ფილიპ კონრად დიკი.
იდინე, ცრემლო, – თქვა პოლიციელმა
სერია “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა”
გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”
ბათუმი
2015
მთარგმნელი – ანა ჭიჭინაძე
ყდის დიზაინერი – ეკა ტაბლიაშვილი
ქართული გამოცემა © გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2015 ყველა უფლება დაცულია
1
1988 წლის 11 ოქტომბერს, სამშაბათ დღეს “ჯეისონ ტავერნერის შოუს” ბოლო, ოცდაათწამიანი კადრი მიიწურა. პულტთან მოკალათებულმა ტექნიკოსმა გამოსახულება ბოლო ტიტრზე გააჩერა და ჯეისონ ტავერნერს, რომელიც უკვე სცენას ტოვებდა, ხელით რაღაც ანიშნა – მის დასანახად მაჯაზე ხელი წაივლო და მომუშტული მტევანი პირთან მიიტანა.
ჯეისონმა სტუდიის მიკროფონში ხავერდოვანი ხმით ჩასძახა:
– მეგობრებო, კვლავ ველოდები თქვენგან წერილებსა და ღია ბარათებს. ახლა კი დარჩით ტელეეკრანებთან, თქვენ გელოდებათ ძაღლი-საოცრება-სკოტის თავგადასავალი.
ტექნიკოსს გაეღიმა. ჯეისონმაც გაუღიმა პასუხად. შემდეგ ხმა და გამოსახულება ერთდროულად გაქრა – ერთსაათიანი მუსიკალურ-გასართობი პროგრამა, რომელსაც წლის საუკეთესო სატელევიზიო შოუების რეიტინგში მეორე ადგილი ეკავა, დასრულდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
– სად დავკარგეთ ნახევარი წუთი? – ჰკითხა დაბნეულმა ჯეისონმა გადაცემის მთავარ სტუმარს, ჰეზერ ჰარტს.
ჯეისონს თავისი შოუ წუთი წუთზე ჰქონდა გათვლილი.
– არა უშავს, ჩიტუნა, – უპასუხა ჰეზერ ჰარტმა, გრილი ხელი ოდნავ დაცვარულ შუბლზე მიადო და ნაზად დაუზილა.
– ხვდები მაინც, რამხელა ძალას ფლობ? – უთხრა ჯეისონს ალ ბლისმა, ბიზნესაგენტმა და როგორც ყოველთვის, ისე მიუახლოვდა, რომ ლამის ზედ აეწება, – ოცდაათმა მილიონმა ადამიანმა ნახა, ელვა-შესაკრავი როგორ შეიკარი. ეს ერთგვარი რეკორდია!
– ელვას ყოველ კვირას ვიკრავ, – მიუგო ჯეისონმა, – ეს ჩემი სამარკო ნიშანია. თუ არ უყურებ შოუს?
– მაგრამ ოცდაათი მილიონი! – აღტაცებით გაიმეორა ბლისმა და მრგვალი, ღაჟღაჟა სახე ოფლის წვეთებით დაენამა, – დაფიქრდი, რამდენია. თანაც საავტორო ჰონორარიც არ დაგავიწყდეს.
ამაზე ჯეისონმა მოკლედ მოუჭრა:
– სანამ ამ შოუს საავტორო ჰონორარი შემოსავალს მომიტანს, ღმერთი იქნება მოწმე, ცოცხალი აღარ ვიქნები.
– მგონი შენ ამ საღამოსვე აღარ იქნები ცოცხალი ამდენი ფანის გადამკიდე, გარეთ რომ გელოდებიან, – ჩაურთო ჰეზერმა, – ერთი სული აქვთ, ნაკუწებად გაქციონ… საფოსტო მარკებისხელა ნაკუწებად.
– ზოგი მათგანი თქვენი ფანიცაა, მის ჰარტ, – მიუგო ქალს ბლისმა ჩვეული, ძაღლივით წკმუტუნა ხმით.
– ეშმაკსაც წაუღია ყველანი! – უხეშად წამოიყვირა ჰეზერმა, – რას უდგანან აქ? რატომ არ მიდიან? ნუთუ რომელიმე კანონს არ არღვევენ, უსაქმოდ ყიალის, ან რამე ამგვარის?
ჯეისონმა ხელი ჩაჰკიდა და მაგრად მოუჭირა, რომ როგორმე მისი ყურადღება მიექცია. ვერაფრით გაეგო, ასე ძლიერ რატომ სძულდა ჰეზერს ფანები. თავად ტავერნერისთვის ისინი საჯარო ცხოვრების მთავარი არტერია იყო; საჯარო ცხოვრება და მსოფლიოში ცნობილი არტისტის სახელი კი თავად ცხოვრება, არსებობა გახლდათ, და ეს განხილვას არ ექვემდებარებოდა.
– შენ ვარსკვლავი არ უნდა იყო, – უთხრა ჰეზერს, – წესით, შენი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, შოუბიზნესს უნდა ანებებდე თავს. წადი, სოციალური მუშაკი გახდი და შრომა-გასწორების ბანაკში იმუშავე.
– ხალხი იქაც არის, – აგდებულად უპასუხა ჰეზერმა.
სპეციალური დაცვის ორმა პოლიციელმა ჯეისონ ტავერნერისა და ჰეზერისკენ გაიკვლია გზა.
– დერეფანი შეძლებისდაგვარად გავათავისუფლეთ, – ამოიქოშინა ამ ორიდან უფრო მსუქანმა, – წავიდეთ, მისტერ ტავერნერ, სანამ სტუდიის აუდიტორიას ჩაუხერგავს გვერდითა გასასვლელები.
მსუქანმა თავის სამ კოლეგას ანიშნა და ისინიც უმალ დაიძრნენ ხალხით გადავსებული გასასვლელისკენ, რომელიც ჩაბნელებულ ქუჩაში გადიოდა. იქ უკვე როლსის მფრინავი ხომალდი იდგა მთელი თავისი დიდებულებითა და რაკეტისმექანიზმიანი უკანა ნაწილით, რომელიც რიტმული გუგუნით ელოდა პატრონს. ჯეისონი თავის მექანიკურ გულს ეძახდა ამ ძრავას, გულს, რომელიც მხოლოდ მისთვის ძგერდა; მისთვის – ვარსკვლავისთვის და, პრინციპში, თუ საჭირო გახდებოდა, ჰეზერისთვისაც.
ჰეზერმა ამ საღამოს დაიმსახურა, კარგად იმღერა, ისე კარგად, როგორც… ჯეისონმა გულში ბოროტად ჩაიცინა. ჯანდაბას, მოდი, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. ეს ხალხი სამგანზომილებიან ფერად ტელევიზორს გადაცემაში სტუმრად მოსული ვარსკვლავის სანახავად როდი რთავს. დედამიწაზე უამრავი ვარსკვლავია. რამდენიმე მათგანი მარსის კოლონიებშიც კია გაბნეული.
დიახაც, ხალხი ჩემ სანახავად რთავს ტელევიზორს და მეც ყოველთვის მზად ვარ! ჯეისონ ტავერნერს ფანებისთვის იმედი არასდროს გაუცრუებია და არც არასდროს გაუცრუებს. ჰეზერს კი, როგორც უნდა, ისე მოექცეს თავის თაყვანისმცემლებს.
– ეს ხალხი იმიტომ არ გიყვარს, რომ შენ თვითონ არ მოგწონს საკუთარი თავი, – უთხრა ჯეისონმა ჰეზერს და თან დახუთულ, ოფლის სუნით აქოთებულ ცოცხალ კორიდორში გზა მუჯლუგუნებით გაიკვლია. ერთი-ორჯერ თავის დახრაც მოუხდა, – გულის სიღრმეში ფიქრობ, რომ ამათ გემოვნება არ უვარგათ.
– უტვინოები! – ჩაიბურტყუნა ჰეზერმა და ჩუმად შეუკურთხა ფანებს, რომელთაც ამ ჭყლეტაში უნებურად მოსტაცეს და საბოლოოდ დაუკარგეს დიდი შლაპა.
– პრიმიტიულები არიან, – ჩასჩურჩულა ჯეისონმა და ოდნავ დაიბნა, რადგან დარწმუნებული არ იყო, რომ ჰეზერმა მისი ნათქვამი ნამდვილად გაიგონა, ვინაიდან ყური მსოფლიოში ცნობილი, მბზინავი წითელი თმის ბურდში ჰქონდა ჩამალული. ეს ვარცხნილობა ტერას სილამაზის სალონებს უკვე დიდი წარმატებითა და ოსტატობით აეტაცებინათ.
ჰეზერმა კბილებში ცივად გამოცრა:
– ეგ სიტყვა აღარ გამაგონო!
– პრიმიტიულები, – ჯიუტად გაიმეორა ჯეისონმა, – და გონებაჩლუნგები არიან, იმიტომ, რომ, – ბიბილოზე მოქაჩა ქალს, – იმიტომ, რომ… პრინციპში, ერთი და იგივეა, არა?
ჰეზერმა ამოიოხრა:
– ღმერთო, რა კარგია მფრინავი ხომალდი და სივრცეში მოგზაურობა. რამდენი ხანია, ველოდები ამას! არავითარი ადამიანური ხმა, არავითარი ადამიანური სუნი! არც პლასტმასის ფერად-ფერადი საღეჭი რეზინის ცოხნით გართული ყბები.
– გული მართლა სიძულვილით გაქვს სავსე, – ჩაილაპარაკა ჯეისონმა.
– დიახ, – დაეთანხმა ქალი ფიცხად, – სხვათა შორის, შენც!
ჰეზერი უცებ შედგა და ჯეისონისკენ მიტრიალდა.
– კარგად იცი, რომ შენი წყეული ხმა აღარ არსებობს, შენი დიდების დღეები დათვლილია და უკან ვეღარ დაიბრუნებ, – ქალმა გულთბილად გაუღიმა და წარმატებით გადაფარა ფანების შეძახილები: – ვბერდებით, არა? ერთად, როგორც ცოლ-ქმარი.
– ექვსიანები არ ბერდებიან, – უპასუხა ჯეისონმა.
– ოჰ, როგორ არა, ძალიანაც ბერდებიან, – გაიღიმა ჰეზერმა და ჯეისონს ტალღოვან, ყავისფერ თმაზე გადაუსვა ხელი, – რამდენი ხანია რაც იღებავ, ძვირფასო? ერთი წელი? სამი?
– შედი ხომალდში, – უხეშად უთხრა ჯეისონმა და ქუჩისკენ, ჰოლივუდის ბულვარში გასასვლელისკენ მიუთითა.
– შევალ, – უთხრა ჰეზერმა, – თუ მაღალ ნოტებს აიღებ და ისე მიმღერებ. გახსოვს, როცა…
ჯეისონმა ქალს საფრენი აპარატის კარისკენ უბიძგა და თვითონაც უკან მიჰყვა. მერე მოტრიალდა, რომ ალ ბლისს კარის დაკეტვაში დახმარებოდა და აპარატი წამში წვიმიან და ღრუბლიან ცაში აიჭრა. ლოს-ანჯელესის დიდებული ცა ისე კაშკაშებდა, თითქოს შუაღამე კი არა, შუადღე ყოფილიყო.
ეს ჩვენი ბედისწერაა, – გაიფიქრა ტავერნერმა, – მომავალში რაც უნდა მოხდეს, ჩვენ ორს არაფერი გვემუქრება, იმიტომ, რომ ორივენი ექვსიანები ვართ. მნიშვნელობა არ აქვს, მათ იციან ეს თუ არა.
პრინციპში არ იციან, – თავისსავე შავ იუმორზე ცივად გაეცინა. ის, რაც ორივემ კარგად უწყოდა, სინამდვილეში გაუზიარებელი ცოდნა იყო, იმიტომ, რომ იმთავითვე ასე იყო ჩაფიქრებული… და ახლაც ასეა, როცა ყველა ექვსიანს ასე ცუდად შემოგვიტრიალდა; ყოველ შემთხვევაში, ცუდად – შემქმნელების თვალში. ისინი თავიდანვე ყველაფერს მიხვდნენ, მაგრამ არასწორად. ეს მოხდა ორმოცდახუთი ლამაზი წლის წინ, როცა სამყარო ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და წვიმის წვეთები ლაღად ეცემოდა ვაშინგტონში ახლა უკვე არარსებულ იაპონური ალუბლის ხეებს და ამ კეთილშობილურ ექსპერიმენტს გაზაფხულის სურნელში ხვევდა. უბრალოდ, ძალიან ცოტა ხანს გასტანა ამ იდილიამ.
– მოდი, ციურიხში წავიდეთ, – შესთავაზა ჯეისონმა ქალს.
– ძალიან დაღლილი ვარ, – იუარა ჰეზერმა, – თანაც მომწყინდა ეგ ადგილი.
– სახლი?
ჯეისონმა ეჭვით შეხედა. ჰეზერმა ხომ თვითონ აარჩია ეს სახლი და წლების განმავლობაში იქ ატარებდნენ თავისუფალ დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საძულველი ფანებისგან დამალვა სურდათ.
ჰეზერმა ამოიოხრა.
– სახლიც. შვეიცარული საათებიც. პური. ქვაფენილები. დათოვლილი გორები.
– მთები, – შეუსწორა ჯეისონმა და იგრძნო, როგორ მოერია ბრაზი, – კარგი, ჯანდაბას. შენ გარეშე წავალ.
– და ვინმე სხვას წაიყვან?
ჯეისონი ვერ მიხვდა, ქალს რისი თქმა სურდა:
– გინდა, რომ სხვა წავიყვანო?
– შენ და შენი მომხიბვლელობა! შეგიძლია მსოფლიოში ნებისმიერი გოგო ჩაიწვინო თითბერის ვეება საწოლში. თუმცა, როცა იქამდე მიაღწევ, მერე დიდი ვერაფერი შვილი ხარ.
– ღმერთო! – ზიზღით აღმოხდა ჯეისონს, – დაიწყო ისევ! სულ ერთი და იგივე! საოცარია, რომ შენი ფანტაზიის ნაყოფისა თავად გჯერა.
ჰეზერი მისკენ შებრუნდა და მთელი სერიოზულობით ჰკითხა:
– ხომ იცი, როგორც გამოიყურები? შენს ასაკშიც კი ლამაზი ხარ. ოცდაათი მილიონი ადამიანი მთელი კვირა გელოდება, რომ ტელევიზორში ერთ საათს გიცქიროს. სხედან და თვალებით გჭამენ. მართლა შენი სიმღერა კი არ აინტერესებთ… შენი უნაკლო სილამაზის ნახვა სწყურიათ.
– იმავეს თქმა შეიძლება შენზეც, – უპასუხა გაღიზიანებულმა ჯეისონმა. ძალიან დაღლილი იყო და იქ, ციურიხის გარეუბანში დასვენებასა და განმარტოებას არაფერი ერჩია. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს სახლი მოუთმენლად ელოდა მათ დაბრუნებას და უნდოდა, იქ დარჩენილიყვნენ ერთი ღამით, ერთი კვირით ან სამუდამოდ.
– ჰო, უბრალოდ ასაკი არ მეტყობა, – თქვა ჰეზერმა.
ჯეისონი ქალს ყურადღებით დააკვირდა. სქელი წითელი თმა, ოდნავ დაჭორფლილი ფერმკრთალი კანი, ძლიერი რომაული პროფილი, ღრმად ჩამჯდარი იასამნისფერი თვალები… მართალია. არ ეტყობოდა ასაკი. ბუნებრივია, ჯეისონისგან განსხვავებით, ჰეზერს არასდროს უცდია სატელეფონო ქსელური სექსი. სიმართლე ითქვას, თვითონაც უბრალოდ გემო გაუსინჯა და მასზე დამოკიდებული არასდროს გამხდარა. ამიტომ ტვინი დაუზიანდა ან დროზე ადრე დაბერდაო, ვერც ჯეისონის შემთხვევაში იტყოდით.
– საშინლად ლამაზი ხარ, – უთხრა უხალისოდ.
– და შენ? – ჰკითხა ჰეზერმა.
ჯეისონზე ეს ვერ იმოქმედებდა. იცოდა, რომ ჯერ კიდევ ჰქონდა ქარიზმა, ის ძალა, რომელიც ორმოცდაორი წლის წინ ჩადეს მის შემქმნელ ქრომოსომებში. მართალია, გაჭაღარევებულ თმას უკვე იღებავდა და აქა-იქ რამდენიმე ნაოჭიც გაუჩნდა, მაგრამ…
– სანამ ხმა მაქვს, არაფერი მიჭირს, – თქვა მან, – ყველაფერს მივაღწევ, რისი მიღწევაც მსურს. ჩემზე არასწორი წარმოდგენა გაქვს და ეს მხოლოდ შენი ამპარტავნების, შენი საამაყო ვითომდა ინდივიდუალიზმის ბრალია. კარგი, ნუ გავფრინდებით ციურიხში. თქვი, სად წავიდეთ? შენს სახლში? თუ ჩემთან?
– მინდა, რომ დავქორწინდეთ, – მშვიდად მიუგო ჰეზერმა, – და აღარ მოგვიწევს არჩევა, შენთან წავიდეთ თუ ჩემთან. საერთო სახლი გვექნება. მე სიმღერას თავს დავანებებ… გვეყოლება სამი შვილი და ყველა შენ დაგემსგავსება.
– გოგონებიც?
– არა, სამივე ბიჭი იქნება.
ჯეისონმა ქალს ცხვირზე აკოცა. ჰეზერმა გაუღიმა და ხელზე ხელი ალერსიანად მოუთათუნა.
– ამ საღამოს იქ წავიდეთ, სადაც მოისურვებ, – უთხრა კაცმა დაბალი, მტკიცე, თითქმის მამობრივი ხმით (ეს იყო ერთადერთი ტონი, რომელიც გაღიზიანებულ ჰეზერთან ჭრიდა) და გაიფიქრა, ბოლოს და ბოლოს, თუ რამეა, შემიძლია დავკრა ფეხი და საერთოდ გადავიკარგოო.
იცოდა, რომ ჰეზერს ზუსტად ამის ეშინოდა. ზოგჯერ ჩხუბისას, მით უმეტეს, თუ ციურიხის სახლში იყვნენ და ირგვლივ გამშველებელი არ ჭაჭანებდა, ჯეისონს ხშირად შეუმჩნევია მის სახეზე შიში. მარტო დარჩენაზე ფიქრიც კი აფრთხობდა ქალს და ეს ორივემ კარგად იცოდა. შიში მათი თანაცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, თუმცა, მხოლოდ პირადი და არა საზოგადოებრივი ცხოვრებისა. ისინი, როგორც ჭეშმარიტი ვარსკვლავები, სრულიად განსხვავებულად იქცეოდნენ სხვების დასანახად: რაც უნდა გაუცხოებული და გაბრაზებული ყოფილიყვნენ ერთმანეთზე, მაყურებლის, სიყვარულით სავსე წერილების ავტორებისა და ხმაურიანი თაყვანისმცემლების თვალწინ მაინც იდეალურ ურთიერთობას ინარჩუნებდნენ. ყველაზე საშინელი სიძულვილიც კი ვერ შეცვლიდა ამ წესს.
თუმცა, მათ შორის სიძულვილი წარმოუდგენელი იყო, იმიტომ, რომ ბევრი საერთო ჰქონდათ და ძალიან ბევრს იღებდნენ ერთმანეთისგან. სულ უბრალო ფიზიკური კონტაქტიც კი, როგორიც, ვთქვათ როლსის ხომალდში გვერდიგვერდ ჯდომაა, საკმარისი იყო, თავი ბედნიერად ეგრძნოთ. ბუნებრივია, მანამ, სანამ ეს გრძნობა საერთოდ გასტანდა.
ჯეისონმა სპეციალურად მისთვის შეკერილი სუფთა აბრეშუმის პიჯაკის შიდა ჯიბეში – სხვათა შორის, ასეთი პიჯაკი მსოფლიოში სულ ათი ცალი იყო, – ხელი ჩაიყო და კუპიურების სქელი დასტა ამოიღო.
– ამდენ ფულს თან არ უნდა ატარებდე, – ყოვლისმცოდნე დედასავით შენიშვნა მისცა ჰეზერმა და ჯეისონი ძალიან გაღიზიანდა.
– ამით, – კუპიურების შეკვრა დაანახა მან ქალს, – შეგვიძლია ვიყიდოთ ნებისმიერი რამ…
– თუ მანამდე რომელიმე საერთო საცხოვრებლიდან გამოპარულმა ბოგანო სტუდენტმა მაჯა არ მოგაჭრა და შენს ფულიან-ხელიანად არ გაიქცა. ყოველთვის ასეთი მეტიჩარა იყავი. თავმომწონე და ხმაურიანი. შეხედე შენს ჰალსტუხს, უბრალოდ შეხედე! – ჰეზერმა ხმას აუწია, უკვე მართლა გაბრაზებული ჩანდა.
– ცხოვრება ხანმოკლეა, – მშვიდად მიუგო ჯეისონმა, – კარგად ცხოვრება კი, კიდევ უფრო მოკლე, – დასტა ისევ შიდა ჯიბეში ჩაიდო და გარედან, უნაკლო პიჯაკზე, ხელი ჩამოუსვა, – მინდოდა, შენთვის რამე მეყიდა.
ეს აზრი იმ წამს დაებადა. სინამდვილეში სულ სხვა რამ ჰქონდა დაგეგმილი: ამ ფულით ლას-ვეგასში, ბლექჯეკის მაგიდასთან აპირებდა დაჯდომას. როგორც ექვსიანი, ბლექჯეკს ყოველთვის იგებდა. ყველაზე მაგარი იყო, ყველა დილერზე, გაქნილ პიტბოსზე მაგარიც კი.
– ტყუი, – უთხრა ჰეზერმა, – ჩემთვის არაფრის ყიდვასაც არ აპირებდი! მსგავსი რამ თავში არასდროს მოგსვლია, იმიტომ, რომ ეგოისტი ხარ! დარწმუნებული ვარ, ეგ ფული გასართობად გინდა. აპირებ, რომელიმე დიდძუძუებიანი ქერა ქალი იყიდო და საწოლში ჩაიწვინო. სავარაუდოდ, ციურიხის სახლში, სადაც, თუ გახსოვს, უკვე ოთხი თვეა, არ ვყოფილვარ. საერთოდ, შეიძლება ორსულადაც კი ვიყო…
ბოლო ფრაზა ჯეისონს განსაკუთრებით მოხვდა გულზე. არ ელოდა, ქალის აგზნებული ტვინი მის გასამწარებლად ასეთ ამბავსაც თუ შეთხზავდა. თუმცა, ჯეისონმა ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცოდა ჰეზერზე, რომელიც მასაც ისევე უმალავდა ყველაფერს, როგორც თავის ფანებს.
მიუხედავად ამისა, ჯეისონმა წლების განმავლობაში მაინც ბლომად ინფორმაცია შეკრიბა მასზე. მაგალითად, გაიგო, რომ 1982 წელს ჰეზერმა აბორტი გაიკეთა და ამას საგულდაგულოდ მალავდა. ასევე იცოდა, რომ უკანონოდ იყო დაქორწინებული სტუდენტთა გაერთიანების ლიდერზე და ერთი წელი კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში გაატარა სუნიან და წვერგაბურძგნილ სტუდენტებთან ერთად, რომლებიც პოლიციას მთელი ცხოვრება მიწისქვეშეთში ემალებოდნენ. ნაციონალური გვარდიისა და პოლიციის წარმომადგენლები წარამარა დაძრწოდნენ სტუდენტურ საცხოვრებლებში და ამ სტუდენტებს გარეთ გასვლის ნებას არ აძლევდნენ, რათა ისინი ჩაძირული გემიდან გაქცეული ვირთხებივით საზოგადოებას არ შესეოდნენ.
ასევე იცოდა, რომ ერთი წლის წინ ნარკოტიკების შენახვის გამო დააკავეს და რომ არა მდიდარი და გავლენიანი ოჯახი, ციხეს თავს ვერ დააღწევდა. ამ შემთხვევაში მისი ვერც ფული, ვერც მომხიბვლელობა და საყოველთაო აღიარება პოლიციასთან ვერ გაჭრიდა.
ბუნებრივია, ჰეზერზე ამ ყველაფერმა იმოქმედა, მაგრამ ახლა უკვე კარგად გრძნობდა თავს. როგორც ყველა ექვსიანს, მასაც რეგენერაციის შესაშური უნარი ჰქონდა, საგულდაგულოდ იყო ნაგები. თავად ჯეისონმაც ორმოცდაორი წლის ასაკშიც კი არ იცოდა თავისი ყველა შესაძლებლობის შესახებ. მასაც საკმაოდ ბევრი გადახდა თავს. კარიერისკენ მიმავალ გზაზე არაერთ გვამზე მოუწია გადაბიჯება და მათგან მხოლოდ ბუნდოვანი მოგონებები დარჩა.
– ეს მყვირალა ჰალსტუხები… – წამოიწყო ჯეისონმა, მაგრამ ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა. იფიქრა, ალ ბლისი რეკავს, დღევანდელი შოუს რეიტინგი რომ მითხრასო, მაგრამ შეცდა.
ყურმილში ახალგაზრდა ქალის ცივი, გამჭოლი, ყურისწამღები ხმა გაისმა.
– ჯეისონ, შენ ხარ?
– ჰო, – ჯეისონმა ყურმილს ხელი დააფარა და ჰეზერს მიუბრუნდა: – მერილინ მეისონია. რა ჯანდაბად მივეცი ჩემი ხომალდის ნომერი?
– ვინ ოხერია მერილინ მეისონი? – ჰკითხა ჰეზერმა.
– მერე გეტყვი, – უთხრა ჯეისონმა და ყურმილს ხელი აუშვა, – დიახ, ძვირფასო, ნამდვილად ჯეისონი ვარ, ცოცხალ სხეულში რეინკარნირებული ჯეისონი. რა ხდება? საშინელი ხმა გაქვს. ისევ უარი გითხრეს?
ჯეისონმა ირონიულად გაიღიმა და ჰეზერს თვალი ჩაუკრა.
– მოაშორე ეგ გოგო, – გაღიზიანდა ჰეზერი.
ჯეისონმა ისევ ხელი დააფარა ყურმილს და ჰეზერს უპასუხა, მოვიშორებ, ვერ ხედავ, რომ ვცდილობო, და მერე ყურმილში ჩასძახა:
– კარგი, მერილინ, მიდი, მთელი ბოღმა ჩემზე გადმოანთხიე, აბა, მე რისთვის ვარ?
ორი წლის განმავლობაში მერილინ მეისონი მის პროტეჟედ ითვლებოდა. გოგონას მომღერლობა გადაეწყვიტა, ანუ უნდოდა, მასავით ცნობილი, მდიდარი და ხალხის რჩეული ყოფილიყო. ერთ მშვენიერ დღეს, რეპეტიციის დროს ეს გოგო შემთხვევით სტუდიაში შევიდა და ჯეისონის ყურადღება მაშინვე მიიპყრო. პატარა, გადატკეცილი და დაძაბული სახე, მოკლე ფეხები და ძალიან მოკლე ქვედაბოლო – ეს ყველაფერი ჯეისონმა ჩვეულებისამებრ ერთი თვალის შევლებით დააფიქსირა და ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ გოგონას “კოლუმბია რექორდსის“ მომღერლებისა და რეპერტუარის ხელმძღვანელთან დაუნიშნა მოსმენა.
ბევრი რამ გადახდათ ჯეისონსა და მერილინს ერთად იმ ერთი კვირის განმავლობაში, თუმცა, მუსიკასთან ამ ყველაფერს კავშირი ნაკლებად ჰქონდა.
მერილინმა გამგმირავი ხმით ჩაჰყვირა ყურში:
– აუცილებლად უნდა გნახო. თუ არადა, თავს მოვიკლავ და იცოდე, შენი ბრალი იქნება. მთელი ცხოვრება მოგიწევს ამ ცოდვის ტარება. იმ ქალს, ჰეზერ ჰარტსაც ვეტყვი ჩვენზე, ვეტყვი, რომ ერთად გვძინავს!
ჯეისონს ოხვრა აღმოხდა. ისედაც საშინლად იყო დაღლილი, მთლად გაასავათა იმ ერთსაათიანმა შოუმ, სადაც სულ უნდა იღიმო, იღიმო და იღიმო.
– შვეიცარიაში მივდივარ და მთელი ღამე იქ ვაპირებ დარჩენას, – უთხრა მტკიცედ.
თითქოს ისტერიკაში ჩავარნილ ბავშვს ელაპარაკებოდა. როგორც წესი, მერლინის წუწუნ-ბუზღუნა, ნახევრად პარანოიდულ ხასიათზე ასეთი ტონი ჭრიდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ახლა ის შემთხვევა არ აღმოჩნდა.
– შენს მილიონდოლარიან როლსს მხოლოდ ხუთი წუთი დასჭირდება ჩემთან მოსაფრენად, – არ ჩერდებოდა მერილინი, – სულ ხუთი წამის საქმე მაქვს. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრა.
ეტყობა ორსულადაა, – გაიფიქრა ჯეისონმა, – ალბათ, რომელიმე დღეს შემთხვევით მოხდა, ან სულაც განგებ არ დაიცვა თავი…
– ხუთ წამში ისეთი რა უნდა მითხრა, რაც უკვე არ ვიცი? – ცივად უთხრა გოგონას, – ახლა მითხარი.
– მინდა, რომ აქ იყო, – ისევ გაჭირვეულდა მერილინი, – უნდა მოხვიდე. ექვსი თვეა, არ მინახიხარ და მთელი ეს დრო სულ შენზე ვფიქრობ; განსაკუთრებით – სტუდიაში ჩემს ბოლო მოსმენაზე.
– კარგი.
ჯეისონს უკვე ბრაზი ახრჩობდა. აი, რა მიიღო, ამ უნიჭოს კარიერის აწყობაში რომ დაეხმარა. ხმაურით დაკიდა ტელეფონი და ჰეზერს იუტრიალდა:
– მიხარია, რომ არასდროს შეხვედრიხარ, ქალი კი არა ნამდვილი…
– რა სისულელეა, – შეაწყვეტინა ჰეზერმა, – “არასდროს შევხვედრივარ“ იმიტომ, რომ შენ არ გინდოდა ეს! ყველანაირად უშლიდი ხელს ჩვენს შეხვედრას.
– ყოველ შემთხვევაში, – ჯეისონმა ხომალდს მიმართულება შეუცვალა, – ერთ კი არა, ორ მოსმენაზე წავიყვანე, მაგრამ ორივე ჩააფლავა. ახლა საკუთარ თავთან რომ მართალი იყოს, ბუნებრივია, ყველაფერი მე უნდა დამაბრალოს. თითქოს მე გავწირე წარუმატებლობისთვის. ხომ ხვდები, რა მდგომარეობაა?
– კარგი ძუძუები აქვს? – დაინტერესდა ჰეზერი.
– სხვათა შორის, კი, – გაიკრიჭა ჯეისონი და ჰეზერსაც გაეცინა, – ხომ იცი, ეგ ჩემი სისუსტეა. მაგრამ მე უბრალოდ დანაპირები შევასრულე: მოსმენაზე წავიყვანე, თანაც, ერთზე კი არა, ორზე. მეორე მოსმენა ექვსი თვის წინ გაიმართა. დარწმუნებული ვარ, გულში ჩაიხვია და ჯერ ისევ გაბრაზებულია ჩემზე. მაინტერესებს ერთი, რა უნდა მითხრას.
ჯეისონმა ძრავა ავტომატურ ფრენაზე დააყენა და გეზი მერილინის სახლისკენ ააღებინა, რომლის პატარა, მაგრამ მოსახერხებელ სახურავზე ხომალდს დაჯდომა თავისუფლად შეეძლო.
– ალბათ უყვარხარ, – ივარაუდა ჰეზერმა, როცა სახლის სახურავზე დაფრინდნენ და კიბე დაუშვეს.
– ისევე, როგორც დანარჩენ ორმოც მილიონს, – მხიარულად თქვა ჯეისონმა.
ჰეზერი კომფორტულად მოეწყო მფრინავის სავარძელში და უთხრა:
– ძალიან არ დააგვიანო, თორემ იცოდე, უშენოდ გავფრინდები.
– მერილინთან მტოვებ? – შიეცხადა ჯეისონმა და ორივეს გაეცინა. მერე, მალე მოვალო, დაუბარა, გაზონი გადაიარა, ლიფტთან მივიდა და ღილაკს თითი დააჭირა.
მერილინი გაცოფებული დახვდა. მთელი სახე უჩვეულოდ დაწითლებული და რაღაცნაირად მომჩვარული ჰქონდა. ტანზეც ისეთი გამხმარი და დაპატარავებული ჩანდა, თითქოს საკუთარ თავს შიგნიდან ჭამდა. ბოლოს თვალებში შეხედა. ჯეისონს ძალიან ცოტა რამ თუ აბნევდა ქალებთან ურთიერთობისას. აი, მერილინის მზერას კი ვერასდროს უძლებდა. გოგონას ზედმიწევნით მრგვალი, უზარმაზარგუგებიანი თვალები ჰქონდა. ახლაც იდგა, გულხელი დაეკრიფა და ფართოდ გახელილი თვალებით გარინდებული უყურებდა ჯეისონს. დაძაბული და რკინასავით უდრეკი ჩანდა.
– გისმენ, – უთხრა ჯეისონმა.
ცდილობდა, სიტუაციის სადავეები თავიდანვე ეგდო ხელთ. როგორ წესი, ქალებთან საუბრისას სიტუაციის მართვა არ ეშლებოდა. ეს მისი გამორჩეული თვისება იყო. მაგრამ მერილინის შემთხვევაში… თავს უხერხულად გრძნობდა. გოგონაც არაფერს ამბობდა. სრულიად უსიცოცხლო სახეს მაკიაჟის სქელი ფენაც კი ვერ უფარავდა. თითქოს ადამიანი კი არა, საფლავიდან ამოღებული გვამი იყო.
– კიდევ ერთი მოსმენა გინდა? – ჰკითხა ჯეისონმა, – სწორად მივხვდი?
მერილინმა თავი გააქნია.
– კარგი. მაშ მითხარი, რა ხდება, – სცადა, ხმაში დაღლილა და დაბნეულობა არ შესტყობოდა. ზედმეტად ჭკვიანი და გამოცდილი იყო საიმისოდ, რომ ქალს მისი უხერხულობა შეემჩნია.
ზოგადად ქალთან კამათის თითქმის ოთხმოცდაათი პროცენტი ხომ ტყუილზეა აგებული, ორივე მხრიდან, რა თქმა უნდა. ყველაფერ იდამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გააკეთე, და არა – რა გააკეთე.
– რაღაც მაქვს შენთვის.
მერილინი შებრუნდა და სამზარეულოსკენ წავიდა. ჯეისონი უკან გაჰყვა.
– ისევ მე მადანაშაულებ ორივე წარუმატებელ… – დაიწყო ჯეისონმა.
– აი, ისიც, – თქვა უცებ მერილინმა.
ქალმა საწურიდან ცელოფნის პარკი აიღო და რამდენიმე წამს შეყოვნდა. სახე ისევ ისეთი გაფითრებული და გაშეშებული ჰქონდა, გადმოკარკლულ თვალებს არ ახამხამებდა. მერე პარკი ერთი ხელის მოსმით გაგლიჯა, მოიქნია და ჯეისონს ესროლა. ეს ისე ელვის სისწრაფით მოხდა, რომ ჯეისონმა გაცლა ვერ მოასწრო – ჟელატინისმაგვარი ღრუბელივით არსება
“კალისტო” ორმოცდაათი მისაწოვრიანი საცეცით ეცა და მკერდზე მიეკრო. ჯეისონმა იგრძნო, რომ საცეცები მაშინვე ხორცში ჩაერჭო. სასწრაფოდ სამზარეულოს კარადას ეცა და ნახევრად სავსე ვისკის ბოთლი გამოიღო. მერე ხელის კანკალით მოხსნა თავსახური და ჟელატინისმაგვარ არსებას დაასხა.
ჯეისონის გონება გაუნათდა, თითქოს გაუბრწყინდა კიდეც. იდგა და მთელი მონდომებით ასხამდა უცხო სხეულს ვისკის. რამდენიმე წამში ღრუბელი აბუყბუყდა, დაიკლაკნა და მკერდიდან იატაკზე ჩამოვარდა. მოკვდა.
ქანცგაწყვეტილი ჯეისონი სამზარეულოს სკამზე ჩამოჯდა. ახლა უკვე თავს ებრძოდა, რომ გული არ წასვლოდა. “კალისტოს” რამდენიმე, ცოცხალი საცეცი ისევ სხეულში ჰქონდა ჩარჩენილი.
– ცუდად არ გამოგივიდა, – თავს ძალა დაატანა და ხმა ამოიღო ჯეისონმა, – ლამის მომკალი, პატარა, დამპალო მაწანწალავ.
– ლამის არა, – უთხრა მერილინ მეისონმა მშრალად და უემოციოდ, – რამდენიმე საცეცი ისევ მკერდში გაქვს გარჭობილი და ამას თვითონაც კარგად გრძნობ! სახეზე გაწერია. ერთი ბოთლი ვისკი კი მაგათ ვერ მოგაშორებდა. ვერაფერი ვეღარ გიშველის.
ამის თქმა იყო და ჯეისონმა გონება დაკარგა. ბუნდოვნად დაინახა, როგორ აყირავდა მომწვანო-მონაცრისფრო იატაკი და შემდეგ ყველაფერი გაქრა. სივრცე დაცარიელდა. იქ თვითონაც აღარ არსებობდა.
ტკივილი. თვალები გაახილა და მკერდზე ხელი ინსტიქტურად წაივლო. აბრეშუმის პიჯაკი გაეხადათ. მის ნაცვლად საავადმყოფოს ბამბის ხალათი ეცვა და საავადმყოფოსავე საკაცეზე იწვა.
– ღმერთო, – ამოიხრა და მიხვდა, რომ საავადმყოფოს ორი თანამშრომელი დიდი სიჩქარით მიაქროლებდა დერეფანში. ჰეზერ ჰარტიც იქ იყო და დაფეთებული სახით გვერდით მიჰყვებოდა.
– მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, – უთხრა მან ჯეისონს სულმოუთქმელად, როცა საკაცე პალატაში შეაგორეს, – ხომალდში ვერ გავჩერდი და უკან გამოგყევი.
– ალბათ იფიქრე, რომ საწოლში წაგვასწრებდი, არა? – იხუმრა ჯეისონმა სუსტად.
– ექიმის აზრით, თხუთმეტი წამიც რომ დამეგვიანა, დაიღუპებოდი, – განაგრძო ჰეზერმა, როგორც ამიხსნა, იმ რაღაც არსების შენს სხეულში შეღწევის გამო.
– ის არსება მოვიშორე, – ჩაილაპარაკა ჯეისონმა, – მაგრამ ყველა საცეცი ვერა… ვერ მოვასწარი.
– ვიცი, – თავი დაუქნია ჰეზერმა, – რაც შეიძლება მალე გაგიკეთებენ ოპერაციას. იმედი აქვთ, გიშველიან, თუ, რა თქმა უნდა, საცეცებმა ძალიან ღრმად არ გაიდგეს ფესვი.
– კრიზისს კარგად გავუმკლავდი, – კბილებს შორის გამოცრა ჯეისონმა, მერე თვალები დახუჭა და შეეცადა, ტკივილი აეტანა, – მაგრამ მთლად კარგად ვერა, ბოლომდე ვერა.
თვალები რომ გაახილა, დაინახა, ჰეზერი ტიროდა.
– ასე ცუდადაა საქმე? – ჰკითხა და მის ხელს გაჭირვებით დასწვდა.
ჰეზერმაც მოუჭირა ხელი და ჯეისონმა იგრძნო, რა ძლიერ უყვარდა ამ ქალს. მერე ყველაფერი გაქრა; ყველაფერი, ტკივილის გარდა. აღარ იყო არც ჰეზერი, არც საავადმყოფო, არც საავამდყოფოს პერსონალი, არც სინათლე და არც ხმა. ეს იყო უსასრულობა, რომელმაც მთლიანად შთანთქა.
ძალიან კარგი ბლოგიაა <3 მომეწონა და შემიყვარდა <3
LikeLike
მადლობა და ველქამ )
LikeLiked by 1 person
[…] კოშკში” მეგონა საუკეთესო, მერე “იდინე, ცრემლო“, მერე კლარკის “ოდისეა” […]
LikeLike
[…] ჰაინლაინის მოთხრობების კრებული, ფილიპ დიკის “იდინე, ცრემლო, – თქვა პ… და “კაცი მაღალ კოშკში”, ბერნარ […]
LikeLike