წლევანდელი ზაფხული ყველა გაგებით ცხელი იყო – ტემპერატურის ნიშნული რამდენს უკაკუნებდა, გახსენებაც არ მინდა, სამსახურში კი, მოზღვავებული საქმეების გამო, ისე ვგრძნობდი თავს, როგორც ორთქლის ქვაბში. მიუხედავად ამისა, ახალი წიგნების წასაკითხად მაინც ვიცლიდი და იმპრესიებს ნელ-ნელა გაგიზიარებთ, ჩემი ამბავი ხომ იცით, არ დაგზარდებით.
ერთი სიტყვით, ბიბლიოთეკაც გვარიანად შევავსე და არც საღამოობით გახლდით მოწყენილი; ახალი სეზონის პირველი ლიტერატურული პოსტისთვის კი, ბევრი ფიქრის შემდეგ, ერთი დელფინიანი წიგნი შევარჩიე, რომელიც სულ ახლახანს წავიკითხე, ჩემი მეგობრის შეშინებული ზარის შემდეგ, ალცჰაიმერის პრევენციაზე თუ გსმენია რამეო, შუაღამის პირს რომ დამაფეთიანა.
ვიცი, უკვე ბევრი თქვენგანი მიხვდებოდა, რომ წერას ლიზა ჯენოვას ცინცხალ თარგმანზე ვაპირებ… “ჯერ კიდევ ელისი“ – იმ სამკვდრო-სასიცოცხლო ომის ამბავია, ჰარვარდის ფსიქოლოგიის პროფესორს – ელის ჰოულენდს საკუთარ გონებასთან და თვითმკვლელ ნეირონებთან რომ უწევს.
რამდენი დაავადებაა ამქვეყნად, რომლებზეც გვსმენია, არა მარტო გვსმენია, ზოგჯერ ახლოსაც ჩაუვლიათ, ხანდახან იმდენად ახლოს, რომ ტკივილი და სიცარიელე დაუტოვებიათ; თუმცა, მაინც ყველას გვგონია, რომ ჩვენ არასოდეს შეგვეხებიან, არადა…
ომი ვახსენე ზემოთ. იქნებ ვინმემ პათეტიკაშიც ჩამომართვას, მაგრამ მართლა შეუძლებელია, არ აღფრთოვანდე ამ ქალის სიმამაცით და მისი ახლობლების გამძლეობით, მაშინ, როდესაც ყველამ იცის, რომ მდგომარეობა უიმედოა, ვერაგი დაავადება პროგრესირებს, არამზადა ნეირონები ყოველდღე, ყოველ საათში იხოცებიან თუ თავს იკლავენ და ყოველ ჯერზე სულ უფრო მოკლე, ბუნდოვანი და არაზუსტი ხდება პასუხი ხუთ უმარტივეს კითხვაზე, რომლებითაც ელისი საკუთარ თავს პერიოდულად ტესტირებას უტარებს:
1. რა თვეა ახლა?
2. სად ცხოვრობ?
3. სად არის შენი ოფისი?
4. როდისაა ანას დაბადების დღე?
5. რამდენი შვილი გყავს?
სულ ესაა. თითქოს არაფერია, ხომ? დამიჯერეთ, რომ იშვიათად მიგრძვნია რაიმე ამბის ტრაგიზმი ისე მძაფრად, როგორც ამ კითხვებზე მორიგი პასუხების კითხვისას განვიცდიდი. ეს იყო ყველაზე დაუნდობელი დიაგრამა, რაც კი მინახავს და ვგრძნობდი, ხანდახან ემოციისგან ჰაერის ჩასუნთქვა მავიწყდებოდა.
და მაინც, ყველაზე მეტად გულს არც ეს კითხვა-პასუხი მიკუმშავდა, არც ჯონის უსიტყვო ერთგულება, არც შვილების ფაქიზი დამოკიდებულება ოჯახის უბედურებასთან, არც ელისის იდეა – ერთად შეეკრიბა ადრეულ ასაკში ალცჰაიმერით დაავადებული ადამიანები, არც ის, რომ უმცროსი, მეამბოხე შვილისკენ მიმავალი გზა დედას ზუსტად ამ ვერაგმა დაავადებამ აპოვნინა, არც მის მიერ კონფერენციაზე წაკითხული სიტყვა, სადაც პროფესორმა ჰოულენდმა მთელ სამყაროს უთხრა: “დავიწყება არ ნიშნავს, რომ დღევანდელ დღეს ფასი არ აქვს…“ ეს ყველაფერი ემოციების ნიაღვარს იწვევდა ჩემში, მაგრამ იშვიათად უტკენია რამეს ისე, როგორც ერთმა ფრაზამ მატკინა, გონების ხანმოკლე გამონათების დროს რომ უთხრა ელისმა ქმარს:
“საკუთარი თავი მენატრება.“
ამ წიგნის იდეაც კარგად მესმის, აზრიც, მიზანიც და ავტორის სათქმელიც – ლიზა ჯენოვამ ძალიან ლამაზად გვითხრა, რომ დასასრულის დასაწყისი დასასრული ჯერ კიდევ არ არის და მართალიც იყო, მაგრამ მაინც… ღმერთმა ყველანი დაგვიფაროს ასეთი მონატრებისგან.
ამ წიგნის ყიდვას ვაპირებდი, ყიდვას და წაკითხვას, ახლა მით უფრო ვაპირებ! ჯერ მარტო, ეს ფრაზა რად ღირს-” საკუთარი თავი მომენატრა”!
LikeLike
ძალიან მტკივნეული წიგნია. დაუნდობლად დაწერილი.
LikeLike
რამდენიმე მომენტი განსაკუთრებით მძაფრად და მტკივნეულად აღვიქვი . ჰაერის ჩასუნთქვას ვერ ვახერხებდი .
მაგრამ მიუხედავად ამისა მთლიანობაში უკმარისობის განცდა დამიტოვა .
რაღაც დამაკლდა
LikeLike
მაინც რა? საინტერესოა ძალიან, შენისთანა გამოცდილ მკითხველს რა დააკლდა, პატ.
LikeLike
შეიძლება უცნაურ რამეს ვამბობ , მაგრამ ბოლომდე ვერ ვიგრძენი ამ ქალის ტრაგიზმი . როგორც უკვე ვთქვი , იყო რაღაც ნიუანსები , მტკივნეულად რომ განვიცადე , მაგრამ მთლიან წიგნს არ ეხება .
ესთერ გრინვუდი და ჩარლი გორდონი თავიანთი სასოწარკვეთილებით ბოლომდე მოვიდნენ ჩემამდე , ელისი ვერა :(
LikeLike
გასაგებია ) ლიტერატურა არითმეტიკა და ერთუცნობიანი განტოლება არ არის, ერთადერთი სწორი პასუხი არსებობდეს. ყველა სათავისოდ კითხულობს.
LikeLike
სიტყვები შენი ინტერვიუდან ^^
LikeLike
რამ გაგახსენა )
LikeLike
ფილმზე არ გაცდეთ, თუ მენდობით. წიგნი ძალიან კარგია. მე და ჩემი მეგბრები ზუსტად ალისის ასაკში ვართ და, როგორც ამერიკელები იტყოდნენ: “this hits too close to home”. ისე, ჩემი მოკრძალებული აზრით, ჯონი ნიუ-იორკში რომ არ გადასულიყო, უფრო კარგი ბიჭი იქნებოდა. ესეც კარგად არის დაჭერილი – კაცები ხშირად “სამსახურში ემალებიან” ოჯახურ ტრაგედიებს.
LikeLiked by 3 people
კარგად დაჭერილი დეტალია უდავოდ ) ფილმზე ვერაფერს გეტყვით. სად მე და სად კინო. წიგნი სხვა ამბავია.
LikeLiked by 1 person
მახოსვს მოგწერე რა ცუდად გავხდი ეს წიგნი რომ წავიკითხე და შემდეგ ფილმს ვუყურე.
ვეღარ ვსუნთქავდი და ბოლოს მახსოვს ფანჯრის გამოღებამაც ვერ მიშველა,დედაც გავარიანად შევაშინე.
LikeLike
რატომ არ მიკვირს )
LikeLiked by 1 person
)))))
LikeLike
წიგნი ჯერ არ წამიკითხავს მაგრამ ფილმი ვნახე, როგორც ვხვდები წიგნი უფრო შთამბეჭდავი იქნება, როგორც წესია ხოლმე, აუცილებლად წავიკითხავ … ფილმმა კი მოგონებები გამიცოცხლა…
http://wp.me/p34tA6-zf
LikeLike
სულ თითზე ჩამოსათვლელი ფილმი ვიცი, წიგნზე უკეთესი რომ გამოდგა ) წიგნი შთამბეჭდავია უდავოდ.
LikeLiked by 1 person
მართალია… მე პირადად კუტზეეს “სირცხვილის” მიხედვით გადაღებული ფილმი მომწონს ჯონ მალკოვიჩის მონაწილეობით, არაჩვეულებრივი ფილმია, წიგნის სრულყოფილი ეკრანიზაცია…
LikeLike
ნათლია, გუგულის ბუდე, კრავთა დუმილი, ცისფერი მთები, რუსული მერი პოპინსი )
LikeLiked by 1 person
ფორესტ გამპი
LikeLike
მე წიგნიც მიყვარს )
LikeLike
მაგ ფრაზის წაკითხვისას ქვითინი ამომხდა.
LikeLike
ნაცნობი ემოციაა
LikeLiked by 1 person
ისე დაემთხვა, რომ ლავკრაფტის შემდეგ წავიკითხე, მაგრამ ლიზა ჯენოვამ ბევრად უფრო შემაშინა…
LikeLiked by 1 person
რა კომპლიმენტია ))
LikeLiked by 1 person