თავიდანვე გეტყვით, რომ ამ წიგნს ლიტერატურულ გადატრიალებას ვერ დავარქმევ და, ალბათ, არც ავტორს ჰქონია ამაზე პრეტენზია – არ მგონია, როცა ვერონიკა როთი “განსხვავებულს“ წერდა, ეფიქრა, ანტიუტოპიის ჟანრში ახალ სიტყვას ვიტყვიო. უბრალოდ, ადგა და დაწერა ტრილოგია დისტოპიურ ჩიკაგოზე, სადაც საზოგადოება ხუთ ფრაქციად დაყოფილა: ხმაურიანი შეუპოვრები სახიფათო თამაშებს არ ერიდებიან, მეგობრულები – მშვიდობასა და წონასწორობას ქადაგებენ, გულწრფელებს ტყუილს ვერ დააცდენინებ, თუნდაც საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხებოდეს, ასკეტებს ყველაზე დიდ ღირსებად თავშეკავება მიაჩნიათ, სიახლეების მაძიებელ ერუდიტებს კი მუდმივად წიგნებში აქვთ ცხვირი ჩარგული.
ამ სამყაროს სიყალბისა და ხელოვნურობის ელფერი დაჰკრავს – თითქოს არ შეიძლება, ადამიანი ერთდროულად უშიშარიც იყოს და მეგობრულიც, ან თითქოს ასკეტი გულწრფელი და უშიშარი ვერ იქნება… რა გასაკვირია, რომ ნაძალადევად დახლეჩილ საზოგადოებას მკაცრი წესები და კანონები სჭირდება – სხვაგვარად ბალანსის შენარჩუნება რთულია.
აქ ცხოვრობს ბეატრის პრაირი, ასკეტი გოგონა, რომელსაც ძალიან არ უნდა, რომ მთელი ცხოვრება აკრძალვებსა და შეზღუდვებში გაატაროს, ამიტომაც, როცა შესაძლებლობა ეძლევა, თავის ფრაქციაზე უარს ამბობს და თავზეხელაღებული შეუპოვრების რიგებს უერთდება.
ყველაფერი, ალბათ, გაცილებით მარტივი იქნებოდა, რომ არა სასტიკი წესები – ფრაქციიდან წასულებს ოჯახებთან ურთიერთობა ეკრძალებათ, შეუპოვრებში ადგილის დასამკვიდრებლად კი ერთიმეორეზე უფრო საშიში გამოცდების ჩაბარებაა საჭირო. ვინც ამას ვერ მოახერხებს, საერთოდ უფრაქციოდ დარჩება, ეს კი სიღატაკეს, შიმშილს, უსახლკარობას და უბედურებას ნიშნავს.
პატარა და სიფრიფანა ტრისს წარმოდგენაც არ აქვს, რამდენი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს რეიტინგის სათავეში მოსახვედრად, რამდენჯერ ჩახედავს სიკვდილს თვალებში და როგორი მტკივნეული იქნება მეგობრის ღალატი; არც ის იცის, რომ შეუპოვრებს შორის ნამდვილ სიყვარულს შეხვდება და ერთხელაც მისთვის იარაღის დამიზნება მოუწევს…
ამდენ ხათაბალასთან ერთად, ბეატრისი ერთ საიდუმლოსაც ინახავს გულში – ტესტირების შედეგების მიხედვით, ის ჩვეულებრივი გოგო არ არის – განსხვავებულია… ამ ამბავს კი ვერავის გაუმხელს – განსხვავებულებს, რომლებმაც თავის შენიღბვა ვერ შეძლეს, როგორც წესი, მკვდრებს პოულობენ ხოლმე…
ერუდიტებსა და ასკეტებს შორის დაძაბულობა მწიფდება, ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს და კაცმა არ იცის, რა განსაცდელს უმზადებს ნეტარ უმეცრებაში მყოფ ხალხს. ბარიერის რომელ მხარეს დადგებიან ტრისი და მისი მეგობრები, ვინ როგორი მორალური დილემის წინაშე აღმოჩნდება და რით დასრულდება ფრაქციების სისხლიანი დაპირისპირება, ამას ვერონიკა როთის ბესტსელერის ცინცხალი თარგმანი გვიამბობს; მე კი, ჩემის მხრივ, პირობას გაძლევთ, რომ ტრილოგიის დანარჩენი წიგნების წაკითხვა აუცილებლად მოგინდებათ.
მე რატომღაც ყურადღება არ მიმიქცევია ამ წიგნისთვის .
ამ პოსტის წაკითხვის მერე ჩავინიშნე წასაკითხი წიგნების სიაში . ^^
პ.ს. უკან რა გემრიელობები ჩანს : ბრებდერი , ჰაქსლი , ჯაზის ცხოვრება .. ^^
LikeLike
არ ინანებ )
ბრედბერი და პრატჩეტი ილიაუნის გამომცემლობაა, ჰაქსლი, ქარუმიძე, ევგენიძე, ჯოისი – სიესტას გემრიელობები )
LikeLike
უიჰ პრატჩეტი ეხლა შევამჩნიე ^^
ქარუმიძე მეც მაქვს ,ბიბლიოთეკის საპატიო ადგილას ..
LikeLike
კარგი წიგნების გაქვს შენ, პატ ^_^
LikeLike
9 საათამდე რამდენიმე წუთით ადრე ნიუსფიდში ამოვარდა- მოლიმ მოიწონა განსხვავებულის ქართველი ფანების გვერდიო. მივხვდი, დღევანდელი პოსტი “განსხვავებულზე” იქნებოდა )))))
LikeLike
დედუქციის ძალა <3 ^_^
LikeLike
ამ წიგნის პრეზენტაცია იყო გალერეაში მგონი, დეიდაშვილისთვის საჩუქრად რამე “გემრიელობა” უნდა ამერჩია და შევედი და ზღვა ბავშვები იყვენენ, ერთი გავიფიქრე ეს ხო არ ვუყიდო მეთქი, მარა ბოლოს მაინც ნილის “კორელაინი” ავიღე… არც შევმცდარვარ :3 :დ
LikeLike
ჩემთან ორივე მშვენივრად თავსებადია. პოსტიც ორივეზე მაქვს დაწერილი.
LikeLike
“შიმშილის თამაშების” შემდეგ ასეთ წიგნებს (ფილმებსაც) ეჭვის თვალით ვუყურებ – უკეთესის მოლოდინი აღარ მაქვს… მაგრამ ამას მაინც წავიკითხავ. ოღონდ მთლიანად – “ბნელი კოშკის” გაყოფამ არ გაამართლა და სერიების ერთიაანად წაკითხვა გადავწყვიტე :)
LikeLike
spoilers, spoilers, spoilers…
LikeLike