ერთი ნაცნობი მყავს. ნაცნობი რა, საერთო წრეში ვტრიალებთ. ხან ვის დაბადების დღეზე შევხვდებით, ხან რომელ კაფეში. ინტენსიურად არ ვკონტაქტობთ.
განათლება არ აკლია. ნაკითხიცაა. ყველაფერზე საკუთარი, განსაკუთრებული მოსაზრება გააჩნია და სანამ ეს მოსაზრება მართლა განსაკუთრებულია, კმაყოფილია. საზოგადოდ გავრცელებულს თუ დაემთხვა შემთხვევით, წუხს და ნერვიულობს, რაღაც შემეშალაო.
ამას წინათ კაფეში ვისხედით მეგობრები, ათას სისულელეზე ვლაყბობდით და, უცებ, ამ განსაკუთრებულმა, არც აცია, არც აცხელა, ტრანსპორტში კითხვა ქაჯობააო. ზუსტად ასე თქვა. ამ ვორდინგით.
მეგონა, მომეყურა. კითხვას და ქაჯობას ერთად იშვიათად ახსენებენ. სხვებს სიცილი აუტყდათ და მივხვდი, სწორად გავიგე. იმათ გაატარეს (ჩემზე უკეთ იცნობენ), მე ჩავეძიე და რა აღმოჩნდა – მგზავრობის დროს, თურმე, ტექსტს ბოლომდე ვერ ისიგრძეგანებ, არსს ვერ წვდები, ტექნიკურად შეუძლებელია, ხალხი ხელს გიშლის. შესაბამისად, წიგნი კი არა, თავის მოწონება გინდა. მარტივად რომ ვთქვათ, მარიაჟობ.
აღარ მიკამათია. კამათს ვერიდები, რა აზრი აქვს. ვიცნობ ასეთ ხალხს. ფეისბუქზეც შემხვედრია ამ იდეის ჩემთვის უცნობი ადეპტები, კითხვა ზესაკრალური რიტუალი რომ ჰგონიათ. ის ცნობილი ნაჯახი თუ არ მოხვდათ თავში და ტოტიასავით არ შეჭამეს მგლებმა, წიგნს წაკითხულად არ თვლიან.
ჰოდა, რა გასაკვირია, ტაქსიში, სამარშრუტოში ან მეტროში მყუდროდ მოკალათება და კითხვა ქაჯობად ეჩვენებოდეთ.
საკუთარ თავზე წერა, ცოტა არ იყოს, უხერხულია, მაგრამ დისერტაციას მე არ ვიცავ, პრაქტიკული მაგალითები ვაგროვო და სქოლიოებში ვანაწილო. ბლოგია, ვიკიპედიის სტატია კი არა. მოკლედ, შემდეგ აბზაცებში “მე” თუ გებევრათ, მაპატიეთ, მაგრამ სხვის ნაცვლად ლაპარაკი არ მიყვარს, მირჩევნია, ჩემივე იმპრესიები გაგიზიაროთ.
ოთხი წლიდან ვკითხულობ, მკითხველობის 30+ წლიანი სტაჟი მაქვს და ყველაზე მეტად ტრანსპორტში კითხვა მიყვარს. ბათუმის ამბავი კი იცით, ახვალ ავტობუსში, აიღებ ბილეთს, მიიხედავ, მოიხედავ და უკვე შენი გაჩერებაა, მაგრამ იქაც ვახერხებდი და ვახერხებ გზაში კითხვას. თბილისზე აღარაფერს ვამბობ. სახლიდან სამსახურამდე ტაქსის ნახევარი საათი სჭირდება, სამარშრუტოს – საათზე ოდნავ ნაკლები. პლიუს საცობები. გადასარევად ვკითხულობ. ხელსაც არავინ მიშლის. ან როგორ შემიშლიან – იმათ თავისი საქმე აქვთ, მე – ჩემი. დელისი, ვაჟა-ფშაველა, სადგურის მეორე მოედანი და ახმეტელის თეატრი იმიტომ მომწონს, ცარიელ ვაგონში კომფორტულად მოკალათება და გემრიელად კითხვა შეიძლება. კაცმა რომ თქვას, არც პიკის საათია პრობლემა. მთავარია, კარგად ვიჯდე. ქინდლი მაქვს გადაშლილი, ან რომელიმე წიგნი და, ღმერთი, რჯული, ერთხელაც არ მიფიქრია, ამით ვინმეს თავს მოვაწონებ-მეთქი. რაის მარიაჟობა. შეიძლება, საკუთარი დედმამიშვილი ვერ შევნიშნო კითხვით გართულმა და, რამდენჯერ ყოფილა, გაჩერებას გავცდენილვარ, ქინდლში თავჩარგული.
უამრავ ადამიანს ვიცნობ, ტრანსპორტში რომ ვერ კითხულობს. უახლოესი მეგობრები მყავს, გზაში წიგნს ვერ შლიან. ზოგს არ უყვარს, ზოგი გემოს ვერ ატანს, ზოგს სხვანაირად ურჩევნია დროის გაყვანა. ზოგჯერ, უბრალოდ, კითხვის განწყობა არ გაქვს. რამდენჯერ წამოვლასლასებულვარ სამსახურიდან ისე, ახალი აკუნინის კი არა, ხმის ამოღების თავი არ მქონია. კაცია და გუნება. ყველა სხვადასხვანაირად ვაფრ… ვმგზავრობთ, მაგრამ მე იმათ უწიგნობას არ ვაყვედრი (რა სისულელეა, ჩემზე უკეთესი ბიბლიოფილები არიან) და არც ისინი მაბრალებენ ახალი რიდერით ტრაბახს.
ერთ ძველ და ძალიან კარგ ფილმშია, ყველაზე დიდ სისულელეებს სერიოზული სახით ამბობენო. ეს ბლოგი, კონკრეტული და, რბილად რომ ვთქვათ, საკამათო მოსაზრების კვალდაკვალ კი დაიწერა, მაგრამ არც ისეა საქმე, ლოკალურ ამბავზე გაცდენდეთ. არამკითხე მოამბეობა, მორალიზმი, ყველაფრის გასერიოზულება, ღმერთმა უწყის, ვის მიერ დადგენილ წესებსა და ყალიბებში მოქცევა ბოლო დროის სამწუხარო ტენდენციაა. იარლიყების აკვრაზე არაფერს ვამბობ. ეროვნული სპორტია. ებჯო, ვისაც როგორ უნდა, ისე იკითხოს. გინდა ტრანსპორტში, გინდა შეზლონგზე წამოგორებულმა, გინდა იატაკზე გაშხლართულმა, გინდა პეპისავით თავდაყირა მდგარმა. მთავარია, ისიამოვნოს.
“ტრანსპორტში კითხვა ქაჯობაას” სარკისებრი ანარეკლიც არსებობს, “ვაიმე, გუშინ სამარშრუტოში ვიღაც წიგნს კითხულობდა, ღმერთო, რა ბედნიერებაა, ძლივს არ შემხვდა განათლებული ადამიანი, ეს ახალი თაობა ტელეფონებშია ჩამძვრალი და წერა-კითხვა დაავიწყდათ” სინდრომი. არანაკლებ საინტერესო, სხვათა შორის. ამაზე მერე მოგიყვებით.
მეც ძალიან მიყვარს კითხვა ტრანსპორტში. მთავარია ადგილი შეგხვდეს.
LikeLike
ადგილი პრობლემაა, კი :)
LikeLike
ქინდლის უპირველესი ღირსება, პირადად ჩემთვის, ისაა, მგზავრობისას მთელი ბიბლიოთეკის თან ტარების და კითხვის საშუალებას რომ მაძლევს. და როცა ვკითხულობ, ამ დროს ვინ მიყურებს და რას ფიქრობს, რბილად რომ ვთქვა, არ მაინტერესებს :)
LikeLike
და მთავარი პრობლემა, ახალი ტექსტი რომ გიდევს ქინდლში და ერთი სული გაქვს, გემრიელად მოკალათდე და შიგ ჩაძვრე და ამ დროს ყვავი-ჩხიკვის-მამიდა ნაცნობი რომ დაგემგზავრება :)
LikeLiked by 2 people
გამომიცდია :)
LikeLike
ჩემი “გამინუსებული” მხედველობის პატრონი ალბათ თავს უნდა ვიკავებდე, მაგრამ “არატურისტული” მიზნით ქალაქიდან გასვლისას გზას მშვენივრად ვამოკლებ წიგნით / ქინდლით. თბილისშიც ვიკითხავდი მოკლე გზა და სავსე მეტრო რომ არ მიშლიდეს ხელს. მიყურონ – მეც მიყვარს სხვების წიგნებში ყურება :))
LikeLiked by 1 person
თბილისი-ბათუმი და ბათუმი-თბილისი მისწრებაა ^^
LikeLiked by 1 person
ქაჯობა კიარა რაც გინდა ის უწოდონ, დიდი სიამოვნებით წავიკითავდი რომ შემეძლოს :( მაგრამ ვერ ვკითულობ ტრანსპორტში თავბრუ მესხმის, სულ შევნატრი იმათ ვინც კითხულობს და ცოტა მშურს კიდეც :) :)
LikeLike
ჩემმა უახლოესმა მეგობარმა ერთხელ თუ გაიხედა გვერდით, მორჩა, ჩასასვლელად აქვს საქმე. რაის წიგნი.
LikeLiked by 1 person
:) ხოო, მესიჯსაც კი ძლივს ვწერ :) არადა საერთოდ მშვენივრად ვიტან მგაზვრობას, მთავარია ფანჯრიდან ვიყურო და არაფრის წაკითხვა-ყურება არ მოვინდომო :) :) :)
LikeLike
ნაცნობი სიმპტომებია :)
LikeLike
სამწუხაროდ,საქართველოში ეს მართლა უკვირთ. უმეტესად გაკვირვებული მზერა მხვდება,როცა წიგნით მხედავენ,ერთადერთხელ მივიღე მხურვალე კომპლიმენტი შუა ასაკის მამაკაცისგან,რომელმაც რომ დახედა არა ქართულ წიგნს ვკითხულობდი,სულ ,,აი რა თაობა მოდისო” – იძახა :))))
LikeLike
გაგიხარებია :)))) პრინციპში, სწორად გახარებია და არც კომპლიმენტი მიკვირს :)
LikeLike
მარტივი სიტყვათა კომბინაციით რამდენი ადამიანი გაასწორა მიწასთან )))
უბრალოდ გაიღიმე ამბავია, იქეთ უკვე აზრს მოკლებულია წასვლა.
LikeLike
მეც გამეღიმა და აგერ თქვენც გაიცინეთ, აბა, ამაზე ჩემმა მტერმა იმტვრია თავი :)
LikeLiked by 2 people
ჰააამ ^_^ სრულიად გეთანხმები, მეც ძალიან მიყვარს ხოლმე ტრანსპორტში კითხვა. ხშირადაც ვხედავ სხვები რომ კითხულობენ და ეს ქაჯობად კი არა ისე მელამაზება რომ მინდა ხოლმე ხედი შევურჩიო და ლაამაზი სურათი გადავუღო.. რას მიქვიან ქაჯობა -_- თავის მოსაწონებლად უამრავი სხვა ხერხი არსებობს.. თუ ეგრეა, მე ხშირად მინახავს ბიბლიოთეკაში ან ბიბლუსი გალერეაში მჯდარი გოგო-ბიჭები, წიგნს აიღებენ, გადაშლიან და მერე მესიჯობენ ) ეს უფრო ქაჯობა არ არის? შე დალოცვილო, თუ მესიჯობა გინდა ადე და დამითმე ეგ პუფი ტყუილად რომ იკავებ ^^ როგორ შეიძლება წიგნში თავით შემმძვრალ ადამიანს ქაჯი უწოდო, სადაც არ უნდა იყოს, ღმერთმანი, ვერ ვხვდები და არც მსურს მივხვდე : ))
LikeLiked by 1 person
მინდა-ვიყო-განსაკუთრებულობის ამბავია, მეტი არაფერი :)
LikeLiked by 1 person
ქინდლისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ტელეფონში კითხვას წყნარი მუსიკის ფონზე არაფერი მირჩევნია. ჩემი ქალაქი პატარაა, ამიტომ კითხვის როგორი სურვილიც არ უნდა გქონდეს ვერ მოახერხებ სამარშუტო ტაქსიში წაკითხვას. აი, სულ სხვა საქმეა, როცა სხვა ქალაქში ან სოფელში მივდივარ.
Well, nobody’s perfect.
LikeLike
პატარა ქალაქის მანძილები. ასე ვარ ბათუმში. გადავშლი და სამ წუთში ვხურავ.
LikeLike
მე საერთოდ თითქმის არასოდეს გავდივარ ისე სახლიდან, რომ წიგნი თან არ გავიყოლო. თუ იმ პერიოდში შედარებით სქელტანიან წიგნს ვკითხულობ, რაიმე პატარა მოთხრობების წიგნს ვიდებ ხოლმე ჩანთაში. მთავარია ადგილი შემხვდეს “მარშუტკაში” და სულ არ მადარდებს ვისთვის ვიქნები ქაჯი :)))))
LikeLike
მეც ასე ვარ :) ქინდლი სულ მიდევს და თუ ახალი წიგნი მაქვს, წიგნიც :)
LikeLike
ნუ ქაჯობა არ ვიცი მაგრამ,მე პირადად ვერ ვკითხულობ ტაქსიში,მატარებელში,სამარშუტოში და იქ სადაც ხმაურია ან კომფორტულად არ ვარ,ჯერ მხოლოდ თვალები მეძაბება,იმიტომ რომ მოძრავია მატარებელიც და ტაქსიც,იცვლება განათება,გესმის სიმღერა,ჩხუბი,საუბარი,და ა.შ…ვისაც ასეთ სიტუაციაში ყურადღების მოკრება და თავისი ინტერესის დაკმაყოფილება შეუძლია მიხარია,პატივს ვცემ,ვფიქრობ ესეც ნიჭია ერთგვარი, ჩემთვის შეუძლებელია და იმიტომ, მაგრამ გული არ მწყდება ამაზე,ვფიქრობ როდესაც გარეთ ვარ,გარშემო ბევრად საინტერესო რამ ხდება,თუნდაც მეტროში,ბევრი დასამახსოვრებელი სიტუაციაა,ან ამ სიტუაციიდან შორს ფიქრებში წასული დასკვნები,საინტერესო სახეები,სულ სხვადასხვა,სულ სხვადასხვა თვალები,გამომეტყველება,სხვადასხვა ისტორიები, ბევრი კი მივედ–მოვედე მაგრამ პატარა როცა ვიყავი ვფიქრობდი რომ რადგან მე არ შემეძლო ასეთ დროს კითხვა,სხვასაც არ შეეძლო,და ვინც მეტროში ან საზ,თავშეყრის ადგილებში წიგნს კითხულობდა მეგონა რომ თავიანთი “ნაკითხობის” დემონსტრირებას ცდილობდა,ახლა არ ვფიქრობ ასე,თუმცა ასეთებიც არიან მრავლად ვინც მხოლოდ “ტიპობს”,რადგან ახლა რომ წიგნების კითხვაა მოდაში,მაგრამ ამას დადებითი მხარეც აქვს და მიხარია საერთოდაც კითხვა რომ არის მოდაში და არა ბევრი სხვა არასასარგებლო რამ. P.S საინტერესო ბლოგია <3 შინაურულად ცხვირის ჩაყოფა და საკუთარი სულელური აზრის გამოთქმა რომ მოგინდება
LikeLiked by 1 person
ანუ, ტაქსიში თუ კითხულობ, ტაქსისტს აწონებ თავს, ხომ? რკინის ლოგიკაა.
ამავე ლოგიკით, სახლში ოთახში თუ არ ხარ განმარტოებული, წიგნი ვერ გადაგიშლია კაცს. ზოგი ძალიან ირთულებს ცხოვრებას…
LikeLike
:დ საყვარელი, რა ქნას.
ჯერ ერთი, ბედნიერი ვარ, რომ მგზავრობისას კითხვა შემიძლია. მყავს მეგობრები, რომლებსაც თავი ან თვალები ტკივდებათ.
მერე მეორე, არანაირად არ აუარესებს ასე კითხვა მხედველობას. როგორი მინუს 6-იც მქონდა ადრე, იგივე მინუს 6 დამრჩა :დ
მერე მესამე, 9-ზე სახლიდან გავდივარ, 10-ზე სამსახური მეწყება, 6-ზე ვამთავრებ, 7-დან 9-მდე მაგისტრატურა მაქვს, 10-ზე სახლში მოვდივარ და 1-2-3-მდე ვმეცადინეობ. ჩემი ნება რომ იყოს, წიგნს სახლში წავიკითხავდი და მგზავრობისას ვიმეცადინებდი, მაგრამ, მოგეხსენება, პროგრამირებას ფურცლიდან ვერ ისწავლი.
მე არ მესმის, სელფის რომ იღებენ ხოლმე კითხვის დროს. ჩაფიქრებული სახით და ათასი ჰეშთეგით.
LikeLike
მეც მიყვარს ტრანსპორტში კითხვა. მაგრამ, როგორც წესი, ტელეფონში ვკითხულობ და არა “ქინდლში”. ზოგჯერ აუდიოწიგნებსაც ვუსმენ ტრანსპორტში, მაგრამ ეგ უფრო ძნელია. :)
LikeLike
სადაც თავი არ მტკივდება და ცუდად არ ვხდები, ყველგან ვკითხულობ, კი ბატონო მე ვარ ქაჯი :) დაე :)
LikeLike
მოლი პირველ რიგში მიხარია რომ დაგვიბრუნდი :*
გეთანხმები, ოონდ წაიკთხონ, ვისაც სად გაუხარდება და მოახერხებს იქ იკითხოს.
მე იმდენად მაქვს დროის დეფიციტი რომ სადაც მოვიხელთებ იქ წავიკითხავ. ტრანსპორტში კითხვა კი მეც მჭირს მხედველობის გამო, მინუსი მაქვს და თვალები მტკივდება ხოლმე. მაგრამ ეხლა ბავშვს და სამსახურს იმდენი დრო მიაქვს ოღონდ რამის წაკითხვა მოვახერხო.
ჯერჯერობით უფრო კარგი ტემპით ვყიდულობ წასაკითხ წიგნებს ვიდრე წაკითხვას ვახერხებ. მაგრამ ნათელი მომავლის იმედით ვავსებ თაროებს)))))
LikeLike
მე დიდ მანძილებზე მიყვარს კითხვა, განსაკუთრებით მატარებელში. წიგნებზე ისეთივე დამოკიდებულება მაქვს როგორც სერიალებზე, გაჩერება არ შემიძლია და თუ ვიცი რომ მალე უნდა გავჩერდე, არ ვიწყებ. ასეთ დროს უკვე წაკითხული წიგნების გადაკითხვა მიყვარს. ისე კი ყველაზე ხშირად მუსიკის მოსმენა და ფანჯრიდან ყურება მიყვარს, როცა სამსახურში მივდივარ ან სახლში ვბრუნდები. თუმცა არასოდეს მიფიქრია ჩემი რომელიმე საქციელით ან საზოგადოების/გარშემომყოფების აღფრთოვანება გამომეწვია ან პირიქით. საკუთარი თავისთვის დრო ისედაც ძალიან ცოტა გვაქვს და ტრანსპორტში რომ ამ ცოტა დროს საჩემოდ გამოვიყენებ, რატომ უნდა გახადოს ვიღაცამ მსჯელობის საგნად არ მესმის.
ყველა სუპერ ორიგინალურ ადამიანს კი მინდა ვუთხრა – Keep Calm და საკუთარი ძალიან ცოტა დრო ისე გამოიყენე როგორც შენ გინდა და სხვასაც მიეცი ამის უფლება :)
LikeLike
მოლი , აქტუალურ თემაზე დაგიწერია პოსტი , გული მომფხანა : )
მე ყოველდღე იმხელა მანძილის გავლა მიწევს უნივერსიტეტამდე , ყურსასმენების და წიგნის გარეშე ჩემმა მტერმა უყუროს გზას .
აგერ , ორი წელია ქინდლის ბედნიერი მფლობელიც ვარ და ზუსტად მგზავრობისას ვგრძნობ ყველაზე მეტად მის საჭიროებას. მეც მქონია ამ ტიპის ხალხთან შეხვედრის “ბედნიერება” . ვერ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება ადამიანი კითხულობდეს და ამავდროულად ყველგან სადაც მოუხერხდება . მეტიჩრობად გითვლიან მსგავს რამეებს .
LikeLiked by 1 person
რატომო ვითომ? :)))
პირიქით, ტრანსპორტში ცალ ფეხზე დგომა სმარტფონში წიგნების კითხვამ გადამატანინა მე პირადად :)))
LikeLiked by 2 people
შენ ეგ თქვი :) რამდენჯერ ვყოფილვარ მეტროში ცალი ხელით ჩამოკონწიალებული :)
LikeLiked by 1 person
გამარჯობა.
სანამ ვახსენებთ ქაჯობას, უკეთესია განვმარტოთ რას ნიშნავს, თავად ეს სიტყვა. თუ ვამბობთ, რომ ტრანსპორტში კითხვა ქაჯობაა, მაშინ, იქნებ ისიც ავხსნათ, სად არ ირღვევა, წიგნის კითხვის ნორმა… ვინ განსაზღვრა ადგილი, სადაც კითხვა არ გამოიწვევს მსგავს მიდგომას?! ტრანსპორტში კითხვა კი არ არის ქაჯობა, ამ აზრის დაფიქსირებაა ქაჯობა! თუ ვცდები, მაშინ სიტყვა “ქაჯობა” განმიმარტეთ…
LikeLiked by 1 person
ტრანსპორტში კითხვა მეც მიყვარს, მეც სტაჟიანი მკითხველი ვარ და ამასთან, ძალიან მიყვარს ქართული ენა. გული მტკივა ბარბარიზმებს რომ ვხედავ. “ამ ვორდინგით.” ეს და მსგავსი რაღაცები, გულს მტკენს უბრალოდ.
ბრჭყალებში რომ ჩაგესვა, კიდევ გასაგები იქნებოდა. ვიღაცისთვის ჩემი კომენტარი იქნება ქაჯობა, მაგრამ მიმაჩნია, რომ მშობიურ ენას, როგორც ყველაზე დიდ განძს, უნდა მოვუფრთხილდეთ.
LikeLike
მადლობა :) “ქაჯობას” და მსგავ იარლიყებს ასე მარტივად არ ვარიგებ. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, თავად უკეთ დაწერეთ. ვორდინგის გარეშე.
LikeLike
სტანდარტული მიდგომა – ჯანსაღ კრიტიკას არ ვიღებთ, არადა ცუდი განზრახვა არ მქონია, კეთილი კომენტარი იყო. :) თქვენი აგრესიული კომენტარის გამო კი, აქტიური მკითხველი დაკარგეთ ჩემი სახით ამ წუთას. რაც შეეხება წერას – მე თვითონ ერთ-ერთი ცნობილი ბლოგის ავტორი ვარ, არ ინერვიულოთ. ;)
კარგად ბრძანდებოდეთ.
LikeLike
სულ პირიქით :) კრიტიკა რომ არ მიმეღო, არამკითხე მოამბეობას გავიხსენებდი და სხვა რაღაცებსაც :) კრიტიკის მიღებაში იმას თუ გულისხმობთ, საკუთარ ბლოგზე ისე აღარ ვწერო, როგორც აქამდე ვწერდი, ბოდიში :)
აქტიური მკითხველის დაკარგვას რაც შეეხება, მე ყველა აქტიური მკითხველი მახსოვს და ვუფრთხილდები, თქვენ აქ აშკარად პირველად ბრძანდებით და, ალბათ, სადღაც სხვაგან აქტიურობთ.
წარმატება იმ ცნობილ ბლოგზე :)
LikeLike
უბრალოდ თავბრუს მახვევს მგზავრობისას კითხვა, არადა რამდენჯერ ყოფილა ახალნაყიდი წიგნი რომ მომქონდა და ისე მიწაკწაკებდა სული როდის შევძლებდი წაკითხვას, რომ ჩანთაშიც ვერ ვდებდი და ხელში მეჭირა ჩაბღუჯული :დ
LikeLike
მეც ამას ვამბობ :)
LikeLiked by 1 person
მეც მიყვარს კითხვა ტრანსპორტში, აზრიც მშვენივრად გამომაქვს და გაჩერებასაც გავცდენილვარ ბევრჯელ. ერთი კია, ადგილის დათმობა მენანება ხოლმე ამ დროს თავს დამდგარი მოხუცებისთვის:) ჩემი აზით ეს არის ტრანსპორტში კითხვის ყველაზე უარყოფითი მხარე :)
LikeLike
რა დამთხვევაა, ზუსტად ამ დღეებში ვფიქრობდი, ფართოდ გამეშალა მოსაზრება ამ საკითხზე თუ ერთი ფრაზით შემოვფარგლულიყავი. ჯერ იყო და მთელი ერი იმაზე წუწუნებდა, ჩვენთან არავინ კითხულობს, უცხოეთის მეტროებში კი ხალხი წიგნში თავჩარგული დადისო. ზოგი საბჭოთა კავშირს იხსენებდა და რუსეთში მეტროში ახლაც კითხულობს ხალხიო.
ბოლო დროს მოიმატა ტრანსპორტში მკითხველთა რიცხვმა, დაახლოებით ათი წელია თბილისში დაახლოებით ერთი მიმართულებით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიწევს სიარული და ადრე ამდენი მკითხველი არ მხვდებოდა.
მე მიყვარს, როდესაც წიგნიან ადამიანს ვხედავ (წიგნიერებას ერთი შეხედვით ვერ შეატყობ). რაღაცნაირად ახლობელის დანახვასავითაა.
ხოდა, რაც მეტი მკითხველი გამოჩნდა ტრანსპორტში, მით მეტი პოსტი გაჩნდა ნეტში, სადაც ახლა ერი იმაზე წუწუნებს, ეს მარიაჟობა და თავის მოწონებააო.
კომენტარები არ წამიკითხავს აქ.
ადრე ვწერდი ბლოგზე, მკითხველების სხვადასხვა ტიპი არსებობს-მეთქი, ზოგს ლოგინში უყვარს კითხვა, ზოგს სავარძელში, ზოგს ისე და ზოგს ასე.
სამარშუტო ტაქსში ვერ ვკითხულობ, თავბრუ მეხვევა.
მაგრამ მეტროში ისე გემრიელად ვკითხულობ, დაჯდომაც არ მჭირდება და არც სახელურზე ჩაჭიდება, ვდგავარ ხოლმე შუა ვაგონში და არც ვიცი, თუ მიყურებს ვინმე, იმიტომ, რომ კითხვისას ამისთვის არ მცალია.
ხმაური ხელს ვერ მიშლის, იმიტომ, რომ თუ ვკითხულობ, აღარც ხმა მესმის გარშემო.
რამდენჯერ მიმართულება შემშლია ამის გამო და ავტობუსით მგზავრობისას კი გაჩერებასაც გავცდენილვარ.
სხვათაშორის, სამსახურის მერე შიმშილის და დაღლილობის განცდის ვერგრძნობას უწყობს ხელს წიგნში ჩაფლობა და საცობებიც და გრძელი გზაც აღარაა შემაწუხებელი.
ეგ კი არადა, ფეხით სიარულის დროსაც ვკითხულობ, თანაც ძალიან ჩვეულებრივად. ის, რომ ვინმეს ეს ან არ შეუძლია ან/და არ გამოსდის, არ ნიშნავს, რომ მე ვერ წავიკითხავ ასე.
ეგრეთწოდებული “ტელეფონებში ჩამძვრალი” მგზავრები კი ძალიან მარტივად შეიძლება, რომელიმე საიტზე იყვნენ შემძვრალი და ელექტრონულად კითხულობდნენ წიგნს.
მოკლედ, სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ დღეს დილით ვფიქრობდი ზუსტად, იმდენად დიდი ხანია არსებობს ჩვენი ერი, რომ ბუზღუნა მოხუცს დაემსგავსა, ერი თვითონ და არა სათითაოდ, აი, მულტფილმებში რომ არიან ხოლმე, ხალათიანი, ფლოსტებიანი და გრძელცხვირა ბუზღუნა ბაბუები, ყველაფერზე რომ ჯუჯღუნებენ.
ოდესმე თუ საკუთარ თავს და საქმეს მეტ ყურადღებას მივაქცევთ, ვიდრე სხვისას, იქნებ გვეშველოს კიდეც ბოლოს და ბოლოს :)
LikeLike
ამ სიბერეში რომ გაიგებ, რომ თურმე ქაჯი ყოფილხარ და თანაც მთელი ცხოვრება. მაგრამ არა უშავს, ისე ჰგავს, კარგ კამპანიაში ვარ მოძმე წიგნიერ ქაჯებთან ერთად.
LikeLike
კითხვა კოცნას ჰგავს. აი, ბრესონის იმ ცნობილ “კოცნას”. შუა თაიმს კვერზე “წაიკითხავ” თუ გინდა. ერთხელ “ბასიანში”, ტექნოს ბითებმა მომანდომა ცეკვა შემეწყვიტა და რაღაცა სვანურ მებრძოლებზე კითხვა გამეგრძელა. ოჰ, სურვილები, ჩემო მოლი.
LikeLike
სურვილებს რას გაუგებ ) და რას შეეწინააღმდეგები )
LikeLike
აი ტრანსპორტში რომ ახალი ასული ვარ წინ ნახევარი საათის გზა მაქვს და ვიღაც სულ ახალთახალ წიგნს რომ ამოიღებს(გარეკანიც რომ არ აქვს ნორმალურად შეთვალიერებული იმდენად ახალს) მე კი ამ დროს ათასჯერ მონასმენი ფლეილისტის მეტი არაფერი მაბადია თანაც ვიცი რომ ჩანთაშიც არაფერი მომეპოვება, უგემური პროგრამული წიგნების გარდა, იმ უცნობი მკითველის მიმართ რაღაც ბოღმანარევი სიყვარული მეღვრება გულში, თანაც ერთიანად გამახსენდება სახლში საკითხავად შემოკრებული ჩემთვის ახალი რომანები რომ მელის და სევდაც მომაწვება ხოლმე… ჩვენში დარჩეს და ამ კომენტარის დაწერისას გავაანალიზე რომ ტრანსპორტში სხვისი კითხვის ყურება ერთერთი ყველაზე ემოციური საქმიანობა ყოფილა მთელს ჩემს სტუდენტურ ცხოვრებაში :) :3 :) ხოოდა რა მინდა რომ ვთქვა, შეიძლება იმ ნაცნობსაც, ჩემი არ იყოს, შურს ყველა იმ წინდახედული უცნობის ერთი კარგი წიგნი რომ მუდამ მოეპოვებათ დიდ ჯიბეებში და მოსაბეზრებელ და არაფრისმომტან მგზავრობას ახალი შთაბეჭდილებებით ამთავრებენ ხოლმე :/ :3 :)
LikeLike
ასეთი თბილი სპიჩი რომ ჰქონოდა, პოსტს კი არ დავწერდი, ლილიან :)
LikeLike
შენ უკეთ იცი :) მე უბრალოდ არ შემეძლო ჩემი “გულისტკივილი” რომ არ გამეზიარებინა ამ საკითხზე :)
LikeLike
გულისტკივილს ვიზიარებ და სრულად მესმის :) სხვისი კითხვის ყურებაც მიყვარს :)
LikeLiked by 1 person
მე მიყვარს ტრანსპორტში კითხვა თუ ხელს არ მიშლიან, თუ მყუდროდ ვზივარ და თანაბრად მოძრაობს ის რითიც მივდივარ.
მარა ხანდახან როცა სულ საცობებია, ხმაურია, და წარამარა აჩერებს სამარშუტო ტაქსი ან ავტობუსი და მაჯანჯღარებს კონცენტრაციაზე მოქმედებს.და თავს ვანებებ.
ყველას ერთნაირ გარემოში არ შეუძლია კითხვა, ზოგისთვის მოსახერხებელია ხალხმრავალ ადგილას ზოგისთვის არა. ზოგისთვის პრობლემაა ხმაური ზოგისთვის არა. მაგალითად მე არ შემიძლია ჩართულ ტელევიზორთან კითხვა ან მუსიკის მოსმენა კითხვის პარალელურად. ზოგს შეუძლია. (ისე ტრანსპორტში ამ ბოლო დროს ხშირად ვამჩნევ ყურსასმენებიან მკითხველებს) ასე რომ მარიაჟობას ვერ დასწამებ ასე ხელაღებით ტრანსპორტში მკითხველებს. თუ არ გგონია რომ ყველა შენი მსგავსია.
LikeLike
მე სამედიცინო უნივერსიტეტიდან დელისამდეც ვკითხულობ :) ხშირად მიწევს ამ მარშრუტის გავლა. მეტროს ერთი გაჩერებაა, მაგრამ რაღაცას მაინც ვასწრებ :) სახლიდან სამსახურამდე ჯობია, ცხადია :)
LikeLike
როდესაც წიგნის კითხვით სიამოვნების მიღება შეგიძლია რა მნიშვნელობა აქვს ტრანსპორტში წაიკითხავ თუ სახლში. მართლა რიტუალი ხომ არაა.
LikeLike
მაგას არ ვჩივი? :)
LikeLike
[…] თუ გახსოვთ, პოსტი მქონდა, “კითხვა, როგორც ქაჯობა“, იმ ცოტა უცნაურ და ცოტა სასაცილო […]
LikeLike
[…] და სასჯელს” ან “პროცესს” მეტროში ვერ წავიკითხავ? მაინცდამაინც ოთახში უნდა ვიჯდე […]
LikeLike