ფეხბურთზე, მოგეხსენებათ, ათასში ერთხელ ვწერ. როგორც წესი, მსოფლიო თასის ან ევროს წინ, როცა მკითხველს ჩემი ვადამდელი არდადეგების მიზეზს ვუხსნი. სხვა თემატიკა მირჩევნია და იმიტომ. დღესაც მორიგ წიგნზე ვაპირებდი მოყოლას, მაგრამ Offtopic-ის ისეთი მიზეზი მაქვს, ვერაფრით გამოვტოვებ. ეგეც არ იყოს, საუკუნეა, მოქალაქე ბლუმს გაბრაზებული პოსტი არ გამოუქვეყნებია.
სათაურიდანვე მიხვდებოდით, საქართველო-გერმანიაზე უნდა ვილაპარაკო.
უშუალოდ თამაშზე რა გითხრათ – საფეხბურთო ანალიტიკას ჩემზე უკეთაც დაწერენ. ერთს ვიტყვი მხოლოდ: “ღირსეული წაგება” მთლად გამართული ტერმინი არ მგონია. მოედანზე ყველაზე ლამაზი (და მნიშვნელოვანიც), მოგეხსენებათ, ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშია. ჰოდა, წავაგეთ. მშრალი ანგარიშით. შინ. გასაგებია, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან წავაგეთ, ბოლო მოდელის “მერსედესივით” აწყობილ გუნდთან, მაგრამ წავაგეთ. ჰოდა, რაც უფრო მალე დავივიწყებთ “ღირსეულ წაგებას” და “ესპანეთთან ნულით ნულს ვიგებთ”-ს, მით უფრო მალე მოვა ნამდვილი გამარჯვებაც და იქნებ ნამდვილი ფეხბურთიც ვითამაშოთ.
ახლა არასაფეხბურთო ამბებსაც გავკრათ კბილი. ეს ხომ ჩვენი თანთია – მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონებთან ჩატარებული მატჩის შემდეგ, სპორტულ პერიპეტიებზე მეტად, იმ ბავშვის ამბავს ვარჩევთ, შვაინშტაიგერს რომ მიეჭრა და დაუჩოქა (სინამდვილეში არ დაუჩოქია, მაგრამ ასე უფრო ბრუტალურად ჟღერს და სრულიად ჯინეტის წამოკიდებაც ადვილია).
არ მგონია, ახალაღმოჩენილ ამერიკაზე ვყვებოდე, მაგრამ თურმე საჭირო ყოფილა – ჩემო ძვირფასო აღშფოთებულებო, დარწმუნებული ვარ, ფანობის და ფანების ამბავი გაგიგიათ. ისიც გეცოდინებათ, რომ ფანები ზოგჯერ ისეთ რამეს აკეთებენ, ინდიფერენტულად განწყობილ ადამიანს, ან სულაც განსხვავებული ტემპერამენტის გულშემატკივარს აზრადაც რომ არ მოუვა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო მარტივადაა; რიტუალია ერთგვარი – ფეხბურთელის მთავარი იარაღი ფეხებია, ის ბიჭიც გერმანელს ბუცებზე შეეხო პატივისცემის ნიშნად. ეს იყო და ეს.
სიმართლე გითხრათ, თავი ფანად არასოდეს ჩამითვლია. საყვარელი სპორტსმენებიც მყავს, გუნდებიც, მწერლებიც, მუსიკოსებიც, მომღერლებიც, მხატვრებიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბლოგერებიც, მაგრამ მშვიდად მიყვარს, აჟიტირების გარეშე. სხვაგვარად არ მეხერხება და იმიტომ. თუმცა, ამ საქვეყნო ისტერიის ფონზე დავფიქრდი და, ასტრიდ ლინდგრენი რომ გაცოცხლდეს და თბილისში ჩამოვიდეს, ხელებსაც დავუკოცნიდი, ფეხებსაც, დავუჩოქებდი კიდეც და მადლობასაც გადავუხდიდი, მთელი მსოფლიოს ბავშვების სახელით თუ ვერა, საკუთარი სახელით მაინც.
იმ ბიჭმა, საქმე საქმეზე თუ მიდგა, სხვა რამ დააშავა და, თუ გინდათ, გეტყვით, რაც. სტადიონზე მედია-მოხალისედ იყო, ინსტრუქტაჟსაც ჩაუტარებდნენ და იმასაც ეტყოდნენ, რომ მოედანზე გადასვლა და ფეხბურთელებთან კონტაქტი კატეგორიულად იკრძალება. მოკლედ, თუ მაინცდამაინც საქვეყნოდ გასარჩევია (რის აუცილებლობასაც, მომკალით და ვერ ვხედავ), პროფესიონალიზმზეა სალაპარაკო და არა ზნეობაზე, მორალზე, კაცობასა და გაგებაზე. პროფესიონალიზმის ამბები, კიდევ, თხუთმეტი წლის თინეიჯერებს კი არა, ორდიპლომიან ხალხსაც ეშლება.
ოღონდ წესების დარღვევა და კეთილსინდისიერება ფბ-ზე მხოლოდ რამდენიმე კაცმა ახსენა. სამაგიეროდ, იყო ბევრი გინება, ლანძღვა, “ქართლის ცხოვრებაში” აღწერილ არც ერთ საფეხბურთო მატჩში მსგავსი არაფერი მომხდარა” და “ფეხბურთს დავით აღმაშენებელიც უყურებდა, მაგრამ შვაინშტაიგერს მუხლებში ერთხელაც არ ჩავარდნია” ტიპის არგუმენტები, ქართველი ვაჟკაცი რომ მხოლოდ დედას უჩოქებს (და იქვე, მეტი დამაჯერებლობისთვის – მამაპაპური თოთხმეტსართულიანი), ჰიტლერის და სტალინის სურათების ფრიალი, რაიხსტაგის, ქანთარიას და ბერლინამდე ჩასული დიდი ბაბუების ხშირი ხსენება, ისევ მშობლიური, მამაპაპური თოთხმეტსართულიანები და თავში ხელის წაშენა, რომ აი, ასე დავკარგეთ ქართველობა.
ლემანის ვოლზე შევარდნა, აქაოდა, ჩვენი ქალაქის ხედი არ მოეწონაო, ცალკე ამბავია. თუ ვინმე დამარწმუნებს, რომ, ყოვლად უმნიშვნელო მიზეზის გამო, მავანი გერმანელის პირადი სივრცის ბილწზე ბილწი ქართული გინებით აჭრელება ძლიერი, კმაყოფილი, თვითკმარი, რეალიზებული ადამიანების ჩვევაა, საქვეყნოდ მოვიხდი ბოდიშს.
კვირას, იმ ბედნავსი თამაშის ბოლოს ვიღაცები კიდევ შეიჭრნენ მოედანზე, თუმცა ამათ ნაკლებად ახსენებენ აღშფოთებულები. გერმანელებისთვის არ “დაუჩოქიათ” და, ალბათ, იმიტომ.
ესეც ფანობაა და, გადასარევი საქციელიაო, ვერც ამაზე ვიტყვი. სულ სხვა მიზეზით, რა თქმა უნდა. ჩვენი სტადიონის დაცვა, ერთი ჩემი ფბ-ფრენდის არ იყოს, მგელობანას მსოფლიოში ყველაზე ცუდად თამაშობს და სტიუარტები, უშუალო მოვალეობების შესრულების ნაცვლად, ფეხბურთს უყურებენ. ჰოდა, სუპერთასს რომ ველოდებით და “ბარსელონა”-“სევილიას” ნახვა რომ გვინდა თბილისში, ევროპაში გულშემატკივართა მინდორზე სირბილს და მსგავსი რაღაცებს მაინცდამაინც არ მიესალმებიან. არ მგონია, კინკილა გულშემატკივარს გადაგვაყოლონ, მაგრამ მიზეზს თუ გამოეკიდნენ, თავში რაღაც გადაუტრიალდათ და სუპერთასი წაგვართვეს, უეფას ფეიჯზე შევარდნა და გინების კორიანტელი მერე ნახეთ.
P.S. სანამ ცალი ხელით მოზღვავებულ საქმეს ვუმკლავდებოდი, ცალით კი ამ პოსტს ვწერდი, სოციალურ ქსელებში იმ თინეიჯერი ფანის ბოდიში გავრცელებულა. ჩვენი დროის ციციკორეები, ალბათ, გულზე მჯიღს იბრაგუნებენ კმაყოფილებისგან და ამაღამაც ტკბილად დაეძინებათ, ვალმოხდილებს.
ციციკორეები, სხვის საქმეში ცხვირის ჩამყოფები, საქმის გინებით “გადამწყვეტელები”, ტალახისა და ლაფის მსროლელები რით ვერ დაილიენ ამ ოცდამეერთე საუკუნეში :/ ჟურნალისტების მიერ პროფესიული ეთიკის დაცვა ხომ მიუღწეველ მწვერვალად რჩება – იმ ჟურნალისტების, ვინც ახალგაზრდა ბიჭის პატივისცემის ჟესტი ჯერ დაჩოქებად მონათლეს, ხოლო შემდეგ მოხდილი პროფესიული ბოდიში დატვირთეს ციციკორეების გულგასახარი კონტექსტით.
მოლი, მადლობა ამ პოსტისთვის, ამ გამოთქმული პროტესტისთვის!
LikeLiked by 5 people
ბოდიში აშკარად პროფესიული იყო, ტაბუ. სამჯერ გადავიკითხე მეც და ასე მომეჩვენა.
LikeLiked by 1 person
ამ ტიპის ფანი არასდროს ვყოფილვარ (უფრო ჩემი ხასიათის “დამსახურებით”), მაგრამ ფანების გარდა გასაკრიტიკებელი რომ არავინ გვყავდეს, კარგი იქნებოდა… პირადად მე მხოლოდ ერთი შენიშვნა მქონდა გულშემატკივრებთან (“უეფას” რეგულაციების გარდა) – “რედისონში” ფოტოების გადაღებას აჯობებდა ქალაქის დათვალიერება შეეთავაზებინათ ფეხბურთელებისთვის. ლემანიც ნახავდა ნამდვილ თბილისს, გულშემატკივრებსაც ექნებოდათ მრავალფეროვანი ფოტოები და თამაშის დაწყებამდეც იჯერებდნენ გულს შვაინშტაიგერთან ურთიერთობით :))))
LikeLiked by 2 people
ყველა საქმეს ცოდნა უნდა. მათ შორის, ლოჯისტიკას და თამაშის ორგანიზებასაც.
LikeLike
ჩემი სათქმელი თქვი , მოლი .
წალეკა ფეისბუქი ყანწიანი მამრების და მდედრების ”პატრიოტულმა ” კომენტარებმა , რა ! ახალი სალაპარაკო თემა აქვთ , ცოტა ხანში დაძველდება და სხვაზე გადაიტანს ყურადღებას სრულიად საქართველო . მილიონი კაცი ერთს რომ აყენებს შეურაცხყოფას , ეგ ჰგონიათ ვაჟკაცობა .
LikeLiked by 1 person
ყანწიანი პატრიოტიზმი <3
რუსებს აქვთ ამდაგვარი გამოთქმა. იქ ბურახს ახსენებენ. ნუ, ჩვენ ყანზი უფრო გვიხდება.
LikeLiked by 1 person
გეთანხმები ბევრ რამეში. რაც ამ ბიჭმა გააკეთა იყო ძალიან დიდი არაპროსეიონალიზმი და არ იყო საჭირო. მე უფრო ის მიკვირს, რო ამ ბიჭზე ამდენს ლაპარაკობენ იმას კიდევ არავინ არ ახსენებს რომმატჩზე, შესვენებაზე გასვლილას ერთ-ერთი ფანი კანკავას “ჩაუვარდა ფეხებში”. მემგონი ეს უფრო გასარჩევია. თან ის ბიჭი არ ჟურნალისტი იყო, უბრალოდ ფანი იყო და მე პირადად მისი საქციელი ძალიან მომეწონა ამ ჟურნალისტის საქციელის შემდეგ. რატო გადაყვნენ ამ ამბავს არ ვიცი. მოსაყოლად კაია, მარა გასარჩევად არა. და კანკავასთან რომ გავარდა იმას რაც შეეხება, ჩემი აზრით მართლა ძალიან მოსაწონად მოიქცა ის ბავშვი.
LikeLike
გენაცვალე რა… :* სწორედ ის თქვი, რაასაც ამდენი ხანია ვამტკიცებ და ვუხსნი “აღშფოთებულ” ბრბოს… გამიხარდა, რომ თანამოაზრე მყავს!
LikeLiked by 1 person
აი ამ პოსტს მოველოდებოდი ყველაზე მეტად…. აჭრელდა ფეისბუქი და არა მარტო ფეისბუქი სისულელეებით…
LikeLiked by 1 person
ისე მომეშალა ნერვები, ისე, მინდოდა მთელი ქვეყანა გამელანძღა. მერე თავი დავიმშვიდე და ვთქვი, რომ საკმარისად ბევრი ლანძღვა მოვისმინე/წავიკითხე უკვე და ავდექი და გულიანად გამოვხატე პატივისცემა ამ ბიჭის სიყვარულისზე მაგ ფეხბურთელისადმი. ნეტავ, ასე სიყვარული და გაფანატება შეგვეძლოს ერთმანეთზე, ლანძღვის ნაცვლად.
LikeLike
რა საყვარელი ფოტოა, ახლა დავხედე ნორმალურად :))
LikeLike