აპრილში, თუ გახსოვთ, ერთ ვებგვერდზე ლიტერატურული კონკურსი გამოაცხადეს. კონკურსი დიდი არაფერი, პირობა იყო უცნაური: დეტექტიური, ფანტასტიკური, სათავგადასავლო, ეროტიკული და სხვა დაბალი სინჯის ლიტერატურა არ განიხილებაო. აი, ასე, უაპელაციოდ.
აქოთქოთდა საფეისბუქეთი. სწორად აქოთქოთდა, მინდა გითხრათ. აქეთ დეტექტივს გადაეფარნენ, იქეთ ფანტასტიკას და ფენტეზის დამცველებმა გამოიდეს თავი. ეროტიკის დაცვა მაინცდამაინც არც არავის უცდია, მაგრამ, როგორც ერთი ჩემი ნაცნობი იტყოდა, მაი აფერი.
მთავარი ის იყო, ყველა ერთხმად შეთანხმდა, დაბალი და მაღალი სინჯის პროზად დაყოფა, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულიაო. ამ საკითხში კონსესუსიც აბსოლუტური იყო და ყბადაღებული კოჰაბიტაციაც.
საპირველაპრილო ხუმრობა გვეგონა. ბოლომდე ვერ დავიჯერეთ, ან როგორი დასაჯერებელია, რომელიმე მოცლილ იუზერს ეთქვა, კიდევ ჰო, მაგრამ ვებგვერდი, კონკურსი, რამე. სერიოზული თემა რომ გგონია და უცებ – ასეთი ვორდინგი. ჩაასწორეს მერე ის პირობა, ახლაც ჩასწორებული დევს. “დაბალი სინჯის პროზა” ამოიღეს. დეტექტივი, ფანტასტიკა, ეროტიკა, საბავშვო ლიტერატურა ისევ არ განიხილება.
სხვათა შორის, ეს ყოვლად გადასარევი კლასიფიკაცია კონკურსის ორგანიზატორებს არ მოუგონიათ. გავრცელებული შეხედულებაა. ორდიპლომიანი ხალხი იცავს და ქადაგებს, ეგრე კი ნუ უყურებთ.
მეხუთე წელია, ბლოგერი მქვია, ბლოგზე ყველაზე მეტს წიგნებზე ვლაპარაკობთ, რა არ წამიკითხავს და მომისმენია, კაცია და გუნება, ლიტერატურა არითმეტიკა არ არის და არც წიგნია x+3=5, ერთადერთი სწორი პასუხი ჰქონდეს, მაგრამ ჟანრის ასე ხელაღებით ძაგება, მომკალით და, არ მესმის.
დეტექტივი იაფფასიანი საკითხავია, ფანტასტიკა – ზღაპარი, კომიქსები – უშინაარსო ნახატების გროვა. კრისტი, სიმენონი, ბრედბერი, შეკლი, სტაუტი, სტრუგაცკები, საიმაკი, ჟაპრიზო, ჰაინლაინი მდარე ლიტერატურა ყოფილა. პრინციპში, “მაღალი შტილის” მოყვარულებს ავტორები არც აინტერესებთ. მათთვის გოჩა მანველიძე და არტურ კონან დოილი ერთია. რა პრასი, რა ჯონჯოლი. დეტექტივია, ესე იგი, დაბალი სინჯის პროზაა.
საბავშვო წიგნებს თურმე მხოლოდ ბავშვები უნდა კითხულობდნენ. ზრდასრულს თუ წაასწრო ვინმემ ზღაპრებით ხელში, ინფანტილიზმის დიაგნოზი ზედ აქვს. არადა, წიგნს საბავშვო იმიტომ ჰქვია, რაც უფრო ადრე წაიკითხავ, მით უკეთესი, უფროსი არ გაეკაროსო, არავის უთქვამს. გადასარევი და მუდმივად განახლებადი საბავშვო/საყმაწვილო ბიბლიოთეკა მაქვს შინ, მორიგ ფერად წიგნს რომ ვყიდულობ და მიქებენ, მშვენიერი საჩუქარია თქვენი პატარისთვისო, ჩემთვის მინდა-მეთქი, ვუღიმი. ზოგჯერ უკვირთ, ზოგჯერ არა.
ჩვენ, ხომ იცით, სტერეოტიპების ხალხი ვართ. ძეგლი თუ დავდგით, ხუთმეტრიანი კვარცხლბეკი უნდა მოჰყვებოდეს, მწერალი აუცილებლად ერისკაცი და მამულზე ფიქრში დამაშვრალი უნდა იყოს, ასი წლის წინ გარდაცვლილი, რომელიმე პანთეონში დაკრძალული (სასურველია, ყველაზე მთავარ, ქე რო მთაწმინდაა ჩვენთან, ისეთ სასაფლაოზე), სასკოლო პროგრამაში იჯდეს მყარად და თაროზე მზითვად გამოტანებული, ოქროსფრად მოვარაყებული რჩეული ოცდახუთტომეული გვედოს. აბა, ისე როგორ. ნეტარხსენებული იოანე საბანისძის არ იყოს, “ჩუეულებისაებრ მამულისა სლვას” ოდნავადაც თუ ასცდი, დაღუპულია საქმე და ეგაა.
არადა, ვინ დაადგინა, რომ პროზა უთუოდ კონცეპტუალური იყოს, გლობალურ საკითხებზე ფიქრით და მსოფლიო სევდით უნდა დაგიღაროს შუბლი და კაცობრიობაზე დარდით ღამე არ დაგაძინოს?! წიგნებს, ზოგჯერ სიამოვნებისათვის და გასართობადაც კითხულობენ და ღმერთი, რჯული, ჯერ კაცი არ შემხვედრია, მაწყინა და ტანზე დამაყარაო, ეთქვას.
ჯოანა მამიდას ჩემი შესაცოდი რა სჭირს, მაგრამ პოტერიადამ ისეთები გადაიტანა მზიურ წილხვედრში, ჰარის და ვოლდემორტის ჯახი მონაგონია. მწვალებლური ტექსტიაო, ჯადოქრობა, მაგლებს დაგვცინიან, უკეთური რეცეპტებია ჩაშიფრულ-ჩამალულიო, ხალხი დისერტაციებს დებდა და სათვალიანი ბიჭის ისტორიების ანტირელიგიურ ბუნებას იკვლევდა. ახლაც ცხვირს უბზუებენ. სამაგიეროდ, მერვეკლასელ ბავშვებს საზაფხულო არდადეგებზე წასაკითხად ზოლას, ფლობერს, მოპასანს, თეკერეის, ბალზაკს და სტენდალს აძლევენ და მერე ბრაზობენ, კომპიუტერის გადამკიდე, წიგნი დაავიწყდათო.
კლასიკის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ღმერთმა დამიფაროს, ჯერ ასე არ გავგიჟებულვარ, მაგრამ ახალგაზრდა მკითხველს, ჩემი მოკრძალებული აზრით, ზუსტადაც რომ დაწუნებული დეტექტივი, ფანტასტიკა, თავგადასავალი, თანატოლებზე დაწერილი წიგნები სჭირდება და “წითელს და შავს” თავადაც მშვენივრად მიაგნებს. თუ არ მოუნდა და არც ამით დაიქცევა ქვეყანა. სავალდებულო, აუცილებელი და გადაუდებელი საკითხავი კი არა, გაცილებით სასიამოვნო რამე-რუმეები მოგაბეზრებს თავს.
ორიგინალობაზე პრეტენზია არ მაქვს, არც ისეთს გეუბნებით არაფერს, ჯერ არ გაგეგონოთ, ტრივიალურზე ტრივიალური ჭეშმარიტებაა – კარგი და ცუდი ჟანრი არ არსებობს. არსებობს კარგი და ცუდი მწერალი. კარგად დაწერილი დეტექტივიც კარგია, ფენტეზიც, მემუარიც, ლავსთორიც, თრილერიც, პოლიტიკური რომანიც და გამრავლების ტაბულაც. უვარგისი მთხზველი კი ყოვლად ჩამთრევ ჟანრსაც უიმედოდ გააფუჭებს. რამდენი ასეთი გაფუჭებული და გადასაგდები ტექსტი მინახავს, იმდენი სიკეთე და კარგი წიგნი თქვენ.
რაღაც ფრაზები მეგონა ჩემი თავიდან წაიღე, მეგონა მე ვწერდი, უფრო სწორედ შენ წერდი ჩემს ფიქრებს. მოკლედ ძალიან ავურ-დავურიე, მაგრამ ისეთი სიმართლე თქვი, ისეთი აქტუალური თემაააა. ჰარიზე და საბავშვო წიგნებზე სულ ასე ვდაობ და ვიცავ კლანჭებით :) არა და მართლა ვინ დაადგინა რომ პოტერიადა დაბალი ხარისხის ლიტერატუურაა და ლინდგრენი მარტო საბავშვო?! ისე ვინც ასე ფიქრობს ალბათ წაკითხულიც არ ექნება და კი არიან ღირსები იყვნენ ამ სიამოვნებას მოკლებულები :)
LikeLiked by 1 person
ლინგდრენს ახლაც უდიდესი სიამოვნებით ვკითხულობ. სალტკროკელები ჩემი იდეალური ანტიდეპრესანტია (არა მხოლოდ ჩემი, ეჭვი მაქვს), კარლსონზე არაფერს ვამბობ და ჰარი უნდა გადავიკითხო, ცოტა დრო რომ მექნება. ქვიდიჩის ფინალზე. დობიზე და ბოლო ბრძოლაზე უნდა ვიტირო კიდევ ერთხელ.
LikeLiked by 2 people
არადა როგორ სიამოვნებას უშვებენ ხელიდან :))
LikeLiked by 1 person
“არ წამიკითხავს, მაგრამ ვგმობ” ამბავია :)
LikeLike
ბრედბერი ან აგატა თუ დაბალი სინჯის პროზაში შედიან , კარგად ყოფილა საქმე . ან ვინ დაასკვნა რომ 10-12 წლის მერე საბავშვო წიგნები სკივრში უნდა ჩავკეტოთ და მარტო “ზრდასრულების შესაფერისი ლიტერატურა” ვიკითხოთ ? ორი დიპლომი არ შველის მაგას : )))
LikeLiked by 1 person
დაბალია, კი :) კრისტი იაფფასიან დეტექტივებს წერსო )
აშკარად არ შველის ამას დიპლომი :))
LikeLike
“გამრავლების ტაბულაც” :D
ამ ტექსტზე ჩემი მულიშვილი გამახსენდა – ყოვლად გადასარევი, კითხვის მოყვარული 11 წლის ბიჭი (თან კარგი მოსწავლე), რომელიც ისტორიის მასწავლებელმა ჰარი პოტერის სიყვარულის გამო აითვალწუნა.
LikeLike
ასეთი მასწავლებლებისაა დღეს ქვეყანა და ნამდვილად არ მიკვირს.
LikeLike
ამას ემატება ის, რომ ზღაპარი, ფენტეზი, ფანტასტიკა, ჰორორი ყველაფერი ერთი ჰგონიათ და ეს ფენტეზი საიდან მოიტანეთ იგივე ზღაპარი არააო ქილიკობენ :) ვაი მაგათ პატრონს, მეცოდებიან მარტო კლასიკად რაცაა აღიარებული ის თუ წაუკითხავთ და კითხულობენ :/
პ.ს. ამას ემატება ის, რომ თუ ფურცელზე არ წაიკითხე და სუნი არ შეიყნოსე არ აქვს ფასი :) ზუსტად იგივე სასტავია ამის მქადაგებელიც
LikeLike
ო. სუნი <3 სუნი კლასიკაა.
LikeLike
საღამოს კარგად წავიკითხავ ამ პოსტს, ახლა ერთ აბზაცს შევავლე თვალი, ზღაპრებზე და საბავშვო წიგნებზე და გამეღიმა, სამსახურში არც მეტი, არც ნაკლები, ლაზური ზღაპრების კრებულით ვარ წამოსული, რომელიც ბაბუისგან მერგო მემკვიდრეობით და ძალიან სერიოზულადაც ვკითხულობ :)
LikeLike
ხმამაღლა არ თქვა, მოცლილობას დაგაბარალებენ :))
LikeLike
[…] « “დეტექტივი, ფანტასტიკა, ეროტიკა და ს… […]
LikeLike
არადა ეროტიკა ყველაზე “გაპრავებულია”. დეკამერონით. :)
LikeLike
ათას ერთი ღამითაც )
LikeLiked by 1 person
დიუმას აქვს ეროტიკული ზღაპრები :))
LikeLike
[…] სინჯის პროზა” ხომ გახსოვთ? აი, ის ქოთქოთა ბლოგი, ლიტერატურის დაბალo და მაღალი სინჯის […]
LikeLike