, რომელიც გაუპატიურების შესახებ დასმულ კითხვებს არ პასუხობდა. რადგან ხელები ხელბორკილით ზურგსუკან ჰქონდა შეკრული, წინ უხერხულად გადახრილიყო და უაზრო ფრაზებს ბურტყუნებდა: – ჩემი ძმა, სტიუარტი მკვდარია. ვინმეს რამე დავუშავე?
– ამ გოგონებიდან რომელიმეს იცნობდით? – ჰკითხა ბოქსერბაუმმა. – მედდას იცნობდით?
– დედაჩემია მედდა, – ჩაიბურტყუნა მილიგანმა.
– მითხარით, მსხვერპლის საძებნელად ოჰაიოს უნივერსიტეტის კამპუსში რა გინდოდათ?
– გერმანელები მიპოვიან და გამისწორდებიან.
– მოდი, მომხდარზე ვილაპარაკოთ, ბილ. მედდის გრძელმა, შავმა თმამ მიგიზიდათ?
მილიგანმა შეხედა.
– რა უცნაური ხართ.
მერე ისევ შეხედა და თქვა: – ჩემი და რომ გაიგებს, შევძულდები.
ბოქსერბაუმმა ფარ-ხმალი დაყარა.
პოლიციის ცენტრალურ სამმართველოში მივიდნენ და ტყვე საპროცედუროში, მესამე სართულზე, უკანა შესასვლელიდან აიყვანეს. ბოქსერბაუმი და კლებერგი მეორე ოთახში გავიდნენ, რომ ნიკი მილერს ჩხრეკის ორდერისათვის ცნობის მომზადებაში დახმარებოდნენ. თორმეტის ნახევარზე ოფიცერმა ბესელმა მილიგანს ისევ გააცნო თავისი უფლებები და ჰკითხა, მოაწერდა თუ არა ხელს დოკუმენტს უფლებებზე უარის თქმის შესახებ. მილიგანი უაზროდ იყურებოდა. ნიკი მილერმა გაიგო, როგორ ამბობდა ბესელი: ..მისმინეთ, ბილი, თქვენ სამი ქალი გააუპატიურეთ. გვინდა დეტალები ვიცოდეთ.”
– მართლა ასე ვქენი? – იკითხა მილიგანმა. – ვინმეს რამე დავუშავე? თუ დავუშავე, ვწუხვარ.
ამის შემდეგ მილიგანი მუნჯივით იჯდა. ბესელმა ანაბეჭდების ასაღებად და ფოტოების გადასაღებად მეოთხე სართულზე აიყვანა. რომ შევიდნენ, უნიფორმიანმა პოლიციელმა ქალმა ახედათ. ბესელი მილიგანის ხელს სწვდა, რომ მისთვის ანაბეჭდები აეღო, მაგრამ ტყვემ უეცრად უკან ისე დაიხია, თითქოს მისი შეხებისა ეშინოდა და თავდასაცავად პოლიციელ ქალს ამოეფარა.
– რაღაცის ეშინია, – თქვა ქალმა. გაფითრებულ, აკანკალებულ ახალგაზრდას მიუბრუნდა და ისე ნაზად დაელაპარაკა, თითქოს ბავშვს მიმართავდა.
– შენი ანაბეჭდები უნდა ავიღოთ. ხვდები რას გეუბნები?
– არ მინდა მომეკაროს!
– კარგი, მაშინ მე ვიზამ, ხომ? – უთხრა ქალმა.
მილიგანმა თავი დაუქნია და ანაბეჭდების აღების ნება დართო. ანაბეჭდების აღებისა და ფოტოების გადაღების შემდეგ ოფიცერმა მოსაცდელ საკანში გაგზავნა.
ჩხრეკის ორდერის შევსება რომ დაასრულა, ნიკი მილერმა მოსამართლე უესტს დაურეკა. უესტმა მისი დასაბუთება მოისმინა, საქმის გადაუდებლობის გათვალისწინებით შინ დაიბარა და იმ ღამით, ორის ოც წუთზე ორდერებს ხელი მოაწერა. მილერი მანქანით ისევ ჩანინგუეის საცხოვრებელ კომპლექსში დაბრუნდა. ნისლი გზაზე ამასობაში კიდევ უფრო შესქელებულიყო. შემდეგ მილერმა ტელეფონით დანაშაულის ადგილის ჩხრეკის მობილური ჯგუფი გამოიძახა. სამის თხუთმეტ წუთზე, ბინაში რომ მივიდნენ, ორდერები წარუდგინა და ჩხრეკა ჩაატარეს. ეჭვმიტანილის ბინიდან წამოღებული ნივთები: სარკიანი კომოდი – 343 დოლარი ნაღდი ფული, მზის სათვალე, ხელბორკილები და გასაღები, საფულე, პირადობის მოწმობა უილიამ სიმსისა და უილიამ მილიგანის სახელზე, სავაჭრო ჩეკი დონა უესტის სახელზე. კარადა – ბანკის კლიენტის მოწმობა დონა უესტისა და კერი დრაიერის სახელზე, დონა უესტის სამედიცინო ბარათი, პოლი ნიუტონის ფოტო, 25-კალიბრიანი ავტომატური პისტოლეტი ხუთი სავსე ვაზნით.
ტუალეტის მაგიდა – 31/2/11 ზომის ქაღალდის ფურცელი ზედ მიწერილი პოლი ნიუტონის მისამართით. მისი ტელეფონების წიგნიდან ამოხეული ფურცელი. საწოლის თავი – ზამბარიანი დანა, ფხვნილით სავსე ორი პაკეტი. კომოდი – მილიგანის სახელზე გამოგზავნილი სატელეფონი ქვითარი, სმიტ-ვესონის ფირმის ბუდე. წითელი სკამის ქვეშ – 9-მილიმეტრიანი სმიტ-ვესონი მჭიდითა და ექვსი ვაზნით. ყავისფერი სკამის ქვეშ – მჭიდი თხუთმეტი ვაზნით და ცელოფნის პარკში გახვეული კიდევ თხუთმეტი ვაზნა. პოლიციის ცენტრალურ ოფისში დაბრუნებულმა ნიკი მილერმა ნივთმტკიცება სასამართლოს კლერკს გადასცა, ნოტარიარულად დაამტკიცებინა და შემნახველ კამერას გადასცა. ,,სასამართლოში წარსადგენად საკმარისია”, – თქვა მან. მილიგანი ერთი ციცქნა საკნის კუთხეში მოკრუნჩხულიყო, ერთიანად ცახცახებდა. უეცრად ხრიალის მსგავსი ხმა ამოუშვა და გული წაუვიდა. წუთის შემდეგ თვალები გაახილა და გაოგნებულმა კედლებს, ტუალეტს, საწოლს დაუწყო თვალიერება. ,,ჯანდაბა, არა!” – იყვირა მან. – ,,ოღონდ ისევ ეს არა!” იატაკზე დაჯდა და სივრცეს უაზრო სახით მიაშტერდა. მერე კუთხეში ტარაკნები დაინახა და გამომეტყველება შეეცვალა. ფეხებგადაჯვარედინებული ახლოს მიუხოხდა და ნიკაპი ხელებს ჩამოაყრდნო. აკვირდებოდა, როგორ დარბოდნენ წრეზე და ბავშვივით იღიმებოდა.
(2)
რამდენიმე საათში გადასაყვანად რომ მოაკითხეს, მილიგანს ეღვიძა. ტუსაღების რიგში ხელბორკილით ზორბა შავკანიანს მიაბეს. პატიმრები კორიდორიდან კიბით ქვევით ჩაიყვანეს და უკანა კარიდან მანქანების სადგომთან გაიყვანეს. იქ ფრანკლინის საოლქო ციხის ფურგონში ჩასვეს. მანქანა ქალაქის შუაგულში მდებარე კოლამბუსის სავაჭრო ცენტრს მიუახლოვდა, სადაც ფუტურისტული ციხე-სიმაგრე იდგა. ბეტონის მასიური და ყრუ კედლები ოდნავ შიგნით იზნიქებოდა და ორი სართულის სიმაღლეზე იყო აღმართული. მეორე სართულს თანამედროვე საოფისე ოთახების მსგავსი ფართი ჰქონდა დაშენებული. ფრანკლინის ოლქის ციხის შიდა ეზოს ბენჯამინ ფრანკლინის ქანდაკება განაგებდა. ფურგონმა ციხის უკან გამავალ ვიწრო ქუჩაზე შეუხვია და გარაჟის რელიეფური ფოლადის კარს მიადგა. ამ კუთხიდან თუ შეხედავდი, ციხეს გვერდით მდგარი, უფრო მაღალი შენობის – ფრანკლისის ოლქის სასამართლოს ჩრდილი ეცემოდა. ფოლადის კარი ღრჭიალით ასწიეს მაღლა. ფურგონი შიგნით შევიდა და მის უკან კარი ისევ დაეშვა. ხელდაბორკილი პატიმრები ფურგონიდან ციხისკენ მიმავალ ვიწრო გასასვლელში – ფოლადის ორ ასაწევ კარს შორის მდებარე სივრცეში გაიყვანეს. ყველა, ერთის გარდა. მილიგანს ხელები ხელბორკილებიდან გამოეძვრინა და ისევ ფურგონში იყო. ,,გამოეთრიე მაქედან, მილიგან!” – დაუყვირა ოფიცერმა. ,,გამო, შე ძუკნის გაგდებულო ახვარო. როგორ გგონია, სად მოხვედი?”
შავკანიანმა, რომელზეც მილიგანი იყო მიბმული, თქვა: ,,მე არაფერი მიქნია. ღმერთს ვფიცავ, ეგრევე აიღო და მოიძრო.” ციხის კარი სისინით გაიღო და ექვსი ტუსაღი გარე კარსა და გისოსებით აჭედილ სივრცეს შორის გასასვლელში შერეკეს. გისოსებიდან საკონტროლო ცენტრი ჩანდა – ტელევიზორის ეკრანები, კომპიუტერები და მრავალი ოფიცერი – კაცებს რუხი შარვლები და შავი პერანგები ეცვათ, ქალებს – რუხი ქვედაკაბები და შავი პერანგები. როცა გარეთა კარი მათ ზურგსუკან დაიხურა, გისოსებიანი შიდა ჭიშკარი გაიღო და ტუსაღები შიგნით შეიყვანეს. დერეფანი შავპერანგიანი, აქეთ-იქით მოსიარულე ხალხით და კომპიუტერის კლავიატურის კაკუნით იყო სავსე. შესასვლელში მილიგანს ქალმა ოფიცერმა ქაღალდის კონვერტი გაუწოდა.
– ძვირფასეულობა, – თქვა მან. – ბეჭდები, საათები, სამკაული, საფულე.
როცა მილიგანმა ჯიბეები დაიცარიელა, ქალმა მისი ქურთუკი აიღო და სანამ შემნახველი კამერის მორიგე ოფიცერს გადასცემდა, სარჩული ხელით მოუსინჯა. ამის შემდეგ მილიგანი ახალგაზრდა ოფიცერმა კიდევ ერთხელ და უფრო დაკვირვებით გაჩხრიკა და დანარჩენ პატიმრებთან ერთად მოსაცდელ კამერაში შეიყვანა, სადაც რეგისტრაციას ელოდებოდნენ. პატარა კვადრატული ფანჯრიდან თვალები იცქირებოდა. მილიგანს შავკანიანმა მუჯლუგუნი გაჰკრა და უთხრა:
_ შენ მაგარი ვინმე ჩანხარ. ბორკილები ხო მოიძრე. ეხა ბარემ აქედანაც გაგვიყვანე.
მილიგანმა უაზროდ შეხედა.
– პოლიციას ნუ გადაიკიდებ, – უთხრა შავკანიანმა. – გაგხევენ ცემაში. ეგრეა. აქ ბევრჯერ ვარ ნამყოფი. ნაჯდომი ხარ?
მილიგანმა თავი დაუქნია.
– მაგიტომაც არ მომწონს. მაგიტო მინდა გასვლა.
(3)
ციხიდან ერთ კვარტალში მდებარე სახალხო დამცველის ოფისში ტელეფონმა რომ დარეკა, გერი შვეიკარტი – ოცდაცამეტი წლის მაღალი, წვერებიანი ადვოკატი ჩიბუხს უკიდებდა. რონ რედმონდი რეკავდა, საშტატო ადვოკატი.
– საქალაქო სასამართლოში რაღაც გავიგე, – უთხრა რედმონდმა. – გუშინ ღამით პოლიციამ კამპუსის მოძალადე აიყვანა და ახლახან ფრანკლინის საოლქო ციხეში გადაუყვანიათ. საპროცესო შეთანხმების თანხა ნახევარი მილიონია. ვინმე უნდა გაუშვათ სასწრაფო პირველადი კონსულტაციისთვის.
– ამწუთას აქ სხვა არავინ მყავს, რონ. მარტო ვმორიგეობ.
– ხმა უკვე დაირხა და იქაურობას მალე ,,სიტიზენ-ჯორნელის” და ,,დისპეჩის” რეპორტიორები მოედებიან. გული მიგრძნობს, პოლიცია ბიჭს მაგრად მიაწვება.
სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულებების შემთხვევაში, როცა პოლიცია, როგორც წესი, გამოძიებას დაკავების შემდეგაც აგრძელებდა, გერი შვეიკარტი ალალბედზე ირჩევდა ხოლმე რიგით ადვოკატს საოლქო ციხეში გასაგზავნად. მაგრამ ეს რიგითი დაკავების ამბავი როდი იყო. კამპუსის მოძალადის მიმართ მედიის დიდი ინტერესი ამ საქმის გახსნას კოლამბუსის პოლიციის დეპარტამენტის დიდ წარმატებად აქცევდა და შვეიკარტმა ივარაუდა, რომ პატიმარს მანამ მიაწვებოდნენ, სანამ აღიარებით ჩვენებას არ დაწერდა. მისი უფლებების დასაცავად დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდათ. შვეიკარტმა გადაწყვიტა, საოლქო ციხეში გაევლო. იმ კაცს ერთ-ორ სიტყვას ეტყოდა, თავს წარუდგენდა, როგორც სახალხო დამცველი და გააფრთხილებდა, ადვოკატის გარდა არავის დალაპარაკებოდა. შვეიკარტი საოლქო ციხეში იმ დროს შეუშვეს, როცა ორ პოლიციელს მილიგანი სასეირნო ბილიკისკენ მიჰყავდა მორიგე ოფიცრისთვის გადასაცემად. შვეიკარტმა ოფიცერს სთხოვა, პატიმართან ცოტა ხნით გასაუბრების საშუალება მიეცა.
– რაზეც მეუბნებიან რომ ჩავიდინე, არაფერი არ მახსოვს, – სლუკუნებდა მილიგანი. – არ მახსოვს. მოვიდნენ და ……
– მომისმინეთ, მე მხოლოდ თქვენთვის თავის წარდგენა მინდოდა, – უთხრა შვეიკარტმა. – ხალხით სავსე დერეფანი საქმის დეტალებზე სასაუბრო ადგილი არ არის. პირადად ერთ-ორ დღეში ვისაუბრებთ.
– მაგრამ მე ხომ არ მახსოვს. იმათ ეს რაღაცეები ჩემს ბინაში იპოვეს და… …
– ეი, ნუ ყვებით! აქ კედლებსაც ყურები აქვთ. ზევით რომ აგიყვანენ, ფრთხილად იყავით. პოლიციამ ბევრი ხრიკი იცის. არავის დაელაპარაკოთ. არც სხვა პატიმრებს. შეიძლება ვინმე შემოგზავნილი იყოს. ყოველთვის არიან ისეთები, ყურები რომ აქვთ დაცქვეტილი, იქნებ რამე ისეთს ჩაავლონ, მერე ვინმეს რომ მიყიდონ. თუ გინდათ, პროცესმა სამართლიანად ჩაიაროს, ენას კბილი დააჭირეთ.
მილიგანი თავის კანტურსა და ლოყების სრესას აგრძელებდა და ისევ საქმის დეტალებზე ლაპარაკს ცდილობდა. მერე ამოილუღლუღა:
– უთხრით, რომ არ ვარ დამნაშავე. მე მგონი გიჟი ვარ.
– ვნახოთ, – უთხრა შვეიკარტმა. – ოღონდ მაგაზე აქ ნუ ვილაპარაკებთ.
– ქალი იურისტი არის ჩემ საქმეს რომ მოკიდოს ხელი?
– კი, გვყავს ქალი იურისტი. ვნახავ, რას მოვახერხებ.
ოფიცერმა მილიგანი ტანსაცმლის გამოსაცვლელად და ლურჯი სპორტული უნიფორმის ჩასაცმელად რომ წაიყვანა, შვეიკარტმა თვალი გააყოლა. ძნელი იქნებოდა ამ ბიჭთან მუშაობა. ცარიელი ნერვები ჩანდა. დანაშაულს პირდაპირ როდი უარყოფდა. მხოლოდ იმას იმეორებდა, რომ არ ახსოვდა. ეს უჩვეულო იყო. მაგრამ კამპუსის მოძალადე და შეურაცხადი? შვეიკარტს წარმოედგინა, გაზეთებს რა დღე გაუთენდებოდათ.
ფრანკლინის საოლქო ციხის გარეთ ,,კოლამბუს დისპეჩი” იყიდა და პირველ გვერდზე სათაური დაინახა:
,,პოლიციამ კამპუსის ტერიტორიაზე მომხდარ გაუპატიურებებში ეჭვმიტანილი დააპატიმრა”.
რეპორტაჟში ეწერა, რომ ერთ-ერთ მსხვერპლს, ოცდაექვსი წლის კურსდამთავრებულს, რომელიც ორი კვირის წინ გააუპატიურეს, პოლიციაში ეჭვმიტანილის ამოცნობა სთხოვეს. სტატიის თავზე ფოტოსურათი იყო, რომელსაც ,,მილიგანი” ეწერა.
სახალხო დამცველის ოფისში დაბრუნებულმა შვერკარტმა სხვა ადგილობრივ გაზეთებში დარეკა და სთხოვა, ფოტო არ გამოექვეყნებინათ, რადგან ამას შეიძლებოდა ორშაბათს ამოცნობის პროცესი მიკერძოებულად წარემართა. მათ უარი უთხრეს, რადგან სურათი მოვიპოვეთ, გამოქვეყნების უფლებაც გვაქვსო. შვეიკარტმა წვერი ჩიბუხის ტარით მოიფხანა და მერე დააპირა ცოლისთვის დაერეკა, რომ ეთქვა, სადილზე დამაგვიანდებაო.
– ეი, – გაისმა ხმა მისი ოფისის კარიდან. – სკაში ცხვირის შეყოფის მომენტში გამოჭერილ დათვს გავხარ.
აიხედა და ჯუდი სტივენსონის მოღიმარი სახე დაინახა.
– ჰო, არა? – წაიბურდღუნა მან, ყურმილი დაკიდა და საპასუხოდ გაუღიმა. – აბა გამოიცანი, შენს თავს ვინ გვთხოვს?
ჯუდიმ წაბლისფერი თმა სახიდან უკან გადაიყარა და მარცხენა ყვრიმალზე ხალი გამოუჩნდა. მისი ყავისფერი თვალები შეკითხვას გამოხატავდნენ.
შვეიკარტმა გაზეთი მიუჩოჩა, სტატიასა და სათაურზე მიუთითა და პატარა ოფისი ბოხი სიცილით გააყრუა.
– ამოცნობის პროცედურა ორშაბათს დილით უნდა ჩატარდეს. მილიგანმა ქალი-ადვოკატი ითხოვა. კამპუსის მოძალადე შენია.
(4)
ჯუდი სტივენსონი პოლიციაში 31 ოქტომბერს, ორშაბათს, დილის ათის თხუთმეტ წუთზე მივიდა და როცა მილიგანი მოსაცდელ საკანში მოიყვანეს, ნახა, როგორი შეშინებული და სასოწარკვეთილი ჩანდა.
– სახალხო დამცველის ოფისიდან ვარ, – უთხრა მან. – გერი შვეიკარტმა მითხრა, რომ ქალი-ადვოკატი გინდოდათ, ასე რომ, ის და მე ერთად ვიმუშავებთ. ახლა კი დამშვიდდით. ისე გამოიყურებით, თითქოს სადაცაა ნერვები გიმტყუნებთ.
მან დაკეცილი ქაღალდი გაუწოდა.
– წინასწარი დაკავების ოფიცერმა პარასკევს ეს მომიტანა.
ჯუდიმ გაშალა ფურცელი და ნახა, რომ ეს ზრდასრულთა წინასწარი დაკავების ჩინოსნის მიერ გამოწერილი ,,დაკავების ორდერი” იყო. მილიგანი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჰყოლოდათ და უნდა შეეტყობინებინათ, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის წინასწარი მოსმენა პირობითი გათავისუფლების პერიოდში ფრანკლინის საოლქო ციხეში ჩატარდებოდა. რადგანაც პოლიციამ დაკავებისას მის სახლში იარაღი აღმოაჩინა, ჯუდი მიხვდა, რომ მისი პირობითი გათავისუფლება შეეძლოთ გაეუქმებინათ და დაუყოვნებლივ ცინცინატის მახლობლად მდებარე ლიბანის ციხეში გაეგზავნათ, რათა სასამართლოს იქ დალოდებოდა.
– მოსმენა ამ ოთხშაბათიდან სულ ერთ კვირაშია. ვეცდებით, აქ გაგაჩეროთ. სჯობს კოლამბუსში იყოთ, აქ თქვენთან შეხვედრა შეგვიძლია.
– არ მინდა ლიბანში დაბრუნება.
– კარგი, დაწყნარდით.
– არაფერი არ მახსოვს რომ გამეკეთებინოს, რაზეც მეუბნებიან გააკეთეო.
– კონსულტაცია მერე გვექნება, მოგვიანებით. ახლა, უბრალოდ, აი იმ პლატფორმაზე უნდა ახვიდეთ და დადგეთ. ხომ შეძლებთ?
– მგონი ჰო.
– თმა გადაიწიეთ სახიდან, რომ კარგად დაგინახონ.
პოლიციის ოფიცერმა საფეხურებზე აიყვანა დანარჩენებთან ერთად, მწკრივში რომ ჩამდგარიყო. ნომერი ,,ორი” ერგო.
მწკრივში ამოსაცნობად ოთხი ადამიანი იდგა. დონა უესტს, მედდას, რომელმაც მისი ფოტო ამოიცნო, უთხრეს, რომ მისი დახმარება აღარ სჭირდებოდათ და ისიც საქმროსთან ერთად კლივლენდში დაბრუნდა. სინტია მენდოსამ, კროგერის მაღაზიის კლერკმა, რომელმაც ერთ-ერთი ჩეკი გაანაღდა, მილიგანის იდენტიფიცირება ვერ შეძლო. მის ნაცვლად ნომერ ,,სამზე” მიუთითა. ქალმა, რომელიც აგვისტოში, სულ სხვა ვითარებაში გააუპატიურეს, თქვა, რომ ეს შესაძლოა, ნომერი ,,ორი” ყოფილიყო, მაგრამ დარწმუნებული არ იყო. კერი დრაიერმა თქვა, რომ ულვაშის გარეშე დანამდვილებით უჭირდა თქმა, მაგრამ ნომერი ,,ორი” ეცნობოდა. პოლი ნიუტონმა დაადასტურა მილიგანის ამოცნობა.
3 ნოემბერს მსაჯულთა დიდი კოლეგიის ვერდიქტის თანახმად, მილიგანი ბრალეულად სცნეს სამი გატაცების, დამამძიმებელ გარემოებებში სამი ყაჩაღობისა და ოთხი გაუპატიურების საქმეში. თითოეული სისხლის სამართლის უმაღლეს დანაშაულს წარმოადგენდა და ყოველი ფაქტისათვის ბრალდებულს 4-დან 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. პროკურატურა ბრალმდებელთა დანიშვნაში იშვიათად იღებდა მონაწილეობას, თვით მკვლელობის შემთხვევებშიც კი. მძიმე დანაშაულებათა განყოფილების უფროსი 2-3 კვირით ადრე შემთხვევითი შერჩევის მეთოდით დანიშნავდა ხოლმე ერთ-ერთ უფროს პროკურორს. მაგრამ საოლქო პროკურორმა, ჯორჯ სმიტმა, ორი საუკეთესო ბრალმდებელი დაიბარა და უთხრა, რომ კამპუსის მოძალადის ამბის გახმაურებამ ფართო საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამიტომ სურდა, საქმის სადავეები მაგარი ხელისთვის მიენდო.
33 წლის შავ, ხუჭუჭთმიან და გაწკეპილულვაშიან ტერი შერმანს სექსუალური მოძალადეების წინააღმდეგ დაუნდობელი მებრძოლის რეპუტაცია ჰქონდა და თავი იმით მოჰქონდა, რომ სასამართლოზე გაუპატიურების საქმე არც ერთხელ არ წაეგო. საქაღალდეს რომ გადახედა, გაეცინა.
– დამთავრებული საქმეა. ორდერები საფუძვლიანი იყო. ტიპი ჯიბეში გვიზის. სახალხო დამცველებს ხელში არაფერი უჭირავთ.
ბერნარდ ზალიგ იავიჩმა, სისხლის სამართლის პროკურატურის 35 წლის წევრმა იურიდიული ფაკულტეტი ჯუდი სტივენსონსა და გერი შვეიკარტზე ორი წლით ადრე დაამთავრა და ორივეს კარგად იცნობდა. გერი მასთან კლერკად იყო ნამუშევარი. სანამ პროკურატურაში მივიდოდა, იავიჩი ოთხი წელი სახალხო დამცველად მუშაობდა. ისიც დაეთანხმა შერმანს, რომ ამ საქმის მოგება არ გაუჭირდებოდათ.
– არ გაგვიჭირდებაო? – თქვა შერმანმა. – მთელი სამხილი, თითის ანაბეჭდები, იდენტიფიკაცია – ყველაფერი ჩვენს მხარეზეა. გეუბნებით, იმათ ხელში არაფერი არ აქვთ.
რამდენიმე დღის შემდეგ შერმანი ჯუდის ესაუბრა და გააფრთხილა:
– მილიგანის საქმეში განაჩენის შემსუბუქების შანსი არ იქნება. ის ყმაწვილი ჩვენია და ბრალის ცნობასაც ვეცდებით და მაქსიმალური ვადის მისჯასაც. უშანსოდ ხართ.
მაგრამ ბერნი იავიჩი ჩაფიქრებული იყო. როგორც ყოფილმა სახალხო დამცველმა, კარგად იცოდა, ჯუდისა და გერის ადგილას რასაც იზამდა.
– ერთი რამ დარჩენიათ – ფსიქიკურად დაავადებულად სცნონ.
შერმანს გაეცინა.
მეორე დღეს უილიამ მილიგანმა საკნის კედელზე თავის მირტყმით თვითმკვლელობა სცადა.
– ეგ ბიჭი სასამართლომდე ვერ იცოცხლებს, – უთხრა გერი შვეიკარტმა ჯუდი სტივენსონს, ეს ამბავი რომ გაიგო.
– არა მგონია სასამართლოზე წარსადგენად ქმედითუნარიანი იყოს, – უპასუხა ჯუდიმ. – ვფიქრობ, მოსამართლეს უნდა ვუთხრათ, რომ ის უძლურია, სასამართლოს წინაშე თავი დაიცვას.
– ფსიქიატრს გინდა შეამოწმებინო?
– უნდა შევამოწმებინოთ.
– ღმერთო ჩემო, – თქვა გერიმ. – უკვე წარმომიდგენია გაზეთების სათაურები.
– ეშმაკსაც წაუღია სათაურები. ბიჭს რაღაც სჭირს. არ ვიცი რა, მაგრამ შენც ხომ ნახე, სხვადასხვა დროს როგორი სხვადასხვანაირია. რომ მეუბნება, არ მახსოვს ვინმეს გაუპატიურებაო, მჯერა. უნდა გავსინჯოთ.
– მერე მაგას ვინ აანაზღაურებს?
– ამისათვის თანხა გვაქვს გამოყოფილი.
– კი, როგორ არა, მილიონები.
– ო, კარგი რა. ფსიქოლოგმა რომ შეამოწმოს, იმდენი ფული კი გვაქვს.
– ეგ მოსამართლეს უთხარი, – ჩაიბუზღუნა გერიმ.
როცა სასამართლო მოსმენის გადადებაზე დათანხმდა, რათა უილიამ მილიგანი ფსიქოლოგს შეემოწმებინა, გერი შვეიკარტმა ყურადღება პირობითი გათავისუფლების კომისიის მიერ ოთხშაბათს, დილის ცხრის ნახევარზე დანიშნულ საქმის წინასწარ მოსმენას მიაქცია.
– ისევ ლიბანის ციხეში გამგზავნიან, – თქვა მილიგანმა.
– ჩვენ თუ ჩავერევით, ვერსადაც ვერ გაგაგზავნიან, – უთხრა გერიმ.
– ჩემს ბინაში იარაღი იპოვეს. ,,მომაკვდინებელი ან ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, ფლობის, გამოყენების თუ კონტროლქვეშ ქონის” უფლება არ მქონდა. ეს ჩემი გათავისუფლების ერთ-ერთი პირობა იყო.
– შეიძლება, – თქვა გერიმ. – მაგრამ შენს დაცვას თუ ვაპირებთ, აქ, კოლამბუსში უნდა იყო, რომ შენთან თანამშრომლობა შევძლოთ. ლიბანის ციხე შორს არის.
– რის გაკეთებას აპირებთ?
– ეგ მე მომანდე.
გერიმ მილიგანს ღიმილი და თვალების ისეთი აგზნებული გამომეტყველება შეამჩნია, ადრე რომ არასოდეს ენახა. ლაღი და უდარდელი ჩანდა, თითქმის მხიარული. ეს ის ნერვების გროვა როდი იყო, პირველ დღეს რომ შეხვდა. მისი დაცვა შეიძლება გაცილებით უფრო მარტივი გამომდგარიყო, ვიდრე ეგონა.
– ეგრე, ეგრე, – უთხრა გერიმ. – მშვიდად იყავი.
მან მილიგანი საკონფერენციო დარბაზში შეიყვანა, სადაც პირობითი გათავისუფლების ორგანოს წარმომადგენლები ერთმანეთს უკვე მილიგანის პირადი ოფიცრის ანგარიშის ასლებსა და სერჟანტ დემპსის ჩვენების ტექსტს აწვდიდნენ, რომლის თანახმადაც მილიგანის დაკავებისას მან 9-მილიმეტრიანი ,,სმიტ-ვესონი” და 25-კალიბრიანი ნახევრადავტომატური იარაღი იპოვა, რომლის მჭიდშიც ხუთი ტყვია იდო.
– მითხარით, ბატონებო, – იკითხა შვეიკარტმა წვერზე თითების სმით. – ეს იარაღი გასროლით უკვე გამოსცადეს?
– არა, – მიუგო თავმჯდომარემ. – მაგრამ ნამდვილია, დატენილი.
– ბალისტიკური შემოწმება თუ არ გაუვლია, რა ვიცით, რომ ნამდვილია?
– საცდელი გასროლა მომდევნო კვირამდე არ იგეგმება.
გერიმ გაშლილი ხელი მაგიდას დაარტყა.
– დაჟინებით მოვითხოვ, რომ ვადამდელი გათავისუფლების საქმეს დღესვე გადახედოთ, ან ამის გაკეთება უკვე მოსმენის შემდეგ მოგიწევთ. არის კი ეს იარაღი? თუ სათამაშოა? ჩემთვის არ დაგიმტკიცებიათ, რომ იარაღია.
მან წევრებს სათითაოდ გადახედა.
თავმჯდომარემ თავი დაუქნია.
– ბატონებო, ვფიქრობ, არჩევანი არ გვაქვს. პირობითი გათავისუფლების გადაწყვეტილებას ვერ გადავხედავთ, სანამ არ დავადასტურებთ, რომ ეს მართლაც იარაღია.
მეორე დილას, თერთმეტის თხუთმეტ წუთზე მილიგანის პირობითი გათავისუფლების ოფიცერმა მოიტანა ცნობა, რომ პირობითი გათავისუფლების საქმის მოსმენა 1977 წლის 12 დეკემბერს, ლიბანის გამასწორებელ დაწესებულებაში შედგებოდა.
მილიგანის დასწრება სავალდებულო არ იყო.
ჯუდი მილიგანის სანახავად მივიდა. ჩხრეკის განყოფილების მიერ მის ბინაში ნაპოვნი სამხილის შესახებ უნდოდა საუბარი.
– თქვენ გგონიათ, რომ ეს მე გავაკეთე, არა?
ჯუდიმ მის თვალებში სასოწარკვეთა დაინახა.
– არა მგონია ამას მნიშვნელობა ჰქონდეს, ბილ. საქმე ნაპოვნ სამხილს ეხება. უნდა აგვიხსნა, რატომ გქონდა ეს ყველაფერი.
ჯუდიმ შეამჩნია, როგორ ჩაუქრა მილიგანს მზერა. ისევ გაუცხოვდა და თავის თავში ჩაიკეტა.
– მაგას არ აქვს მნიშვნელობა, აღარაფერს აღარა აქვს მნიშვნელობა, – თქვა მან.
მეორე დღეს ჯუდიმ საჯარო დაწესებულების ცალხაზიან ყვითელ ფურცელზე დაწერილი წერილი მიიღო.
ძვირფასო მის ჯუდი,
ამ წერილს იმიტომ გწერთ, რომ ზოგჯერ ვერ გამოვხატავ, რას ვგრძნობ და ყველაზე მეტად ის მინდა, რომ თქვენ გამიგოთ. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რაც მე გამიკეთეთ. თქვენ კეთილი, საყვარელი ადამიანი ხართ და ყველაფერი იღონეთ, რაც შეგეძლოთ. ამაზე მეტი რა უნდა უნდოდეს კაცს.
ახლა შეგიძლიათ, დამშვიდებული სინდისით დამივიწყოთ. თქვენს ოფისს გადაეცით, რომ ადვოკატი არ მინდა. არ დამჭირდება. რადგან თქვენც გჯერათ, რომ დამნაშავე ვარ, ესე იგი, ასეა. უბრალოდ, მინდოდა ამაში დავრწმუნებულიყავი. მთელი ცხოვრება მარტო იმას ვაკეთებდი, რომ ვინც მიყვარდა, იმათ ტკივილს ვაყენებდი. ცუდი ის არის, რომ ვერ ვჩერდები, იმიტომ, რომ არ შემიძლია. ციხეში გამოკეტვა უფრო უარეს დღეში ჩამაგდებს. წინაზეც ასე მოხდა. ფსიქიატრებმა არ იციან რა ქნან, იმიტომ რომ ვერ ხვდებიან, რა მჭირს. ახლა როგორმე უნდა შევჩერდე. ფარ-ხმალს ვყრი. უკვე აღარაფერი მანაღვლებს. უკანასკნელ რამეს გააკეთებთ ჩემთვის? დედას და ქეთის დაურეკეთ და უთხარით, აქ აღარ მოვიდნენ. აღარავის ნახვა აღარ მინდა და აქ მოსასვლელად ბენზინს ნუღარ დახარჯავენ. ორივე მიყვარს და ვწუხვარ. ვიცი, რომ საუკეთესო იურისტი ხართ და ყოველთვის მემახსოვრება, როგორ კეთილად მექცეოდით.
მშვიდობით,
ბილი.
იმ საღამოს მორიგე სერჟანტმა შვეიკარტს შინ დაურეკა.
– თქვენმა კლიენტმა ისევ სცადა თვითმკვლელობა.
– ღმერთო! რა ქნა?
– არ დაიჯერებთ, მაგრამ მის წინააღმდეგ ოლქის საკუთრების დაზიანების მუხლით საქმე უნდა აღვძრათ. საკანში უნიტაზი დაამსხვრია და მაჯები ფაიფურის ბასრი ნატეხებით გადაისერა.
– ჯანდაბა!
– კიდევ რაღაც უნდა გითხრათ – თქვენს კლიენტს უცნაური რამ სჭირს, უნიტაზი მუშტით დაამტვრია.
ელჯერნონის მერე ისედაც მიგრძნონდა გული, მაგრამ ახლა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება წიგნი-სასწაული :)
LikeLike
სასწაულია, კი. წიგნიც, თარგმანიც.
LikeLike
გული მეწურება რომ ორი წელი რობოტის რეჟიმზე უნდა ვიყო გადაწყობილი. წიგნებისთვის დრო არ მრჩება არადა ისე მომინდა ამის გაგრძელება:(
LikeLike
დრო ყველაზე დიდი დეფიციტია ამქვეყნად. კატასტროფულად არ მყოფნის მეც ((
LikeLike
[…] კოსმოოპერა, დენიელ კიზის “ბილი მილიგანის მრავალი გონება” – წლის, ალბათ, ყველაზე […]
LikeLike
მე შოკში ვარ. მე ბიბი მილიგანი ვარ 3:)
LikeLike
))))) ხომ ვამბობდი, უმაგრესი წიგნია-მეთქი )
LikeLike
sul esaa tu gagrdzeleba aqvs?
LikeLike
აქ მხოლოდ დასაწყისია.
LikeLike
ზაფხულში წავიკითხე, საოცარი წიგნია, თან, თუ გავითვალისწინებთ რომ რეალური ამბავია….
LikeLike
გამარჯობათ,ამ წიგნისმიხედვით ფილმი გადაიღეს თუ იცით? სახელს ხო ვერ მეტყვით?
LikeLike
რამდენადაც ვიცი, ჯერ არ გადაუღიათ. თუმცა მსგავსი სიუჟეტის ფილმები უნდა არსებობდეს.
LikeLike
The Three Faces of Eve შავ-თეთრი ფილმები თუ მოგწონს და მრავლობითი პიროვნების თემა, ეს ფილმი მოგეწონება ^^
LikeLike
სად შეიძება სრულად ვნახო ელექტრონული ვერსია,უფასოდ?
LikeLike
ვერ გეტყვით, ელვერსიებზე გამომცემლობას ჰკითხეთ.
LikeLike