მეხუთე წელია, ბლოგი მაქვს და, ტრადიციულად, ყოველ ზაფხულს იმას ვფიქრობ, ისეთი რა მოვიგონო, ბლოგერული შვებულების ნაადრევად დაწყება გავამართლო.
არა, უბრალოდ, დავიღალე, დასვენება მინდა და უსაქმურობა მომენატრა-მეთქი, კი ვიტყვი, გადასარევი მკითხველი მყავს, გამიგებენ, მაგრამ დასვენება აგვისტოში ვიცით ჩვენ, ჯერ ივლისი არ დაწყებულა ხეირიანად, რა დროს შვებულებააო, გულში მაინც გაიფიქრებს ვინმე.
აქამდე მსოფლიო ჩემპიონატი მშველოდა, ევროპის თასი, ოლიმპიადა და ამგვარი საყოველთაოდ საინტერესო ამბები. წელს მსგავსი არაფერი ხდება. კინკილა ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ვატარებთ და ისიც ისე ჩაივლის, მგონი, ვერც ვერავინ გაიგებს. ჰოდა, რა სინდისით ვთქვა ახლა, საგულშემატკივროდ ვემზადები, დილიდან საღამომდე ტრიბუნებზე უნდა ვიჯდე ტრანსპარანტებით ხელში, იმდენი რამეა სანახავი, ბლოგისთვის არ მეცლება-მეთქი.
ოუფენ ეარზეც არ წავსულვარ. შორიდან ვიგებ იქაურ ამბებს და ჩემი მელომანი მეგობრების მაგივრად მიხარია.
ჰო, სუპერთასია აგვისტოში… კარგი, სუპერთასზე და ბილეთებზე ნუ ვილაპარაკებთ. ამ ბლოგს ბავშვებიც კითხულობენ. უხერხულია.
მოკლედ, მეტი გზა არ არის, ისევ პირდაპირ უნდა ვთქვა: დავიღალე :) ათი თვე არ გავჩერებულვარ, მკლავებდაკაპიწებული ვშრომობდი და სულის მოთქმა კი მეკუთვნის.
ჩემი დაღლა იქით იყოს, ვეჭვობ, მკითხველსაც არ ეცლება. ჯერ გამოცდები, მერე შედეგებზე ნერვიულობა, მერე შვებულებების, ზღვაზე და მთაში ბოდიალის დრო მოდის. ბლოგები ვის გაახსენდება.
ამდენი ვიწუწუნე, თავი ვიმართლე და ჯერ მთავარი მიზეზი არ მითქვამს – ბლოგის დღეს, აი, ზუსტად დღეს და ამ პოსტით დახურვა რომ გადამაწყვეტინა.
ვორდპრესის სტატისტიკას თუ ვენდობით (ან რატომ არ უნდა ვენდოთ), ეს პოსტი რიგით მეხუთასეა. ჰოდა, მეხუთე სეზონის მეხუთასე პოსტით დახურვა ყველაზე უპრიანი მგონია.
დიდი ხნით არ გეთხოვებით. სექტემბერიც მალე მოვა და სექტემბრამდე თქვენც დაისვენებთ და მეც. თან ბლოგს მივხედავ; რაღაცებს შევცვლი, გავალამაზებ, ფეიჯებს შევაკეთებ; ახალ ავატარზეც ვფიქრობ. კანდინსკი გადასარევია, მაგრამ ექსკლუზიური, ჩემთვის დახატული ავატარი მირჩევნია.
ივლისი და აგვისტო, ცნობილი ამბავია, დიდი საგამომცემლო აქტივობებით არ გამოირჩევა, მაგრამ წელს სხვაგვარადაა საქმე და თუ სიახლეებს თვალს ადევნებთ, არ მოიწყენთ: აგვისტოში უელბეკის “მორჩილებას” ველოდებით, ორშაბათიდან გიორგი კეკელიძის ყოვლად გადასარევი “სხვა დეტექტივების” გამოცემა დაიწყება და თვის ბოლოს “წიგნები ბათუმში” მორიგ პრეზენტაციას გეგმავს. თან დიდი სიურპრიზით; თუმცა ამაზე თავად გიამბობენ.
ისე, რომ იცოდეთ, მაინცდამაინც შორს არ მივდივარ. ფეისბუქზე ვიქნები და აქაც შემოვიხედავ, თუ ხმამაღლა შემომძახებთ, გავიგონებ.
სიყვარულით,
თქვენი მოლი
მეხუთასე პოსტს გილოცავ, მოლ <3 ბლოგს ვემშვიდობები სექტემბრამდე :'(
LikeLike
მადლობა, მარიამ :) სექტემბრამდე :)
LikeLike
სულ არ მეგონა ამ სეზონის ბოლო პოსტი თუ დამხვდებოდა .
მეწყინა :( თუმცა , ნამდვილად გეკუთვნის დასვენება . კვირაში ორჯერ რამხელა სიამოვნებას გვჩუქნი ბიბლიოფილებს ^^
აქ გემშვიდობები , ფეისბუქზე – არა :)
LikeLike
სექტემბერიც მალე მოვა, პატ :)
LikeLike
კუთვნილი, დამსახურებული დასვენებაა, ვერაფერს იტყვი :) მე-500 პოსტსაც გილიცავ, მოლი! გელოდებით სექტემბერში.
LikeLike
შენ სულ მამხნევებ ასეთ დროს, ტაბუ :) მადლობა <3
LikeLiked by 1 person
გასამხნევებელი რა არის, მოლი – მხოლოდ მადლობა მეთქმის წელიწადში 10-11 თვიანი საინტერესო ბლოგერობის პერიოდებისათვის <3
LikeLike
სასიამოვნო დასვენება მოლი ^_^
თანაც როგორი საიუბილეო ბლოგერული შვებულება გამოგსვლია :)
LikeLiked by 1 person
ჰო, ასე კარგად დაემთხვა :) მადლობა, ოჩო :)
LikeLike
500 პოსტი! ძალიან მაგარია :) კარგ დასვენებას გისურვებ და მერე სექტემბერში გელოდებით დასვენებულს ;)
LikeLiked by 1 person
უკვე ვფიქრობ სასექტემბრო ამბებზე :) მომენატრა აქაურობა :) მადლობა :)
LikeLike
WOW 500 პოსტი ^_^ კარგ დასვენებას გისურვებ <3
LikeLiked by 1 person
აბაა ) მადლობა, ფინიკი :)
LikeLike
კარგ დასვენებას გისურვებ და ბლოგს ვულოცავ საიუბილეო პოსტს :) მინიმუმ 1000 პოსტი წაგვეკითხოს :))
LikeLike
უჰ :) ერთი ამდენი კიდევ :) იქნებ მართლა მოვესწროთ? :) მადლობა :)
LikeLike
უი 5 წლის ბლოგი გაქვს? ჩემსაზე 3 წლით პატარა ყოფილა.
კარგ დასვენებას გისურვებ. აბა შენ იცი.
LikeLike
მე რომ დავიწყე, შენ უკვე საქვეყნოდ ცნობილი ბლოგერი იყავი :) მადლობა, ქეით :)
LikeLike
დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის.
აბა შენ იცი :)
LikeLike
რამდენი დრო გასულა თურმე :))
ჩუდინოვადან მეხუთასე პოსტამდე ;)
კარგად დაისვენე, მოლი, მე აქ დაგხედავ ხოლმე, ფეისბუქ-შვებულება მაქვს :)
LikeLike