წიგნები ყოველთვის ტოვებენ კვალს. კარგებიც, ცუდებიც, მოსაწყენებიც, საინტერესოზე საინტერესოებიც… ზოგის გახსენებაზე ცრემლი მოგდგება თვალზე, ზოგს ცხვირს აუბზუებ – მაგაზე დრო რამ დამაკარგვინაო, ზოგიც მხიარულად ჩაგახითხითებს; ისეთებიც არიან, თაროდან ჩამოღება და ხელახლა თვალის გადავლება ხშირად რომ მოგინდება და ისეთებიც, ყველაზე შორეულ კუნჭულში რომ მიაწყობ – თვალში რომ აღარ მოგხვდეს.
ეს წიგნი, რომელზეც ახლა ვწერ, ცოტა უცნაურია. ხელი უნდა მოგტყდეს, რომ კუთხეში მისაგდებად გაიმეტო – ძალიან კარგია და იმიტომ; მაგრამ მეორედ გადაშლაც გაგიჭირდება, ყოველ შემთხვევაში, იქამდე მაინც, სანამ რაღაც დრო არ გავა და გულში სოლივით გარჭობილ ტკივილს ოდნავ მაინც არ გაგინელებს; სანამ შეკუმშული ფილტვები არ გაიხსნება და ჰაერს ხმაურიანად არ ჩაისუნთქავ. იმიტომ, რომ ეს წიგნი გტკივა, გტკივა თითოეული პერსონჟი, თითოეული სცენა, გტკივა სადღაც ქალაქის გარეუბანში ჩაკარგული “დებილების სკოლა“ თავისი ბინადრებით…
ამ სკოლაში ყველა მიტოვებულ თუ უპატრონო ბავშვს თავისი ისტორია აქვს: შავკანიან მარსელსაც, რომელმაც საშინელი ყვირილი და გაბრაზება იცოდა თურმე, ადრე დაობლებულ ნონასაც, ქერათმიან აქსანასაც, უბნის ბიჭები რომ დაატარებენ აქეთ-იქით, ირაკლისაც, რომელსაც დედა ყოველ კვირა მონახულებას ჰპირდება, მოურჯულებელ ილონასაც, ვასკასაც, სერგოს, რომელსაც თურმე სულ ცოტა ხანი უნდა ეცოცხლა… ჰო, კიდევ “დებილების სკოლის“ საამაყო გმირებს – ირას და კირილეს და, რა თქმა უნდა, ლელას, ვანოს მოკვლაზე რომ ოცნებობს.
ასე მგონია, ლელას გარეშე ეს წიგნი არ იქნებოდა. წიგნი კი არა, ის ინტერნატიც არ იქნებოდა საერთოდ, ერთ მშვენიერ დღეს თავზე დაემხობოდა დირექტორ ციცოს და ვანოს და მარტო მათ კი არა, დაფხავებულ კედლებში ამდენი ხნის დაგუბებულ დარდს, ცრემლს, ბალღამს და ტკივილსაც ქვეშ მოიყოლებდა; მაგრამ ლელა უდგას აქაურობას დედაბოძივით, ხან ერთ გაუბედურებულ პატარას შეაშველებს ხელს, ხან მეორეს და დიდი ამბავი, თუ ხანდახან უშვერი სიტყვებით იგინება – აბა, რა ქნას?! ვანო კი მაინც უნდა მოკლას ლელამ, აი, ირაკლის ამერიკაში გაამგზავრებს და მერე. მიიყვანს ისტორიის მასწავლებელს ჩამოშლილ აივანთან, ჰკრავს ზურგში ხელს და… რამდენ პატარა გოგოს გადაარჩენს.
ნანა ექვთიმიშვილის “მსხლების მინდორი“ საკითხავი კი არა, საყურებელი წიგნია; თუნდა არ იცოდე, რომ ავტორი უჩვეულოდ ნიჭიერი სცენარისტი და რეჟისორია, “გრძელი ნათელი დღეები“ ნანახიც რომ არ გქონდეს, რომანის თითოეულ სცენას მაინც ისე ცხადად ხედავ, თითქოს შენს წინ კინოფირი ტრიალებდეს. ცერემონიებს და რევერანსებს საზოგადოება ამ ტექსტისგან ნუ ელის – საკითხი, რომლის გარშემოც თხრობა ტრიალებს, ყველა ჩვენგანს ერთნაირად მოხვდება გულზე და ათასი ჯურის მორალისტისა და ფსევდოლიბერალისაგან თავის მოსაწონებლად არაერთგზის აგორებულ თემას სულ სხვანაირი სიმართლით დაგვანახებს.
განზე გადადებული პოლიტკორექტულობის წყალობით, “მსხლების მინდორი“ არცერთ სხვა წიგნს არ ჰგავს – უჩვეულო სიმკაცრით და პირდაპირობით დაწერილი რომანია, გულის გაჩერებამდე დაუნდობელი და შეუფერადებელი, ისეთი, ადამიანთა მოდგმას ერთდროულად შეგაყვარებს და შეგაზიზღებს კიდევაც და სულის ისეთ ბნელ კუნჭულებში ჩაგახედებს, რომელთა არსებობაზეც აქამდე არასოდეს დაფიქრებულხარ.
ჩემმა მეგობარმა, რომელიც ნანას ბავშვობიდან იცნობს, მითხრა, ჯერ კიდევ მოსწავლეობისას ისეთ მოთხრობებს წერდა, პატარა კამიუს ეძახდნენო. თქვენი არ ვიცი და მე არ გამკვირვებია.
რამდენი ხანია, მინდა ამ ფილმის ნახვა და ვერ მოვაბი თავი. ახლა უფრო დავინტერესდი. ფილმითაც და წიგნითაც
LikeLiked by 1 person
დამიჯერე, ოჩოპინტრე, არ ინანებ :)
LikeLike
როგორ დამაინტერესა! შევიძენ აუცილებლად, ოღონდ შესაბამის განწყობას დაველოდები.
LikeLike
განწყობის წიგნია ნამდვილად. მერე მომიყევი, ტაბუ, როგორ მოგეწონება.
LikeLiked by 1 person
:(((( ეს მინდა კიდევ მე? არა და, როგორ არ წავიკითხო?
LikeLike
ეს აუცილებლად უნდა წაიკითხო, მაკა. ძალიან იშვიათად ვამბობ ამას, მაგრამ ახლა ზუსტად ასეა.
LikeLike