მახსოვს, ძალიან პატარას, წნევით, წამლებით, ნემსებით და სასწრაფოს ღამეული გამოძახებით გაწვალებული ბებია მეუბნებოდა, მე წამოგყვები თბილისში და გასწავლი, შენ უნდა გახდე ჩემი ექიმიო.
კი, ბებია, გავხდები და მოგარჩენ-მეთქი, ვპირდებოდი. იმ წუთებში აბსოლუტურად გულწრფელი ვიყავი – ბებიას შეუძლოდ ყოფნას ძალიან განვიცდიდი და გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ ჩემ ხელში არაფერი დაემართებოდა.
მერე და მერე, პროფესიაზე რომ დავფიქრდი, ექიმობა აღარც გამხსენებია. ახლა ვხვდები, ჩემგან ექიმი მაინც არ დადგებოდა. სხვანაირი ხალხია. სხვანაირად აზროვნებენ. ექიმობას ქიმიის და ბიოლოგიის კარგად ცოდნა არ ყოფნის. ექიმად ან იბადები, ან არა.
ადამიანი ასეა მოწყობილი, სხვაში ყველაზე მეტად იმას აფასებს, რაც თავად აკლია, ან არ შეუძლია. ამის ბრალიცაა, ალბათ, ექიმები განსაკუთრებით რომ მიყვარს.
მიდიხარ საავადმყოფოში (ან ცოცხალ-მკვდარს მიგათრევენ), არ აქვს მნიშვნელობა, თითი გაიჭერი თუ გადაუდებელი ოპერაცია გჭირდება, გტკივა, ოხერი, ცუდად ხარ და დედამიწის ზურგზე ყველაზე მეტად ეს ტკივილი გაწუხებს, იმ წამს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი თეთრხალათიანი ექიმია, მხსნელიც ის არის, ერთადერთი იმედიც, უპირობო ავტორიტეტიც, თან გეშინია, შიშით კვდები, თან გტკივა, შიშნარევი მორიდებით უყურებ, მის ხელში ხარ, თვალებში შეჰყურებ, ხომ მიშველით, ექიმოო და ისიც გშველის.
ექიმებზე ნათქვამ აუგსაც განსაკუთრებულად განვიცდი.
ყოველდღე მესმის-მეთქი, ვერ ვიტყვი. საბედნიეროდ, არც ასე შავადაა საქმე. მადლობაც ბევრი წამიკითხავს და დალოცვაც, შენ გიკეთდა ხელებიო, მაგრამ ცუდს მთელი საფეისბუქეთი განიხილავს. ძალიან მძიმე და მწარე შედეგი მოჰყვება და იმიტომ.
ექიმების არაკვალიფიციურობაზე ლაპარაკობენ, შეცდომებზე, უპასუხისმგებლობასა და არაკეთილსინდისიერებაზე. არასწორ დიაგნოზზე, არასწორ მკურნალობაზე, გულგრილობაზე, უყურადღებობაზე. ყველაფერ ცუდს, ცხადია, ექიმს აბრალებენ.
სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, ამ დროს განზოგადება არასწორია. ყველას ერთ ქვაბში ვერ მოხარშავ და ერთ ტაფაზე ვერ შებრაწავ ადამიანი. ზოგჯერ პაციენტია დამნაშავე, ზოგჯერ – მდგომარეობაა გამოუვალი. ექიმი ყოვლისშემძლე ჯადოქარი არ არის, სკალპელი უჭირავს, ჯადოსნური ჯოხი კი არა, ერთი აქნევით ყველაფერს უშველოს. მარტივი არგუმენტია, უბრალოდ, ახსნა, გაგება და მიღება რთულდება, როცა საქმე შენი ოჯახის წევრის, უახლოესი მეგობრის ან თუნდაც კარგი ნაცნობის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ეხება.
ზოგჯერ ექიმის ბრალია. სამწუხაროდ, თეთრი ხალათი მხოლოდ კეთილსინდისიერებს არ აცვიათ და ჰიპოკრატეს ფიციც ზოგისთვის მხოლოდ სიტყვების უშინაარსო რახარუხია, სავალდებულოდ დასაზეპირებელი და დასაზუთხი.
ამას წინათ, ფეისბუქზე, ნიუსფიდმა მორიგი ქარდი ამომიგდო. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს მიმართავდა ავტორი, გეხვეწებით, ძალიან გთხოვთ, კარგად ისწავლეთო.
ხუმრობა იყო, ცხადია, სტანდარტული ფეისბუქური იუმორი, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, იმ ხუმრობას რა ვუთხარი, სიმართლის გვარიანი ყლუპი თუ არ ურევიაო.
ჩვენში დარჩეს, მომავალ მასწავლებლებსაც იგივეს ვთხოვდი, მოსამართლეებსაც, ჟურნალისტებს, მშენებლებს, ეკონომისტებს… ვერც ერთზე ვერ ვიტყვი, ნაკლებად მნიშვნელოვანი პროფესიაა-მეთქი, სულ პირიქით, მაგრამ ექიმები სხვანაირად გვადარდებს.
საოპერაციო მაგიდაზე გაშოტილს ვერც განათლება და ბექგრაუნდი გშველის, ვერც დიპლომი და სერტიფიკატები, ვერც მეგობრები და ვერც ბევრი ფული. იმ რამდენიმე თეთრხალათიანის პროფესიონალიზმის იმედად ხარ. ერთი შეცდომა და დიპლომიც გვერდზე დაგრჩება, ცოლიც, საყვარელიც, ოქროსქოჩრიანი შვილებიც და საათივით აწყობილი კარიერაც.
ძალიან დიდი ხნის წინ, ერთ-ერთ ტელეარხზე, “Soft Eject”-ის ყოფილი წევრის, ირაკლი ჭელიშვილის, a.k.a. პეჩოს ინტერვიუ აჩვენეს. სხვა რაღაცებთან ერთად, მედიცინაზეც ილაპარაკა (პეჩო განათლებით ექიმია) და ასეთი რამ თქვა, ადამიანი უთო არ არის, მედიცინა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარანტიებს ვერ იძლევაო.
ადამიანი რომ ურთულესი ორგანიზმია და გარანტია აპრიორი გამორიცხულია, ამას ჩემი მოკლე ჭკუითაც ვხვდები. იცი, რა მინდა? აი, ეს რწმენა – მთავარია, საავადმყოფომდე მივასწრო, მერე ყველაფერი კარგად იქნებაო. ყველა უსინდისო ექიმი, კონკრეტული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან ერთად, ამ იმედსაც ანადგურებს და კოლეგებს სახელს უტეხს. ჰოდა, მეც გავიმეორებ იმ ქარდის ავტორის ნათქვამს, სტუდენტებო, მართლა კარგად ისწავლეთ, გთხოვთ, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
უკან დასაბრუნებელი ბილეთის იმედით მოვდივართ თქვენთან და ერთი გზისას ნუ შემოგვაჩეჩებთ.
წელიწადზე მეტი შევალიე ექიმებთან სიარულს და ათიდან ერთი თუ იმსახურებდა თეთრ ხალათს (ამ ხნის მანძილზე მე თვითონ უფრო შევისწავლე მედიცინა)… კიდევ კარგი, მხოლოდ “ბუნებრივად წარმავალი” ალერგია შემრჩა ხელთ, თორემ “უკან დასაბრუნებელ ბილეთს” ნამდვილად ვერ ვეღირსებოდი )))
LikeLike
ჯვარი გწერია, რას ამბობ )
LikeLike
ეჰ, მოლი, შენ არ იცი, ვის ხელში ვართ სამედიცინოს სტუდენტები, თორემ უფრო შეგვიცოდებდი :D
საკითხი კი მართლაც საყურადღებოა. მედიცინაში 2X2 4 არასდროს არაა. ამის აღქმა ჩვეულებრივი ადამიანისთვის ძნელია.
LikeLike
დაახლოებით ვხვდები, თამრი )
LikeLike
სად მიდიხარ იმედია არაფერი სერიოზული(
LikeLike
არსად, თამი, ზოგადი პოსტია, ჩემზე არ დამიწერია, კარგად ვარ )
LikeLiked by 2 people
ამ ბლოგპოსტის დაწერას, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა აქტიურმა იუმორთშემგროვებლის ფეისბუქპოსტმა მისცა დიდი ბიძგი.
არ გამიგოთ ისე, არაკორექტულობას ვამართლებდე, მაგრამ ოცდაოთხსაათიანი (თუნდაც თვრამეტსაათიანი) სამუშაო რეჟიმის დროს ერთი-ორი „სახუმარო” სიტყვა დაგცდება ადამიანს, მაგრამ გაჩერერებაც თავის დროზე უნდა შეგეძლოს. ეს ყველგან ასეა, ალბათ.
LikeLike
არა )) არ ვიცი, რას გულისხმობ, მართლა. ფბ-ზე რამდენიმე “იუმორისტი” მოღვაწეობს (უფრო სწორად, ალბათ ბევრი, მაგრამ მე რამდენიმე გამიგია) და ღმერთი, რჯული, არც ერთს არ ვკითხულობ. ამ პოსტის დაწერა ადრეც მინდოდა, უბრალოდ, ვერ მოვიცალე.
LikeLike
აჰ, კარგი ))
LikeLike
გამარჯობა. ძალიან მომეწონა ეს პოსტი. ერთ ისტორიას მოგიყვებით საკუთარი ცხოვრებიდან. მეც ექიმი ვარ და ხშირიაო ვერ იტყვი მაგრამ, მაინც არის შემთხვევები, როცა დამნაშავე პაციენტის დაუდევრობაა.
ახალგაზრდობაში, ბედისწერამ, პაციენტად მომიყვანა ერთი ქალბატონი. ერთი შეხედვით არაფერი აწუხებდა მაგრამ შიდა გამოკვლევებს მაინც იტრებდა ხოლმე. გამოკვლევებმა არაფერი აჩვენა მაგრამ ერთი რამ მაინც ჩამრჩა გულში. დილემის წინაშე ვიდექი, ან უნდა ბოლომდე მივყოლოდი და ამეხსნა ამ ქვეცნობიერის მიზეზი ან არგუმენტირებული პასუხი უნდა გამეცა, რომ არაფერი სჭირდა.
როგორც ექიმმა, ჩავთვალე რომ აუცილებლად გულახდილი უნდა ვყოფილიყავი, ისევ მისსავე უკეთესობისთვის. როცა საუბარი დავიწყე ამ პრობლემაზე, პაციენტმა ისე იუარა, იმდენი საპირისპირო რამ დამიპირისპირა ( ძველი გამოკვლევის შედეგები ), რომ ჩავთვალე, ეს ყველაფერი ჩემი ზედმეტი ყურადღებიდან გამომდინარეობდა. გავჩერდი და აღარ გავაგრძელე, თან შევატყე რომ ეს მიმართლება, მას ძალიან არ მოსწონდა!!! ერთი შეხედვით ეს იმდენად უმნიშვნელო რამ იყო, რომ პაციენტის დაძაბვა აღარც მიფიქრია…
გარკვეული დროის შემდეგ, შემდგომში აღმოჩენილი საერთო მეგობრის შემდეგ, ვიგებ რომ ჩემი ვარაუდი გამართლდა!!!
ჯიუტი პაციენტი იგივეა რაც, ცუდი მეწყვილე, ნებისმიერ სპორტსა და საქმიანობაში!!!
LikeLike
დაახლოებით ერთი წლის წინ 1 ერთი წლის და თვებიის კატოს მუცელი ასტკივდა, ბევრი არ უფიქრიათ ქუთაისი არჩიეს ბათუმს (ხმადადის ქუთაისი ჯობიაო ) მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ბავშვს ბრმა ნაწლავი ქონია გამსკდარი და ექიმი ვერ მიხვდა, კიდევ კარგი ჩვენ მივხდით რომ ეს ჯაცი ვერ იყო და გამოვაქციეთ ბავშვი თბილიში , ექმიმა გვითხრა ნახევარი საათით მოუსწარითო ერთი კვირაში 1 წლის ბავშვს სამი ოპერაცია გაუკეთეს. ჩვენი შოშოთ გათენებული ღამეები რა მოსატანია იმასთან რაც კატომ გადაიტანა. ჭამს ყველაფერს დაბლენდერებულ, ყველაფერს რა არაფერს დაბლენდერებულს., ამასწინ მირეკავს და მეუბნება თამი მე ბანანი ვჭამე და იცი როგორ,დედამ მომცა და მითხრა ჩაკბიჩეო. :)
არც კი მინდა წარმოვიდგინე რა მოხდებოდა იმ ექიმისთვის რომ დაგვეჯერებია და თბილისში არ წაგვეყვან.
მერე ვხუმრობდით ნეტა პირდაპირ ბათუმში ჩამოგვეყვანა აქ მუცელი გტკივა პირდაირ ბრმა ნაწალავის ოპერაცია და თუ ყელი გაწუხებს გლანდები გაქვს ამოსაჭრელი. :)
LikeLiked by 1 person
კიდევ კარგი, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
LikeLiked by 1 person
მინდა ისეთი ექიმი გავხდე, ყველა ჩემი პაციენტი ასეთი იმედით მოდიოდეს საავადმყოფოში.
LikeLike
ზოგადად, ბავშვობიდანვე ვფიქრობდი, რომ ექიმობა ჩემი მოწოდება იყო; ახლა უკვე აბიტურიენტი ვარ და ცოტა მეშინია კიდეც: გავხდები მე ის, რაც უნდა ვიყო? შევძლებ ვიტვირთო ყველა პასუხისმგებლობა? გეთანხმები, ყველა ექიმი ერთ ქვაბში არ უნდა მოხარშო, ამ პროფესიის წარმომადგენელი არ არის რობოტი, მაგრამ ხშირად უწევს, “გახდეს” უფრო გულგრილი, უემოციო, რათა ფსიქიკური პრობლემები არ დაეწყოს (ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ). ზომიერების საზღვრებს არცერთი პროფესიის წარმომადგენელი არ უნდა გადაცდეს, მაგრამ შეცდომა ყველას მოსდის – აი, რაა გასათვალისწინებელი. ჩემი აზრით, ჩვენი საზოგადოების ნაწილი ზედმეტად აფეტიშებს ექიმებს და მათგან ჯადოქრობას მოითხოვს, არასდროს არ აანალიზებს, რა მიზეზებმა მიიყვანა ცუდ შედეგამდე, ეს მარტო ექიმის ბრალი იყო თუ თავადაც მიუძღოდა ბრალი? ამ მხრივ, ვლინდება ერთი უსიამოვნო თვისება: ყოველთვის სხვაში ვეძებთ დამნაშავეს. ბოლოს ვიტყვი, რომ მეც მინდა ვიყო ისეთი ექიმი, რომ ყველა ჩემი პაციენტი ასეთი იმედით მოდიოდეს საავადმყოფოში! :)
LikeLike