სულ რამდენიმე დღის წინ იმ კაცის დაბადების დღე იყო, ერთხელ რომ თქვა: ვწერდი ბავშვობიდან და როცა პირველად გავიგე, რას ნიშნავს პოეზია, შემეშინდაო.
პროზაზე არაფერი უთქვამს. ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგონია. არადა, წერდა ორივეს, რთულად, მტკივნეულად და გენიალურად – რა, რა და მკითხველის შეჯანჯღარება არასოდეს გასჭირვებია ოთარ ჭილაძეს.
ბევრი სხვა მწერალივით ფართოდ არ გაგიღებდა კარს – პირიქით, ძუნწად დატოვებულ ღრიჭოში შეგახედებდა ცალი თვალით და სათქმელსაც ისე გადმოგიგდებდა, უნდა მიმდგარიყავი და თავი გემტვრია… გარანდული, გაშალაშინებული და საწოლში მორთმეულ საუზმესავით მზამზარეული არასოდეს არაფერი შეუქმნია. არც საკუთარ თავზე ლაპარაკი ჰყვარებია მაინცდამაინც და, ალბათ, ამიტომ გამიხარდა ასე ძალიან მისი ჩანაწერების კრებული – “ცა მიწიდან იწყება“. გულმა მიგრძნო, რომ ეს წიგნი ცოტათი მაინც გამიხსნიდა გზას იმ სამყაროსკენ, სადაც ცხოვრობდა ოთარ ჭილაძე – ადამიანი და არა მარტო მწერალი.
იმედი არ გამცრუებია – წლების მიხედვით დალაგებულ მომცრო აბზაცებში, რუდუნებით რომ ამოუკრეფია ავტორის არქივიდან უფროს ძმას, სწორედ ის კაცი აღმოვაჩინე, ვის შესახებაც ერთხელ ბესიკ ხარანაულმა თქვა: ოთარი შორიდანაც ის იყო, რაც ახლოდან – პოეტი, ანუ კაცი, რომელსაც ოდითგან მხოლოდ ეს სახელი შეჰფერისო.
სულ ახალგაზრდას გაუკეთებია პირველი ჩანაწერი – ჯერ არც “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ იყო სადმე, არც “აველუმი“, არც “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ და არც მისი პოეზია – “აბებად გულისკენ გადასული”…
ბევრი ტკივილი და დარდია ამ წიგნში – გაცილებით მეტი, ვიდრე ერთ ადამიანს შეუძლია აიტანოს… ის კი უძლებდა, ითმენდა და მხოლოდ თავისთვის სტკიოდა, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს. დედამ უთხრა თურმე ერთხელ თამაზს – ცოდოა ოთარი, სამშობლო უყვარსო და ამ სიყვარულსაც მძიმე ტვირთად დაატარებდა მხრებით, ჩუმად და უდრტვინველად, თან ნამცეც-ნამცეც აბნევდა თავის ჩანაწერებში.
ისე, ცოდვა გამხელილი ჯობია და ოდნავ დამრიგებლურ ტონს მაინც ველოდი გულის სიღრმეში, სანაცვლოდ კი სევდით და მარტოობით გაჟღენთილი ფურცლები შემრჩა ხელთ, წვეთ-წვეთად ჩაწურული ცხოვრება და მივყევი მეც, ნაბიჯ-ნაბიჯ, თვალმოუცილებლად, იქამდე, სადამდეც ავტორმა გამიყოლია, სადამდეც ჩამახედა სულში და სადაც სასოწარკვეთილი შეძახილი გამაგონა: “სადა ხარ, ადამიანო! გამოჩნდი!“
“საფლავიც კვდება, თუ დაივიწყებ და აღარ მოუვლი“ – რომელიღაც გვერდზე წავაწყდი ამ ჩანაწერს და ვიფიქრე, რომ სანამ ნამდვილი მკითხველები არსებობენ, ოთარ ჭილაძის საფლავს სიკვდილი არ ემუქრება; და თუ ოდესმე მაინც მოხდა ასე, მაშინ მწერლის კი არა, ჩვენი საქმე ყოფილა ცუდად. ძალიან ცუდად.
ერთ-ერთი საუკეთესო პოსტი, რაც კი წამიკითხავს ამ ბლოგზე (y) :)
LikeLike
მადლობა )
LikeLike
ოთარ ჭილაძე <3 და შენი ბლოგი, მოლ <3
LikeLiked by 1 person
<3
LikeLike
ძალიან ახლოს მოიტანე მკითხველამდე სათქმელი, მოლი, როგორც იტყვიან – მიზანში გაარტყი. ეს ყველას არ შეუძლია, გილოცავ, საუკეთესო ხარ.
LikeLike
მადლობა, თა )
LikeLike
ბედნიერი დედა , შვილები ოთარ და თამაზ ჭილაძეები რომ ჰყავდა .
მე კიდევ ის მიხარია , ეს გენიალური კაცი აქ , ჩვენთან რომ წერდა საოცარ წიგნებს და ბოლოს და ბოლოს , იმით ვარ ბედნიერი , 20 მარტს , ასეთი მწერლის დაბადების დღეზე რომ გავჩნდით მეც და ჩემი ძმაც . უკეთესი ვინ უნდა მენატრა ^_^
LikeLiked by 1 person
რა დამთხვევაა, პატ ^_^
LikeLike
სამწუხაროდ, კარგი მწერალი ყოველთვის კარგი ადამიანი არ არის ხოლმე. ოთარ ჭილაძე კი დიდებული მწერალიც (პროზასა და პოეზიაში) იყო და იმ თაობის ადამიანების ფონზე იშვიათად დიდებული ადამიანი…
LikeLiked by 2 people
უპირობოდ გეთანხმები ) ნამდვილად ასეა.
LikeLike
არაჩვეულებრივი პოსტი.
დღეს მაჩუქეს ეს საოცარი წიგნი. ჯერ საწოლის თავთან მიდევს და უქმეების მოლოდინით ვტკბები :))
LikeLike
არაჩვეულებრივი წიგნია ნამდვილად )
LikeLike
პოსტია არაჩვეულებრივი :))
LikeLike
^_^ შენი ბლოგი ისევ ცარიელია )
LikeLike
იყო უკვე პრეზენტაცია?
LikeLike
კი, ოცში. დაბადების დღეს.
LikeLike
ღირს-საკითხავი მწერალი! ♥
LikeLike