პოსტი დაწერილია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მიერ გამოცხადებული ბლოგერების კონკურსისთვის
არაერთხელ მითქვამს – თუ რამეს ვერ ვიტან, აუცილებლად წასაკითხი წიგნების სიაა, ვიღაცის ან ვიღაცების მიერ გულმოდგინედ ჩამოწერილ-ჩამოწიკწიკებული. რა ვქნა, არ მიყვარს დირექტივები და მომკალით. არც იმაზე ვგიჟდები, ვინმე საკუთარ გემოვნებას რომ მახვევს თავს. არადა, მგონი სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ ახლა – ერთი რომანის წაკითხვა დაჟინებით უნდა გირჩიოთ და საკუთარი პრინციპებისგან ასეთ გადახვევას მხოლოდ იმით თუ გავამართლებ, რომ მარკუს ზუზაკის “წიგნის ქურდი“ მარტო წიგნი არ არის – დაუნდობელი დარტყმაა მზის წნულში.
კაცმა რომ თქვას, რა უნდა დაწერო დღეს ახალი ომის შესახებ? მაგრამ როცა 1939 წლის იანვრის სუსხიან დილას ლიზელ მემინგერთან ერთად დაადგებით გზას, მიხვდებით, რომ მარკუს ზუზაკმა ეს მოახერხა, თანაც ისე, რომ სანამ ბოლო გვერდებსაც ჩაიკითხავთ, ბევრჯერ სუნთქვაც გაგიჭირდებათ და ფანჯრის გასაღებადაც წამოდგებით, რომ დახშულ ფილტვებს ორიოდე ყლუპი ჰაერი მიაშველოთ.
მიაბიჯებთ ლიზელთან ერთად, უსმენთ სიკვდილის მონათხრობს (არ მოგეჩვენათ, ნამდვილად სიკვდილისას) და ვის აღარ ხვდებით. რუდი შტაინერიც აქაა – ლიზელის ერთგული მეგობარი, ჰანს ჰუბერმანიც, მამის მაგივრობას რომ უწევს გოგონას. აი, როზას, მის ცოლს, დედობა მაინცდამაინც არ გამოსდის, არადა, ურიგო ადამიანი როდია… ჰო, კიდევ მაქს ვანდენბურგია ამ წიგნში, ლტოლვილი ებრაელი, “ზეციურ ქუჩაზე“ ჰუბერმანებმა რომ შეიფარეს. მისი და ლიზელის ურთიერთობა ღირს მარტო ერთ წიგნად.
ნუ შეგაშინებთ ზუზაკის უჩვეულო სტილი, მისეული, ყველასაგან განსხვავებული მხატვრული სამყარო, ერთი შეხედვით არეულ-დარეული თხრობა – ეს მხოლოდ ჩარჩოა იმისთვის, რაც მთავარია ამ წიგნში – სიტყვებისთვის, რომლებსაც ადამიანების ხსნაც შეუძლიათ და განადგურებაც. სიტყვებია აქ ყველაზე მნიშვნელოვანი.
ეს წიგნი გულს ნაფლეთებად გიქცევთ, მაგრამ თვითონვე შეგიკოწიწებთ და გაგიმთელებთ, იმიტომ რომ უამრავ სისასტიკესთან, სიმახინჯესთან, ბოროტებასთან ერთად სიკეთეც აქვეა, სიყვარულიც, სიბრალულიც და ადამიანობაც. აქ ბევრი სიკვდილია, მაგრამ სიცოცხლის მარადიულობის იმედიც ციმციმებს, მიუხედავად იმისა, რომ ფინალი სევდიანია – წიგნი უკვე მოხუცებული ლიზელისა და სიკვდილის შეხვედრით მთავრდება, უფრო სწორად, ამ ფრიად უჩვეულო მთხრობელის სიტყვებით:
“მოსვენება დამიკარგეს ადამიანებმა“.
ახალ თარგმანებზე წერისას მთავარი სირთულე ისაა, რომ სათქმელიც თქვა და არც ზედმეტი წამოგცდეს რამე, ამიტომ ძალიან ვფრთხილობ, მაგრამ, ხომ გითხარით, წიგნი კი არა, მზის წნულში დარტყმაა-მეთქი. ჰოდა, ძალიან მინდა, ეს დარტყმა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს.
უკეთესები გავხდებით და იმიტომ.
მე კიტხვის დროს ფანჯრის გასაღებადაც ვერ ვდგებოდი :დ <3 <3 ვგიჟდები <3
LikeLiked by 1 person
^_^ ზუსტად დამიწერია :)
LikeLiked by 1 person
მოლი გამარჯობა, არაჩვეულებრივი ,,პოსტია” ძალიან საიტერესო წიგნზე. (ეხლა ვკითხულობ ).
ეხლა თემის გარეთ : ვფიქრობ წაკითხული გექნება იან გიუს ,,უკეთურება”, გამიკვირდა პოსტი რომ ვერ ვნახე. თუ არ წაგიკითხავს ახლა მე უნდა გირჩიო დაჟინებით ^_^
LikeLike
არ წამიკითხავს, ანი. იმ გამომცემლობის მხოლოდ ოთხი გოგო და ჯინსის შარვალი ვიცი. ვნახავ აუცილებლად :)
LikeLike
რაც 2015 დადგა, სულ ის მესმის მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 70 წელი გავიდაო… მგონი, “საეჭვო წარმოშობის” ლენტებით (წითელ დროშებზე და სტალინის პორტრეტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ) სირბილს, აჯობებს ასეთი წიგნები ვიკითხოთ და მართლაც უკეთესები გავხდეთ…
…და წარმატებები კონკურსში :)
LikeLiked by 1 person
ასე ნამდვილად :) მადლობა :)
LikeLike
ფილმიც საინტერესოა. გააქვთ ნანახი? :) მოვიკითხავ წიგნს და წავიკითხავ დიდი სიამოვნებით
LikeLike
me maqvs es wingi 2 dgis ukan viyide sachuqrad mindoda mara ar aigo tu gidna gachuqeb me mainc ar miyvars kixtva.filmi naanxi maqvs da dzlian maagria
LikeLike
ყველაზე მეტად მიყვარს ^_^
LikeLike