ეს პოსტი აქამდეც უნდა დამეწერა, მაგრამ, ხომ იცით, როგორც ხდება: აქეთ – წიგნის ფესტივალიო, იქით – დაბადების დღეო… სუპერკლაუსსა და “გურულ დღიურებზე” რომ არ მომეყოლა, არაფრით გამოვიდოდა. ამას საშინაო საახალწლო აურზაურიც მიუმატეთ – უამრავი საქმე მქონდა სამზარეულოში… კარგი, ჰო, უმეტესად მაცივართან ვიყავი ატუზული და საქირქილოს აქ ვერაფერს ვხედავ! მოკლედ, როგორც იქნა, ამოვისუნთქე, მივიხედე, მოვიხედე და აღმოვაჩინე, რომ მკითხველისთვის ახალი წელი არ მიმილოცავს.
არა უშავს. ძველით ახალი წელი, აგერ, გუშინ აღვნიშნეთ, ყურები ახლაც მტკივა წუხანდელი ბათქაბუთქისგან. ჯერ ისევ სადღესასწაულო დროით ვცხოვრობთ, აქა-იქ სადღესასწაულო სასუსნავიც მოგვეძებნება, ასე რომ, არც ეს პოსტი იქნება მეტისმეტად დაგვიანებული.
ჰოდა, მობრძანდით, ატმის ტორტის ბოლო, გაგემრიელებულ ნაჭრებზე დამეწვიეთ. თქვენ მიირთვით, მე მოლის ახალ წლებზე მოგიყვებით.
თოვლის ბაბუასთან სტუმრად პირველად ექვსი თვისა ვიყავი, ღია მწვანე ფუმფულა კომბინიზონში ჩაფუთნილი. დედას ახლაც უკვირს, რას ვფიქრობდი, სად მიმყავდა ბავშვიო… იმ პირველი საახალწლო ზეიმიდან ბევრი რამ მახსოვს-მეთქი, ვერ მოგატყუებთ, მაგრამ სანიმუშოდ კარგად რომ ვიქცეოდი, თოვლის ბაბუას გასუსული და თვალებდაჭყეტილი რომ მივჩერებოდი და მას მერე საახალწლო ღონისძიება რომ არ გამომიტოვებია, ფაქტია. ჰკითხეთ ჩემებს, დაგიდასტურებენ.
ნაძვის ხე ყოველთვის გვედგა შინ, არც ვერცხლისფერი წვიმებით და ბრჭყვიალა სათამაშოებით მორთვა გვეზარებოდა (ალაგება ჭირდა, თორემ…) ყველაზე გემრიელად მაინც ხულოდან და ქობულეთიდან საგანგებოდ, საახალწლო ნობათად გამოგზავნილი მანდარინი მახსენდება. ყვითელზე ყვითელი და ტკბილზე ტკბილი მანდარინი ჩემთვის დღესაც ახალი წლის სიმბოლოა. სწორედ მანდარინი და არა გოზინაყი, რომელიც ამ დღესასწაულზეც დიდსულოვნად დავუთმე სტუმრად მოსულ მეგობარს – აბა, მე არ მიყვარს და…
საახალწლო ზეიმები ვახსენე და არ მახსოვს, რომელიმე წელს ექვსზე ნაკლები მოსაწვევი მოეტანოთ შინ. დედას სამსახურიო, მამას სამსახურიო, მასწავლებელთა სახლიო, ცირკიო, თოჯინების თეატრიო, ესაო, ისაო… მეც, არდადეგებზე სხვა რა საქმე მქონდა, მივდიოდი ამ ზეიმებზე საგანგებოდ გამოწყობილი, ვამბობდი ლექსებს (არ ვიცოდი თუ რა), უკან კი გაბღენძილი და საჩუქრებით დატვირთული ვბრუნდებოდი.
ცუდი დროც მახსოვს, სანთლების შუქზე გატარებული ახალი წლის ღამეც, ნავთქურაზე წვალებით გამომცხვარი ერთადერთი ნამცხვარი (ნამცხვარი თუ ერქვა საერთოდ) და ოთხმოცდათორმეტი წლის პირველი იანვარიც. პატარა აღარ მეთქმოდა, თოთხმეტის გახლდით და იმდენი მესმოდა, ჩვენს თავს საშინელება რომ ხდებოდა.
ასაკთან ერთად პრიოტეტებიც იცვლება, ახლა უფრო მშვიდი ახალი წლები მაქვს (კაცმა რომ თქვას, ყირაზე არც არასოდეს გადავსულვარ) და ყველაზე მეტად გემრიელად გამოძინების პერსპექტივა მეძვირფასება. ახალი წლის ღამეს, როგორც წესი, შინ ვატარებ, ტელევიზორთან, ფინჯანი ყავისა და რომელიმე განსაკუთრებით გემრიელი სასუსნავის თანხლებით და მერე მძინავს. დიდხანს და საგულდაგულოდ.
მოკლედ, ახალი წელი ჩემთვის შინაურული, მყუდრო, ფუმფულა და მშვიდი დღესასწაულია. ძველი ფილმებისა და მულტფილმების, “მოგვების ძღვენისა” და “კუჩხი ბედინერის”, ნაღებიანი ყავისა და სამნაირი ნამცხვრის, ბევრი ძილისა და ნეტარი უსაქმურობის დრო.
უკეთესობის მოლოდინისაც.
რაც არ უნდა ცუდად იყო, რაც არ უნდა მძიმე წელი გქონდეს, ბოლო დღეს ყველაფერს ივიწყებ და იმედი გაქვს, რომ აწი მაინც კარგად იქნები.
ჰოდა, ჩემო ძვირფასებო, რაკი გოზინაყი სულ მთლად შემისანსლეს, ახალ წელს და შობას ატმის ტორტით და ჩემი გურული ბებიის საყვარელი სიტყვებით მოგილოცავთ:
“ასე ტკბილად დამიბერდით!”
მოლი ფანტასტიური პოსტია, მაგრამ ერთი ძალიან დიდი შენიშვნა მაქვს შენთან. შემდეგში, მოვითხოვ! ასეთი საახალწლო განწყობის მატარებელი პოსტები ახალი წლის მიწურულს კი არა, ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე მაინც დადო. თორემ ამისთანა განწყობის მატარებელი პოსტის მერე ძალიან საწყენია აღარცერთი ახალი წელი რომ არ გველის წინ :(
LikeLiked by 1 person
ვიღებ შენიშვნას ) ჯობდა, საახალწლოდ დამეწერა, მაგრამ ისე მიეწყო ამბები, არ გამოვიდა… გამოვასწორებ, თაკო )
LikeLiked by 1 person
ახალ წელს გილოცავ, მოლი! გამორჩეულად კარგ 2015-ს გისურვებ
LikeLike
მადლობა, ტაბუ ^_^ თქვენთან ერთად ^_^
LikeLiked by 1 person
ტორტი მხოლოდ ხილისა მიყვარს და საშინლად. უმძაფრესად. ყველანაირი – ალუბლის, ჟოლოსი, მარწყვის, ფორთოხლის, ბანანის, ატმის, მსხლის, კივის, ჯანდაბის, დოზანის.
შენ კი სულ საახალწლო განწყობა გქონოდეს, მოლი :)
LikeLike
აწი ხილის ტორტი რომ მექნება, საგანგებოდ დაგპატიჟებ ) მადლობა )
LikeLike
როგორც კი დღესასწაულები ჩაივლის და მომატებული კილოგრამების “უკან დაბრუნებას” შევეცდები, მაშინ უნდება ყველას ხაჭაპურის და ნამცხვრების ცხობა. გოზინაყიც დასამთავრებელია… და აჰა – აქაც ეს ზე-მადისაღმძვრელი საოცრება :D აღარც “მოგვთა საჩუქრები” მაქვს ახლოს და ტელევიზორშიც სერიალების მეტი არაფერია, მაგრამ ასეთ ატმებიან გემრიელობას “სამეფო კარის თამაშებს” და ფეხბურთსაც “მივუსადაგებდი” :D
LikeLike
მეც ვუსადაგებ, მეტი რა გზაა ))
LikeLike
ერთი ნაჭერი ხომ არ გაქვს მაცივარში გადანახული ჩემთვის? :დამორცხვისმაილიკი:
LikeLike
შენთვის ყოველთვის მაქვს გადანახული ნაჭერი, ბიბი )
LikeLike