არიან მწერლები, მკითხველის მეხსიერებაში ერთი ნაწარმოებით რომ ტოვებენ კვალს. დაწერენ რამეს, უცებ საქვეყნოდ რომ გაუვარდება სახელი, თვალის დახამხამებაში რომ მოიხვეჭს დიდებას, ავტორის დანარჩენი ქმნილებები კი რჩებიან მის ჩრდილში საცოდავად მიყუჟულები და ელიან, იქნებ ვინმე ღვთისნიერს მათი არსებობაც გაახსენდეს და მზის სინათლეზე გამოიტანოს, სული შეუბეროს და მტვერი გადაფერთხოს. ასე დაემართა იმ წიგნსაც, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ.
მორის დრიუონი, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობისთვის კარგად ცნობილი ფრანგი მწერალია. საქმეში უფრო ჩახედულები, ალბათ, საფრანგეთის აკადემიის წევრობასაც გაიხსენებენ, კულტურის მინისტრის პოსტზე მოღვაწეობასაც და საპატიო ლეგიონის ორდენსაც, თუმცა უპირველესად ისტორიული საგა “დაწყევლილი მეფეები“ მოაგონდებათ.
მაგრამ სიტყვაც არავის დასცდება წიგნზე, რომელსაც “მწვანეთითება ტისტუ“ ჰქვია. არც იმ ოქროსთმიან ბიჭზე იტყვიან რამეს, ქვემეხთქალაქში რომ ცხოვრობს, ელვარე სასახლეში, დედა-ბატონსა და მამა-ბატონთან ერთად, სპილენძის გაპრიალებულ სახურავებზე რომ დასრიალებს და ცხენებზე გიჟდება, განსაკუთრებით კი -პონი მოვარჯიშეზე.
უბრალო ვინმე არ გეგონოთ ჩვენი ტისტუ – იმპერიის ერთადერთი მემკვიდრეა, იმ იმპერიისა, ჯერ კიდევ ბაბუამისმა რომ ჩაუყარა საფუძველი. თუმცა სკოლის მასწავლებლებისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა – აქაოდა, სხვებს არ ჰგავხარო, უბოდიშოდ გამოისტუმრეს შინ.
ზოგი ჭირი მარგებელიაო, ისე დაემართა ტისტუს – სკოლაში რომ დაეტოვებინათ, ვინ მიაბარებდა შეგირდად ულვაშა მებაღეს? არავინ და ვერც ვერასდროს გაიგებდნენ, რომ ბიჭს ჩვეულებრივი კი არა, მწვანე თითები ჰქონდა.
ეგ რაღააო, იკითხავთ. ჰოდა, ამ კითხვაზეც დრიუონის პატარა წიგნი გიპასუხებთ. ქვემეხების ლულაში ამოსული ყვავილების საიდუმლოსაც შეიტყობთ იმ წიგნიდან, წალკოტად ქცეული დილეგის ამბავსაც და ბოროტების დამარცხების უჩვეულო რეცეპტსაც.
ზღაპარი ყოფილაო, მხრებს აიჩეჩავს მავანი. ვერც შეედავები – მართლა ზღაპარია, მაგრამ ისეთი, ბავშვებისთვის წაკითხვა რომ გაგიჭირდებათ და ახსნა – კიდევ უფრო მეტად. ამიტომ ჯერ უფროსები უნდა ჩაუსხდეთ და თუ რამდენჯერმე მაინც არ მოგადგათ ცრემლი, ცუდად ყოფილა თქვენი საქმე.
ტისტუს განსაკუთრებით ველოდები :) ტერაბითია ფილმად მაქვს ნანახი, ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ტომები დიდხანს მქონდა ქინდლში და ოდესმე წავიკითხავდი… აი დრიუონის ეს წიგნი კი არც წამიკითხავს და არც ვაპირებდი. ჩემი და მწვანეთითება ბიჭის გაცნობა მთლიანად ბათუმელების დამსახურება იქნება :)
LikeLiked by 1 person
მე მაპატიოს ყველა გამომცემლობამ (იციან, როგორ მიყვარს ყველა და როგორ ვაფასებ) მაგრამ ბათუმელები რომ არა, ვეჭვობ, ტისტუ არავის გაახსენდებოდა.
LikeLiked by 4 people
მე ეხლაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ საბავშვო წიგნებს . მგონი , რაც ასაკი მემატება , უფრო მეტ სიტკბოს და გემოს ვატან ზღაპრებს , ბავშვობისდროინდელ მძაფრ ემოციებს მახსენებს ხოლმე ^_^
LikeLiked by 2 people
მეც ) და საბავშვო-საყმაწვილო ხაზი ჩემი ბიბლიოთეკის პრიორიტეტია )
LikeLiked by 1 person
ველოდები ხვალინდელ დღეს :)
LikeLiked by 1 person
ძიახ )
LikeLike
ჩემი წიგნია, ჩემი! ჩემი ბავშვობის ძვირფასი მოგონება, წლების შემდეგ ბუკინისტებში რომ ვერ მივაგენი და საჯარო ბიბლიოთეკაში გადავიითხე. ისევ იგივე (ან უფრო მძაფრი) ემოციები დამიტოვა და გამათბო.
ტისტუ ხომ ანგელოზი იყო…
LikeLike
შენი ყოფილა ^_^ ტისტუ ანგელოზი იყო, კი.
LikeLike
მოლიიი. მაგარი რეცენზენტი კი ხარ, მაგრამ ტისტუ ცოტა მშრალად დაგიწერია.. გაცილებით სერიოზული წიგნია და გაცილებით კარგ ანალიტიკურ აღწერას საჭიროებდა. მეც ეხლა გადავიკითხე, მიყვარდა ადრეც. ძალიან გენიალური ნაწარმოებია. არ ვიცი, ბლოგზე სტუმრების რევიუებს თუ წერ, მე დავწერდი ტისტუზე.
LikeLike
სალო, ეს რეცენზია არ არის, ანოტაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ტისტუს ძველი გამოცემა არსებობს და მკითხველს, ასე თუ ისე, ახსოვს, უმრავლესობისთვის მაინც ახალი თარგმანია. ჰოდა, “კარგი ანალიტიკური აღწერა” სპოილერებით იქნებოდა სავსე.
ტისტუს მნიშვნელობას ვხვდები. უხარისხო, უინტერესო და სულელურ წიგნებზე, უბრალოდ, არ ვწერ.
LikeLike