Feeds:
ჩანაწერები
Comments

Archive for October, 2015

20150118_141701

აპრილში, თუ გახსოვთ, ერთ ვებგვერდზე ლიტერატურული კონკურსი გამოაცხადეს. კონკურსი დიდი არაფერი, პირობა იყო უცნაური: დეტექტიური, ფანტასტიკური, სათავგადასავლო, ეროტიკული და სხვა დაბალი სინჯის ლიტერატურა არ განიხილებაო. აი, ასე, უაპელაციოდ.

აქოთქოთდა საფეისბუქეთი. სწორად აქოთქოთდა, მინდა გითხრათ. აქეთ დეტექტივს გადაეფარნენ, იქეთ ფანტასტიკას და ფენტეზის დამცველებმა გამოიდეს თავი. ეროტიკის დაცვა მაინცდამაინც არც არავის უცდია, მაგრამ, როგორც ერთი ჩემი ნაცნობი იტყოდა, მაი აფერი.

მთავარი ის იყო, ყველა ერთხმად შეთანხმდა, დაბალი და მაღალი სინჯის პროზად დაყოფა, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულიაო. ამ საკითხში კონსესუსიც აბსოლუტური იყო და ყბადაღებული კოჰაბიტაციაც.

საპირველაპრილო ხუმრობა გვეგონა. ბოლომდე ვერ დავიჯერეთ, ან როგორი დასაჯერებელია, რომელიმე მოცლილ იუზერს ეთქვა, კიდევ ჰო, მაგრამ ვებგვერდი, კონკურსი, რამე. სერიოზული თემა რომ გგონია და უცებ – ასეთი ვორდინგი. ჩაასწორეს მერე ის პირობა, ახლაც ჩასწორებული დევს. “დაბალი სინჯის პროზა” ამოიღეს. დეტექტივი, ფანტასტიკა, ეროტიკა, საბავშვო ლიტერატურა ისევ არ განიხილება.

სხვათა შორის, ეს ყოვლად გადასარევი კლასიფიკაცია კონკურსის ორგანიზატორებს არ მოუგონიათ. გავრცელებული შეხედულებაა. ორდიპლომიანი ხალხი იცავს და ქადაგებს, ეგრე კი ნუ უყურებთ.

(more…)

Read Full Post »

თითქმის დარწმუნებული ვარ, მოლის სტუმრების უმრავლესობა, მასპინძლისა არ იყოს, დროის ძირითად ნაწილს კომპიუტერთან მიმჯდარი ატარებს – ხან ოფისში, ხან უნივერსიტეტში, ხანაც – სახლში. სხვისი არ ვიცი და ჩემი მძაფრი შეგრძნებები, ამ ბოლო დროს, საფეხბურთო მატჩის ყურებით გამოწვეული ემოციებით შემოიფარგლება, ისიც, სანამ თორმეტსაათიანი სამუშაო დღით გათანგულს ტკბილად ჩამეძინება ტელევიზორთან, იქამდე. ჰოდა, ამას წინათ, სამსახურისკენ რომ მივიზლაზნებოდი საცობში გაჩხერილი სამარშრუტოთი და მთქნარებას ძლივს ვიკავებდი, ვიფიქრე, ადრენალინი მაკლია-მეთქი. რა ვიცოდი, საღამოს სახლში “პალიტრა L“-ის საჩუქარი თუ დამხვდებოდა და ადრენალინის დეფიციტს ძილის წინ გვარიანად შევივსებდი.

“TOP თრილერის“ სერიის შესახებ უჩემოდაც გეცოდინებათ – ცინცხალი პროექტია, სულ რამდენიმე წიგნია გამოცემული და, ჯერჯერობით, სულო ცოდვილო, ერთსაც ვერ დავიწუნებ: ჯეიმზ პეტერსონის „ობობას გამოჩენა“ და სტივენ კინგის „მობილური“ უკვე ეკრანიზებულიცაა და არც პოპულარობის ნაკლებობას უჩივის; გილიან ფლინის „გაუჩინარებულ ქალზე“, ფილმი რომ განზე გადავდოთ, ამ სერიის გამოჩენამდე ვწერდი, ბოლო უიქენდი კი პოლა ჰოკინსის სადებიუტო წიგნმა გამიხალისა.

(more…)

Read Full Post »

განსაკუთრებით საინტერესო თარგმანის მოლოდინს, გეცოდინებათ, სხვანაირი ფორიაქი ახლავს: ისეთი რომ არ გამოვიდეს, რაღაც გააფუჭონ, ორიგინალივით არ გეგემრიელოს… ასეც ხდება და არცთუ იშვიათად.

“მარსელი” დიდი ხნის წინ გადმოვწერე ქინდლში. ოღონდ რუსულად. დამაინტრიგებელი ანოტაციაა, სერიოზული მკითხველი აქებს, ჩავუჯდები-მეთქი, მაგრამ სხვა რაღაცებიც მქონდა წასაკითხი და გადამედო.

მერე ბათუმელებმა თქვეს, ვთარგმნითო და ეს ჩემი “მარსელი” წაუკითხავად წავშალე, ბარემ ქართულად წავიკითხავ-მეთქი.

გამოვიდა და ატყდა ერთი ამბავი. აქეთ პრეზენტაციაო, იქეთ ფილმიო. კარგად დაემთხვა. ტაომ, ექვს-ნახევარ საათში მოვრჩი, პირადი რეკორდიაო. მე შაბათ-კვირას ვკითხულობდი. ტაქსიში, სალონში,  მოკაში, Julius Meinl-ში, ძილის წინ, ახალგაღვიძებული, პირველ ფინჯან ყავასთან ერთად, ყველგან. უიქენდი მეყო.

მაგარია-მეთქი, გეტყოდით, მაგრამ მაგარი წიგნი ბევრია. აგერ, ბათუმელები სულ მაგარ რაღაცებს თარგმნიან. მოდი, თქვენც წაიკითხეთ და ეპითეტებზე მერე შევთანხმდეთ.

წესით, ახლა შინაარსზე უნდა გელაპარაკოთ დიდხანს და მონდომებით, მაგრამ პირი რომ მოვაღო, ირაკლი და მარი მარსს უკან მომატოვებინებენ. სულ ახალი წიგნია, საღებავი არ შეშრობია, ფეისბუქზე სურათები იდება, ნაწყვეტები. პოსტის კითხვა თამამად გააგრძელეთ, წესიერი ადამიანი ვარ, არავის დავასპოილერებ.

(more…)

Read Full Post »

reading in tube

ერთი ნაცნობი მყავს. ნაცნობი რა, საერთო წრეში ვტრიალებთ. ხან ვის დაბადების დღეზე შევხვდებით, ხან რომელ კაფეში. ინტენსიურად არ ვკონტაქტობთ.

განათლება არ აკლია. ნაკითხიცაა. ყველაფერზე საკუთარი, განსაკუთრებული მოსაზრება გააჩნია და სანამ ეს მოსაზრება მართლა განსაკუთრებულია, კმაყოფილია. საზოგადოდ გავრცელებულს თუ დაემთხვა შემთხვევით, წუხს და ნერვიულობს, რაღაც შემეშალაო.

ამას წინათ კაფეში ვისხედით მეგობრები, ათას სისულელეზე ვლაყბობდით და, უცებ, ამ განსაკუთრებულმა, არც აცია, არც აცხელა, ტრანსპორტში კითხვა ქაჯობააო. ზუსტად ასე თქვა. ამ ვორდინგით.

მეგონა, მომეყურა. კითხვას და ქაჯობას ერთად იშვიათად ახსენებენ. სხვებს სიცილი აუტყდათ და მივხვდი, სწორად გავიგე. იმათ გაატარეს (ჩემზე უკეთ იცნობენ), მე ჩავეძიე და რა აღმოჩნდა – მგზავრობის დროს, თურმე, ტექსტს ბოლომდე ვერ ისიგრძეგანებ, არსს ვერ წვდები, ტექნიკურად შეუძლებელია, ხალხი ხელს გიშლის. შესაბამისად, წიგნი კი არა, თავის მოწონება გინდა. მარტივად რომ ვთქვათ, მარიაჟობ.

აღარ მიკამათია. კამათს ვერიდები, რა აზრი აქვს. ვიცნობ ასეთ ხალხს. ფეისბუქზეც შემხვედრია ამ იდეის ჩემთვის უცნობი ადეპტები, კითხვა ზესაკრალური რიტუალი რომ ჰგონიათ. ის ცნობილი ნაჯახი თუ არ მოხვდათ თავში და ტოტიასავით არ შეჭამეს მგლებმა, წიგნს წაკითხულად არ თვლიან.

(more…)

Read Full Post »

ერთი ფიქრი ამეკვიატა – ხმოვანი კინო რომ არ გამოეგონებინათ, ვინ იცის, ეს წიგნი ასეთი საყოველთაო ყურადღების მიღმა დარჩენილიყო-მეთქი, იმიტომ, რომ მისი ეკრანიზება დიალოგების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, ეკრანიზაციის გარეშე კი “ცისფერი მთები“, ვაითუ, ასე პოპულარული არ ყოფილიყო – რა აზრი აქვს იმაზე თვალის დახუჭვას, რომ ჩვენში მკითხველი მაყურებელზე გაცილებით ნაკლებია.

ჰოდა, ეს, დიალოგებზე აგებული და დახვეწილი სატირით გაჯერებული წიგნი, შეიძლება, სადმე, ძველ თაროზეც კი შემოედოთ და მტვრისთვის გაემეტებინათ – სამამულო პროზას რომ მაინცდამაინც არ ვწყალობთ, ეს კიდევ ცალკე თემაა. კიდევ კარგი, სულაკაურის გამომცემლობამ რომ მოახვედრა კინობიბლიოთეკაში.

საბედნიეროდ, თითქმის საუკუნის წინ ხმოვანი კინემატოგრაფიაც გამოჩნდა და მოგვიანებით რეზო ჭეიშვილმაც დაწერა “ცისფერი მთები“. ეს ის დრო იყო, როცა უკვე “თითქოს რაღაც მოყანყალდა,  რაღაც იძრა, შემდეგ ნამცეცები ჩამოცვივდა უმიზეზოდ და… ა, ბატონო, ნახეთ…“

(more…)

Read Full Post »

წლევანდელი ზაფხული ყველა გაგებით ცხელი იყო – ტემპერატურის ნიშნული რამდენს უკაკუნებდა, გახსენებაც არ მინდა, სამსახურში კი, მოზღვავებული საქმეების გამო, ისე ვგრძნობდი თავს, როგორც ორთქლის ქვაბში. მიუხედავად ამისა, ახალი წიგნების წასაკითხად მაინც ვიცლიდი და იმპრესიებს ნელ-ნელა გაგიზიარებთ, ჩემი ამბავი ხომ იცით, არ დაგზარდებით.

ერთი სიტყვით, ბიბლიოთეკაც გვარიანად შევავსე და არც საღამოობით გახლდით მოწყენილი; ახალი სეზონის პირველი ლიტერატურული პოსტისთვის კი, ბევრი ფიქრის შემდეგ, ერთი დელფინიანი წიგნი შევარჩიე, რომელიც სულ ახლახანს წავიკითხე, ჩემი მეგობრის შეშინებული ზარის შემდეგ, ალცჰაიმერის პრევენციაზე თუ გსმენია რამეო, შუაღამის პირს რომ დამაფეთიანა.

ვიცი, უკვე ბევრი თქვენგანი მიხვდებოდა, რომ წერას ლიზა ჯენოვას ცინცხალ თარგმანზე ვაპირებ… “ჯერ კიდევ ელისი“ – იმ სამკვდრო-სასიცოცხლო ომის ამბავია, ჰარვარდის ფსიქოლოგიის პროფესორს – ელის ჰოულენდს საკუთარ გონებასთან და თვითმკვლელ ნეირონებთან რომ უწევს.

რამდენი დაავადებაა ამქვეყნად, რომლებზეც გვსმენია, არა მარტო გვსმენია, ზოგჯერ ახლოსაც ჩაუვლიათ, ხანდახან იმდენად ახლოს, რომ ტკივილი და სიცარიელე დაუტოვებიათ; თუმცა, მაინც ყველას გვგონია, რომ ჩვენ არასოდეს შეგვეხებიან, არადა…

(more…)

Read Full Post »

ჯეი აშერი. "13 მიზეზი" "წიგნები ბათუმში"

ჯეი აშერი. “13 მიზეზი”
“წიგნები ბათუმში”

მოლის ბლოგზე საზაფხულო შვეულება, შეამჩნევდით, დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. ნეტარი უსაქმურობა გამიტკბა და საყვედურებიც მივიღე, რა დროს ნებივრობა და ფეისბუქზე სტატუსების წერაა, პოსტები დაგიძველდა, კლავიატურის უქმად კაკუნს გაეშვი და წიგნებს მიხედეო.

პრელუდიები მიყვარს, მაგრამ დრო აღარ ითმენს – პირდაპირ საქმით უნდა დავიწყო. ნამდვილი შემოდგომაც დადგა, როგორც იქნა, ძილის და კითხვის ამინდია და ურიგო არ იქნება, საშემოდგომო ლიტერატურულ სიახლეებზე მოგიყვეთ. წიგნებზე, რომელთაც ოქტომბერში ველოდებით.

გადავხედე ჩამონათვალს და, კაცმა რომ თქვას, არც ისე მოკლეა. ახალი გამოცემების სიმცირე ნამდვილად არ გაგვაკვირვებდა და ათას ობიექტურ მიზეზსაც მოვუძებნიდით, მაგრამ ფაქტია, გამომცემლობებს ჩემსავით არ უზარმაციათ და არჩევანიც გვაქვს. საკბილოს, გემოვნების და განწყობის მიხედვით, ყველა იპოვის.

საოქტომბრო წიგნების ნაწილი უკვე მაღაზიებშია, ნაწილიც ახლა იბეჭდება. ვეცდები, ყველაზე გიამბოთ; ასე უფრო მოსახერხებელია. იქნებ რომელიმე გამოგრჩათ.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: