ორი თვის წინ, თუ გახსოვთ, მოლის ბლოგზე “წიგნები ბათუმში“-ს პირველი გამოცემების ერთგვარი ანონსი გამოქვეყნდა. ორი თვე, კაცმა რომ თქვას, ბევრი არ არის, მაგრამ დაპირებული ლიტერატურული სასუსნავის გამოცემაც მოესწრო, ორი პრეზენტაციაც გაიმართა და დღეს ფერად-ფერადი დელფინიანი წიგნები თბილისის (და არამხოლოდ) ყველა ბუქსთორს განსაკუთრებით საპატიო და გამოსაჩენ ადგილას უწყვია.
ასჯერ მითქვამს და ახლაც სიამოვნებით გავიმეორებ: ახალი გამომცემლობის საფირმო ნიშანი ხარისხი და აქტუალობაა. წესისთვის და პორტფოლიოში მოსახსენიებლად არაფერს გამოსცემენ. ჰოდა, იმიტომაცაა, ექვსი წიგნიდან უყურადღებოდ ერთიც რომ არ დარჩენილა. ისედაც პოპულარულ სტრუგაცკებსა და დენიელ კიზზე რომ არაფერი ვთქვათ, მკითხველი და დამფასებელი ფილიპ დიკსაც გამოუჩნდა და მწვანეთითება ტისტუსაც.
მე არ შემხვედრია და იქნებ მოიძებნებიან კიდეც სკეპტიკოსები, მაგრამ სტარტი რომ ჩინებული გამოდგა, ფაქტია. გადახედეთ ფეისბუქს – დელფინიან წიგნებზე ყველაზე მეტს საუბრობენ, კამათობენ, თარგმანებს განიხილავენ, ქავერებს აგემოვნებენ, მეგობრებს ფრაგმენტებს უზიარებენ. ახალფეხადგმული გამომცემლობისთვის ეს უდავოდ წარმატებაა.
ჰოდა, ჩემო კარგებო, დროა, წინ გავიხედოთ და უახლოეს გეგმებს გადავავლოთ თვალი. თავიდანვე გეტყვით, აპრილში ისეთი სიახლეები გველოდება, თითებს ჩაიკვნეტთ. უკვე პოპულარულ “ფანტასტიკურ ბიბლიოთეკას” სამი ტომი დაემატება. პირველი, არც მეტი, არც ნაკლები, არტურ კლარკისა და რობერტ ჰაინლაინის მოთხრობებია. Sci Fi კრებული, უჩემოდაც მოგეხსენებათ, ფრიად ეფექტიანი და გამოცდილი ფორმატია. ჩემი თაობა ასეთ კრებულებზეა გაზრდილი, ოღონდ რუსულზე. ჰოდა, მალე სამამულოც გვექნება. ჟანრის ორი კლასიკოსი, თექვსმეტი რჩეული მოთხრობა, ოთხას გვერდზე მეტი – დამეთანხმეთ, გადასარევი ამბავია.
მეორე – არტურ კლარკის, ალბათ, ყველაზე ცნობილი რომანია – “2001: კოსმოსური ოდისეა”. საკულტო ტეტრალოგიის პირველი ნაწილი აქამდეც გადმოუქართულებიათ, მაგრამ საბჭოთა ცენზურის ამბავი ხომ იცით, თუ არ მიჩეხ-მოჩეხავდნენ და გაანახევრებდნენ, ისე არ აღირსებდნენ დღის სინათლეს. ესეც არ იყოს, რამდენი წელია, ყოველ შაბათ-კვირას ბუკინისტებთან დავწანწალებ, რა არ მინახავს, რა არ შემხვედრია, მაგრამ კლარკისთვის თვალიც არსად მომიკრავს. მოკლედ, ახალიც გამოდის და აქტუალურიც. პირველ ნაწილზე გაჩერებასაც, ცხადია, არავინ აპირებს.
ფილიპ დიკის “კაცი მაღალ კოშკში” ხომ მოგეწონათ? კეთილი და პატიოსანი, თქვენ იყავით კარგად და ინტელექტუალურ ფანტასტიკას არ მოგაკლებთო, ბათუმელებს უთქვამთ. “იდინე ცრემლო, თქვა პოლიციელმა”, შესაძლოა, არც გქონდეთ წაკითხული, დიკი არც ისე ცნობილია ჩვენში და საერთოდ, ეს მისი ქართულად თარგმნის პირველი მცდელობაა, მაგრამ დამიჯერეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით.
პირველ ანონსში, თუ გახსოვთ, როალდ დალის “არაჩვეულებრივი მისტერ ფოქსი” ვახსენე, ჩარლის და შოკოლადის ქარხნის ამბავში არ გამომერჩევა და განსაკუთრებით ველოდები-მეთქი. მე კი ველოდებოდი (სხვებიც, ალბათ), მაგრამ არ გამოსულა – მხოლოდ მისტერ ფოქსის ამბები მეტისმეტად მოკლეა და მკითხველი გაგვინაწყენდებაო. ჰოდა, ახლა “მატილდა” დაემატება – სუპერისტორია სუპერგოგოზე – და ერთიორად საინტერესო იქნება.
ანა გავალდას “მინდა, ვიღაც მელოდოს სადღაც” “სულაკაურმა” გამოსცა წლების წინ. გეხსომებათ, ციცქნა, საყვარელი მოთხრობების კრებული სიმპათიური ქავერით. “წიგნები ბათუმში” “35 კილო იმედს” თარგმნის – ფანტასტიკაც კარგია, საბავშვო მოთხრობებიც გადასარევი, ბესტსელერებსაც გამოვცემთ და აქტუალურ სიახლეებსაც, მაგრამ საყმაწვილო ლიტერატურაც არ გვავიწყდებაო.
მთავარი სიახლე კი ბოლოსთვის მოვიტოვე – ბერნარდ ვერბერის – “ჭიანჭველები”. ვისაც ამ წიგნის შესახებ რაიმე გაუგონია, დარწმუნებული ვარ, კალენდარზე ფანქრით მოინიშნავს ახალ ამბავს, ვისაც არა, სულითა და გულით გილოცავთ. ვერბერთან დაკავშირებით ბათუმელებს სოლიდური და შორს მიმავალი გეგმები აქვთ, მაგრამ ყველაფერს ნუ მომაყოლებთ, სიურპრიზად დავტოვოთ და გამომცემლობის რელიზებს დაველოდოთ.
ახალ წიგნებს 20 აპრილისთვის ველით. ანუ სულ მალე. მანამდე ახალ ქავერებსაც გამოამზეურებენ და განსახილველი გაგვიჩნდება, ნაწყვეტებსაც დაგვპირდნენ, მერე წიგნებიც მოგვისწრებს და ასე… მაისში წიგნის ფესტივალია და საფესტივალოდ, ჩიტმა ამბავი მომიტანა, განსაკუთრებული პროგრამაა შერჩეული განსაკუთრებული სიახლეებით, თუმცა ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა…
იფ-იფ, სულ ნარჩევი და დელიკატესები <3
ჯიბის ასეთი შეთხელება მიყვარს ^_^
LikeLiked by 1 person
გადასარევი ) პრეზენტაციაზე კარგი ფასებია ხოლმე )
LikeLike
მშვენიერია :) ჯერ ტისტუ და ტერაბითია მოვასწარი. როგორც ჩანს, სანამ “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” დაგემოვნებას დავიწყებ, ახალი წიგნებიც წამომეწევა :) განსაკუთრებით მაინც ვებერს ველოდები (გავალდა წაკითხული მაქვს და დანარჩენების გამოსვლის პირველი სიხარული უკვე “გადავიტანე”)… და ფესტივალს :)
LikeLike
უჰ, მაისში ისეთი ამბებია, მგონი, დელფინიანი წიგნები ეყოფა ერთ ფესტივალს )
LikeLiked by 1 person
Auuu matildaaaa *-* gadavireviiiiiii *-* ramdeni xania veli…
LikeLike
გული გამიჩერდა .
ფილიპ დიკის ველოდები მოუთმენლად .
ბათუმელების პირველი ექვსეულიდან მხოლოდ ბრედბერი დამრჩა წაუკითხავი და ამხელა სიამოვნება ერთდროულად , რამდენიმე წიგნისგან საუკუნეა არ მიმიღია . ის იშვიათი შემთხვევაა , ხუთივემ რომ აღმაფრთოვანა . და ამიტომაც მაქვს ამხელა მოლოდინი . გემოვნებიანი წიგნების იმედი მაქვს ^_^
LikeLiked by 1 person
და ერთი შეკითხვა მოლის : ანა გავალდას “მინდა, ვიღაც მელოდოს სადღაც” კიდევ არის გაყიდვაში თუ ამოიწურა ტირაჟი ? რა ხანია წაკითხვას ვგეგმავ და არ დაადგა საშველი .
LikeLike
არ ვიცი, პატ. არსად შემხვედრია. დიდი ხნის წინ ვიყიდე მე. ფეიჯზე იკითხე და თუ არ აქვთ, რამე მოვიფიქროთ.
LikeLike
ხო , ვიცოდი რომ დიდი ხნის გამოცემულია . ვიკითხავ მაინც :*
LikeLike
ჰმმ დაბადებოს დღე 26 ში მაქვს, საჩუქრად ამ წიგნებს მოვითხოვ *-*
LikeLiked by 1 person
დიახ. ოდისეა 1-ზე გაჩერებას არავინ აპირებს. ამ წამს ოდისეა 2-ის 55 თავიდან 26 თარგმნილია.
LikeLiked by 1 person