წიგნის ფესტივალი, გეცოდინებათ, ისეთი ამბავია, წინასწარ უნდა მოემზადო, საკბილო შეათვალიერო, ბიუჯეტი გადაამოწმო, განწყობა შეიქმნა, შვებულება აიღო და დილიდან საღამომდე სტენდებს შორის იბოდიალო ზურგჩანთამოკიდებულმა – არც სადმე უნდა გეჩქარებოდეს, არც სხვა საქმე გაფიქრებდეს.
ოქროს წესია, ღმერთმანი, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის. სამსახურს შვებულებაზე და უქმად ყიალზე ოდნავ, სულ ოდნავ განსხვავებული აზრი აქვს – ჯერ საქმე, მერე დასვენება, შრომამ შექმნა ადამიანიო.
წლევანდელი წიგნის დღეებისთვის უიქენდი ნაღდად არ მეყოფოდა. კეთილ ადამიანებს რა დალევს, გამეგზავნებოდნენ, მაგრამ სად სხვისი თვალი და სად შენი… მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მოვახერხე და ხუთშაბათ-პარასკევსაც მანდ ვიხეტიალე. მთლად დილიდან გვიან საღამომდე ვერა, მაგრამ რას დავეძებ…
შესვლა ამჯერადაც ფასიანი იყო. მე თუ მკითხავთ, ორლარიან ბილეთს ოთხდღიანი აბონემენტი მირჩევნია – მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობით, ლანჩით, ფიქსირებული დისქაუნთით, გარკვეულ ღონისძიებებზე წვდომით – ისე, როგორც მსხვილ წიგნის ფესტივალებზეა მიღებული.
“ექსპოს” მეთერთმეტე პავილიონში ისევ ცხელოდა. რას ვიზამთ. ეტყობა, მართლა კარმაა. არც ნოემბრის ბოლო შველის და, ვეჭვობ, ვერც გლობალური გამყინვარება შეცვლის რამეს. ჩრდილო პოლუსზე რომ გადავიტანოთ, სუნთქვა იქაც გაჭირდება.
ვიზიტორების ნაკლებობა არ შემიმჩნევია. ხუთშაბათს და პარასკევს, სამუშაო დღეების კვალობაზე, კიდევ კარგად მოიცალა ხალხმა. თუმცა, ამბობენ, საღამოს ნაკადმა იმატაო. შაბათ-კვირას, მოწმე ვარ, დილიდან მოდიოდნენ. ყველაზე საინტერესო სტენდებს სტუმარი, ფაქტია, არ აკლდა. ზოგიერთ გამომცემლობას კი მეგობრულად (და მერამდენედ) ვურჩევ, მასიურ უგემოვნებაზე წუწუნს გაეშვან და ოცდამეერთე საუკუნის სიკეთეებით ისარგებლონ, ფეისბუქზე თვეში ერთხელ მაინც შეიხედონ, მკითხველთან ინტერაქციის დრომოჭმულ წესებს გადახედონ და რიგები მათაც დაუდგებათ.
ნოემბრის წიგნის დღეები და საახალწლო წიგნის ბაზრობები, მოგეხსენებათ, უფრო ფასდაკლებებზეა ორიენტირებული. სადაც კი შევიხედე, ყველგან ხელშესახები დისქაუნთი დამხვდა. მშვენიერი ფასები ჰქონდა “დიოგენეს“, “ინტელექტს” და “არტანუჯს“, სპეციალური ფასდაკლებით იყიდებოდა დელფინიანი წიგნები (ბათუმელებს ერთგული გულშემატკივრის წახალისება არც არასოდეს შეშლიათ, ამას მადლიერი მკითხველის რაოდენობა და ფეისბუქზე ატვირთული ძალიან ბევრი დელფინიც მოწმობს), “ოჩობუქსის” გულუხვი შემოთავაზებების ამბავი საქვეყნოდ ცნობილია და სტუმრებს ამჯერადაც კოხტად შეფუთული კომპლექტებით დახვდნენ, “სულაკაურმა” ფასდაკლებული წიგნები სპეციალურ სტენდებზე გაანაწილა… მოკლედ, გული არ დამწყვეტია.
ჰო, “სულაკაურის” სტენდებთან მიღწევა აღარ ჭირდა. სალაროები ცალკე ჰქონდათ მოწყობილი და, რაც მთავარია, სადაც კი დამჭირდა, ტერმინალითაც მშვენივრად ვისარგებლე.
საბავშვო პროგრამა საგანგებოდ მოსაყოლი ამბავია. საბავშვო გამოცემების თვალშისაცემი სიჭარბე, უცხოენოვანი ილუსტრირებული წიგნების გამოფენა, გოეთეს ინსტიტუტის “ვილა “ყიყლიყო” და ბევრი პატარა მკითხველი… “პალიტრა L”-ის გადასარევ შოურუმში იანვარში გამოსაცემი საბავშვო წიგნები დავათვალიერე, ნატო დავითაშვილს და გურამ პეტრიაშვილს ვუსმინე (კლიმატ-კონტროლი ჭირდა, თორემ აკუსტიკას არაფერი დაეწუნებოდა), ბარონ მიუნჰაუზენის ისტორიებს, ზღაპრებს, ლამის სცენაზე აბობღება და ლექსის თქმა მომინდა… ცენტრალური ამფითეატრი, რამდენჯერაც გავხედე, პატარებით იყო სავსე და გარეთ ვეებერთელა საპნის ბუშტებსაც ბერავდნენ, ისე ლამაზად მოციმციმეებს, რომ რამდენიმე წუთი თვალი ვერ მოვაშორე.
ლიბერთინსელი გოგო-ბიჭები ჯერ ემი იტერანტას მასპინძლობდნენ, მერე “ლიბერთინსის” ფერად სტენდთან მორიგეობდნენ, სტუმრებს აკვალიანებდნენ, წიგნებზე უყვებოდნენ. მუშაობდნენ, მოკლედ. ვეჭვობ, არც გართობას დაიკლებდნენ და შინ ხელდამშვენებულებიც დაბრუნდებოდნენ.
ჩემს მონაგარს სურათებზეც ხედავთ, სავალდებულო პროგრამა თითქმის ამოვწურე – დიოგენეს” ხუთი გადასარევი წიგნი (“დიოგენეს ბიბლიოთეკა” და “ამერიკელები” გაგანია კრიზისის დროსაც კი პატიოსნად ივსება და კინგის “ბნელი კოშკიც” წინ მიიწევს), “ოჩოს” “გილგამეშიანი” (ახალ სერიას ავედევნე, “აღმოსავლეთს”, დიდი იმედი მაქვს, ომარ ხაიამის რობაებსაც გამოსცემენ), სულაკაურის ფერად-ფერადი გემრიელობები, “საოცრება” და კერი სმიტის გიჟური დღიური, “ინტელექტის” იონესკუ, კასარესი და ვუდი ალენი.
კომიქსებს ვეძებდი, მაგრამ “წიგნები ბათუმში” არ ჩამოსულა ფესტივალზე (გამომცემლობა გვესტუმრა, მაღაზია – არა) და გრაფიკული პროზა ვის გაახსენდებოდა. მთლად ხელცარიელიც არ წამოვსულვარ – რუსულად თარგმნილ “პერსეპოლისს”, გეიმანის “The Sandman”-ის სამ ნაწილს, ხალიდ ჰოსეინის “ფრანით მორბენალის” გრაფიკულ ვერსიას და ჩემთვის უცნობი ავტორების გრაფიკულ რომანს მაინც მივაგენი.
რაც მთავარია, ჩემი კოლექციისთვის მერაბ ფიფიას გადმოქართულებული “პატარა პრინცი” წამოვიყვანე. “სულაკაურის” “მოსწავლის ბიბლიოთეკაშია”. ახალ თარგმანს არ ველოდებოდი, თეომ გამაგებინა, თორემ გამომრჩებოდა.
ჰოდა, ამ ფერად-ფერადი წიგნების შემხედვარეს ერთი იდეა გამიჩნდა. ასეთ მსხვილ ამბებზე ბუკინისტებიც რომ დავპატიჟოთ ხოლმე, არ შეიძლება? ადგილი ყველას ეყოფა, ან რა დიდი ადგილი დასჭირდებათ, ამდენ პოტენციურ მყიდველზე უარს ნამდვილად არ იტყვიან. იმათთვისაც სარფიანია და ჩვენც ვიხეირებთ.
მარკესს, პავიჩს და სტაინბეკის “რუსულ დღიურს” ისევ სულმოუთქმელად ველოდები.
დეკებრის ბოლოს საახალწლო ბაზრობა რომ გველოდება, ხომ არ დაგვიწყებიათ?
საახალწლო ბაზრობაში რას გულისხმობ მოლი? *.*
LikeLike
წიგნის საახალწლო ბაზრობას. “თბილისი მოლში” რომ იყო შარშან, იმას.
LikeLike
იქნებ უფრო კონკრეტული ინფორმაცია მოგვაწოდოთ. ვინც არ ვიცით. მადლობა
LikeLike
და ამ ყველაფერს მე ინტერნეტით ვუყურებდი. ხელები მექავებოდა, ისე მინდოდა მანდ ყოფნა :დ
როგორც ყოველთვის კარგად დატვირთული წიგნებით ხარ, მოლი, super!
LikeLike
კომიქსები განსაკუთრებით მიხარია )
LikeLike
დღეს დილით ვფიქრობდი, ბოლო თვეების განმავლობაში პირველი უქმე ორშაბათი მაქვს და რამ დამღალა ასე-მეთქი. ამ პოსტმა მიმახვედრა, რომ ამ მარათონის ბრალია. თან ამჯერად საკმაოდ დიდი გაბარიტების წიგნებს გადავეყარე… ამას დამატებული აუტანელი სიცხე და ისე ვარ, რომ ერთადერთ რამეზე ვოცნებობ – ორი-სამი დღე კითხვასა და დასვენებაში არავინ შემიშალოს ხელი )))
LikeLike
დეკემბრის ბოლოს საახალწლო ბაზრობაა წიგნების??? სად და როდის ინფორმაციას სად ვნახავ? მადლობა . იქნებ მიპასუხოთ
LikeLike
25-27 დეკემბერს, ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში, საგამოფენო დარბაზში.
LikeLike
დეკემბრის ბოლის რა საახალწლო ბაზრობაა??? წიგნების? სად როდის? იქნებ მიპასუხოთ. მადლობა
LikeLike
არ მეყო ერთი შერბენა :/
P.S. რამდენი ხანია, წორდპრესზე არ შემოვსულვარ, პაროლის აღდგენა დამჭირდა, აღარ მახსოვდა :(
LikeLike
ვინ მოსულა ^^ რუსო გამოჩნდა ^^
რას გეყოფოდა შენ ერთი შერბენა, რუ )
LikeLike
მისის ბლუმ, პოსტში ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გამოგრჩათ აშკარად :)))))))
LikeLike
ეგ იმდენად მნიშვნელოვანი ამბავია, პოსტში ვერ დაიწერებოდა, ქალბატონო რუსა )
LikeLiked by 1 person
[…] წიგნის დღეების ჩემეული მიმოხილვა, ალბათ, გემახსოვრებათ, ჰოდა, სწორედ იქ […]
LikeLike
[…] თბილისის წიგნის დღეები ლამის გუშინ ჩავატარეთ, “ექსპოს” პავილიონები წესიერად არც იქნება ალაგებული, ნაყიდი წიგნები ჯერაც მაგიდებზე გვიწყვია და თაროებზე არ გადაგვინაწილებია, არადა, უკვე მორიგი ბიბლიოაურზაური მოგვადგა კარს – წიგნის საახალწლო ფესტივალი. […]
LikeLike