
კორმაკ მაკარტი.
“მოხუცების ადგილი აქ არ არის”
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
სულ იმას ვამტკიცებ, რაც არ უნდა კარგი ფილმი იყოს, წიგნთან ვერ მოვა–მეთქი; არ მიყვარს, რეჟისორი რომ წყვეტს ჩემ ნაცვლად, როგორი უნდა იყოს ესა თუ ის პერსონაჟი.
ერთი ეგაა, ზოგჯერ ისეთ კინოს გადაეყრები, გინდა, არ გინდა, იფიქრებ, წიგნი ამაზე უკეთესი ვერ იქნებაო; ჰოდა, მეც ასე ვთქვი, ძმები კოენების შედევრი რომ ვნახე – “მოხუცების ადგილი აქ არ არის“.
თუმცა, მოლი რის მოლი იქნებოდა, ფილმის პირველწყარო სულაკაურის ბიბლიოთეკაში ენახა და ან ხელიდან გაეშვა, ან ბლოგზე ჩაეტარებინა უბრად ეს ამბავი; არამცდაარამც! გამოვიდა თუ არა, შინ მივაცუნცულე, თუმცა ცნობისმოყვარე ცხვირის ჩასაყოფად მხოლოდ ამ უქმეებზე მოვიცალე. უნდა გითხრათ, რომ თუ რამე ვინანე – ამდენ ხანს რატომ არ მქონდა წაკითხული; წაკითხულს ვინ ჩივის, ავტორის შესახებაც არაფერი ვიცოდი; არადა არ ყოფილა ბატონი კორმაკ მაკარტი ხელწამოსაკრავი კაცი – პულიცერის პრემიაო, ჯეიმს ტეიტის ხსოვნის პრემიაო, მაკარტურის სტიპენდიაო, პროზა, დრამატურგია და მთელი ამბებიო.
დანარჩენი შემოქმედებისა რა მოგახსენოთ – ჯერ არაფერი ვიცი, მაგრამ “მოხუცების ადგილი აქ არ არის“ რომ მომეწონა, ეს უნდა ვთქვა.
პირველ რიგში, სასვენი ნიშნების ქაოტურობამ მომხიბლა და უდეფისო დიალოგებმა. განა იმიტომ, რომ ყველგან ასე უნდა იყოს – ამ წიგნს უხდება – აქ გამეფებულ ჯუნგლებს, მიმოფანტულ გვამებს, სისხლის მდინარეებს; უხდება ტეხასის მთებს და რიო-გრანდეს ხეობას; უხდება შერიფ ბელს, ძალმომრეობას და ბოროტებას პენსიაზე გასვლით რომ გაურბის, რადგან გრძნობს – წინააღმდეგობა ამაოა; უხდება ვიეტნამის ომის ვეტერანს – ლუელინ მოსს, საკუთარ თავს და ცდუნებას რომ ვერ გაუმკლავდა; უხდება ანტონ ჩიგურს – ცივსისხლიან მკვლელს – შესაშური სიმშვიდით რომ მიაბიჯებს მოკლულებით მოფენილ გზაზე; უხდება სამყაროს, სადაც სუსტების და უძლურების ადგილი მართლაც არაა – იმ სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელსაც თავგამოდებით, მთელი ძალით ვაფერადებთ ჩვენს წარმოსახვაში, რათა ოდნავ უკეთესად წარმოვიდგინოთ, ვიდრე სინამდვილეშია.
კორმაკ მაკარტი ფანქრებს არ გვაძლევს, არც გასაფერადებელ ფურცლებს; დაუნდობლად გვიტრიალებს ცხვირწინ რეალობას და არც იმას გვანებებს, თავი მივაბრუნოთ და მზერა ავარიდოთ იმას, რასაც წერს; წერს ჩვენთვის, შეულამაზებლად, სისასტიკენარევი პირადაპირობით, თუმცა ეს სისასტიკე ალაგ-ალაგ კარგად შენიღბული სიბრალულითაა გაჯერებული.
დაამთავრებ კითხვას და გიხარია, რომ ფანჯრის მიღმა ზამთარია, ყინვა და სიცივე, იმიტომ, რომ ორიოდე ყლუპი სუფთა, სუსხიანი ჰაერი შენს ფილტვებს უკვდავების წყაროსავით სჭირდება – სხვაგვარად გაიგუდები.
მე მიყვარს მართალი წიგნები.
შეულამაზებელი, მტკივნეული, გაურანდავი, აბურდულ–დაბურდული და მართალი.
ეს წიგნიც ასეთია.
სასწაული პოსტია , სიტყვებით ვერ გადმოგცემ ისე მომეწონა . ზევით რომ დაგიწერია – მიყვარს შეულამაზებელი, მტკივნეული , აბურდულ–დაბურდული და მართალი წიგნებიო , აი ზუსტად ესეთი ისტორიები მხიბლავს ლიტერატურაშიც და კინოშიც .
LikeLiked by 2 people
რაღა დაგიმალო და მეც ძალიან მომწონს პოსტი, პატ ) აბურდულ-დაბურდულ წიგნსაც თავისი ადგილი აქვს. ზოგჯერ სალტკროკელების ხასიათზე ხარ, ზოგერ ამდაგვარი ლიტერატურის )
LikeLiked by 1 person
ხოდა ამ მრავალფეროვნების გამოა მკითხველობა თავიდან ბოლომდე ერთი დიდი , საოცარი ამბავი . განწყობის მიხედვით არჩევანის საშუალება ყოველთვის გაქვს . გადმოიღე თაროდან წიგნი და სადაც გინდა იქ წადი .
LikeLike
ძიახ ) მრავალფეროვნებაზე საინტერესო არაფერია, პატ )
LikeLike
როგორი პოსტია <3 უნდა წავიკითხო წიგნი :)
LikeLike
სინემანიაკებისთვის სავალდებულო საკითხავია )
LikeLiked by 2 people
ხოდა ამ მრავალფეროვნების გამოა მკითხველობა თავიდან ბოლომდე ერთი დიდი , საოცარი ამბავი . განწყობის მიხედვით არჩევანის საშუალება ყოველთვის გაქვს . გადმოიღე თაროდან წიგნი და სადაც გინდა იქ წადი .
LikeLike
სიმართლე გითხრათ, ფილმის ნახვის შემდეგ წიგნის წაკითხვის სურვილი არ გამჩენია, მაგრამ როცა ესოდენ ავტორიტეტული ბლოგერი გვირჩევს…
მოკლედ, ხვალ შესვენებაზე წიგნს ვყიდულობ :)
LikeLike
პრინციპში, ამ კუთხით ავტორიტეტები არ არსებობენ და მოლი მით უმეტეს ) მე ფილმი მომწონს ძალიან. ფილმი თუ არ მოგეწონა, დიდი შანსია, არც წიგნმა მოგხიბლოს.
LikeLike
ზუსტად იმიტომ, რომ ფილმი ძალიან მომეწონა, არ მინდოდა შთაბეჭდილება დამკარგვოდა. თქვენი არ ვიცი და მე ტიფანის წაკითხვით სულაც არ აღვფრთოვანდი. რაც შეეხება ავტორიტეტს: ფაქტია წიგნებს მოლის პოსტების მიხედვით კითხულობენ :)
LikeLike
გასაგებია ) თუ ფილმი მოგწონთ, არა მგონია, წიგნი არ მოგეწონოთ. ისე, ჩემთვის წიგნი ყოველთვის პრიორიტეტულია. გამონაკლისი არსებობს, რა თქმა უნდა. “ნათლია”, მაგალითად, ფილმად ბევრად უკეთესია. თუმცა, ეს მხოლოდ გამონაკლისია.
LikeLike
წიგნი მართლა ძალიან კარგია, მაგრამ თარგმანი მოიკოჭლებს :( რამდენიმე
ისეთი დასანანი ლაფსუსი ვნახე, გული დამწყდა :(
LikeLike
ეს თარგმანი ჩვენი ერთი დიდი ტკივილია, მერი ( ისეთი წიგნები ფუჭდება, ისეთი რომ გული მოგიკვდება (
LikeLike
არ მიყვარს უკვე ნანახი ფილმების წიგნებად წაკითხვა, დიდი დავა არ სჭირდება იმ ამბავს რომ ასეთ შემთხვევაში ვერანაირი ფანტაზიის უნარი ვერ გადაწონის ნანახს და ყველა პერსონაჟის სახე უკვე კარგად გექნება თავში ჩაბეჭდილი. ფილმის ყურების შემდეგ “იშტამპები” რაღაცნაირად. მიუხედავად იმისა რომ მაგ. “გოგონა დრაკონის ტატუთი” მანამ არ ვნახე სანამ წიგნს არ წავიკითხავდი, პოსტერზე ნანახი გოგონა ისე მქონდა ტვინში ჩაბეჭდილი, ჩემი ფანტაზია ვერაფერს გახდა და კითხვისას ლიზბეთი ზუსტად ისეთი იყო როგორიც პოსტერზე.
ამ შემთხვევაში წიგნზე არც არაფერი ვიცოდი და ერთ დღეს უბრალოდ დავიწყე ფილმის ყურება. ჰოდა, ახლა აუცილებლად დავუშვებ გამონაკლისს და წიგნსაც წავიკითხავ, დარწმუნებული ვარ ჩემი გონება ხავიერ ბარდემზე უკეთეს სახეს ნამდვილად ვერ შექმნიდა. ამ როლში მართლა განუმეორებელია.
საახალწლო შვებულების გეგმებში აუცილებლად ჩაჯდება ეს წიგნი ^^
LikeLike
მე ვცდილობ, ერთმანეთს არ შევადარო, ფინიკი, მაგრამ იშვიათად გამოდის. მაინც ადარებ.
LikeLike
ეს ის ერთადერთი წიგნი იყო “კინობიბლიოთეკაში” (უკვე გამოსულებს და დაანონსებულებს შორის), რომელიც ჯერ წავიკითხე და ეკრანიზაცია შემდეგ ვნახე. ანონსმა სულზე მომისწრო და ფილმი დროებით გადავდე. როგორც აღმოჩნდა, სწორად მოვქცეულვარ – “ჯერ წიგნი და შემდეგ ფილმის” პრინციპი მაინც ამართლებს. სულ ცოტათი, მაგრამ მაინც უფრო დიდი სიამოვნებაა :)
LikeLike
მე და შენ ერთ აზრზე ვართ ) კინო დაფინანსებული კონკურენტია )
LikeLike
ფილმი უზომოდ მომწონს და ამ პოსტის მერე დარწმუნებული ვარ წიგნიც მომეწონება :))
LikeLike
შთაბეჭდილებები დაიდოს )
LikeLike