წლევანდელი წიგნის საერთაშორისო დღე – 23 აპრილი – ხუთშაბათს უწევს, სამუშაო დღეს.
მაინცდამაინც ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ-მეთქი, ვერ მოგატყუებთ. წიგნის დღეებს, ფესტივალებს, კინოპრემიერებს და ამგვარ სიამოვნებებს, მოგეხსენებათ, აჩქარება და გადარბენები არ უხდება. ჯერ კარგად უნდა გამოიძინო, ნება-ნება აიზლაზნო, მშვიდად ისაუზმო, კომფორტულად გამოეწყო, განუყრელი ზურგჩანთა საგულდაგულოდ დააცარიელო და პავილიონებს მიაშურო… იქაც მშვიდად და აუჩქარებლად უნდა ათვალიერო. ერთი წრე, მეორე, მესამე… ისიც უნდა გაითვალისწინო, რამდენი ნაცნობი შეგხვდება და ისე როგორ ჩაუვლი გვერდს, შენაძენი არ შეუთვალიერო :) მერე სადმე წახემსებაც უნდა მოასწრო – ახალნაყიდ წიგნებს ცხელი პიცა აკვდება ზედ. მოკლედ, წამდაუწუმ საათზე საყურებლად არ უნდა გქონდეს საქმე.
საათზე ყურებას და პიცა-ბრეიკს ვინ ჩივის, ხუთშაბათს დილიდან ღრმა საღამომდე ვმუშაობ, თან ისეთი მძიმე კვირა მაქვს, პრეზენტაციებისთვის კი არა, მგონი, ყავის მოსახარშად არ მეცლება.
არა უშავს. აქ მოვიოხებ გულს და წიგნის საერთაშორისო დღეს ბლოგზე მაინც აღვნიშნავ. თან თქვენც იხეირებთ – მოგიყვებით, რას უნდა ველოდოთ, სხვა თუ არაფერი, წინასწარი სიის შედგენასა და მიახლოებით ხარჯთაღრიცხვაში მაინც წაგეშველებით. ჰო, არ დამავიწყდეს: წიგნის დღე წელს ვაკის პარკში ტარდება. სტენდებს და კარვებს სუფთა ჰაერზე გაშლიან, პრეზენტაციებს კი ვაკის მედიათეკა უმასპინძლებს.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას ორი ცინცხალი გამოცემა აქვს: რიკ რიორდანის “ურჩხულების ზღვა” – პერსი ჯექსონის ამბების მეორე ნაწილი და ფრიად აქტუალური “ჯანსაღი კვება”. სხვა წიგნების ჩათვალიერებაც ღირს. “სულაკაურს” ასეთ დღეებში გემრიელი ფასდაკლების გამოცხობა ნაღდად არ ეშლება.
ფასდაკლება ვახსენე და “დიოგენემ” ისეთი დისქაუნთი დააანონსა, ლამისაა, გული დამწყდეს, ჩემთვის საინტერესო ყველა წიგნი უკვე თაროზე რომ მიდევს. თან, საჩუქრებიც იქნებაო…
“სიესტა” ორ ბესტსელერს წარადგენს – გიორგი კეკელიძის ‘გურულ დღიურებს” და ვერონიკა როთის “განსხვავებულს”. ჰოდა, თუ დარჩა ვინმე ისეთი, ვისაც ჯერ არ უყიდია, ან სულაც მეჩვიდმეტე ეგზემპლარი გჭირდებათ საჩუქრად, უკეთეს დროს ვერ შეარჩევთ. პოეზიაზე 60%-იანი ფასდაკლებაა და ესეც გასათვალისწინებელია.
“ლოგოს პრესი” საფირმო სერიას – “ქართული საუნჯე ბავშვებს” აგრძელებს და ვაკის პარკში მე-3 ტომს გამოიტანს – ყველაზე პატარებისთვის მოყოლილ სულხან-საბას არაკებს. სხვა ფერად-ფერად გამოცემებსაც 20-60%-იანი ფასდაკლებით გაყიდიან, არაა სახუმარო საქმე.
“პალიტრა L“-ს, ტრადიციულ ფასდაკლებებთან ერთად, ერთი ძალიან საინტერესო აქციაც აქვს ჩაფიქრებული: მედიათეკაში, ორიდან სამ საათამდე, ტორესა მოსი ნაწყვეტებს წაიკითხავს საკუთარი წიგნებიდან. “სიბრძნე სიცრუისა” ხომ გახსოვთ, საბა რომ აიღო საუკეთესო დებიუტისთვის. მეორე – “მე/შენ ქრისტე ხარ” – არანაკლებ საინტერესოა. ტორესაც გადასარევი ბიჭია და ნამდვილად ღირს მოსმენა. ჰო, ტორესას წიგნებზეც 20%-იანი დისქაუნთი გავრცელდება.
“ინტელექტს” და “არტანუჯს“, ტრადიციულად, იმდენი რამ აქვთ დაგეგმილი, ძალიან უნდა იყოჩაღო, ყველაფერს გასწვდე და ცხვირის შეყოფა ყველგან მოასწრო. თავისუფალი უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ხუთის ნახევრიდან გელა ჩარკვიანის ახალი, ჯერ დაუბეჭდავი წიგნის საჯარო კითხვა გაიმართება. წიგნს “არტანუჯი” გამოსცემს, “ნაცნობ ქიმერათა ფერხული” ჰქვია. ნაწყვეტებს, ცხადია, ავტორი წაგვიკითხავს. საქართველოს უნივერსიტეტში ორშაბათიდან ლიტერატურის კვირეული ტარდება და ხვალ ზვიად კვარაცხელიას ლექცია უწევს თემაზე “თანამედროვე რომანის ხასიათი”. ხუთ საათზეა, რომ რამე.
მედიათეკაში, შვიდის ნახევარზე, ბესიკ ხარანაულთანაა შეხვედრა. “ინტელექტი”, სულ მალე, ახალ წიგნს დაბეჭდავს – “ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს” – ჰოდა, სანამ მაღაზიებში გამოჩენილა, ნაწყვეტებს თავად ავტორი გაგვაცნობს. ყველაზე საინტერესო, ჩემი მოკრძალებული აზრით, მარიო ვარგას ლიოსას “ცუდი გოგოს ოინების” პრეზენტაციაა. ახლა, “ინტელექტს” გემრიელი თარგმანები (და არა მხოლოდ) ნამდვილად არ აკლია, მაგრამ აქ სულ სხვა ამბავია: ერთი, რომ სათაურია ფრიად დამაინტრიგებელი, მეორე – ნაწყვეტები წავიკითხე და რაღაც ისეთი ჩანს, მე რომ მიყვარს, თანამედროვე და მასშტაბური. ავტორსაც არაფერი დაეწუნება.
გარდა ამისა, მედიათეკაში პირველ საათზე “ლიბრა” აღნიშნავს იუბილეს და პატარა მკითხველს პოეტ ვასო გულეურს შეახვედრებს (კონკურსებიც იქნებაო, გავიგე), ორ საათზე “ელფს” ოთხ ახალ გამოცემის პრეზენტაცია ექნება (+ განახევრებული ფასები), შვიდზე “წიგნი + ერი” გიმასპინძლებთ, ტორესას, ბესიკ ხარანაულის და ცუდი გოგოს ამბები უკვე გითხარით.
მოკლედ, შარშანდელზე მასშტაბური გამოდის ეს წლევანდელი წიგნის დღე და, იმედია, არც არაფერი დამვიწყებია. ამინდმაც თუ გვაცალა, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს, როგორც ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა.
წიგნის საერთაშორისო დღე მოძრავი უნდა იყოს და კვირა დღეს უნდა ამთხვევდნენ :) ექსპო ჯორჯიაში მაინც იმართებოდეს – შესვენებაზე შევირბენდი :(
LikeLike
აღდგომასავით :ჩემითგავალ:
LikeLiked by 1 person
ხვალ აქტიური დღეს მელოდება .
ჯერ სულაკაურში უნდა გავიქცე გემრიელობების საყიდლად
და მერე ვაკის პარკს მივაშურებ .
მიყვარს ესეთი დღეები , ბევრწიგნებიანები ^^
LikeLike
მე დანიიდან გიყურებთ :) კიარადა, აქედან ) გუდ ლაკ, პატ <3
LikeLike
რომ იცოდე რა საშინელ პირობებში
მოგვიხდა მუშაობა , შეგეცოდებოდით :(
გაყინულები და სველები ვიდექით გუბეებში . ძლივს მოვლასლასდი შინ .
წიგნების ყიდვაც ძლივს მოვახერხე .
პ.ს ჩემი გუშინდელი ოპტიმიზმით და სიხარულით აღსავსე კომენტარი :დდდ
LikeLike
ექსტრიმი ვაკის პარკში ) მაგრად გაგიძლიათ )
LikeLike
ძაღლისა რა ვთქვა, მაგრამ ამინდმა კი დაჰყეფა ჩვენს ბედს და ეგაა :) არადა, ერთი კარგად გაკაშკაშებული, მზიანი დღე მისწრება იქნებოდა. მაგრამ კლიმატური პირობები დამატებით ექსტრიმად ჩავთვალოთ ცაიტნოტთან ერთად და ნახევრად სავსე ჭიქას დავინახავ (თ) :)
LikeLike
ჯერჯერობით არ გვიმართლებს :) მართალი ხარ, ოჩო, მაგრამ ჩვენ ხომ წვიმის არ გვეშინია :)
LikeLike
აბა რა. ჭეშმარიტი და მამაცი მკითხველის სული წვიმასა და ქარში გამოვლით იწრთობაო, განსაკუთრებით შუა კვირას დამთხვეულ ფესტივალებზეო, ინკები ამბობდნენ და კი დაეჯერებათ :)
LikeLike
ინკებს ყველაფერი დაეჯერებათ :) სად იყო ევროპა, ინკები წიგნის საერთაშორისო ფესტივალებს რომ ატარებდნენ <3
LikeLike
ჰო ^_^
LikeLike
ამინდია ისეთი ვაკის პარკში სეირნობის განწყობას ნაკლებად რომ გაგიჩენს :(
LikeLike
სამსახურში არ ვიყო, ამინდს სულ არ მივაქცევდი ყურადღებას (
LikeLike
ehh ra cudia ver mivdivar :/ magram erti ragaca mainc ver gavige shabats batumelebis 6 axali wignis prezentacia kidev calke movlenaa? *-*
LikeLike
კი, ცალკე ივენთია, ეგეც ვაკის მედიათეკაში ტარდება, ოღონდ შაბათს.
LikeLiked by 1 person
მარიო ვარგას ლიოსას რომანი „ცუდი გოგოს ოინები“ მაინტერსებს, მეც ნაწყვეტი წავიკითხე და დიდი მოლოდინით ველოდები.
LikeLike
ძალიან გადატვირთულ და უფულო დღეებს დაემთხვა :(
განსაკუთრებით დიოგენეზე მწყდება გული, რამდენიმე წიგნი მინდოდა :(
LikeLike
აშკარად არ იყო საუკეთესო დრო. თან, ამინდმაც დაგვაღალატა. მოკლედ, რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა, გაფუჭდა. ვერ წავედი, ცხადია.
LikeLike