ლიზა ჯენოვა
ჯერ კიდევ ელისი
გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”
პირველი ქართული გამოცემა, ბათუმი 2015
მთარგმნელი – ანა გიგუაშვილი
რედაქტორები – მარიამ კორინთელი, სალომე ბენიძე
დიზაინი – მაია ხუტიაშვილი
დამკაბადონებელი – მალხაზ ფაღავა
კორექტორი – თამთა ჯინჭარაძე
ქართული გამოცემა © გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2015 ყველა უფლება დაცულია
სექტემბერი, 2003 წელი
ელისი საძინებელში, თავის მაგიდასთან იჯდა. პირველ სართულზე, ოთახიდან ოთახში აჩქარებით მოსიარულე ჯონის ფეხის ხმა და ბრახაბრუხი ყურადღებას უფანტავდა. ელისს გაფრენამდე უნდა დაემთავრებინა კოგნიტური ფსიქოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის მიმოხილვა, მას კი ერთი და იგივე წინადადება უკვე სამჯერ ჰქონდა წაკითხული და აზრის გამოტანა ვერ მოეხერხებინა. მაღვიძარა რვის ნახევარს უჩვენებდა. პირველ სართულზე თანდათან გაძლიერებულმა ხმაურმა ელისი მიახვედრა, რომ ჯონი სახლიდან, რაც შეიძლება, სწრაფად გასვლას ცდილობდა, მაგრამ, როგორც ეტყობოდა, რაღაც დაკარგა და ვერაფრით პოულობდა. ელისმა კალმის ბოლო ტუჩებთან მიიტანა და მაჯის საათს დახედა. წინასწარ იცოდა, რაც მოხდებოდა.
– ელი?
კალამი მაგიდაზე დადო, ღრმად ამოისუნთქა და კიბეზე დაეშვა. ჯონი ტახტის წინ დაჩოქილი დახვდა, ბალიშების ქვეშ ხელს აფათურებდა, ჩანდა, რაღაცას ეძებდა.
– გასაღები?
– სათვალე. გეხვეწები, ახლა არ დამიწყო, მაგვიანდება.
ელისმა თვალი მის გაბრაზებულ მზერას გააყოლა, ბუხრის თავისკენ, სადაც ანტიკვარული, მუდამ ზუსტად მომართული საათი რვას უჩვენებდა. საათებმა მათ სახლში იშვიათად უწყოდნენ ნამდვილი დრო. ელისი უკვე იმდენჯერ მოტყუვდა, რომ მხოლოდ თავის „ბლექბერის“ ენდობოდა. საათების აჯანყების დასტურად, მიკროტალღური ღუმლის საათი ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ჯერ მხოლოდ დილის შვიდი იყო.
სათვალე იქ იყო – არც რამის ქვეშ, არც რამის უკან, არც თვალს მოფარებული; იდო თავისთვის, სამზარეულოს გრანიტის გლუვ, მოწესრიგებულ ზედაპირზე, გაუხსნელი წერილების გროვით სავსე, სოკოს ფორმის მინის ლარნაკის გვერდით. როგორ შეიძლებოდა, უჭკვიანეს ჯონს, მეცნიერს, ასეთი აშკარა რამ მხედველობიდან გამორჩენოდა?!
რა თქმა უნდა, ხანდახან მისი ნივთებიც იკარგებოდნენ მიუვალ, პატარა კუნჭულებში, მაგრამ მათი ძებნით არც არასდროს არავინ შეუწუხებია და არც დახმარება უთხოვია. ჯონმა არც იცოდა, რომ გუშინ მისმა ცოლმა მთელი დილა „ბლექბერის“ დამტენის ძებნაში გაატარა, ჯერ სახლში და შემდეგ – ოფისში. ბოლოს დანებდა და ახალი დამტენი იყიდა, თურმე, მხოლოდ იმისთვის, რომ იმავე საღამოს, მოგვიანებით, ძველი დამტენი აღმოეჩინა, ჩვეულ ადგილას, საწოლის გვერდით შეერთებული. ალბათ, ორივეს ნაცვლად ყოველდღიურობაზე ფიქრმა და საშინლად გადატვირთულმა სამუშაო გრაფიკმა გამოფიტა ასე. ან, სულაც, ასაკის მატებამ.
ჯონი სამზარეულოს კარში იდგა, მაგრამ ელისს არ უყურებდა – ცოლის ხელში ჩაბღუჯულ სათვალეზე გაშტერებოდა მზერა.
– შემდეგში, როცა რამის მოძებნა დაგჭირდება, ეცადე წარმოიდგინო, ვითომ ქალი ხარ, – ღიმილით უთხრა ელისმა.
– კარგი,შენს მაისურს ჩავიცვამ ხოლმე. ელი, გთხოვ, მართლა დამაგვიანდა!
– არადა, მიკროტალღურმა ღუმელმა, ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვსო, – თქვა ელისმა და სათვალე მიაწოდა.
– გმადლობ.
ესტაფეტის მორბენალი რომ გამოართმევს ხოლმე ნიშანს და გაიქცევა, ისე ჩაბღუჯა სათვალე ჯონმა და შემოსასვლელისკენ გაიქცა.
– შაბათს, რომ ჩამოვალ, სახლში დამხვდები? – შეკითხვა დააწია ელისმა, თან თვითონაც გაჰყვა შემოსასვლელისკენ.
– არ ვიცი, შაბათს ლაბორატორიაში ძალიან დაკავებული ვარ, – ამ სიტყვებთან ერთად ჯონმა ჩანთა, მობილური და გასაღები აიღო, – მშვიდობიან ფრენას გისურვებ, ლიდიას ჩაეხუტე, აკოცე და ეცადე, არ იჩხუბოთ.
ელისმა შემოსასვლელის სარკეში არეკლილ თავიანთ გამოსახულებებს შეავლო თვალი – მაღალი, გამორჩეული გარეგნობის, სათვალიანი მამაკაცი, რომელსაც მუქ თმაში ჭაღარა შეპარვოდა და კოხტა, ხვეულთმიანი ქალი, რომელსაც გულზე ხელები დაეკრიფა – სარკეშიც კი ჩანდა, რომ წყვილი მუდამ მზად იყო, თავით გადაშვებულიყო ერთსა და იმავე, მომაბეზრებელ, უსაგნო კამათში.
– დიდი ხანია, ერთმანეთი ნორმალურად არ გვინახავს. გეხვეწები, ეცადე სახლში დამხვდე, – სთხოვა ელისმა.
– ყველანაირად ვეცდები, – მიუგო ჯონმა და აკოცა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი სული ჰქონდა, წასულიყო, საკოცნელად მაინც შეყოვნდა და სცადა, ეს თითქმის შეუმჩნეველი და ჩვევადქცეული წამი გაეხანგრძლივებინა. ელისს რომ იგი უკეთ არ სცნობოდა, შეიძლება, ეს კოცნა რომანტიკულ საბურველში გაეხვია. შეიძლება, იმედიანად მდგარიყო კარში და ეფიქრა, რომ ჯონმა ამ კოცნით უთხრა, თუ როგორ უყვარს და მოენატრება, მაგრამ ელისი ქმარს კარგად იცნობდა. ახლაც, გახედა ქუჩაში სწრაფი ნაბიჯით მიმავალ კაცს და იგრძნო, რომ მისი კოცნა სხვა არაფერი იყო, თუ არა ბოდიში – ჯონი წინასწარ ითხოვდა პატიებას იმისთვის, რომ შაბათ საღამოს შინ არ დახვდებოდა.
დილაობით ერთად მისეირნობდნენ ხოლმე ჰარვარდის ეზომდე – ერთად მუშაობდნენ, თანაც – სახლთან საკმაოდ ახლოს და სამსახურისკენ გზასაც ერთად გადიოდნენ. მათი ყოველდღიური ცხოვრებიდან ელისს ყველაზე მეტად დილის ეს რიტუალი უყვარდა – აუცილებლად ჩერდებოდნენ „ჯერისთან“ – უკვეთავდნენ შავ ყავას ჯონისთვის, ლიმონიან ჩაის, სეზონურად – ცივს ან ცხელს – ელისისთვის, და ასე მისეირნობდნენ ჰარვარდისკენ. გზა შეუმჩნევლად ილეოდა თავიანთ კვლევებსა და ლექციებზე, ფაკულტეტების პრობლემებზე, შვილებზე, ან სულაც საღამოს გეგმებზე ლაპარაკში. ხელჩაკიდებულებიც კი დადიოდნენ, სანამ ჯერ კიდევ ახალდაქორწინებულები იყვნენ. ელისი ტკბებოდა დილის სეირნობების ინტიმურობითა და უშფოთველობით, ვიდრე რუტინამ, სამსახურის პრობლემებმა და პროფესიულმა ამბიციებმა ორივე არ გამოფიტა და გადაღალა.
ბოლო ხანებში ისეც ხდებოდა, რომ ცალ-ცალკე უხდებოდათ ჰარვარდამდე მისვლა. ელისმა მთელი ზაფხული ჩემოდნებზე გაატარა, ესწრებოდა ფსიქოლოგიის კონფერენციებს რომში, ახალ ორლეანში, მაიამიში; მონაწილეობა მიიღო საგამოცდო კომიტეტის სხდომაში, პრინსტონში, თეზისის დაცვაში. მანამდე, გაზაფხულზე, ჯონის საკვლევმა უჯრედებმა გაძლიერებული ყურადღება მოითხოვა და ის ყოველ დილით ჩვეულებრივზე თითქმის ერთი საათით ადრე გადიოდა სახლიდან. შეეძლო, უჯრედებზე დაკვირვება სტუდენტებისთვისაც დაევალებინა, მაგრამ ჯონი მათ არ ენდობოდა და თავად ცხადდებოდა ლაბორატორიაში. ელისს უკვე დაავიწყდა, გაზაფხულამდე რა უშლიდათ ხელს ერთად სიარულში , თუმცა, ის ახსოვდა, რომ ყოველ ჯერზე ეს მიზეზები ძალიან მნიშვნელოვნად და თან წარმავალად ეჩვენებოდა.
ელისი ყურადღებაგაფანტული დაუბრუნდა თავის სამუშო მაგიდას. კონცენტრაცია უჭირდა – ჯონთან გამომშვიდობებისას არშემდგარი ჩხუბის გამო, უმცროსი შვილის, ლიდიას გამო. ნუთუ ასე ძნელი იყო, ქმარი ერთხელ მაინც დამდგარიყო მის გვერდით? მოკვდებოდა, მისი მხარე რომ დაეჭირა? ძალიან ბრაზობდა ჯონზე – ელისი ყოველთვის გადამეტებულ ყურადღებას უთმობდა ნაშრომებს, იმ დილით კი ეს არ გამოუვიდა და საქმეს სწორედ იმდენი დრო დაუთმო, რამდენიც საჭირო იყო. თითქოს, ყველაფერი რიგზე იყო: კომენტარები – დართული, რეკომენდაციები – დაწერილი, მაგრამ ელისს უკმარისობის გრძნობა არ ტოვებდა. დანაშაულის განცდით შეპყრობილმა დალუქა ნაშრომიანი კონვერტი – ფიქრობდა, რომ კვლევის ინტერპრეტაციის შეფასებისას რაღაც მნიშვნელოვანი გამოეპარა. ამას ჯონს აბრალებდა – ელისის პროფესიულ თავდადებასა და პატიოსნებას სწორედ ქმართან უსაგნო კამათის გამო შეუდგა წყალი.
ელისმა ხელახლა ჩაალაგა წინა მოგზაურობიდან ჯერ კიდევ ბოლომდე ამოულაგებელი ჩემოდანი, იმ იმედით, რომ შემდეგ თვეებში ამდენი მგზავრობა აღარ მოუწევდა. კალენდარში მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ლექციებიღა ჰქონდა მონიშნული. მეორე დღეს მიწვეული მომხსენებელი უნდა ყოფილიყო სტენფორდის უნივერსიტეტის კოგნიტური ფსიქოლოგიის შემოდგომის კოლოკვიუმების სერიაში. მერე კი ლიდია უნდა ენახა. საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ მასთან არ იჩხუბებდა.
ელისმა ადვილად იპოვა გზა სტენფორდის დარბაზ „კორდურამდე“, „კამპუს დრაივ ვესტის“ და „პანამა დრაივის“ კუთხეში. თეთრად შეფეთქილი კედლები, თიხის სახურავი და ბორცვებიანი მწვანე ლანდშაფტი აღმოსავლეთ სანაპიროს ხედებს შეჩვეულ ელისს კარიბულ სანაპიროს უფრო აგონებდა, ვიდრე აკადემიურ შენობას. ძალიან ადრე მივიდა, ამიტომ გადაწყვიტა, შენობაში მაინც შესულიყო, ცარიელი აუდიტორია მოეძებნა და თავისუფალი დრო წინასწარ მომზადებული სიტყვის გადახედვაში გამოეყენებინა.
პირველივე კარი შეაღო და, მისდა გასაკვირად, ხალხით სავსე ოთახში აღმოჩნდა. აჟრიამულებული ბრბო გარს შემორტყმოდა ბუფეტის მაგიდას და ისე იყოფდა საჭმელს, როგორც ქალაქის სანაპიროს თოლიები – ნადავლს. ელისი შეეცადა, შეუმჩნევლად შეპარულიყო და თვალი ჰკიდა ჯოშს, ყოფილ ჰარვარდელ თანაკურსელს და აღიარებულ ეგომანიაკს, რომელიც ზუსტად მის წინ იდგა ფეხებგაჩაჩხული, ისე, თითქოს თავდასხმას აპირებდა.
– ეს ყველაფერი ჩემთვის მოამზადეთ? – კეკლუცი ღიმილით ჰკითხა ელისმა.
– არა, აქ ყოველდღე ასე ვჭამთ, – გაიცინა ჯოშმა, – ვხუმრობ. ეს განვითარების საკითხებზე მომუშავე ერთ-ერთი ფსიქოლოგის გამოა, გუშინ გააფორმა უვადო ხელშეკრულება. აბა, შენ როგორ ხარ? როგორია ცხოვრება ჰარვარდში?
– კარგი.
– არ მჯერა, რომ კიდევ იქ ხარ, მთელი ამ წლების მერე. თუ ოდესმე იქაურობა ძალიან მოგბეზრდება, აქ გადმოსვლაზე იფიქრე.
– აუცილებლად შეგატყობინებ, – უპასუხა ელისმა, – შენი საქმეები როგორ მიდის?
– ფანტასტიკურად. მოხსენების მერე ოფისში შემომიარე, ჩემი კვლევის უახლეს მონაცემებს გაჩვენებ. სასიამოვნოდ გაოცდები.
– მაპატიე, ჯოშ, მართლა არ შემიძლია, მოხსენების დასრულებისთანავე გავრბივარ, ლოს-ანჯელესის რეისს უნდა მივუსწრო , – მიუგო ელისმა და გაუხარდა, რომ თავის დასაძვრენად ასეთი დამაჯერებელი მიზეზი მოიგონა.
– ძალიან ცუდი. ვეღარც ვიხსენებ, ბოლოს როდის გნახე; მგონი, წინა წლის ფსიქოეკონომიკურ ფორუმზე, და მაშინაც, სამწუხაროდ, შენს გამოსვლას ვერ დავესწარი.
– გაგმართლებია, იმიტომ, რომ იმ მოხსენებიდან დიდი ნაწილის მოსმენა დღეს მოგიწევს, – შეჰღიმა ელისმა
– ბოლო ხანებში ერთსა და იმავეს ატრიალებ ? – ჩაიცინა ჯოშმა.
ვიდრე ელისი პასუხის გაცემას მოასწრებდა, ოთახში დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ელისის გადამრჩენელი, გორდონ მილერი შემოიჭრა და ჯოშს შამპანურის დასხმაში დახმარება სთხოვა. სტენფორდსა და ჰარვარდში უკვე ტრადიციად იყო ქცეული ჭიქა შამპანურის მირთმევა, როცა ფაკულტეტის თანამშრომელი უვადო ხელშეკრულებას აფორმებდა. საერთოდ, პროფესორის კარიერაში ხმაურიანი დაწინაურების არც ისე ბევრი შესაძლებლობა არსებობდა, ამიტომ უწყვეტი კონტრაქტი ჭეშმარიტად სადღესასწაულო გამონაკლისს წარმოადგენდა.
როდესაც ჭიქა ყველამ ასწია, გორდონი კათედრაზე ავიდა, მიკროფონი შეამოწმა და საზოგადოების ყურადღება ითხოვა:
– დღეს მარკს მნიშვნელოვან ნაბიჯს ვულოცავთ, დარწმუნებული ვარ, ისიც გახარებულია ამ მიღწევით, თუმცა, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ წინ კიდევ არაერთი საინტერესო გამოწვევა ელის. მარკს გაუმარჯოს!
– წარმატებები მარკს! – ელისმა გვერდით მდგომ პროფესორს ჭიქა მიუჭახუნა და მალე ყველა ჩაერთო საყოველთაო ჭამა-სმაში, დისკუსიასა და მხიარულებაში. როცა საჭმელი გათავდა და შამპანურის ბოთლები სასმლის უკანასკნელი წვეთებისგან დაიცალა, გორდონი კვლავ კათედრაზე აღმოჩნდა:
– თუ ყველა დავსხდებით, შევძლებთ, ჩვენი დღვანდელი ლექცია დავიწყოთ.
გორდონმა რამდენიმე წუთს შეიცადა, სანამ დაახლოებით სამოცდათხუთმეტი ადამიანი მოთავსდებოდა და განაგრძო:
– დღეს წილად მხვდა პატივი, წარმოგიდგინოთ ჩვენი სასწავლო წლის კოლოკვიუმების სერიის პირველი მომხსენებელი – დოქტორი ელის ჰოულენდი. ელისი არის უილიამ ჯეიმსის სახელობის ჰარვარდის ფსიქოლოგთა ასოციაციის პროფესორი. ბოლო 25 წლის განმავლობაში, მისი გამორჩეული კარიერის მანძილზე, დოქტორმა ჰოულენდმა შეიმუშავა მრავალი მოწინავე სტანდარტი ფსიქოლინგვისტიკაში. ის პირველი იყო და ახლაც აგრძელებს სათავეში დგომას, ენის მექანიზმების შესწავლაში, დისციპლინათშორისი და ინტეგრირებული მიდგომის მეთოდების გამოყენებაში. ჩვენ პრივილეგირებულები ვართ, რადგან გვაქვს მისი მოხსენების მოსმენის ბედნიერება, დღეს, აქ და ახლა.
ელისმა კათედრაზე გორდონის ადგილი დაიკავა და მას მიჩერებულ აუდიტორიას გადახედა. აპლოდისმენტების გრიალში გონებაში ერთი საინტერესო სტატისტიკა ამოუტივტივდა, რომლის თანახმადაც, საჯარო მომხსენებლებს სიკვდილზე მეტად აუდიტორიის წინაშე გამოსვლის ეშინიათ. ელისს, პირიქით, უყვარდა ხალხის წინაშე გამოსვლა. მძაფრად შეიგრძნობდა ყველა ამაღელვებელ მომენტს – სწავლის, მოხსენების, გადაცემის, დებატების პროცესის უწყვეტობას. უყვარდა ადრენალინის მოზღვავების შეგრძნება და რაც უფრო რთული ან მტრულად განწყობილი იყო აუდიტორია, მით უფრო ამაღელვებელი ხდებოდა მისთვის მთელი ეს თავგადასავალი . ჯონი ძალიან კარგი მასწავლებელი იყო, მაგრამ საჯარო მოხსენებები ყოველთვის საშიშ და მტკივნეულ თემად მიაჩნდა. აღფრთოვანებაში მოჰყავდა ელისის ამ „სუპერძალას“. მართალია, მთლად სიკვდილივით არ ეშინოდა საჯარო გამოსვლების, მაგრამ აუდიტორიის წინაშე წარდგომას ობობები და გველები ნამდვილად ერჩივნა.
– გმადლობ, გორდონ, – დაიწყო ელისმა, – დღეს ვაპირებ, გესაუბროთ პროცესებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს ენის განვითარებასა და გამოყენებას.
ელისს ადრეც ჰქონდა მსგავს თემაზე მოხსენებები, თუმცა იგი ამას წრეზე ტრიალს, როგორც ჯოშმა აღნიშნა, ვერ დაარქმევდა. საუბრის ძირითადი თემა ლინგვისტიკის მთავარი პრინციპები იყო, რომელთა შორის უმეტესობა თავად შეიმუშავა და ერთსა და იმავე სლაიდებს წლების განმავლობაში იყენებდა კიდეც. ამის გამო არც რცხვენოდა, პირიქით, ამაყობდა, რომ ამდენი წლის განმავლობაში მისი აღმოჩენები დროს და ახალ გამოწვევებს უძლებდნენ. ელისის ნაშრომები შემდგომ ძალიან მნიშვნელოვან აღმოჩენებს დაედო საფუძვლად.
ელისი ჩანაწერებში ჩახედვის გარეშე, დაუძაბავად და მხატვრულად საუბრობდა, თუმცა, პრეზენტაციის დასასრულისკენ, როცა ათი წუთიც არ იქნებოდა დარჩენილი, რატომღაც, გაჩერდა და საუბარი ვეღარ განაგრძო.
– არაწესიერი ზმნები მოითხოვენ ერთგვარ შინაგან…
და გაჩერდა. უბრალოდ, ვეღარაფრით იხსენებდა საჭირო სიტყვას. გაუწყდა აზრიც, ახსოვდა, რისი თქმაც უნდოდა, მაგრამ თვითონ სიტყვა დაუსხლტა, მორჩა. დაკარგა. არ ახსოვდა არც პირველი ასო, არც ჟღერადობა, არც დამარცვლა. ენის წვერზე არაფერი უტრიალებდა.
შეიძლება, შამპანურის ბრალიც იყო. როგორც წესი, მოხსენებების დროს ალკოჰოლს არასდროს იღებდა. იმ შემთხვევაშიც კი, როცა პრეზენტაცია ყველაზე უბრალო, უპრობლემო, შეჩვეულ გარემოში მიმდინარეობდა, ყოველთვის ცდილობდა, რაც შეიძლება ფხიზლად ყოფილიყო და მახვილი გონება შეენარჩუნებინა, მით უმეტეს, თუ კითხვა-პასუხის რეჟიმს ელოდა. ამ დროს შეიძლებოდა, ყველაზე გაუფრთხილებელი, მოულოდნელი, წინააღდეგობებით აღსავსე დებატები დასტყდომოდა თავს. მაგრამ დღეს სასმელზე უარის თქმა შეიძლებოდა შეურაცხყოფად მიეღოთ, ეს კი ელისს არ უნდოდა, და მანაც დალია, აშკარად, დასაშვებზე მეტი. ყველაფერი ჯოშთან გამართული პროვოკაციული საუბრის ბრალი იყო.
იქნებ აკლიმატიზაცია იყო დამნაშავე? ელისის გონება, საჭირო სიტყვის ძიებაში, გამალებით ჩხრეკდა ტვინის ყოველ კუნჭულს, მაგრამ ამაოდ – ვერსად აგნებდა. ამავდროულად, იმდენად დაძაბული აანალიზებდა მიზეზს, თუ რატომ შეიძლებოდა, არ გახსენებოდა ეს სიტყვა, რომ გული ამოუვარდა, პულსი აუჩქარდა და სახეზეც წამოწითლდა. აუდიტორიის წინაშე ასეთი რამ არასდროს დამართნია. არასდროს ჩავარდნილა პანიკაში მოხსენებისას, უფრო დიდ აუდიტორიასა და დაძაბულ გარემოშიც კი. ახლაც, თავს აიძულა, ესუნთქა, დამშვიდებულიყო, დაევიწყებინა მომხდარი და საუბარი გაეგრძელებინა.
დავიწყებული სიტყვა შეუფერებელი და მეცნიერებაში მიუღებელი სიტყვით ჩაანაცვლა – „რაღაც“, აზრი შუაში გაწყვიტა და შემდეგი სლაიდიდან განაგრძო. ეს პაუზა ელისს უხერხულ უსასრულობად მოეჩვენა, მაგრამ აუდიტორიას რომ გადახედა, მიხვდა – ვერავინ შენიშნა მისი მეხსიერების ღალატი. არავინ ჩანდა შეშფოთებული, ან ჩაფიქრებული, ან კოპებშეყრილი. თვალი მოჰკრა ჯოშსაც, რომელიც, წელგამართული და სახეზე მსუბუქღიმილიანი, გვერდით მჯდომ ქალს რაღაცას ეჩურჩულებოდა.
თვითმფრინავი უკვე ლოს-ანჯელესში ეშვებოდა, როცა ელისმა, როგორც იქნა, სიტყვა გაიხსენა – ლექსიკონი.
ლიდია ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა. ნეტავ, სკოლის დასრულებისთანავე გაეგრძელებინა კოლეჯში სწავლა- გასული წლის გაზაფხულზე უკვე დასრულებული ექნებოდა. როგორ იამაყებდა ელისი! და-ძმებში ყველაზე ჭკვიანი ლიდია იყო, მაგრამ სკოლის დამთავრებისთანავე ლიდიამ კი არა, სწორედ მათ ჩააბარეს კოლეჯებში – იურიდიულზე და სამედიცინოზე.
ლიდია კი სამოგზაუროდ ევროპაში წავიდა. ელისს მაინცდამაინც არ უდარდია – იმედოვნებდა, რომ ეს მოგზაურობა გოგონას თავის თავს აპოვნინებდა და ისიც საბოლოოდ ჩამოყალიბდებოდა, რისი მიღება სურდა ცხოვრებისგან, რომელ უნივერსიტეტში უნდოდა სწავლა. ამის ნაცვლად, მან მშობლებს განუცხადა, რომ დუბლინში ყოფნისას რამდენიმე პატარა როლი ითამაშა და ვიღაც შეუყვარდა. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ გადავიდა ლოს-ანჯელესში.
ელისმა ძლივს გადაიტანა ეს ამბავი. საშინელი იმედგაცრუება იგრძნო, თანაც, ლიდიას ამ ნაბიჯში საკუთარ თავს ადანაშაულებდა. ლიდია ყველაზე უმცროსი იყო ოჯახში, ამიტომ, მისი დაკავებული მშობლების დროისა და ყურადღების ნარჩენებიღა ხვდებოდა. თანაც, ძალიან კარგი მოსწავლე იყო, ამიტომ, მშობლები თვლიდნენ, რომ მას ამ საკითხში თვალყურის დევნება არ სჭირდებოდა. ლიდიას იმაზე მეტი თავისუფლება მისცეს, ვიდრე მისი ასაკის ბავშვისთვის იყო დასაშვები. ლიდიას მაგალითად ჰქონდა მშობლების თავბრუდამხვევი კარიერა, როგორც ნათელი დასტური, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ სწორად დაისახავ მიზნებს და თავს არ დაზოგავ მათ მისაღწევად. ლიდიას ბავშვობიდან ჩაუჭედეს თავში, რომ კოლეჯში ჩაბარების გარეშე მისგან არაფერი გამოვიდოდა, მაგრამ გოგონას მაინც ეყო გამბედაობა, უარი ეთქვა ამ ნაბიჯზე.
ლიდია მარტო არ იყო, მის გადაწყვეტილებას ჯონი უმაგრებდა ზურგს და სწორედ ეს იყო ელისსა და ქმარს შორის ყველაზე დიდი და სერიოზული კონფლიქტის მიზეზი – ჯონი თვლიდა, რომ ლიდიამ შესანიშნავი არჩევანი გააკეთა.
ელისმა „ბლექბერიზე“ შეამოწმა მისამართი , მეშვიდე ბინაში ზარი დარეკა და დაიცადა. ის-ის იყო, კიდევ აპირებდა ღილაკზე ხელის დაჭერას, რომ ლიდიამ კარი გააღო.
– დე, ადრე ჩამოსულხარ, – შეშფოთდა გოგონა.
– ზუსტად დროზე ჩამოვედი, – ელისმა საათს დახედა.
– კი მაგრამ, შენ მითხარი, რომ თვითმფრინავი რვაზე ჩამოდიოდა.
– არა, მე ხუთი გითხარი.
– ჩაწერილი მაქვს ჩემს ბლოკნოტში.
– ლიდია, ხუთს თხუთმეტი წუთი აკლია და მე აქ ვარ.
ლიდია დაიბნა, იმ ციყვივით შეცბუნდა, რომელიც გზაზე გადასვლისას მისკენ მომავალ მანქანას შეეჩეხება.
– მაპატიე, შემოდი, – უთხრა ლიდიამ. ჩახუტებამდე ორივე შეყოყმანდა – თითქოს ეს ილეთი ახალნასწავლი ჰქონდათ და არ იცოდნენ, პირველად რომელს უნდა დაეწყო მოძრაობა. ან თითქოს მივიწყებოდათ ძველი ცეკვა, რომელსაც დიდი ხნის წინ ცეკვავდნენ და ახლა უკვე ეჭვი ეპარებოდათ მეხსიერებაში გაბუნდოვანებული მოძრაობების სიზუსტეში.
ელისმა ლიდიას ზედატანში ხერხემალი და ნეკნები შეიგრძნო. ზედმეტად გამხდარიყო. მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ ხუთი კილო მაინც ექნებოდა დაკლებული. ელისს ძალიან მოუნდა, ეს ამბავი გადატვირთული დღის რეჟიმისთვის დაებრალებინა, და არა სულელური დიეტებისთვის. ქერა და დაახლოებით 10 სანტიმეტრით ელისზე მაღალი ლიდია ჰარვარდში ნამდვილად გამოირჩეოდა იტალიელ და აზიელ გოგონებს შორის, მაგრამ აქ, ლოს-ანჯელესში, თითქმის ყველა მისნაირად გამოიყურებოდა.
– მაგიდა ცხრისთვის დავჯავშნე. აქ დაიცადე, ახლავე გამოვალ, – უთხრა ლიდიამ და თავის ოთახში შევიდა. ელისმა სამზარეულო და მისაღები ოთახი მოათვალიერა. ავეჯს ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ მეორადი და გვარიანად მორყეული იყო. ერთმანეთს სრულიად არ ეხამებოდა ფორთოხლისფერი ტახტი, ძველებური ყავის მაგიდა, ყავლგასული სამზარეულოს გარნიტური… თეთრი კედლები ცარიელი იყო, ტახტის თავზე მიწებებულ მარლონ ბრანდოს პოსტერს თუ არ ჩათვლიდით. სახლში საწმენდი საშუალებების მკვეთრი სუნი იდგა, ჩანდა, ლიდიას სურდა, დედის ჩამოსვლამდე, შეძლებისდაგვარად, მოეწესრიგებინა ყველაფერი.
ყველგან არაბუნებრივი, გადამეტებული წესრიგი სუფევდა. არც დისკები ეყარა აქეთ-იქით, არც წიგნები ან ჟურნალები იყო მაგიდაზე მიმოფანტული , არც რამე ნახატი, მაცივრის მაგნიტიც კი არსად ჩანდა. არავითარი მინიშნება ლიდიას ინტერესებსა და გემოვნებაზე. ელისმა მამაკაცის ფეხსაცმელების გროვა იატაკზე ცოტა გვიან შენიშნა.
– მომიყევი შენი ოთახის მეზობლებზე, – სთხოვა ოთახიდან გამოსულ, მობილურჩაბღუჯულ ლიდიას.
– სამსახურში არიან.
– სად მუშაობენ?
– ერთი ბარმენია, მეორე საჭმლის გამოძახების სერვისში მუშაობს.
– მეგონა, მსახიობები იყვნენ.
– არიან კიდეც.
– აჰა, ვხედავ. რა ჰქვიათ? დამავიწყდა.
– დაგი და მალკოლმი.
მალკოლმის ხსენებაზე ლიდიას მხოლოდ წამით აჰკრა ალმურმა, მაგრამ ელისისთვის ეს ერთი წამიც საკმარისი გამოდგა. გოგონამ ნერვიულად აარიდა დედას თვალი, რადგან შენიშნა, რომ მის მახვილ მზერას ვერაფერი გამოაპარა.
– გინდა, წავიდეთ? გავარკვიე, რომ ადრეც მიგვიღებენ, – უთხრა ლიდიამ
– ახლავე, ერთი წამით ტუალეტში შევირბენ და გავიდეთ.
ხელების დაბანისას ელისმა მოასწრო და დაათვალიერა ნიჟარის გვერდით, მაგიდაზე დაწყობილი ნივთები: სახის გამწმენდი ლოსიონი და დამატენიანებელი კრემი, თომ’ს მაინის პიტნის კბილის პასტა, მამაკაცის დეზოდორანტი და კოლოფით ტამპონები. უცებ დაფიქრდა. მთელი ზაფხული ისე გავიდა, ტამპონები არ დასჭირვებია. როდის ჰქონდა ბოლო მენსტრუაცია, მაისში? მომდევნო თვეში უკვე ორმოცდაათის ხდებოდა, გასაკვირი არ იყო, რომ პერიოდი აღარ ჰქონოდა. სხვა ნიშნები – წამოხურება, ან ღამით ოფლიანობა – არ შეუნიშნავს. თუმცა ყველა ქალს ერთნაირი მენოპაუზა ხომ არ ექნებოდა?! ელისი დიდად არ განიცდიდა ამ ამბებს.
უკვე ხელებს იმშრალებდა, როცა ლიდიას თმის მოვლის საშუალებების გვერდით „ტროიანის“ პრეზერვატივების ყუთი შენიშნა. არა, აუცილებლად მეტი უნდა გაეგო შვილის თანამობინადრეების შესახებ – მალკოლმი განსაკუთრებით აინტერესებდა.
ელისი და ლიდია ლოს-ანჯელესის მოდური რესტორნის შიდა ეზოში დასხდნენ. შეუკვეთეს ორი სასმელი, ესპრესო მარტინით ლიდიასთვის და „მერლო“ ელისისთვის.
– აბა, როგორ მიდის მამას კვლევის საქმეები? – იკითხა ლიდიამ. ჩანდა, ჯონთან ხშირად საუბრობდა ტელეფონით, ელისმა კი მისი ხმა ბოლოს მაშინ გაიგო, დედის დღის მოსალოცად რომ დაურეკა.
– დაამთავრა. ძალიან ამაყობს ამ ნაშრომით.
– ანა და ტომი როგორ არიან?
– კარგად, დაკავებულები, მუშაობენ. შენ მომიყევი, როგორ გაიცანი დაგი და მალკოლმი?
– „სტარბაქსში“ შემოვიდნენ, ჩემი ცვლის დროს.
საუბარი ოფიციანტმა გააწყვეტინათ. კიდევ თითო სასმელი და სადილი შეუკვეთეს. ელისი იმედოვნებდა, რომ ალკოჰოლი მათ შორის ყინულს გაალხვობდა. ისეთი დაძაბულები იყვნენ, თითქოს ბეწვის ხიდზე დადიოდნენ.
ელისმა ისევ გაუმეორა კითხვა დაგსა და მალკოლმზე.
– ამ წამს არ გითხარი? რატომ არასდროს მისმენ? „სტარბაქსში“ შემოვიდნენ, ჩემი ცვლის დროს და მათ საუბარს მოვკარი ყური- ოთახის მეზობელს ეძებდნენ. .
– მეგონა, რესტორანში იყავი, ოფიციანტად.
– ვარ კიდეც. „სტარბაქსში“ კვირის განმავლობაში ვმუშაობ და შაბათობით – რესტორანში.
– როგორც ჩანს, მსახიობობისთვის არც ისე ბევრი დრო გრჩება.
– ამ ეტაპზე თეატრში არ ვარ, მაგრამ გაკვეთილებსა და კასტინგებზე რეგულარულად დავდივარ.
– რა გაკვეთილებზე დადიხარ?
– მეისნერის ტექნიკას ვეუფლები, სამსახიობო ოსტატობას.
– და კასტინგები რაზე გაქვს?
– ტელეშოუებზე.
ელისმა მოზრდილი ყლუპებით გამოცალა ჭიქაში დარჩენილი ღვინო, ტუჩები მოიწმინდა და იკითხა:
– ლიდია, მაინც რა გეგმები გაქვს?
– თავის დანებებას არ ვაპირებ, თუ ამას მეკითხები.
სასმელი მოქმედებდა, ოღონდ ისე არა, როგორც ელისი ვარაუდობდა, პირიქით, იმ ბეწვის ხიდს ალკოჰოლი ნავთივით მოედო და წვა დააჩქარა. ყინული დედა-შვილს შორის ვერაფრით გალღვა და საუბარიც ნელ-ნელა ნაცნობ ჩიხში შევიდა.
– სულ ასე ხომ ვერ იცხოვრებ ? ოცდაათი წლისა ისევ „სტარბაქსში“ აპირებ მუშაობას?
– დედა, იქამდე მთელი რვა წელია. შენ იცი, რას გააკეთებ რვა წლის შემდეგ?
– კი, ვიცი. და დროა, შენც აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ხომ უნდა გქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევის, ან უძრავი ქონების, ან საპენსიო დანაზოგის დაგროვების შესაძლებლობა?
– დაზღვევა მაქვს. ის არ დაგიშვია, რომ, შესაძლებელია, მსახიობი გამოვიდე? იცი, გაგიკვირდება, მაგრამ არსებობს ხალხი, ვინც ეს მოახერხა და ისინი გაცილებით მეტ ფულს აკეთებენ, ვიდრე შენ და მამა ერთად.
– ფული არ არის მთავარი.
– მაშინ რა არის? რომ შენნაირი არ ვარ?
– ლიდია, ხმას დაუწიე.
– ნუ მიმითითებ, რა გავაკეთო.
– მე ის კი არ მინდა, რომ ელისი გახდე, მე დამემსგავსო, უბრალოდ მინდა, რომ გონივრული არჩევანი გააკეთო.
– დედა, შენ გინდა, რომ ჩემ მაგივრად შენ მიიღო გადაწყვეტილებები.
– რა სისულელეა!
– ეს ვარ მე, და ეს არის ის, რაც მინდა, რომ ვაკეთო.
– რა? ლატე მიუტანო კლიენტებს? შენი ადგილი კოლეჯშია. ამ დროს რამე სასარგებლოს სწავლაში უნდა ხარჯავდე.
– დედა, მე ვსწავლობ სასარგებლოს. ჩემთვის. უბრალოდ არ ვზივარ ჰარვარდის აუდიტორიაში და არ ვიკლავ თავს, რომ პოლიტიკურ მეცნიერებებში უმაღლესი შეფასება მივიღო. ძალიან სერიოზულ სამსახიობო კლასში ვარ. თხუთმეტი საათი კვირაში. კვირაში რამდენ საათს მეცადინეობენ შენი სტუდენტები, თორმეტს?
– ეს ერთი და იგივე არაა.
– მამა ფიქრობს, რომ არის და გაკვეთილების საფასურსაც თავად მიხდის.
ელისმა ხელები მომუშტა და ტუჩზე იკბინა. რამე უწმაწურობის თქმა მოუნდა, ოღონდ, არა ლიდიას, არამედ ჯონის მისამართით.
– შენ არასდროს, არასდროს გინახივარ სცენაზე, – თქვა ლიდიამ.
ჯონს კი ჰყავდა ნანახი. წინა ზამთარს მარტო ჩამოვიდა, ლიდიას გამოსვლის სანახავად. ელისს იმ პერიოდში უამრავი საქმე ჰქონდა და ვერაფრით გამონახა დრო ლოს-ანჯელესში ჩასასვლელად, ახლა კი შესცქეროდა ლიდიას ჩამუქებულ უპეებს და უჭირდა გახსენება, ასეთი რა უამრავი საქმე ჰქონდა მაშინ… სამსახიობო კარიერის საწინააღმდეგო ელისს თავადაც არაფერი ჰქონდა, უბრალოდ სჯეროდა, რომ თავის მიძღვნა ერთი მიმართულებისთვის, თან საფუძვლიანი განათლების გარეშე, უგუნურება და დაუფიქრებელი საქციელი იყო. თუ ლიდია ახლავე არ წავიდოდა კოლეჯში, რაიმე პროფესიას არ დაეუფლებოდა, თუკი არც დიპლომი ექნებოდა, არც სამუშაო გამოცდილება და მსახიობობაშიც ხელი მოეცარებოდა, რა უნდა ეკეთებინა მაშინ?
შემდეგ პრეზერვატივები გაახსენდა, სააბაზანოში. რომ დაფეხმძიმდეს? ელისი უცებ პანიკაში ჩავარდა. ძალიან შეეშინდა, ერთ დღესაც სინანულსა და სასოწარკვეთას შორის გაჩხერილი ლიდია არ ენახა. უყურებდა შვილს და მხოლოდ უქმად დახარჯულ პოტენციალს, უაზროდ გაფლანგულ ძვირფას დროს ხედავდა.
– ლიდია, ყოველდღე უფრო და უფრო გემატება ასაკი, დრო არ გაახალგაზრდავებს, პირიქით.
– გეთანხმები.
ოფიციანტმა საჭმელი მოიტანა, თუმცა პირი არცერთს არაფრისთვის დაუკარებია. ლიდია ხელნაკეთ ხელსახოცს მიშტერებოდა. ერთსა და იმავე წრეზე დაიდოდნენ. ელისს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ თავით გასანგრევად ამაოდ ეჯახებოდა კედელს. მისი საუბრები ყოველთვის უნაყოფო და არაფრისმომცემი იყო, ყოველთვის უფრო მეტად ამწვავებდა მდგომარეობას და ამძაფრებდა არაჯანსაღ დამოკიდებულებას. ელისს უნდოდა, შვილისთვის მთელი თავისი დედობრივი სიყვარული დაენახვებინა. უცებ დაუოკებელი სურვილი იგრძნო, გადაწვდომოდა მაგიდის მეორე მხარეს და ჩახუტებოდა ქალიშვილს, მაგრამ მათ შორის ლანგრები, საჭმელი და მრავალწლიანი უფსკრული იყო.
მეზობელ მაგიდასთან ჩოჩქოლი ატყდა. ფოტოაპარატები აელვარდა და აჩხაკუნდა. ყველას მზერა ერთი ქალისკენ იყო მიპყრობილი, რომელიც რაღაცით ლიდიას ჩამოჰგავდა.
– ვინაა ეს ქალი? – ჰკითხა ელისმა.
– დედა, – გამომწვევად ჩაიჩურჩულა ელისის უვიცობით ცოტა შერცხვენილმა ლიდიამ, – ჯენიფერ ენისტონია.
სადილი ჩვეულებრივად გაგრძელდა. ცდილობდნენ, მხოლოდ ნეიტრალურ თემებზე ესაუბრათ – საკვებზე, ამინდზე… ელისს ცნობიმოყვარეობა კლავდა – უნდოდა, მეტი გაეგო მალკოლმისა და ლიდიას ურთიერთობაზე, მაგრამ კარგად ხვდებოდა, რომ შეკითხვები არაფერს მისცემდა, მხოლოდ ლიდიას მრისხანების ახალ ტალღას გამოიწვევდა, ამიტომ უხმოდ გაასწორა ანგარიში და უკმაყოფილების შეგრძნებით დატოვა რესტორანი.
– უკაცრავად, ქალბატონო, – მიმტანის ხმა იყო. ტროტუართან დაეწიათ, – ეს დაგრჩათ, – მიმართა ელისს და მობილური გაუწოდა.
ელისი შეყოყმანდა. ვერ მიხვდა, რატომ ჰქონდა მიმტანს მისი „ბლექბერი“, შემდეგ გაახსენდა, რომ რესტორანში კალენდარი და ელექტრონული ფოსტა არ შეუმოწმებია. ალბათ, საფულის ამოღების დროს დადო მაგიდაზე. ელისმა მადლობა გადაუხადა.
ლიდიამ გამომცდელად შეხედა, აშკარად ეტყობოდა, რაღაცის კითხვა უნდოდა, თუმცა, საბოლოოდ, გადაიფიქრა და ორივე, თავთავიანთ ფიქრებში გართული, უხმოდ დაბრუნდა სახლში.
– ჯონ?
ელისი დერეფანში იდგა. . „ჰარვარდის ჟურნალი“ იატაკზე დახვავებული გაუხსნელი წერილების გროვაზე ეგდო. მისაღებში საათი წიკწიკებდა და სამზარეულოდან მაცივრის გრუხუნი ისმოდა. თბილი, მზიანი, გვიანი შუადღე იყო, სახლი კი ცივი, ბნელი და დახუთული ეჩვენა. უკაცრიელი.
წერილები აკრიფა და სამზარეულოსკენ გაემართა, თან გაიყოლა ბორბლებიანი ჩემოდანი, რომელიც დამჯერი შინაური ცხოველივით მიჰყვა უკან.
ანუ, ჯონი მაინც არ დახვდა სახლში.
ტელეფონზე ხმოვანი შეტყობინების ციმციმასკენ გაექცა თვალი. არაფერი. არც მაცივარზე მიკრული წერილი, არავითარი შეტყობინება. სულ არაფერი.
მიკროტალღურ ღუმელს მიშტერებული ელისი ჩაბნელებულ სამზარეულოში იდგა და ჩემოდნის სახელურს სასოწარკვეთილი ებღაუჭებოდა. გადაწყვიტა, არავითარ შემთხვევაში არ დაერეკა და ქმარი საყვედურებით არ აევსო, მაგრამ შინაგანი ხმა ჩასძახოდა, რომ ჯონის საქციელს ვერაფერი ამართლებდა, ვერც მისი ახალი ექსპერიმენტი, ვერც სამუშაო, რომელიც უამრავ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. ელისი ცდილობდა, ცივი გონება შეენარჩუნებინა და გრძნობებს არ აჰყოლოდა, რადგან მათი წყვილი იყო ისეთი, როგორიც იყო და ამდენხნიან თანაცხოვრებაში რაიმეს შეცვლა შეუძლებელი ჩანდა. შინაგანი ხმა კი არ ცხრებოდა და დაუღალავად უწოდებდა ელისს შტერსა და სულელს.
კარის უკან ელისმა სპორტულ ფეხსაცმელს ჰკიდა თვალი. ჰო, სირბილი ნამდვილად უკეთ აგრძნობინებდა თავს.
ელისისთვის ძილი, ჭამა და სირბილი დაახლოებით თანაბარმნიშვნელოვანი მოთხოვნილებები იყო. შუაღამისასაც ურბენია, არც დიდთოვლობას დაუბრკოლებია ოდესმე, არც ქარბუქს. ბოლო რამდენიმე თვე კი უარი თქვა სირბილზე. კალიფორნიაშიც კი არ წაუღია სპორტული ფეხსსაცმელი. თავი მოუცლელობით იმართლა, სინამდვილეში კი, უბრალოდ, დაავიწყდა.
ელისისთვის ორმოცდახუთწუთიანი სირბილი ყოველდღიური ნორმა იყო. ოდესღაც ბოსტონის მარათონშიც კი გეგმავდა მონაწილობის მიღებას, მაგრამ ყოველთვის სამსახური და მოუცლელობა უშლიდა ხელს.
ფეხით მოსიარულეების გამო სირბილი ცოტა გაუძნელდა. შაბათის უღრუბლო საღამოს ადამიანები გარეთ გამოფენილიყვნენ, მოთმინებით იდგნენ კინოთეატრების რიგებში, სეირნობდნენ, იცინოდნენ… მდინარე ჩარლზთან მისვლის შემდეგ უკვე თავისუფლად განაგრძო სირბილი. ქალები ეტლებით ასეირნებდნენ ჩვილებს, სუფთა ჰაერზე უამრავი ადამიანი დარბოდა, მაგრამ ელისი უკვე მარტივად ახერხებდა მათთვის გვერდის ავლას და ტკბებოდა დაწმენდილი გონებით, დაჭიმული სხეულით, ასფალტზე „ნაიკის“ ფეხსაცმლის შეხებით, რბილად, სუნთქვის რიტმში.
კენედის პარკთან ელისი შეჩერდა და, ენერგიამოზღვავებული, სეირნობით გაუყვა ქუჩას.
– დღეს თუ იფიქრე სამოთხეზე? – მთელი ძალით ჩააფრინდა მკლავზე უცნობი ქალი, რომელსაც გრძელი თმა ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს მიუგავდა. გულზე ხელნაკეთი პლაკატი ეკიდა: „მოინანიე, ამერიკავ, ზურგი აქციე ცოდვებს, მიბრუნდი იესოსკენ!“ ჰარვარდ სკვერი ამისთანებით იყო სავსე, მაგრამ ფანატიკოსის პირისპირ ელისი პირველად აღმოჩნდა მარტო. ქალის გამჭოლმა, პირდაპირმა მზერამ ერთ ადგილს მიაჯაჭვა.
– უკაცრავად, – თქვა ელისმა, გზის მოპირდაპირე მხარეს გაიქცა და უცებ გაშეშდა. არ იცოდა, სად იყო. უკან მოიხედა. გაახსენდა, რომ ჰარვარდ სკვერში იდგა, მაგრამ ვეღარაფრით აგნებდა გზას სახლისკენ. სცადა, უფრო დაკვირვებოდა გარემოს. ჰარვარდის სკვერის სასტუმრო, „ისთ მაუნთინის“ სპორტული მაღაზია, „დიკსონ ბრაზერსის“ მაღაზია, მაუნთინ ობურნის ქუჩა. ელიისთვის ყველა მათგანი ნაცნობი იყო, მაგრამ ახლა ამ ადგილებს ვერაფრით უკავშირებდა თავის საცხოვრებელ ადგილს. წრიული T ნიშანი წითელი ხაზის მატარებლებსა და მიწისქვეშა ჩასასვლელზე მიუთითებდა, მაგრამ აქ სამი ასეთი ნიშანი იყო და ვერაფრით ხვდებოდ,ა ამ სამიდან რომელ მათგანს უყურებდა. გული გამალებით უცემდა. გაოფლიანდა. რაც უფრო დიდხანს იდგა ტროტუარზე, მით უფრო იპყრობდა პანიკა. თავს ძალა დაატანა, რომ ერთი კვარტალი გაევლო, კიდევ ერთი… ფეხები უკანკალებდა და გრძნობდა, რომ, ცოტაც და, პირდაპირ ქუჩაში მოეკვეთებოდა მუხლი.
მაღაზიები, გაზეთების ჯიხური კუთხეში, კემბრიჯის ცენტრი ქუჩის გადაღმა, ჰარვარდის ეზო. ელისი ხვდებოდა, რომ კითხვა და ამოცნობა ჯერ კიდევ შეეძლო, მაგრამ იცოდა, რომ ეს არ ეხმარებოდა. ყველაფერი დაცლილი იყო შინაარსისა და თავდაპირველი მნიშვნელობისგან.
ადამიანები, მანქანები, ავტობუსები, გაუსაძლისი ხმაური ყველა მხრიდან. თვალები დახუჭა, ძარღვებში სისხლის შხუილსა და საკუთარ გულისცემას მიუგდო ყური.
– გეხვეწები, შეწყვიტე, – ჩაიჩურჩულა.
ისევ გაახილა თვალი. მაღაზიები და ქუჩები თავის ადგილს დაუბრუნდნენ. მიხვდა, რომ მარცხნივ უნდა მიბრუნებულიყო და მასაჩუსეტს ავენიუს დასავლეთით გაჰყოლოდა. .
თავისი მშვიდი, ხეებჩარიგებული ქუჩის, ნაცნობი სახლებისა და მშობლიური გარემოს დანახვაზე ელისმა თავი შედარებით უკეთ იგრძნო, მაგრამ ბოლომდე უსაფრთხოდ – არა. იფიქრა, რომ ყოვლისმომცველი დღლილობა და განგაშის კვალი ჯონის დანახვისთანავე გაუჩინარდებოდა.
– ჯონ?
გაუპარსავი, აჩეჩილ თმაზე სათვალეაწეული ჯონი, ხილის ნაყინის წუწვნით, სამზარეულოს კართან გამოჩნდა. ელისმა მაშინვე იგრძნო, როგორ უკვალოდ ქრებოდა მისი შიშები და მღელვარება. უცებ ისეთი სუსტი გახდა, ისეთი გულჩვილი, რომ ძალიან მოუნდა, ჯონს მკლავებში ჩავარდნოდა.
– მაინტერესებდა, სად იყავი,მაცივარზე წერილის დატოვებას ვაპირებდი. აბა, როგორ ჩაიარა? – ჰკითხა ჯონმა.
– რამ?
– სტენფორდის ამბებმა, როგორი იყო?
– ა, კარგი.
– ლიდია?
ლიდიას პრობლემები და ჯონის შინ არყოფნით გამოწვეული გულისტკივილი, რომელიც სირბილმა გადაავიწყა, ამ შეკითხვამ ისევ უკან დააბრუნდა და კვლავ მთავარ სადარდებლად აქცია.
– შენ თვითონ მითხარი, ლიდიაზე, – უპასუხა ელისმა
– იჩხუბეთ, არა?
– სამსახიობო ოსტატობის გაკვეთილების ფულს შენ უხდი?
– ოჰ, – ამოიოხრა ჯონმა და ნაყინი მოკბიჩა, – ელის, მოდი რა, ამაზე მერე ვილაპარაკოთ. ახლა ნამდვილად არა მაქვს ამის განხილვის დრო.
– გამონახე დრო, ჯონ, როგორმე გამონახე! ხელს უწყობ, რომ არ გაჩერდეს, მე კი არაფერს მეუბნები! კიდევ, სახლში არ დამხვდი, როცა დავბრუნდი, კიდევ …
– არც შენ დამხვდი სახლში, მე რომ მოვედი. როგორ ირბინე?
ელისი მიხვდა, რომ ჯონი მართალი იყო. რომ მოეცადა, სასოწარკვეთილებას არ აჰყოლოდა, სარბენად არ გავარდნილიყო და ქმარს შინ დახვედროდა, ერთ თავისუფალ საათს მასთან ერთად გაატარებდა.
– კარგად ვირბინე, – მშრალად თქვა ელისმა.
– მისმინე, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მართლა უნდა დავბრუნდე ლაბორატორიაში, რაც შემეძლო, გელოდე. შესანიშნავი დღე მქონდა, ძალიან კარგ შედეგებს ვიღებთ, მაგრამ ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა. დილამდე მონაცემები უნდა გავაანალიზო. აქ მხოლოდ შენს სანახავად დავბრუნდი.
– ჯონ, ახლავე უნდა გელაპარაკო ლიდიაზე.
– ეს ამბავი ჩვენთვის სიახლე ხომ არაა. დიდი ხანია, ლიდიასთან დაკავშირებით ვერ ვთანხმდებით და ჩემს დაბრუნებამდე ვერ მოიცდის ეს საუბარი?
– ვერა, – მიუგო ელისმა.
– გინდა ჩემთან ერთად გამოისეირნო და გზაში დავილაპარაკოთ?
– არა, არ მოვდივარ ოფისში, სახლში ყოფნა მჭირდება.
– სასწრაფოდ უნდა დამელაპარაკო, თან სახლში დარჩენა გჭირდება, რა ხდება? საკუთარ თავს არ ჰგავხარ – რამ გაგაჭირვეულა ასე? კიდევ რამე ხდება?
ამ სიტყვამ, „ჭირვეულმა“, მძლავრად აათრთოლა ელისის საოცრად დაჭიმული ნერვები. ამ სიტყვის თქმა იგივე იყო, ჯონს რომ მისთვის სუსტი, არანორმალური, გაუწონასწორებელი ეწოდებინა – ანუ მამამისი. ადამიანი, ვისაც მთელი ცხოვრება ცდილობდა, არაფრით დამსგავსებოდა.
– უბრალოდ, ძალიან დაღლილი ვარ.
– გეტყობა. ცოტა დამშვიდება გჭირდება.
– ეგ არ არის ის, რაც მჭირდება.
– მისმინე, ელის, რაც მალე წავალ, მით მალე დავბრუნდები. დაისვენე, გვიან მოვალ.
ჯონმა ელისს გაოფლილ თავზე აკოცა და გავიდა.
შემოსასვლელში მარტო დარჩენილმა ელისმა თავიდან შეიგრძნო ჰარვარდ სკვერში გადამხდარი ამბის საშინელება. აკანკალებული დაჯდა იატაკზე და ცივ კედელს მიეყრდნო. უყურებდა მოცახცახე ხელებს, რომლებიც თითქოს მისი არ იყვნენ. შეეცადა, მხოლოდ სწორად სუნთქვაზე კონცენტრირებულიყო, როგორც ამას სირბილისას აკეთებდა ხოლმე.
თანაბრად სუნთქვამ და ცივ კედელთან შეხებამ დაამშვიდა. გონება მოიკრიბა და იმდღევანდელი ამბების გაანალიზება სცადა. გაახსენდა სტენფორდში დავიწყებული სიტყვა, გაახსენდა, რომ ბოლო თვეებში მენსტრუაცია არ ჰქონია. ფეხზე წამოდგა, აიღო ლეპტოპი და „მენოპაუზის სიმპტომები“ მოძებნა.
ეკრანი სიმპტომებით აივსო – წამოხურებები, ღამით ოფლიანობა, უძილობა, უეცარი დაღლილობა, შფოთვა, თავბრუსხვევა, არათანაბარი გულისცემა, დეპრესია, დაბნეულობა, განწყობის ცვლილებები, დეზორიენტაცია, გონებრივი აშლილობა, მეხსიერების ჩავარდნები.
დეზორიენტაცია, გონებრივი აშლილობა, მეხსიერების ჩავარდნები. ყველაფერი, რაც ელისს სჭირდა. სკამის საზურგეს მიეყრდნო, თითები მუქ, ტალღოვან თმაში შეიცურა. თვალი მოავლო იატაკიდან ჭერამდე აზიდულ თაროებზე დაწყობილ სურათებს – ჰარვარდის დიპლომის გადაცემის ცერემონია, მისი და ჯონის ცეკვა ქორწილის დღეს, ოჯახური პორტრეტი, როცა ბავშვები ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, ოჯახური პორტრეტი ანას ქორწილიდან. სიმპტომების ჩამონათვალს მიუბრუნდა . თურმე ეს ყველაფერი ბუნებრივი ფაზა ყოფილა – მისი, როგორც ქალის ცხოვრებაში. ყოველდღიურად მილიონობით ქალი ეჯახება იგივეს. არავითარი ფატალურობა, არავითარი ანომალია.
მაინც ჩაინიშნა ექიმთან შეხვედრა, ყოველი შემთხვევისთვის, შესამოწმებლად. შეიძლება, ესტროგენის ჩამნაცვლებელი თერაპია სჭირდებოდა. კიდევ ერთხელ გადაიკითხა სიმპტომები. დაბნეულობა, განწყობის ცვლილებები – მისი ჯონთან დამოკიდებულება და უეცარი აფეთქებები. ყველაფერი ცხადი გახდა. კმაყოფილმა ელისმა ლეპტოპი დაკეცა.
ცოტა ხანს კიდევ იჯდა სიბნელეში. გარედან ჰამბურგერის სუნი ეცა და მხიარული ხმებიც მისწვდა მის სმენას – მეზობლებს ბარბექიუ გაემართათ. რატომღაც არ შიოდა. მულტივიტამინები დალია, ამოალაგა ჩემოდანი, რამდენიმე პროფესიული სტატია წაიკითხა და დასაძინებლად გაეშურა.
ჯონი შინ ნაშუაღამევს დაბრუნდა. ელისს ეღვიძა, მაგრამ თავი მოიმძინარა. ალბათ, მუშაობით ღამენათევი ქმარი გადაღლილი იყო. ლიდიაზე ლაპარაკი დილამდე მოიცდიდა. დილით ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა- ელისი მობოდიშებასაც კი აპირებდა თავისი ჭირვეულობის და გაღიზიანების გამო. ჯონის თბილმა მკლავებმა ელისი თავისკენ მიიზიდა და ჩაიხუტა. ქალმა თავი უსაფრთხოდ იგრძნო და ღრმად ჩაიძინა.
ანუ ივლისში იქნება :) ფილმი ხომ ძალიან კარგია და წიგნი კიდევ უკეთესი ჩანს თარგმანიან-გარეკანიან-შინაარსიანად :))
LikeLiked by 1 person
ივლისში ველოდებით, კი. ივლისი მკვდარი თვეაო, აქამდე ასე ვიცოდი და, წლევანდელი, მგონი, ისეთი ბარაქიანი გამოვა, სექტემბერს შეშურდება :)
LikeLiked by 1 person
გამკვირვებია ამ გამომცემლობის,ესეც და წინა ნაწყვეტიც, რაც წავიკითხე, კალკებითაა გაძეძგილი. ამ მთარგმნელების სახელებს პირველად ვხედავ, მაგრამ რედაქტორი რას მიკეთებს? გთხოვთ, გადასცეთ რედაქციას ეს შენიშვნა.
LikeLike
გადავცემ, ცხადია. პრინციპში, ჩემი გადაცემაც არ დასჭირდებათ. გამომცემლები აქაურობას სტუმრობენ და ყველა კომენტარს ყურადღებით კითხულობენ (განსაკუთრებით – კრიტიკულს).
მადლობა გამოხმაურებისთვის და იქნებ რამდენიმე მაგალითიც მოგვაშველოთ, თორემ ასე ძნელია შენიშვნის აღქმა.
LikeLiked by 2 people
უკაცრავად, მეც დამაინტერესა, იქნებ კალკის რომელიმე მაგალითი დაწეროთ.
LikeLike
ჯერ კიდევ ფესტივალისთვის ველოდებოდი ამ წიგნს. შეაგვიანდა და ინტერესიც გამიღვივა.
LikeLike
ინტერესი გამიღვივა ^^
LikeLike
[…] ცინცხალ თარგმანზე ვაპირებ… “ჯერ კიდევ ელისი“ – იმ სამკვდრო-სასიცოცხლო ომის […]
LikeLike