Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ნოემბერი, 2014

1509184_662960330409072_1594036024_n

ყველაფერი, ყველაფერი, მაგრამ წიგნი შეცდომით როგორ უნდა იყიდოო, იკითხავთ.

ავტორი ჰყავს, სათაური აქვს, ანოტაცია, თაროზე დევს, შავი ყუთით ხომ არ მოაქვთო.

როგორ და… ახლავე მოგიყვებით.

ძველი ამბებია, უმთავრესად – ბავშვობისდროინდელი.

პირველი წიგნი, სიმართლე გითხრათ, არ მიყიდია. მშობლების უკიდეგანო ბიბლიოთეკის ქექვისას გადავაწყდი. წიგნებით გაძეძგილი რომელიღაც კარადის წინ მქონდა ფეხი მორთხმული მორიგი უსაქმურობის ჟამს და არქეოლოგიურ გათხრებს ვაწარმოებდი (გამოყრილ წიგნებს მერე დედა ალაგებდა, მაგრამ ასეც ნუ დავწვრილმანდებით).

ჰოდა, ვჩხრეკ ამ კარადას და უცებ ახალ წიგნს გადავაწყდი. ჩემთვის ახალს, თორემ კაი ხნის იყო, ეტყობოდა. ფერადი ყდა ჰქონდა, საყვარლად მოხატული, სათაურიც ოკრობოკრო ასოებით ეწერა და რაღაც საბავშვოს მივაგენი-მეთქი, ვიფიქრე. თან ფორმატი ჰქონდა უცნაური, ჟურნალს უფრო ჰგავდა.

(more…)

Read Full Post »

ამ პატარა წიგნში იმდენი რამაა თავმოყრილი, რომ ვზივარ და ვფიქრობ, საიდან დავიწყო და პოსტში როგორ ჩავატიო სათქმელი; როგორ გაგიზიაროთ ჩემი იმპრესიები, ნოემბრის ამ ცრიატ, მოღუშულ დღეს ვლადიმირ სოროკინის “ოპრიჩიკნის დღემ” რომ მომგვარა.

არ ვიცი, დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ ზოგ ნაწარმოებს გაზიარება არ უხდება – შენთვის უნდა განიცადო, საკუთარ თავში ადუღო და ათუხთუხო, გადახარშო უსიტყვოდ… მერე ემოციებით გაძეძგილი მიუბრუნდე ზოგიერთ ადგილს და ბოლოს, ერთსა და იმავე დროს დათრგუნულმაც და აღფრთოვანებულმაც, განზე გადადო, შემოასკუპო რომელიმე თაროზე და ხანდახან მზერა გააპარო – მზად ხარ გადასაკითხად თუ არა…

აი, ასეთია “ოპრიჩნიკის დღეც”, მაგრამ მოლის ამბავი ხომ იცით – ვერ მოისვენებს, მოწონებულ წიგნზე ორიოდე სიტყვა მაინც რომ არ თქვას; მით უმეტეს, ის დუღილი და თუხთუხი, ზემოთ რომ ვახსენე, თქვენმა მასპინძელმა კარგა ხანია, მოითავა – დედანში წაიკითხა რამდენიმე წლის წინ და ახლა ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობის ქართულმა თარგმანმა ხელახლა გადააშლევინა ჩვენი ასწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და დაუნდობელი ანტიუტოპია.

სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო, ნათქვამია. ცხენისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მათრახი რომ უჭირავს ხელში, თან მწარედ, დაუზოგავად უტყლაშუნებს რუსულ საზოგადოებას, ფაქტია.

(more…)

Read Full Post »

« Newer Posts

%d bloggers like this: