ასეთი ცაიტნოტური მაისი ჯერ არ მქონია.
ჯერ იყო და “წიგნი და მუსიკა” გამოვტოვე. “ამო რამეს” ლიტერატურული მენიუ მაინტერესებდა და ახალი პოტერიადის ყიდვაც მინდოდა, მაგრამ დიდი ხნის წინ დაგეგმილ ზღვისპირა უიქენდს დაემთხვა და რა მექნა.
ბათუმიდან სამშაბათს, ნაშუაღამევს ჩამოვლასლასდი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით; მოგიყვებით მერე) და, ოთხშაბათს, გამოძინებისა და გონზე მოსვლის ნაცვლად, სასწრაფო წესით, ტრადიციულ საფესტივალო პრევიუს ვწერდი. რაც მთავარია, მოვასწარი.
ფესტივალს ოთხდღიანი კი ერქვა, მაგრამ ამ ოთხი დღიდან ორი სამუშაო იყო. სამსახურიდან გასხლტომაზე არც მიოცნებია – სინდისი მეყო. ჰოდა, ვიჯექი ჩემს სამუშაო მაგიდასთან, გაავებული და მთელს ქვეყნიერებაზე გაბრაზებული და მეგობრების საფესტივალო ამბებს ვკითხულობდი.
კეთილ ადამიანებს რა დალევს ამქვეყნად და ხუთშაბათ-პარასკევს მთლად უწიგნოდაც არ დავრჩენილვარ. ირმამ ოჩობუქსის ყოვლად გადასარევი, თან სატარებელი წიგნები წამომიღო და კანდინსკის ფანტასტიკური ალბომი გამოაყოლა საჩუქრად; თამთამ მორიგი “პატარა პრინცი” მაჩუქა ჩემი კოლექციისთვის; პარასკევს დედამ და მამამ გაისეირნეს გამოფენაზე და სავსე ჩანთები მომიტანეს. ცოტა არ იყოს, ცხელოდაო, შემომჩივლეს. გემრიელად გამეცინა.
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, შაბათ-კვირამაც მოაღწია, “ექსპოს” მეთერთმეტე პავილიონამდე თავადაც მივაღწიე, ხეტიალით გულიც ვიჯერე და ახლა ჩემს საფესტივალო ამბებს მოგიყვებით.
პავილიონში ისევ ცხელოდა… მოდი, ამაზე დროს ნუ დავკარგავთ. შევთანხმდეთ, რომ წიგნის ფესტივალზე სულ ცხელა. კარმა აქვს ასეთი. დარწმუნებული ვარ, შუა დეკემბერში, ჩრდილოეთ პოლუსზე რომ ჩატარდეს გასვლითი აქცია, იქაც ოფლად გავიღვრებით.
ხალხი მეცოტავა. თავს ვერ დავდებ, არ დამითვლია, მაგრამ ასე მომეჩვენა. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ გვარს არ დავასახელებ და რამდენიმე გამომცემლობის სტენდს მკითხველი ნამდვილად არ აკლდა. იქაურ კონსულტანტებს ორდენი ეკუთვნით მხედრული მამაცობისთვის. მსუყე პრემია მაინც.
“ოჩობუქსის“ პოკეთბუქები უკვე ვახსენე, მაგრამ ისეთი კარგებია, რაც უფრო მეტჯერ გავიმეორებ, მით უკეთესი. ყველაზე მეტად “შიშის ველმა” გამახარა. ახალი ჰოლმსია და, თანაც, ქართულად. უახლოეს შაბათს ჩავუჯდები, ნაყინიან ცივ ყავასთან ერთად.
ფესტივალის ყველაზე დიდი სიურპრიზი, დამეთანხმეთ, ილიაუნის გამომცემლობამ დადო. ზელაზნის “ამბერის ქრონიკების” პირველი ნაწილი (კორვინის ხუთწიგნეული) წლების წინ გამოსცეს. მეორე ნაწილს (მერლინის ხუთწიგნეულს) კარგა ხანს ველოდებოდით, ხელიც გვქონდა ჩაქნეული და ა, ბატონო, ციმციმ გამოიტანეს. სურათზე რომ ვნახე ოქროსფერი ტომები, მაშინვე ამიკაწკაწდა კბილები. ახლა აქვე მიდევს, ერთ ხელის გაწვდენაზე და, წარმოიდგინეთ, როგორ მიხარია.
“დიოგენე” ტრადიციას არ ღალატობს და, მიუხედავად ათასი პრობლემისა, საფირმო “დიოგენეს ბიბლიოთეკისა” და “ამერიკელების” განახლებას მაინც ახერხებს. რვა ახალი წიგნი ხუმრობა არ არის. იქაური გოგო-ბიჭები მძიმე დღეში კი იყვნენ, მაგრამ არც ღიმილი დავიწყებიათ, არც ხურდა დაკლებიათ, საჩუქრებიც კარგად ჰქონდათ მომარაგებული – საყვარლად მოხატული ყავის სადგამების, ჭიქების, ჩანთების და მაისურების გარეშე, მგონი, არც არავინ გაუშვიათ.
“ინტელექტს” და “არტანუჯს“, სხვა თუ არაფერი, გადმოქართულებული პავიჩისთვის ეკუთვნის მადლობა. შარშან მარკესი თარგმნეს, წელს პავიჩი უზით გენერალურ გეგმაში. მარიო ვარგას ლიოსას “ცუდი გოგოს ოინები”, აკუნინის “მწერალი და თვითმკვლელობა” და “სასაფლაოს ამბები”, მო იენი, ოთარ ჭილაძე, “ფრანით მორბენალი” და გელა ჩარკვიანის პუბლიცისტიკა იქეთ იყოს, ხუმრობა-ხუმრობაში, ყოველგვარი ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე, ისეთი გადასარევი non fiction კოლექცია შეაგროვეს, შენი მოწონებული: სტივ ჯობსი, ბჟეზინსკი, ტრამპი, პოლიტკოვსკაია, ტეთჩერი – არც ერთ მხატვრულ სერიას არ ჩამოუვარდება.
“ლიბერთინზმა” პირველი იუბილე მასკარადით აღნიშნა და პავილიონში მოხეტიალე ვამპირები, პრინცესები, ჯუჯები, მებრძოლები, ფერიები და მინი მაუსები მასკარადის მონაწილე თინეიჯერები იყვნენ. ამ პროექტს განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ, აბა, ჩემ დროს ვინ გეტყოდა, რომელ წიგნსაც გინდა, ხელი დაადე, ჩვენ გითარგმნითო… სხვათა შორის, ახალი, რიგით მეექვსე თარგმანი – ლუის ლოურის “გამღებიც” გემრიელად, კომფორტულად, ორგანიზებულად, საგანგებოდ შეფუთული გაყიდეს, ჭეშმარიტად სადღესასწაულო-საფესტივალო ფასდაკლებით.
ბოლო, ტკბილ ლუკმად ორი დებიუტანტი მოვიტოვე… “შექსპირი და კომპანია” სულ რაღაც ერთი თვის წინ გაიხსნა, ფესტივალიც ჩააგრიალა და, წიგნის მაღაზიის სპეფიციკიდან გამომდინარე, სტენდზე ისეთი გამოცემებიც ედო, სხვაგან რომ ვერსად ნახავდით. მე უელბეკის ახალთახალ “მორჩილებას” ვერ მოვწყვიტე თვალი. რამდენჯერაც ჩავუარე, იმდენჯერ ამოვიოხრე, მაგრამ ორიგინალი იყო და ფრანგულის არაფერი გამეგება. ინგლისური თარგმანი რომ ჩამოეტანათ, ახლა შინ მექნებოდა.
და “წიგნები ბათუმში“…. დავწერე ახლა ეს და დებიუტანტობაზე გამეცინა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს “წიგნები ბათუმში” უხსოვარი დროიდან არსებობდა და დელფინიან წიგნებზე ვართ გაზრდილი. არადა, არც ბუქსთორია დიდი ხნის და გამომცემლობისთვის საერთოდაც პირველი ფესტივალი გახლდათ. დებიუტი როგორი გამოდგა, ჩემზე უკეთ გეცოდინებათ – ბათუმურ სტენდებს მკითხველ-მყიდველი არ მოშორებია და ყველა საფესტივალო ფოტოზე თითო დელფინს მაინც ნახავთ.
ყველაზე მაგარი, იცით, რა არის? ამ ახალ წიგნებზე ხომ ორი თვეა, ყველა ლაპარაკობს. საპკოვსკიო, ბრედბერიო, ნატოს ახალი “აიას გზაო”… ლე გუინი, ეტვუდი, ჯუდი ბლუმი, “მეტრო 2033”, “ალდენორი” და ზოლიანპიჟამიანი ბიჭის ამბავი, ერთიმეორეზე უკეთესია, ვერ გამოარჩევ, მაგრამ შემდეგი ნაკრები კიდევ უფრო საინტერესო იქნება. ამას მოხერხება უნდა.
აი, ასეთი ფესტივალი მქონდა, ჩემო კარგებო და ისე ვარ მიღლილ-მიქანცული, დუდუ დობორჯგინიძის არ იყოს, დედას ვფიცავარ, მამას ვფიცავარ და ყველას ვფიცავარ, ერთ კვირას წიგნის მაღაზიისკენ არ გავიხედავ. ან სამ დღეს. არა, ორს.
მოლი <3 პოსტის ბოლო აბზაცზე კარგად გამეცინა :)
წლევანდელ ფესტივალზე მეც ცოტა დრო მქონდა და ბათუმელების 6 ფენტეზი-ფანტასტიკით და ილიაუნის მერლინის ხუთწიგნეულით შემოვიფარგლე. შემოვიფარგლე-თქო კი ვამბობ, მაგრამ ისეთი ძვირფასი წიგნები წამოვიღე, ფრიად ბედნიერი დავბრუნდი სახლში :)
LikeLike
ფანტასტიკური ფესტივალი გქონია :) ისე, შენ რომ ამ ფესტივალისთვის მოიცალე, ფესტივალის და გამომცემლობების საუკეთესო რეკლამაა :) მშვიდობაში, ტაბუ <3
LikeLiked by 1 person
ზელაზნი და დიოგენე დამრჩა მე :) მაგრამ დიოგენეს მწვანე შაბათებზე ვესტურმები, ზელაზნსაც ლიგამუსში შევირბენ აქვე :) მთლიანობაში კმაყოფილი ვარ :)
LikeLiked by 1 person
მთლიანობაში კარგი იყო ნამდვილად. პრინციპში, დეტალებშიც :)
LikeLike
მგონი, წელს შარშანდელზე მეტი ახალი გამოცემა იყო და ნაკლებადაც ცხელოდა :)) …და საუკეთესო სტენდისთვის რომ პრემიას ანიჭებდნენ, “დიოგენეს” და ბათუმელებს გავუნაწილებდი პრიზს – გარანტირებულად (მეტ-ნაკლებად, რა თქმა უნდა) კარგი წიგნებისთვის, ბევრი სიახლისა და გამორჩეულად კარგი კონსულტანტებისთვის :)
LikeLike
დიოგენეს კონსულტანტები და ბათუმელები წელში გაწყდნენ :)
LikeLike
შენი საფესტივალო პოსტები ცალკე ამბავია . არასაფესტივალო პერიოდებშიც არაერთხელ გადამიკითხავს ^_^ მშვენიერი წიგნები შეგირჩევია , მოლ .
მე წელს მხოლოდ პავიჩის სერიით , მიხაილოვიჩით და ”ინლისელი პაციენტით” შემოვიფარგლე ( რას ვიზამ , ფინანსური კრიზისია ) . ჰო , იქამდე , ერთი კვირით ადრე , სულაკაურთანაც შევირბინე და იქაც ვიყიდე საჩემო სასუსნავები ^^
LikeLike
კარგი რაღაცები შეგირჩევია, პატ :) კრიზისის იმას შერცხვეს, ვისი ბრალითაც ამ დღეში ვართ, თორემ ჩვენ ყოველთვის ერთგული მკითხველ-მყიდველები ვიყავით და ვიქნებით კიდეც.
LikeLike
აი, იმდენი რამე ვიყიდე და იმდენი ვერ… :(
LikeLike