გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, სკოლა გიყვარდათ? მე – ძალიან და, რატომღაც მგონია, მაინცდამაინც დიდ უმცირესობაში არ უნდა ვიყო. აი, ანა გავალდას მოცუცქნულ წიგნში რომ გაწრიპული ბიჭი – გრეგუარ დიუბოსკი ცხოვრობს, ის აშკარად მეორე ბანაკშია მოხვედრილი – სკოლის გახსენებაზეც კი მუცელში ტკივილის ბურთი უწრიალებს და ვერ გაუგია, სად ახერხებენ კოლეჯები სარეკლამო ბროშურებისთვის ამდენი გაღიმებული ბავშვის გამოჭერას. უეჭველი, ფული გადაუხადეს ან შეატყობინეს, თქვენი ფრანგულის მასწავლებელი ხრამში გადაიჩეხაო, ფიქრობს.
ზარმაცი და უსაქმური არ გეგონოთ ტოტო – ბევრ თანატოლზე ყოჩაღი და ხელმარჯვეა, თუ საქმე ზმნებს და ზედსართავ სახელებს არ ეხება ან იმ საშინელ სპორტის გაკვეთილებს. რა ქნას, არც დიდი ჭკუით დაუსაჩუქრებია ღმერთს და არც მსხვილი კუნთებით – სულ რაღაცა 35 კილოს იწონის და როგორც თვითონ ამბობს, ბოდიბილდინგში მოვარჯიშე ჭიაყელას წააგავს.
ეს მშობლებიც ისე უცნაურად იქცევიან, თითქოს გრეგუარს სკოლაში ორჯერ ჩარჩენა უხარია და ცამეტი წლის ასაკში მეექვსე კლასში ჯდომა მოსწონს; მოკლედ, ბაბუა ლეონი და მისი ჯადოსნური ფარდული რომ არა, მთლად ჯოჯოხეთად ექცეოდა ცხოვრება. კიდევ კარგი, აქ მაინც შეიძლება, დედ-მამის გაუთავებელ ჩხუბს, ბებიის ბუზღუნს და მეტყველების ნაწილების დაემალოს კაცი, თუნდაც ხანდახან.
არა, იმას კი არავინ უყურებს, ოქროს ხელები რომ აქვს და სულ რაღაც შვიდიოდე წლისამ ბანანის გასაფცქვნელი ხელსაწყო გამოიგონა; ბოლოს და ბოლოს, ეს ოხერი უღლება ხომ არ არის მთავარი ცხოვრებაში?! თუ არის?
ეს ძალიან თბილი და იმედიანი წიგნია პატარა ბიჭზე, რომელიც უცებ ხვდება, რომ ფარ-ხმლის დაყრა ჯერ ძალიან ადრეა, რომ უნდა იბრძოლოს, არ უნდა დანებდეს, უნდა ისუნთქოს არა მარტო თავისთვის, არამედ ბაბუა ლეონის ნაცვლადაც, საავადმყოფოს პალატაში სიკვდილს რომ ებრძვის; ხვდება და მომუშტული პატარა ხელებით ემზადება სირთულეებთან შესაჭიდებლად, იმ გზაზე ფეხის შესადგმელად, ცხოვრება რომ ჰქვია.
კაცმა არ იცის, რა გამოვა აქედან – მოულოდნელობებსა და უსიამოვნო სიურპრიზებს რა გამოლევს, თანაც ისეთებს, მართლა ძლიერ ადამიანსაც რომ გაუჭირდება გადალახვა, მაგრამ მთავარი მონდომებაა და ტოტოც თავგანწირვით მიცოცავს იმ წყეულ თოკზე, ქვემოდან კი თანაკლასელების გამამხნევებელი შეძახილები ესმის. ჰოდა, ადის კიდეც ბოლომდე. იქნება და ეს მხოლოდ დასაწყისია?
წარმატებები, ტოტო!
არასოდეს დანებდე!
აღარც მახსოვს, ბოლოს როდის ამატირა წიგნმა, ამ ნაწარმოების წაკითხვისას კი, ცრემლებად დავიღვარე. მოლის პოსტს რაღა უნდა დავამატო, მხოლოდ ერთს ვიტყვი: ორი მამიდის გაზრდილი ვარ, ორივენი პედაგოგები არიან, თან თავიანთ დარგში -საუკეთესონი. ჩემი უმცროსი დაც ამ პროფესიისაა და არც თუ ურიგოდ გამოსდის. ჰოდა, რომელიმეს თუ ვკითხავ, ყველაზე სუსტი მოსწავლე გაიხსენონ, შეურაცხყოფად იღებენ. თვლიან, რომ არ არსებობს სუსტი მოსწავლე და ბავშვის პასიურობა მხოლოდ სუსტი მასწავლებლების “დამსახურებაა”.
P.S. ისე, სკოლა მეც უზომოდ მიყვარდა, მოლი )))
LikeLiked by 2 people
მამიდებს და დას ჩემი დიდი პატივისცემა გადაეცი <3 და მადლობა :)
LikeLike
არ მიყვარს ვიღაცების შედგენილი , ჩამოწიკწიკებული სავალდებულო საკითხავი . პენაკი წერდა , ”უნდა” არც სიყვარულს უხდება და არც კითხვასო . მაგრამ , თუ სადმეა საჭირო ”უნდა” ერთ-ერთი ”35 კილო იმედია ” . ყველა მასწავლებლის და მშობლის წასაკითხი წიგნი .
LikeLike
შენც მართალი ხარ და პენაკიც :)
LikeLike
რა რა და სკოლა გულზე სულაც არ მეხატება და ტოტოსიც კარგად მესმის. ძალიან კარგი წიგნია, პოსტზე ლაპარაკიც ზედმეტია, როგორც ყოველთვის საუკეთესოა :3
LikeLike
გადასარევი წიგნია :)
LikeLiked by 1 person
100 %-ით ვარ დარწმუნებული, რომ ტოტოს ყველაფერი გამოუვა :) ჯესისაც :)
LikeLike
მეც :) მომავალი ასეთი ხალხისა.
LikeLike