კითხვაზე, როგორი უნდა იყოს თანამედროვე წიგნის მაღაზია, შემიძლია, ორი საათი ვიქაქანო, მაგრამ აუცილებლად ასე დავიწყებ: როგორი და სადღეღამისო.
ისე ნუ გამიგებთ, თითქოს წიგნების გარდა არაფერი მაინტერესებდეს და, ბიბლიოფილიის ნიადაგზე შერყეულს, ყველაფერს ღამის სამ საათზე ბუქსთორში ბოდიალი მერჩივნოს – ღამით, წესისამებრ, მძინავს. სხვათა შორის, ტკბილად და გულიანად :)
უბრალოდ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ამ ოხერი სამსახურის გადამკიდე, ცხრამდე ცხვირს ვერ ვყოფ გარეთ, ცხრის მერე კი ყველა ნაცნობი წიგნის მაღაზია დახურულია. მეც უქმეებისთვის ვდებ შოპინგს ან ვინმე მადლიანი მეგზავნება… მეგზავნება რა, უმეტესად ნუკის ან ოჯახის წევრებს ვუწევ ექსპლუატაციას. აბა, რა ვქნა?!
მოკლედ, ასე ვწვალობ. უფრო სწორად, ვწვალობდი, სანამ ჭავჭავაძეზე “ბიბლუსი გალერეა” გაიხსნებოდა.
არა, სადღეღამისო არც ის არის, იქაც ადამიანები მუშაობენ და ძილი მათაც სჭირდებათ. თერთმეტ საათამდეა. ჰოდა, ჩემი ხუთდღიანი შეზღუდვაც მოიხსნა. რაც უნდა ჰიჩკოკური სამუშაო დღე მქონდეს, თერთმეტამდე თავის დაღწევას როგორღაც ვახერხებ.
მოლის ამბავი ხომ იცით – გალერეა კი არა, სადმე ორი წიგნი თუა ერთმანეთზე მიწყობილი, აუცილებლად შესუნსულდება, მიყნოს-მოყნოსავს იქაურობას, თუ რამე საინტერესო იპოვა, დაიმახსოვრებს და მერე ან ბლოგზე მოჰყვება, ან ფეისბუქზე გაუზიარებს მეგობრებს. ჰოდა, ახალ “ბიბლუსშიც” უკვე რამდენჯერმე მოვასწარი შესეირნება, საფუძვლიანად დავათვალიერე და დავაგემოვნე (ყველა გაგებით) და ახლა თქვენ გექაქანებით.
პირველი იმპრესიები მასშტაბს უკავშირდება – დიდი სივრცე და აუარება წიგნი. ჩვეულებრივი ბუქსთორი კი არა, წიგნების ჰიპერმარკეტია. მოხერხებული, კომფორტული. მუსიკა უკრავს, თანაც ისე, რომ წიგნების თვალიერებაში ხელს არ გიშლის, პირიქით… სტენდები, სტენდები, წიგნები, სტენდები. თემატური, კონკრეტული გამოცემების, ასეთი, ისეთი… უამრავი უცხოენოვანი ლიტერატურა, უამრავი ალბომი (რაც განსაკუთრებით მახარებს) და გადასარევი საბავშვო სექცია, ბათუმში, “ბავშვთა სამყაროში” რომ მინახავს, ისეთი.
ბავშვებზე კიდევ მაქვს სათქმელი და არ დამავიწყოთ.
კაფე… კაფე უგემრიელესობაა. წავიდა ის დრო, უფერულ “სახელგამში” რომ შეხვიდოდი, წიგნს იყიდდი და გამოხვიდოდი. ახლა წიგნის მაღაზია სხვა რაღაცებითაც ფასობს და იმაზე უკეთესი რა უნდა იყოს, მეგობარს შეხვედრას რომელიმე ბუქსთორში რომ დაუთქვამ, ჩამოსხდებით, ყავას დალევთ, სასუსნავს მიაყოლებთ, იჭორავებთ, მერე სტელაჟებს დაუვლით, რაღაცებს დაათვალიერებთ, რაღაცებს იყიდით და თუ არსად გეჩქარებათ, ისევ ყავას დაუბრუნდებით, სულს მოითქვამთ, თან შენაძენს გადაალაგებთ კოხტად – ხელისთვის კიდევ რამე ხომ არ წამოგვეყოლებინაო.
მოკლედ, წიგნის მაღაზიაში ახალდაფქული ყავის სურნელიც რომ ტრიალებს, ერთიორად მომწონს. გალერეაში იტალიური Ci gusta–ს გასტრონომიული კუთხეა. გადასარევი ყავა აქვთ, სხვათა შორის.
ჰო, შესასვლელის მახლობლად ერთგვარი სამკითხველოა. რამდენიმე სავარძელი დგას, იქვე წიგნებიც აწყვია. მოკალათდი და იკითხე, თუ არსად გაგვიანდება – უბატონოდ ხმას არავინ გაგცემს.
ამხელა სივრცის მარტო წიგნებისთვის მოცდენა, ცოტა არ იყოს, არაპრაქტიკულიაო, იფიქრებს ვინმე და მართალიც იქნება. წიგნის მაღაზიაში წიგნი რომ მთავარი პროდუქტია, ვინ დავობს, მაგრამ თუ ფართობი საშუალებას იძლევა, ათასი კრეატიული იდეის განხორციელება შეიძლება. მაგალითად, საბავშვო ცენტრის… ოღონდ დაბადების დღის ამბებში არა. აი, რომ მიხვალ, ბავშვებს დატოვებ და თავად სტელაჟებს შორის საბოდიალოდ წახვალ. დასეირნობ არხეინად, ქვევით კი ბავშვებს წიგნებს უკითხავენ, სათამაშოების გაკეთებას და სხვა სასარგებლო რაღაცებს ასწავლიან… მინუს ერთ სართულზე ზუსტად იმხელა სივრცეა, რაც მეორეზე და იდეის განხორციელებას არაფერი უშლის ხელს.
სწორედ ამას აპირებენ “გალერეაში” და ათას სხვა რამესაც: აქციებიო, ფასდაკლებებიო, რომელიმე მწერალი თუ დაგხვდათ მასპინძლად და წიგნი შეგარჩევინათ, ნურც ეს გაგიკვირდებათ. კაფეში ლიტერატურული მენიუს გაჩენაც შეიძლება – ბოზბაშს და ჩიხირთმას იქ, ცხადია, არავინ მოგართმევთ, მაგრამ მაჭკატებითა და კაკლის მურაბით ყელის ჩაკოკლოზინებას რა უდგას წინ?!
კიდევ – შეხვედრები, პრეზენტაციები, ივენთები, მუსიკალური საღამოები… გუშინწინ დათო ევგენიძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია იყო, ხუთში კი გიორგი კეკელიძის შემოქმედებითი საღამოა.
ერთი სიტყვით, ცხვირი მიგრძნობს, აქაურობის ხშირი სტუმარი ვიქნები (განსაკუთრებით – საღამოობით). ვცადე და მომეწონა – მაგიდასთან რომ ზიხარ, ყავას სვამ, ნელ-ნელა იფერთხავ დამქანცველ დღეს, თან უყურებ, როგორ ფუსფუსებენ – ალაგებენ, სახვალიოდ ამზადებენ მაღაზიას, წიგნებით სავსე ყუთებს ხსნიან… აი, მუდმივი სტუმრებისთვის სპეციალურ დაგროვების ბარათსაც თუ შემოიღებენ, სულ მთლად გადასარევი იქნება.
wow!
დავზვერავ ამ დღეებში.
LikeLiked by 1 person
გვიან საღამოს განსაკუთრებით მომწონს იქაურობა )
LikeLiked by 1 person
ნამდვილად კარგი ადგილია :3 <3
LikeLike
უდავოდ )
LikeLike
as i know, aqvt kidec dagrovebis barati :)
LikeLiked by 1 person
ბიბლუსის საერთო ბარათი აქვთ და მეც მაქვს საფულეში. კონკრეტულად ამ მაღაზიისთვის თუ გააკეთებენ, კარგი იქნება. კლუბის წევრობის განცდას ტოვებს + ტრეფიკი გაიზრდება. მეორე ბიბლუსიც იქვეა და ბარათი რომ ექნება, მკითხველი აქ შემოვა..
LikeLiked by 1 person
ჩემთვის ყოფილა ზედგამოჭრილი.უკვე წარმოვიდგინე: უქმე დღე,დიდი ხნის უნახავი მეგობრები,არომატული ყავა, წიგნები,წიგნები,წიგნები და თან ბავშვებიც თუ ცენტრში დავიგულე მახლობლად, ამწეთი თუ გამომიყვანს იქიდან ქმარი.
LikeLiked by 1 person
ასეა ზუსტად :) დელფოსიც იქვეა და საკანცელარიო განყოფილებაც. მოკლედ, ყველაფერი ერთ სივრცეში.
LikeLike
ზუსტად ორი დღის წინ ვუჭვრიტინებდი მეორე სართულის რაღაცნაირად, მყუდროდ განათებულ ფანჯრებს და მივხვდი, რომ რაღაც საკრუტუნო და უახლიესმომავალშიდასალაშქრი ხდება იქ. მაგრამ სამსახურიდან მოვლასლასებდი და დამეზარა ასვლა.
მადლობა კარგ პოსტს და მის კარგ ავტორს იმისთვის, რომ შემდეგ ჩალასლასებაზე აღარ დამეზარება :)
LikeLike
რომ იცოდე, საიდან მოვდივარ ხოლმე საღამოობით :) და რამხელა გზა მაქვს წინ ბიბლუსის მერე :) ახლოს რომ ვცხოვრობდე, პანდა ჩუსტებით ვივლიდი :)
LikeLiked by 2 people
მეც. შორი :/
აუ პანდა ჩუსტები! და წითელ და ლურჯუჯრებიანი პლედი. და დარიჩინიანი ჩაის დიდი ჭიქა და წიგნებიანი სივრცე ^_^
LikeLike
გახსნის დღიდან ვცდილობ მივაღწიო. აბა, 11-მდე თუ იყვნენ, რა ვიცოდი :)
LikeLike
ყველაზე მეტად ეს მიხარია, ტაბუ )
LikeLiked by 1 person
მეც არ ვიცოდი 11მდე რომ იყვნენ, ისე გამიხარდა არ იცით)) სახლში ვიტყვი სამსახურში მქონდა ბევრი საქმეთქო და იქ წავბოდიალდები))))
LikeLiked by 1 person
მეც გამოვიყენებ ამ ხერხს შენი ნებართვით :))
LikeLiked by 1 person
კიდევ კარგი სადღეღამისო არ არის :)) ღამით კითხვას და გასტრონომიულ გემრიელობებს ვერ ვწყდები :))
LikeLiked by 1 person
ისე, ღამის პირველამდე კი შერჩებოდა პატიოსანი მკითხველი ყავას და რომელიმე საინტერესო თარგმანს :)
LikeLiked by 1 person
რამდენჯერ ავუარ-ჩავუარე (ოღონდ სულ ბორბლებზე ამხედრებულმა) :)
გავბოდიალდები ამ დღეებში, სანამ ხელფასი ისევ ჭამაში შემომხარჯვია :D
LikeLike
მოლი,ვზივარ ახლა მაღალმთიანი რაჭის ერთ-ერთი სოფლის უძველეს სახლში,თან თვალი ღუმელისკენ მიჭირავს,რომ არ გამომიქრეს და შენ აქ რას წერ? ! ძალიან მომანდომე თბილისში ყოფნა და ეს ჩემ მდგომარეობაში,დანაშაულია :)
LikeLike
მატრასები აკლია :) ეგეთებიც მინახავს. წამოწვები და კითხულობ.
LikeLike
აი, შემთხვევით რომ ჩამოყვები პოსტებს და ასეთ საინტერესო სიახლეს იპოვი. შემიძლია ვთქვა სულზე მომისწრო. მთელი დღე ვფიქრობდი რაიმე საინტერესო ადგილი მჭირდება-მეთქი და აი.. მადლობა :)
LikeLike