Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for დეკემბერი, 2014

my new year book festival

წინათაც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ – წიგნის ფესტივალის დღეები უქმეებად უნდა ცხადდებოდეს. იმიტომ კი არა, რომ შეგულებული გამოცემების ყიდვას ვერ მოასწრებ… როგორ ვერ მოასწრებ, უბრალოდ, მოსასწრებად არ უნდა გაგიხდეს საქმე – ბუქფესტი სტელაჟებს შორის აუჩქარებელი ბოდიალისთვის გაუჩენია ღმერთს.

სწორედ ეს ზანტი დაგემოვნება დამაკლდა თბილისის წიგნის დღეებზე და წლის უკანასკნელი ბიბლიოორგიაც რომ საათზე ყურებაში გამეტარებინა, როგორ მოვითმენდი… არ მკითხოთ, რა გზით, მაგრამ საახალწლო ფესტივალის ოთხივე დღის გამოყენება მოვახერხე, არც ყავა დამიკლია, არც აჭარული ხაჭაპური და წიგნები…

წიგნებზე მოგახსენებდით.

არ ვიცი, “ექსპოს” მასშტაბებს შეჩვეულს მომეჩვენა თუ მართლა არ იყო ბევრი ხალხი, მაგრამ სიხალვათე აშკარად იგრძნობოდა. რას იზამ, წლის ბოლოს სხვა მაღაზიები და სხვა პროდუქტებია აქტუალური. “თბილისი მოლის” მეორე სართულზე გაშლილ პატარა ბიბლიოკუნძულს მხოლოდ განსაკუთრებით ერთგული მყიდველები სტუმრობდნენ და, სულო ცოდვილო, ყველაფერს რომ თავისი პლიუსი აქვს, აქაც ის ამბავია – სტენდებს შორის ბოდიალიც უფრო კომფორტული გახლდათ და არც მაინცდამაინც ცხელოდა, სხვათა შორის.

(more…)

Read Full Post »

10801624_886407858058316_5753091907683268857_n

თბილისის წიგნის დღეები აგერ, ახლახან ჩავათავეთ,  ახალი წიგნები ბევრს თაროებზეც არ ექნებოდა შელაგებული, რომ უკვე მორიგი ბიბლიოორგია მოგვადგა კარს – წიგნის საახალწლო ფესტივალი “თბილისი მოლში”. გადასარევი ამბავია, სხვათა შორის – რაც მეტი, მით უკეთესი.

ბოლო ბიბლიოაურზაური, თავადაც შეამჩნევდით, უფრო ფასთაცვენაზე, ფასდაკლებებზე, მსუყე დისქაუნთზე იყო ორიენტირებული. საახალწლო ფესტივალზე, როგორც ჭეშმარიტ ზეიმს შეეფერება, ბევრი სიახლეა.  ჰოდა, ერთი გზამკვლევი, ვფიქრობ, არ გვაწყენს – პრიორიტეტებსაც თავიდანვე განვსაზღვრავთ და ბიუჯეტსაც უკეთ გავანაწილებთ.

სრული და ყოვლისმომცველი კატალოგი ვარო, ეს პოსტი ვერ დაიჩემებს – არც ადგილი მეყოფა საამისოდ და მაინცდამაინც საჭიროებასაც ვერ ვხედავ. მარტო ის მინდა, მოლისთვის საინტერესო წიგნებზე გიამბოთ; დანარჩენს თავადაც მშვენივრად მიხედავთ – აქ ისეთი გამოცდილი მკითხველი იყრის თავს, გამომცემლობების პრაისლისტებში ბარე ორ კონსულტანტზე უკეთ რომ ერკვევა.

მოკლედ, ვახსენოთ ღმერთი და მივყვეთ მოლის საახალწლო სიას.

(more…)

Read Full Post »

Grant Wood. American Gothic

Grant Wood. American Gothic

“მომწონს თქვენი სახე, ერთიანად სწორი, გრძელი ხაზებისგან რომ შედგება“, – უთხრა მხატვარმა თავის დანტისტს – ბაირონ მაკკიბის. ექიმი აღფრთოვანებული არ დარჩენილა – მაინცდამაინც როდი უნდოდა, ყველას გაეგო, რომ პოზირებას აპირებდა. ფერმწერმა პირობა მისცა, რომ ვერავინ იცნობდა, თუმც სიტყვა ვერ შეასრულა – სურათზე გამოსახული მამაკაცი ძალიან ჰგავდა მენატურეს; ერთი ეგ იყო, რვაკუთხა ლინზების ნაცვლად მრგვალჩარჩოიანი სათვალე ეკეთა, ოდესღაც მხატვრის მამა რომ ატარებდა, ზუსტად ისეთი.

ფერმწერის უმცროსი და, ნენი, კარგა ხანს ეძებდა მაღაზიებში ძველმოდურ არშიას მოჩითული წინსაფრისთვის,  უწინ ფერმერების ცოლებს რომ ეკეთათ, მაგრამ ვერსად მიაგნო და, მაკრატელმომარჯვებული, დედის კაბებს მიადგა ასარღვევად. მერე დედისეული ბროში “პერსეფონეც“ მიიბნია ყელთან და ექიმს ამოუდგა გვერდით.

ასე დაიწყო აიოველმა გრანტ ვუდმა “ამერიკული გოთიკის“ ხატვა. იქამდე მისი სახელი მშობლიური შტატის საზღვრებს არ გასცდენია და, ალბათ, არც ამჯერად მოსვლია აზრად დიდების მოხვეჭა; უბრალოდ, ჩიკაგოს ხელოვნებათა ინსტიტუტის კონკურსში აპირებდა მონაწილეობას. იმას ხომ საერთოდ ვერ წარმოიდგენდა, რომ კირკიტა მკვლევარები მის გულუბრყვილო ქმნილებას იდუმალების საბურველში გაახვევდნენ და რაღაც უცნაურ სიმბოლოებს აღმოაჩენდნენ, რომლებზეც თავად ავტორს არც კი უფიქრია.

(more…)

Read Full Post »

 

კურტ ვონეგუტი ჩემი საყვარელი მწერალი არ არის.

ჰოდა, ძალიანაც კარგი.

ძალიან კარგი იმიტომ, რომ თუ მწერალი გიყვარს, მთლად ობიექტური და სამართლიანი ვერ ხარ, რაღაც-რაღაცებზე თვალს ხუჭავ, რაღაც-რაღაცებს გულმოდგინედ არიდებ თვალს.

აქ ყველაფერი სხვაგვარად არის. არა, დადარაჯებული და ჩაკირკიტებული არ გეგონოთ – როდის შეეშლება რამე, როდის რა არ გამოუვა ლაზათიანად-მეთქი, მაგრამ მიუკერძოებელი თვალით რომ ვკითხულობ, ფაქტია.

(more…)

Read Full Post »

დედა

20141214_200711

ერთი ძველი, კარგი წიგნისა არ იყოს, ჩემი ბავშვობის წლებს ფონად გამები, ეტიუდები და სონატები ედო – დედა, მუსიკის მასწავლებელი, ერთდროულად სამ ადგილას მუშაობდა და მოსწავლეები შინაც დაუდიოდა.

მოკლედ, დიდი ჯაფა ადგა პიანინოს, თუმცა დროდადრო ჩვენთვისაც იცლიდა.

მიუჯდებოდა დედა ძველ “ლირას”, დაგვსხამდა მე და ჩემს და-ძმას, გვიკრავდა და გვიმღეროდა “მზიურის” ლამის მთელ რეპერტუარს და სიმღერებს საყვარელი მულტფილმებიდან.

მე კი ვიჯექი სმენადქცეული, სუნთქვაშეკრული, თვალებგაფართოებული და იმ წუთებში ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულებოდა ამქვეყნად.

ახლა ვხვდები, რომ მართლა ბედნიერი ვყოფილვარ – მშობლები ახალგაზრდები მყავდნენ.

(more…)

Read Full Post »

50 საბავშვო ლექსი "ლოგოს-პრესი"

50 საბავშვო ლექსი
“ლოგოს-პრესი

პროზა პოეზიას რომ მირჩევნია, მგონი, ათასჯერ მითქვამს და ბლოგსაც ეტყობა. სქელ-სქელ რომანებში, ზღაპრებსა და ბიბლიოსერიებში ათასში ერთხელ თუ გამოერევა “პოეტური” ბლოგპოსტი. ოღონდ, რაზეც ვწერ, ყველა ერთიმეორეზე უკეთესია.

არადა, ბავშვობაში ასე არ იყო. ლექსები, თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიანაც მიყვარდა.

მაყვალა მრევლიშვილის ყდაშემოცვეთილი, კითხვისგან გაცრეცილი კრებული მქონდა, მურმან ლებანიძის საყვარლად მოხატული “ლიხს იქით და ლიხს აქეთ”, გივი ჭიჭინაძის საბავშვო პიესები, შოთა ამირანაშვილის გალექსილი გამოცანები და შარადები. “დილას” ერთგული მკითხველიც გახლდით და ნომერი ისე როგორ გამოვიდოდა, კოხტად დასურათებული რამდენიმე ძველი და ახალი საბავშვო ლექსი არ დაბეჭდილიყო…

მოკლედ, მოლის იმდროინდელი ბიბლიოთეკა საბავშვო პოეზიის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა და, ალბათ, ძველი სიყვარულის ბრალია, თანამედროვე კრებულებს გულგრილად რომ ვერ ვუვლი გვერდს.

ამას წინათ “ბიბლუსიდან” “ლოგოს პრესის” ცინცხალი გამოცემა წამოვაყოლე ხელს. ყველაზე პატარებისთვის არისო, კონსულტანტმა გამაფრთხილა. სწორედ ეს მჭირდება-მეთქი, გავუღიმე. ისე გამომხედა, აშკარად ეგონა, რომ სამი თუ არა, ერთი ონავარი მაინც მელოდებოდა შინ :)

(more…)

Read Full Post »

კორმაკ მაკარტი. "მოხუცების ადგილი აქ არ არის" ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

კორმაკ მაკარტი.
“მოხუცების ადგილი აქ არ არის”
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

სულ იმას ვამტკიცებ, რაც არ უნდა კარგი ფილმი იყოს, წიგნთან ვერ მოვა–მეთქი; არ მიყვარს, რეჟისორი რომ წყვეტს ჩემ ნაცვლად, როგორი უნდა იყოს ესა თუ ის პერსონაჟი.

ერთი ეგაა, ზოგჯერ ისეთ კინოს გადაეყრები, გინდა, არ გინდა, იფიქრებ, წიგნი ამაზე უკეთესი ვერ იქნებაო; ჰოდა, მეც ასე ვთქვი, ძმები კოენების შედევრი რომ ვნახე – “მოხუცების ადგილი აქ არ არის“.

თუმცა, მოლი რის მოლი იქნებოდა, ფილმის პირველწყარო სულაკაურის ბიბლიოთეკაში ენახა და ან ხელიდან გაეშვა, ან ბლოგზე ჩაეტარებინა უბრად ეს ამბავი; არამცდაარამც! გამოვიდა თუ არა, შინ მივაცუნცულე, თუმცა ცნობისმოყვარე ცხვირის ჩასაყოფად მხოლოდ ამ უქმეებზე მოვიცალე. უნდა გითხრათ, რომ თუ რამე ვინანე – ამდენ ხანს რატომ არ მქონდა წაკითხული; წაკითხულს ვინ ჩივის, ავტორის შესახებაც არაფერი ვიცოდი; არადა არ ყოფილა ბატონი კორმაკ მაკარტი ხელწამოსაკრავი კაცი – პულიცერის პრემიაო, ჯეიმს ტეიტის ხსოვნის პრემიაო, მაკარტურის სტიპენდიაო, პროზა, დრამატურგია და მთელი ამბებიო.

დანარჩენი შემოქმედებისა რა მოგახსენოთ – ჯერ არაფერი ვიცი, მაგრამ “მოხუცების ადგილი აქ არ არის“ რომ მომეწონა, ეს უნდა ვთქვა.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: