მაისში, წიგნის ფესტივალზე, გემახსოვრებათ, ხმა გავრცელდა: რაღაც ამდაგვარი წლის ბოლოსაც ჩატარდებაო, ოღონდ კონკრეტული არავის არაფერი დასცდენია. ჰოდა, ისე გამოვიდა, თბილისის წიგნის დღეები ბიბლიოფილებს ღრმად სასიამოვნო სიურპრიზად დაატყდა თავს.
ყოველი შემთხვევისათვის, ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო და შემოდგომის ბოლო უიქენდის გეგმების გადაწყობაც ფორს-მაჟორულ რეჟიმში მომიხდა.
წიგნის ფესტივალი ღმერთმა ოთხდღიანი შექმნა – არ იჩქარო, ოთხივე გამოიყენეო. ჩემს სამსახურს ამ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რატომღაც, განსხვავებული მოსაზრება აქვს და ხუთშაბათ-პარასკევს “ექსპოს” სტუმართმოყვარე პავილიონებში ატეხილ თუხთუხს და რიარიას შორიდან ვადევნებდი თვალს, გაავებული და გაბოროტებული. არა, წიგნები კი მომიცუხცუხეს კეთილმა ადამიანებმა, მაგრამ სხვა რომ გაგეგზავნება ერთია და შენ რომ დაბოდიალობ სტელაჟებს შორის – მეორე…
ვეჭვობ, მარტო მე კი არა, ორგანიზატორებიც ღრმა ცაიტნოტში აგვარებდნენ ტექნიკურ საკითხებს, თუმცა ღონისძიების მთავარ ფბ-გვერდზე საგანგებო კატალოგების გამოფენა მაინც მოახერხეს. იდეალური რა არის ამქვეყნად, ეს ყოფილიყო, საფესტივალო რუქის შედგენაში კი ძალიან დამეხმარა.
კიდევ ერთ სიახლეს – ერთლარიან ბილეთს დიდხანს და საგულდაგულოდ არჩევდა ფბ-საზოგადოება. არადა, მე თუ მკითხავთ, ყველაფერი მარტივზე მარტივია: თუ ჩემი ერთი ლარი საგამომცემლო საქმეს, კერძოდ კი საფესტივალო აქტივობის უკეთ წარმართვას წაადგება, ამით მე, რიგითი მკითხველი მოლი, მხოლოდ მოვიგებ. დანარჩენი ლირიკაა.
წიგნის დღეები კი გამოდგა წიგნმრავალი, მაგრამ უშუალოდ საფესტივალო სიახლე, სიმართლე გითხრათ, ბევრი არ შემხვედრია. უფრო ფასდაკლებაზე და “წინასაახალწლო ფასთაცვენაზე” იყო ორიენტირებული. გადასარევი დისქაუნთით გაანებივრა მკითხველი “დიოგენემ“, გემრიელი ფასები ჰქონდა “ოჩოპინტრეს” (შანსს არ უშვებენ ხელიდან-მეთქი, ხომ გიყვებოდით), “ინტელექტს“, “პალიტრას“, ქარჩხაძის გამომცემლობას, “პარნასს“… ტრადიციული ოცდახუთპროცენტიანი სეილი – “სულაკაურს“. DK-ს ფანტასტიკური “მუსიკა – ილუსტრირებული ისტორია“, მაგალითად, თხუთმეტლარიანი ფასდაკლებით ვიგდე ხელთ და ამ თხუთმეტ ლარად სამი სხვა წიგნი მერგო.
სიახლე მეცოტავა-მეთქი, კი გითხარით, მაგრამ მთლად ხელცარიელიც არ წამოვსულვარ. “მუსიკას” (წლის უდავოდ საუკეთესო შემეცნებით ალბომს) სალი გრინის “ნახევრად ცუდი” და ენ მარტინის უსაყვარლესი “ჩემს დასთან ცხოვრების 10 წესიც“მივუმატე, გიორგი მაისურაძის თავის დროზე გაჩუქებული ორი წიგნიც დავიბრუნე კოლექციაში, “დიოგენეს” “ვეფხისტყაოსნის” განმარტებები და სქელ-სქელი “რეკლამა და პრომოციაც” წამოვაცუნცულე, “ლოგოს პრესის” სტენდიდან ახლახანს თარგმნილი ჭადრაკის სახელმძღვანელო წამოვაყოლე ხელს, “აგორასთან” დიუმას ზღაპრებს გადავაწყდი, “დილას“ საყმაწვილო ბიბლიოთეკის რამდენიმე ტომი შევარჩიე… მოკლედ, უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ.
ბიბლიოღრეობის პარალელურად რამდენიმე ძალიან საინტერესო გამოფენაც დავათვალიერე და კიდევ ერთხელ დამწყდა გული ორ დაკარგულ დღეზე.
სხვა რა გითხრათ… ექსპოს მეთერთმეტე პავილიონში ისევ ცხელოდა (როგორც ჩანს, კარმაა ასეთი და ვერაფერს გავაწყობთ), კონსულტანტები ისევ ცდილობდნენ გაღიმებას (ხან გამოსდიოდათ, ხან – არა) და ისევ უღმერთოდ იღლებოდნენ, ბავშვების სიმრავლე იგრძნობოდა, და, მგონი, ღირს საბავშვო წიგნის საახალწლო ფესტივალზე დაფიქრება…
და, ბოლოს, კიდევ ერთი სიახლე. ამბობენ, წლის მთავარი ღონისძიება დეკემბერში გველოდება, ნამდვილი საახალწლო ბიბლიოზეიმი “თბილისი მოლში” ჩატარდებაო. სულ მინდოდა, თემატური პოსტი დამეწერა სათაურით “მოლი მოლში” და, მგონი, წელს მოვახერხებ :)
დეკემბრის ბოლოს დაველოდები პოსტს ”მოლი მოლში ” : ) მე კმაყოფილი ვარ ამ ფესტივალით , ხუთშაბათს დილით ადრე მივედი , ერთი საათი ვიბოდიალე , ჩანთები გავავსე , ნაცნობებთან ჭორაობაც მოვასწარი და როცა მივხვდი ფეხით მომიწევდა სახლში წამოსვლა , დროულად დავასტოპე და კმაყოფილი და გაბღენძილი წამოვბრძანდი შინ ^_^
LikeLiked by 2 people
შენ ყველაფერი მოგისწრია, პატ ) ისე, როგორ მეცნობა ეს კმაყოფილი და გაბღენძილი წამობრძანება წიგნის ფესტივალიდან ))
LikeLike
ოჰო , ნეტა რატომ ? :)
LikeLike
ერთ ბღენძია და თვითკმაყოფილ მკითხველს მაგონებს ))
LikeLike
ეხლა უფრო გავიბღინძე . ბღინძ . ბღინძ . ^_^
LikeLike
წიგნის დღეებს აშკარად არავინ ელოდა. ასე სიახლეების გარეშე არ ჩაატარებდნენ გამომცემლობები – მინიმუმ “დიოგენე” და “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” მაინც. მაგრამ მაინც კარგი იყო – ხანდახან “გამოტოვებებიც” ხომ უნდა შევავსოთ :) აი, ლარი კი არ დამნანებია. სიცივეში ბოდიალს და ისევ სიცხის აწევას ისევ სიმბოლური თანხის გადახდა და გვარიანად “შეცხელებული” ჰაერი სჯობდა :) კომფორტი პატარა მსხვერპლს მოითხოვს :)
LikeLiked by 1 person
სულაკაურს ისეთი “მალე” განყოფილება აქვს კატალოგში, სუნთქვა შემეკრა. აშკარად სპონტანურად დაგეგმილი ღონისძიებაა, თორემ რამდენიმეს მაინც მოასწრებდა. აგერ, ჯერემი ოლივერმაც ვერ ჩამოასწრო. დიოგენესაც აქვს რაღაცები უახლეს გეგმაში. მოკლედ, ველოდებით დეკემბერს. თუ გამოვიდა, აშკარად სიახლემრავალი ფესტივალი გამოვა.
ნუ, ლარზე საუბარი ზედმეტიც კი მგონია. და არა იმიტომ, რომ ლარია.
LikeLiked by 1 person
მე მხოლოდ დღეს საღამოს მოვახერხე მისვლა.
არ ვიყავი თბილისში, ჩამოვქანდი და ერთი ფეხით შევასწარი ფესტის დახურვას. ვქექე ანარჩევი წიგნები, რამდენიმე მათგანი, სევდიანად მჯდარი, წამოვიყვანე შინ და უკვე გავაცანი ჩემს ჩაის ჭიქას ^_^
მოლში დაგეგმილ ამბებზე არ ვიცოდი. მადლობა! :)
LikeLiked by 1 person
როგორ მესმის შენი, თათა ((
დრო საშინელი დეფიციტი გახდა ((
LikeLike
მოლი მოლში :) როგორი ცუხცუხა პოსტი იქნება <3
ფესტივალზე მეც დღეს საღამოს მოვასწარი მისვლა და ზოგიერთი წიგნი ამოყიდული დამხვდა. პალიტრამ დამწყვიტა გული – ისეთი წიგნები არ ჰქონდა წარმოდგენილი ფესტივალზე. დიოგენეს და სულაკაურს კი განსაკუთრებული მადლობა, როგორც ყოველთვის ^_^
LikeLike
შენ ჩემზე ცოტა დრო გქონია, ტაბუ და რას მოასწრებდი (
ამაზე უკეთესი პოსტი ნამდვილად გამოვა. სიცხიანმა დავწერე. და ფესტივალიც უკეთესი იქნება, ცხვირი მიგრძნობს. თუნდაც სიახლეების კუთხით.
LikeLiked by 2 people
როგორ მინდოდა :( მაგრამ სამუშაო დღეებში ხომ ვერანაირად მივედი და შაბათ-კვირას თბილისში არ ვიყავი. ზუსტად იმ თარიღებს დაემთხვა ყველაზე მეტად რომ არ მაწყობდა. არადა წინასაახალწლოდ საკუთარი თავისთვის წიგნების ჩუქებაზე მეტად არაფერი მიყვარს <3
"მოლი მოლში" <3 აააა, რა მაგარია ^_^
LikeLiked by 1 person
დეკემბრის ფესტისთვის შვებულება უნდა ავიღო. სხვანაირად არ გამოვა )
LikeLiked by 1 person
ველოდი წიგნის ფესტივალია განხილვას))
პირველივე დღეს ვერ წავედი და ფბ-ი რომ აჭრელდა შეძენილი წიგნების ფოტოებით შემეშინდა არაფერს დამიტოვებენთქო და პარასკევს საავადმყოფოდან პირდაპირ გავქანდი)))
სულაკაურის მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა შევიძინე ყველა ტომი და კიდე კაი დამხმარეები მყავდა თორემ მანქანამდეც ვერ მივიტანდი))
ფიროსმანის 100 კვადრატი, ვინი ფუუჰი კიდე ვიყიდე)) მე მგონი ამ წიგნს ყოველ ფესტივალზე ვიყიდი)))
LikeLiked by 1 person
შენ დატვირთულხარ ანო ) 30 ტომი როგორ წაიღე შინ ))
LikeLike
ჩემი თანამშრომელი წამომყვა დასახმარებლად))) მანქანაში მან ჩამადებინა და სახლში რომ მივედი მეუღლე დავსაქმე))) ისე მიხარია, რომ ჯერ თაროები არ მაქვს და საწოლზე დავალაგე ჩამწკრივებული))))
LikeLiked by 1 person
თაროებს ნუ გამახსენებ, ანო ( დეკემბრის ბოლოს რა მეშველება, არ ვიცი. თან ჯერ თაროების ადგილია მოსაძებნი :((
LikeLike
გეთანხმები მოლი ლარიან ბილეთზე. მე ისე სათუთად შევინახე.
1 ცალი ჩემი გოგოს ალბომში უნდა ჩავაკრა, პავილიონში გურამ პეტრიაშვილთან გადაღებულ სურათთან და ავტოგრაფთან ერთად :)
ყველაფრის პირველ ბილეთს ვუნახავ და ვუკრავ, კინოს, თეატრის, მუზეუმის ……
მე მიყვარს ყველაფრის ბილეთი. კინოს, კონცერტის, სპექტაკლის და მითუმეტეს წიგნის დღეების ან ფესტივალის :) ყველაფრის რაც კარგ დღეებს მახსენებს :) და სიამოვნებით გადავიხდიდი წიგნის ფესტივალის ბილეთშიც ფულს, მითუმეტეს ასეთ სიმბოლურს :)
LikeLiked by 1 person
აბა, ყველაფერი თუ არ გააპროტესტე, ისე მუხტი საიდან ))
მეც შევინახავ ) თან ორი ცალი მაქვს ) ხუთშაბათს სხვა გამეგზავნა და ბილეთიც მოვატანინე ))
LikeLiked by 1 person
მე მიხარია, რომ ამგვარი ფესტივალები თუ დღეები რეგულარულ სახეს იღებს და მალე წელიწადში ერთი კი არა, მგონი, უკვე სამი იქნება – საშემოდგომო, წინასაახალწლო, საგაზაფხულო… :) ზაფხულიც არ დაიტოვება ისე – ისტერიული კითხვის პერიოდი :)
LikeLiked by 1 person
ზაფხულში გასვლითი ფესტივალი იქნება კარგი ) ბათუმში )
LikeLiked by 1 person
[…] « თბილისის წიგნის ოთხი დღე […]
LikeLike
[…] ეს ზანტი დაგემოვნება დამაკლდა თბილისის წიგნის დღეებზე და წლის უკანასკნელი ბიბლიოორგიაც […]
LikeLike