“მომწონს თქვენი სახე, ერთიანად სწორი, გრძელი ხაზებისგან რომ შედგება“, – უთხრა მხატვარმა თავის დანტისტს – ბაირონ მაკკიბის. ექიმი აღფრთოვანებული არ დარჩენილა – მაინცდამაინც როდი უნდოდა, ყველას გაეგო, რომ პოზირებას აპირებდა. ფერმწერმა პირობა მისცა, რომ ვერავინ იცნობდა, თუმც სიტყვა ვერ შეასრულა – სურათზე გამოსახული მამაკაცი ძალიან ჰგავდა მენატურეს; ერთი ეგ იყო, რვაკუთხა ლინზების ნაცვლად მრგვალჩარჩოიანი სათვალე ეკეთა, ოდესღაც მხატვრის მამა რომ ატარებდა, ზუსტად ისეთი.
ფერმწერის უმცროსი და, ნენი, კარგა ხანს ეძებდა მაღაზიებში ძველმოდურ არშიას მოჩითული წინსაფრისთვის, უწინ ფერმერების ცოლებს რომ ეკეთათ, მაგრამ ვერსად მიაგნო და, მაკრატელმომარჯვებული, დედის კაბებს მიადგა ასარღვევად. მერე დედისეული ბროში “პერსეფონეც“ მიიბნია ყელთან და ექიმს ამოუდგა გვერდით.
ასე დაიწყო აიოველმა გრანტ ვუდმა “ამერიკული გოთიკის“ ხატვა. იქამდე მისი სახელი მშობლიური შტატის საზღვრებს არ გასცდენია და, ალბათ, არც ამჯერად მოსვლია აზრად დიდების მოხვეჭა; უბრალოდ, ჩიკაგოს ხელოვნებათა ინსტიტუტის კონკურსში აპირებდა მონაწილეობას. იმას ხომ საერთოდ ვერ წარმოიდგენდა, რომ კირკიტა მკვლევარები მის გულუბრყვილო ქმნილებას იდუმალების საბურველში გაახვევდნენ და რაღაც უცნაურ სიმბოლოებს აღმოაჩენდნენ, რომლებზეც თავად ავტორს არც კი უფიქრია.
ბევრი იძახა გაოცებულმა მხატვარმა, არავითარი სატირა ეს არ არის, ჩემი ბავშვობის ანარეკლიაო მხოლოდ, სადღაც, პატარა ქალაქში შევამჩნიე ეს სახლი და პირველი ჩანახატიც იქ გავაკეთეო, მაგრამ ვინ დაუჯერა; აქეთ და გაუნაწყენდა – ეს რა პირქუშ შინაბერად გამომიყვანე, ასეთი უფერული და უსიცოცხლო როდის ვარ, ან რას მერჩოდი, ასე რომ დამაბერეო; ერთადერთი ჩამოშლილი კულული გაახალისებს ჩემს მჟავე გამომეტყველებასო?! იქით აიოველი ფერმერები გაწყრნენ – დაგვცინისო; ერთი განსაკუთრებით ემოციური ქალბატონი ვუდს ყურის მოკვნეტითაც კი ემუქრებოდა. მოკლედ, საგონებელში ჩააგდეს კაცი.
ხელოვნებათმცოდნეებმა ხომ სულ გადარიეს – ხან სურათზე გამოსახული ფიწლის კონტური აღმოაჩინეს მამაკაცის პერანგზე, ხან ფანჯრის რაფაზე შემოსკუპებული ბეგონია ამოიჩემეს და ქალის ხელით შექმნილი მყუდროების ნიშანიაო, გაიძახოდნენ; მერე ვიღაცამ ფონად ამოწვერილი ეკლესიის გუმბათი შეამჩნია და – არიქა, მხატვრის მშობლებმა სწორედ იქ გაიცნეს ერთმანეთი, დედა ხომ ორგანზე უკრავდა მოცალეობის ჟამს, მამა კი საკვირაო სკოლას ხელმძღვანელობდაო.
ასე იყო თუ ისე, ჩიკაგოს ხელოვნებათა ინსტიტუტმა ვუდს სამასი დოლარი გადაუხადა და „ამერიკულმა გოთიკამ“ იქვე, მუზეუმში დაიდო ბინა. ოციოდე წლის შემდეგ, გასული საუკუნის შუახანს, ნახატისადმი დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა – დიდი დეპრესიით ქანცგაწყვეტილმა ადამიანებმა ტილოზე რაღაც ძალიან მშობლიური, ახლობელი, უტეხი და დაუმარცხებელი დაინახეს. ცოტაც და მთელ ქვეყანას “გოთიკის“ ვირუსი მოედო – საკმარისი იყო, ვინმეს რაიმე ტიპური ამერიკული იდეის რეკლამირება ან, პირიქით, გამასხარავება მოენდომებინა, რომ მაშინვე იქმნებოდა ახალი პაროდია გრანტ ვუდის ნახატის წყალობით.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, “ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო“, ზუსტად ისე გამოვიდა; ვუდის წისქვილმა ბარაქიანად ჩამოფქვა – “ამერიკული გოთიკა“ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილოა ოკეანისგაღმელთა ხელოვნებაში.
რა კარგად მოყევი :)))
ნახატი ნამდვილად ყველაზე ცნობილია, ათასჯერ და მილიონჯერ გადამღერებული :)
LikeLike
მასკულტურის საყვარელი მემი )
LikeLike
რატომღაც ფოსტა რომ გავხსენი, პოსტი ამერიკულ მოთხრობებზე მეგონა :))) ბოლო დროს წიგნების გაფორმება გამოსწორდა, მაგრამ ვუდის ნახატივით ზუსტად შერჩეული გარეკანი იშვიათად მინახავს :)
LikeLiked by 1 person
სულაკაურის ანთოლოგიის ყდა )) არადა, როგორ მოუხდებოდა სათაური ) აი, დავწერ პოსტს და სათაურს მეორედ გამოვიყენებ ))
LikeLiked by 1 person
მთელი პოსტი ყურებამდე გაღიმებულმა ჩავიკითხე))) რამდენიმე თვეა ყოველ დღე, ჩემს თვალწინ გრანტ ვუდის წყვილი ერთი ახტაჯანა გოგოს ზურგჩანთაზე დაქანაობს. პირველ ხანებში მაღიზიანებდა, ახლა კი ჩემი სამუშაო დღე მის გარეშე ისევე წარმოუდგენელია, როგორც მისი პატრონის გარეშე)
თქვენ კი რა გითხრათ: მართალია თქვენი გუნდის წევრი არა ვარ, მაგრამ ერთი უბრალო მკითხველის აზრით ძალიან, ძალიან პოზიტიურ პოსტებს დებთ. მადლობა ♥
LikeLiked by 1 person
მეც რიგითი მკითხველი ვარ )
ყოჩაღ ახტაჯანა გოგოს ^_^
LikeLike
მოლი, როგორი მოყოლა იცი <3 ბლოგერად მენანები კიდეც, რატომ მწერლობაში არ ხარჯავ შენს ხალას ნიჭს. თემა არ მეგულება, თითების ჩასაკვნეტი ინტერესით რომ არ ჩაგვაკითხინო ისტორია.
LikeLike
პრინციპში, გამორიცხული არაფერია ) ჯერ ბლოგერობა მომწონს და მერე ვნახოთ ))
LikeLiked by 1 person
კომენტარს როცა ვწერდი, ერთი ეჭვი შემომიჩნდა – ჩვენ ხომ მოლის პირადად არ ვიცნობთ! ჰოდა, ვინ იცის, ამ თიკუნის უკან ვინმე ჩვენთვის ნაცნობი მწერალიც იმალება :)
LikeLike
არადა, ვყვები ხოლმე ჩემს პროფესიაზეც, სპეციალობაზეც, სამსახურზეც და ერთი პროფესიული პოსტიც მაქვს დაწერილი )
LikeLike
მე ერთი ისეთი კარგი ტექნიკური განათლებისა და სპეციალობის მწერალი მეგულება თანამედროვე სამამულო ფენტეზიში :)
არც შენ შეგიშლის იურიდიული განათლება ხელს, მოლი :) ჩვენ კი სიამოვნებით გადმოვინაცვლებთ პოსტებიდან ქაღალდის ფურცლებზე <3
LikeLike
არ შემიშლის, ალბათ ) მაგრამ მაინც სხვა პროფესია მაქვს (თან საყვარელი) და მენანება დასაკარგად )
LikeLiked by 1 person
ჩემთვის “ამერიკული გოთიკა” იმ ნახატთაგანია, რომლებზეც ძალიან ბევრი შემიძლია ვიფიქრო და კიდევ და კიდევ მივუბრუნდე და ყოველ ჯერზე რაღაც ახალი ნიუანსი, ახალი პლასტი, განწყობის კიდევ ერთი ელფერი აღმოვაჩინო.
შენმა პოსტმა კიდევ ერთხელ ჩამაფიქრა, მოლი :)
LikeLike
ნამდვილად ფასეული ნახატი ზუსტად ასეთი უნდა იყოს ) შენი შექება ორმაგად გამიხარდება, ანუ )
LikeLike
ვფიქრობ ახლა, დაგეთანხმო თუ ცოტა შეგეკამათო :)) “ფასეული”, ცოტა არ იყოს, სუბიექტური ცნებაა, მე რომ მკითხო. საბოლოო ჯამში ხომ ფასეულობას ხელოვნების ნაწარმოებს ჩვენ ვანიჭებთ, ჩვენივე სიღრმის, გამოცდილებისა და ფანტაზიის კვალობაზე :))
ერთი დიდი პოეტისა არ იყოს, კრიტიკოსებს რომ ეუბნებოდა: მე რისი თქმა მინდოდა ჩემს ლექსებში, ნუ ეძებთ; ის თქვით, თქვენ თვითონ რა ამოიკითხეთო.
LikeLiked by 1 person
აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ნებისმიერი ნაწარმოები სხვადასხვა კონტექსტში სრულიად სხვადასხვანაირად იკითხება – იგივე “გოთიკაა” ამის თვალსაჩინო მაგალითი :))
LikeLike
მე დაგეთანხმები სამაგიეროდ ) მთავარი, საბოლოო ჯამში, მაინც ის არის, შენ რას ხედავ. ფასეულშიც ეს ვიგულისხმე )
LikeLike
რა ადვილი ყოფილა მოლისთან კამათი :))
და სასიამოვნოც :))
LikeLike
მე მხოლოდ ასეთი კამათი მიყვარს ) როცა საკუთარი სიმართლის მტკიცებაზე მეტად ოპონენტის აზრის უკეთ გაგება გაინტერესებს )
LikeLike